image
"ეროვნული სპეკულანტები
თავიდან ბოლომდე ბლეფია 14 აპრილთან დაკავშირებული ისტორია.
ტყუილია ის, რომ "ენას გვართმევდნენ", ტყუილია, რომ "ენა გადავარჩინეთ" და ტყუილია ისიც, რომ შევარდნაძემ გმირული გადაწყვეტილება მიიღო, ხალხის მხარეს დადგა და კონსტიტუციაში დატოვა მუხლი, რომელიც ღაღადებდა, რომ საქართველოში ქართული ენა არის სახელმწიფო ენა.
მთავარი ტყუილი კი ისაა, რომ ეს მუხლი რამეს ნიშნავდა.
საბჭოთა კონსტიტუციაში საერთოდ არ არსებობდა სახელმწიფო ენის ცნება. არც საკავშირო ერთიან კონსტიტუციასა და არც მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციებში (გარდა, საქართველოსი) ასეთი მუხლი არ იყო, მაგრამ არცერთ
რესპუბლიკაში ამის გამო ენა არ დაუკარგავთ.
საქართველოს კონსტიტუციაში ეს მუხლი ჟორდანიას მენშევიკური მთავრობის 1921 წლის კონსტიტუციიდან იყო გადმოსული, რომელიც შვეიცარიის კონსტიტუციიდან იყო გადმოწერილი, სადაც სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი დღემდე არსებობს (სხვათა შორის, ამ სტატუსით ერთი კი არა, სამი ენა სარგებლობს).
საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციები, ბუნებრივია, ერთიანი სტანდარტის უნდა ყოფილიყო, საიდანაც საქართველოს კონსტიტუცია ამოვარდნილი იყო, იმიტომ, რომ სტალინმა ქართველების თხოვნა გაითვალისწინა და იმ დროის კონსტიტუციაში ეს მუხლი დატოვა. შევარდნაძემ, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებისას ეს საკითხი კვლავ წამოიწევდა. ამიტომ, მან ეს ყველაფერი წინასწარ შეათანხმა ბრეჟნევთან, რომელსაც წინააღმდეგობა ისევე არ გაუწევია, როგორც, თავის დროზე, სტალინმა არ გასწია.
შევარდნაძემ, როგორც სჩვეოდა ხოლმე, გადაწყვიტა ამ ვითარებით ესარგებლა და ქულები ჩაეწერა. მოსკოვში მიღწეული შეთანხმების შესახებ მან წინასწარ არაფერი თქვა, რითაც სიტუაცია ხელოვნურად დაძაბა, შემდეგ კი კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსის დატოვების შესახებ გამოაცხადა და, ქუჩაში ამაყად გამოსული, აბობოქრებული ხალხის იმ მღვრიე ტალღას შეუერთდა, რომელიც მის მიერვე იყო ორგანიზებული.
შევარდნაძის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მართლაც დიდებული პოლიტიკური სპექტაკლი გამოუვიდა. მის მიერ დადგმული ეს ფარსი ორმოც წელიწადზე მეტია მუშაობს. უმრავლესობას დღემდე ჰგონია, რომ ენა ხალხმა გადაარჩინა და ამ საქმეში შევარდნაძემ გადამწყვეტი როლი შეასრულა.
სინამდვილე კი ისაა, რომ ხალხი შევარდნაძემ Მის მიერვე დაგეგმილი ვირ-ეშმაკობის მონაწილედ აქცია. რაც შეეხება ენას, იგი არავის გადაურჩენია, რადგან იმ კონკრეტულ ვითარებაში გადასარჩენი არაფერი სჭირდა, არავინ ცდილობდა მის წართმევას. საბჭოთა კავშირის მაშინდელ ხელმძღვანელობას ასეთი მიზანი ნამდვილად არ ქონია...
ენის არც წართმევა ხდება ასე და არც გადარჩენა, მაგრამ ქართველებს, რაკი გვიყვარს მითების შექმნა და მერე იმ ზღაპრებში ცხოვრება, ვიზეიმოთ ამ დღეს გაუთავებლად, რა გვენაღვლება. ოღონდ საბაბი იყოს და ქეიფ-ზეიმს ვინ მოგვასწრებს?!
თუ დაკვირვებიხართ, ამ დღეს უპირატესად ისინი არიან საქმეში, ყველაზე "მინჯღრეულ-მონჯღრეული" ქართულით რომ წერენ და ლაპარაკობენ და, როგორც წესი, სრულიად უკულტურო დამოკიდებულება აქვთ ენასთან, ლიტერატურასთან, მწერლობასთან...
სპეკულანტები, მოკლედ - მამულით ენით, სარწმუნოებით და პატრიოტიზმით სპეკულანტები, ანუ ეროვნული სპეკულანტები."
ვალერი კვარაცხელია
2021 წლის 14 აპრილი