x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყვავილები ქრისტიანულ სამყაროში, ისლამში და ინდუიზმში
ყვავილი

ყვავილებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ბუნებასა და ადამიანის გულში. ის არამხოლოდ ალამაზებს გარემოს, არამედ ადამიანთა არსებობასაც განაპირობებს. საკვების უდიდესი ნაწილი სწორედ ყვავილებისგან მომდინარეობს (ხორბალი, სიმინდი, ლობიო და ა.შ.). წამლების უმრავლესობაც ყვავილებისგან მზადდებოდა და დღესაც მზადდება. ადამიანი ყვავილების საშუალებით ქმნის, გამოხატავს და უზიარებს საკუთარ ემოციებს სხვა ადამიანებს. იყო დრო, როცა ადამიანები ყვავილებს ბუნების ჯადოქრობა მიიჩნევდნენ. ყვავილებს მიაწერდნენ ზებუნებრივ თვისებებსაც. ყვავილი ითვლება ერთ-ერთ უძველეს ფორმად, რომლის მიზანიც მწერების მოზიდვაა, რაც განაყოფიერებისათვის აუცილებელია. ამ თვისებების გამო ყვავილები სხვადასხვა შინაარსსა და დატვირთვას იძენდნენ განსხვავებულ კულტურაში. ყვავილები რელიგიური თუ სხვა ტრადიციული დღესასწაულების მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი გამოიყენება როგორც სიმბოლური, ასევე დეკორატიული დატვირთვითაც.


ქრისტიანულ სამყაროში ყველა ყვავილს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგალითად თეთრი ვარდი და ლილია უბიწობის გამომხატველია. წითელი ვარდი კი სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა. ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველი დღესასწაულებზე (აღდგომა, შობა) განსაკუთრებულად ირთვება ყვავილებით. ქრისტიანული დაკრძალვის რიტუალი წარმოუდგენელია ყვავილების გარეშე.


ჯვრისწერისას პატარძალი საკურთხეველთან თაიგულით ხელში მიდის, რაც ნაყოფიერებას გამოხატავს. უწინ პატარძალებს ყვავილების გვირგვინი ედგათ (დღესაც ბევრ ქვეყანაში იცავენ ამ წესს).


ისლამში სხვა რელიგიებთან შედარებით, ყვავილები ნაკლებადაა წარმოდგენილი. თუმცა მათი ვერ შემჩნევა შეუძლებელია, განსაკუთრებით მეჩეთებსა და სალოცავებში. მეჩეთების უმრავლესობა მორთულია ყვავილების ორნამენტებით ამის საუკეთესო მაგალითია აბუდაბის ახლადშენებული მეჩეთი. ისლამში ცალკეული ყვავილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვხვდება, მაგალითად ვარდი ხშირად გამოიყენება როგორც საქორწინო, ისე დაკრძალვის რიტუალებში. თეთრი ვარდი გამოხატავდა ღვთაებრივ ძალას. ისლამურ ბაღებში, სადაც ლოცულობდნენ ძირითადად გვხვდება ციტრუსი. ფორთოხლის ყვავილის სასიამოვნო სურნელი ლოცვისა და განმარტოებისათვის შესაფერის გარემოს ქმნიდა. ისლამში თავისი მუქი ფერის გამო ფართოდ გამოიყენება ინის ყვავილი და მისი ფოთლები. ინით იხატავენ ხელებსა და ფეხებს საქორწინო რიტუალის დროს. ინით მოხატული ხელები არამხოლოდ ლამაზია, არამედ მათი რწმენით, ნაყოფიერებასა და იღბლიანობას გამოხატავს.


ინდუიზმში ყვავილებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ინდუიზმის მთავარი სალოცავი რიტუალი “ფუჯი" ქართულად “ყვავილების საქმედ" შეიძლება ითარგმნოს. ერთ-ერთი გამორჩეული ყვავილია ლოტოსი. იგი ზოგადი გაგებით, ნაყოფიერებას, სიმხნევესა და სილამაზეს გამოხატავს. ვიწრო გაგებით კი ღვთაებრივთან ზიარებას ემსახურება. ინდუიზმის წმინდა წიგნში “ფჰაგავატ გიტა" არის მიწოდება, მივემსგავსოთ ლოტოსს. საერთოდ ბევრი ყვავილის დასახელებაა ინდუიზმში, ზოგიერთი მათგანი რომელიმე კონკრეტული ღმერთის ატრიბუტად მიიჩნევა და განსაზღვრულ დღეებში გამოიყენება. მრავლად გვხვდება ყვავილები ქორწილსა და დაკრძალვის რიტუალებში. ყვავილის ფურცლებს ესვრიან პატარძალს, ამით ნაყოფიერებას უსურვებენ.

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:შოღიკ სიმონიან
შოღიკ სიმონიან
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0