x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რკინადეფიციტური ანემია
image
რკინადეფიციტური ანემია ყველაზე გავრცელებულია ანემიებს შორის. იგი გულისხმობს სხეულში რკინის ნაკლებობას. რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის ფორმირებისთვის. ჰემოგლობინი არის ნივთიერება, რომელიც შედის სისხლის წითელი უჯრედების(ერიტროციტები) შემადგენლობაში და რომელიც უზრუნველყოფს ფილტვებიდან ჟანგბადის გადატანას ადამიანის სხეულის ორგანოებსა და ქსოვილებში. აქედან გამომდინარე ჰემოგლობინისა და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით ადამიანმა შეიძლება იგრძნოს სისუსტე, დაღლილობა და ქოშინი (დისპნოე). საწყის ეტაპზე ახასიათებს ასიმპტომური მიმდინარეობა. დაავადება ვლინდება რკინის პროგრესირებადი დეფიციტის ფონზე.

დაავადების სიმპტომებია:

  • სისუსტე;
  • დაღლილობა;
  • ქოშინი;
  • თავის ტკივილი;
  • კანის სიფერმკრთალე;
  • თავბრუსხვევა;
  • დაბუჟება;
  • ცივი კიდურები;
  • სწრაფი გულისცემა;
  • ფრჩხილების სისუსტე;
  • თმის ცვენა;
  • ცარცის, თიხის, ყინულის მირთმევის სურვილი;
  • ბზარები პირის კუთხეებში.
რკინა არის ელემენტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ჩვეულებრივ ორგანიზმი შეიცავს 4-5 გრამ რკინას. აქედან დაახლოებით 2/3 შედის სისხლის წითელი უჯრედების ჰემოგლობინში, დანარჩენი ნაწილი ადამიანის სხეულის სხვა ქსოვილებში ინახება, განსაკუთრებით ღვიძლში და ელენთაში და ძირითადად ფერიტინის სახით. როდესაც ადამიანის მიერ არ მიიღება რკინის შესაბამისი რაოდენობა საკვებით ან ადგილი აქვს ხშირ სისხლდენებს, ორგანიზმი რკინის ნაკლებობას ივსებს მასში არსებული რეზერვის გამოყენებით.

დაავადების განვითარების ძირითადი მექანიზმებია:

  • სისხლდენა - სისხლის ერიტროციტების შემადგენლობაში შედის რკინა, შესაბამისად სისხლის დაკარგვისას ორგანიზმი კარგავს რკინაც. აქედან გამომდინარე რკინადეფიციტური ანემიის რისკ-ჯგუფში შედის:
  • ქალები ჭარბი მენსტრუაციული სისხლდენებით;
  • პაციენტები კუჭის წყლულების, პოლიპების ან ნაწლავის კიბოს მიერ გამოწვეული შინაგანი სისხლდენებით;
  • ადამიანები ტკივილგამაყუჩებლებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჭარბი რაოდენობით გამოყენებისას განვითარებული შინაგანი სისხლდენებით;
  • სისხლის დონორები.
    • რკინის არასაკმარისი რაოდენობა საკვებ პროდუქტში - ორგანიზმმა საკვები პროდუქტებიდან საკმარისი რკინა ყოველდღე უნდა მიიღოს. თუ ეს არ მოხდება, დროთა განმავლობაში ვითარდება რკინის დეფიციტი.
    • რკინის შეწოვის დარღვევა - რკინა საკვებიდან შეიწოვება წვრილი ნაწლავის მიერ და შედის სისხლში. ნაწლავის ზოგიერთი დაავადებისას როდესაც ვითარდება ქრონიკული ანთება, იგი ხელს უშლის მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნორმალურ შეწოვის პროცესს. გარდა ამისა, რკინის შეწოვა შეიძლება დაირღვეს, თუ ოპერაციის შედეგად წვრილი ნაწლავის ნაწილი ამოღებულია.
    • ორსულობა - ბევრ ორსულს უვითარდება რკინადეფიციტური ანემია, რადგან დედის რკინის რეზერვები გამოიყენება არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ბავშვის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

  • დიაგნოსტიკის მიზნით თავდაპირველად ხდება სისხლის საერთო ანალიზის აღება, იგი ამ შემთხვევაში საკმაოდ ინფორმატიულია, მასში:
    • ჰემოგლობინის შემცირება მიუთითებს ანემიაზე;
    • ჰემატოკრიტი ასახავს სისხლში მისი უჯრედების მიერ დაკავებულ მოცულობას, ხოლო ანემიის დროს იგი შემცირებულია;
    • ერითროციტების ინდექსი აჩვენებს სისხლის წითელი უჯრედების ზომასა და ფორმას, ანემიის დროს მცირდება სისხლის წითელი უჯრედების საშუალო მოცულობა და ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა სისხლის წითელ უჯრედებში.

  • ანალიზები, რომლებიც ადასტურებს, რომ ანემია ზუსტად რკინის დეფიციტით არის გამოწვეული:
    • შრატში რკინის დონე მცირდება;
    • ტრანსფერინი არის ცილა, რომლის შემადგენლობაში შედის რკინა და ამით გადადის ორგანიზმში, რკინადეფიციტური ანემიის დროს მისი მაჩვენებელი იზრდება;
    • ფერიტინი არის ცილა, რომელიც რკინას ინახავს, მისი დონის შემცირება ორგანიზმში რკინის რეზერვების დაქვეითების მაჩვენებელია.

  • დამატებითი გამოკვლევებიდან მნიშვნელოვანია:
    • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპია;
    • ფიბროკოლონოსკოპია.

    მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს რკინის შემცველი პრეპარატების მიღებას. თუმცა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლის დაკარგვის წყაროზე ან შეწოვის დარღვევაზე ეჭვის მიტანისას აუცილებელია დამატებითი გამოკვლევა. თუ დაავადების მიზეზი დადგენილია და აღმოფხვრილია, ანემია როგორც წესი არ ბრუნდება.

    პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია კვების რაციონში რკინის შემცველი პროდუქტების დამატება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რკინის რაოდენობა, არამედ ისიც, თუ რამდენად შეიწოვება იგი. ხორცპროდუქტებში შემავალი რკინა საუკეთესოდ შეიწოვება, ნაკლებად ღვიძლში და თევზში, უფრო ნაკლებად კი - მცენარეული პროდუქტებიდან.

    0
    38
    შეფასება არ არის
    ავტორი:Galya Sarkisian
    Galya Sarkisian
    38
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0