x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რა არის გლოვის ტაბუ?
საზოგადოდ, ტაბუს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ნიშნავს წმინდას, კურთხეულს, მეორე მხრივ კი უჩვეულოს, საშიშს, აკრძალულს და უწმინდურს. სიტყვათა შეთანხმება „წმინდა შიში“ კარგად აღწერს ტაბუს მნიშვნელობას. ტაბუს შეზღუდვები განსხვავდება რელიგიური ან მორალური აკრძალვებისგან. ტაბუს წარმომავლობა უცნობია, ჩვენზე უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ როდესაც ვინმე ტაბუს ძლიერ ტყვეობაშია, ის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა მისთვის. ვუნდტი ტაბუს კაცობრიობის უძველეს, დაუწერელ კანონთა კოდექსს უწოდებს.

ტაბუს ერთ-ერთი სახეა გლოვის ტაბუ, რომლის ერთ-ერთი უცნაური აკრძალვა არის ის, რომ არავის აქვს მიცვალებულის სახელის წარმოთქმის უფლება. ზოგიერთ ტომში აკრძალვა და მისგან გამომდინარე შედეგები მხოლოდ გლოვის პერიოდში მოქმედებს, ზოგიერთში ის დიდხანს გრძელდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში რაც უფრო დიდი დრო გადის გარდაცვალებიდან, მით უფრო კარგავს აკრძალვა ძალას. რატომ იწვევს სახელის წარმოთქმა ასეთ შიშს რთული ასახსნელია, მაგრამ ის მეთოდები, რომლებსაც მასთან დაკავშირებული საფრთხის ასაცილებლად იყენებენ, ჩვენთვის საინტერესოა. მასაუას ტომმა აფრიკაში ასეთი გამოსავალი მონახა: გარდაცვალებისთანავე ადამიანს სახელს უცვლიან და ფიქრობენ, რომ რახან სულმა თავისი ახალი სახელი არ იცის, ამით მოხსენიება უსაფრთხოა. ავსტრალიურ ტომებში კი ზოგჯერ სახელს ყველა გარდაცვლილის ნათესავი იცვლის, განურჩევლად იმისა, მსგავსი ჟღერადობა აქვთ თუ არა მათ და გარდაცვლილის სახელს. ასევე, თუ ჟღერადობა რომელიმე ცხოველის ან საგნის სახელს ჰგავდა, მათაც უცვლიდნენ სახელს, რაც ენაში მუდმივ ცვლილებებს იწვევდა. მიცვალებულის სახელის შიში ყველაფერზე ვრცელდება, ამ დათრგუნვის პროცესის შედეგი კი გახლავთ ის, რომ ამ ხალხებს ისტორიული მეხსიერება ხშირად დაკარგული აქვთ.

თუ გავიხსენებთ რომ სახელი პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაშინ სახელის ტაბუ ისე უცნაური აღარ გვეჩვენება. ასე იქცევიან ბავშვებიც, როცა არ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ სიტყვათა მსგავსება უმნიშვნელოა და თვლიან, რომ თუ ორ საგანს ერთი და იგივე სახელი ქვია, მათ შორის ღრმა კავშრი არსებობს. თუ ზრდასრული, ცივილიზებული ადამიანი ყურადღებით დააკვირდება თავისი ქცევის თავისებურებებს, აღმოაჩენს რომ საკუთარი სახელის მნიშვნელობას ძალზე სერიოზულად ეკიდება. ასე რომ, ფსიქოანალიზურ პრაქტიკას ბევრი მიზეზი აქვს, რომ მიუთითოს რა დიდი მნიშვნელობა აქვს სახელს არაცნობიერი აზროვნებისთვის.

აკვიატებული ნევროზით დაავადებულებს სახელთან ზუსტად ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორც ზემოთ ნახსენები ტომის წევრებს. მაგალითად, ფროიდი საუბრობდა თავის ერთ-ერთ პაციენტზე, რომელიც საკუთარი სახელის დაწერას გაურბოდა, რათა ის ვინმეს არ ჩავარდნოდა ხელში და ამით მისი პიროვნების ნაწილს არ დაჰპატრონებოდა. საბოლოოდ, ამ ადამიანმა წერა საერთოდ შეწყვიტა.


ტაბუს მიზეზი რაღაც სხვა უნდა იყოს და არა სევდა, რადგან, პირიქით, გლოვის დროს ადამიანი სიამოვნებით იხსენებს გარდაცვლილს და ცდილობს მისი ხსოვნა დიდხანს შეინახოს. ჩანს, რომ ტომის წევრებს ეშინიათ მიცვალებულის სულის მათთან ყოფნის და დაბრუნების, ამიტომ განსადევნად უამრავ რიტუალს ატარებენ, მათ შორის სახელის ხსენებასაც ერიდებიან.image

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:გუგეშაშვილი მარიამი
გუგეშაშვილი მარიამი
74