x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ არა და, ნუ გაქვთ მომავალი თაობების იმედი, რომ ჩვენ შევცვლით უკეთესობისკენ რაიმეს, რამეთუ კვიცები გვარზე ვხტივართ და რა მაგალითებსაც ვუყურებთ, იმ ნიმუშებით გავაგრძელებთ ცხოვრებას!

image

როცა ქვეყნის, სამშობლოს, ხალხის საკუთრებას ყიდი საკუთარი მიზნებისთვის, ამაზე მეტი უზნეობა რა უნდა იყოს?! თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტი განა ვისი კუთვნილებაა, რომელსაც უამრავი წურბელა აზის ხოლმე სხვადასხვა ხელისუფლების დროს და ხალხის და ქვეყნის კუთვნილი თანხებით მინისტრები, დეპუტატები აგარაკებს ყიდულობენ, ვილებს იშენებენ, პენსიები კი მათხოვრულია და მერე ასეთები უსინდისოდ მოგვიწოდებენ და გვაღიზიანებენ, დღეში ლარნახევრად ან სამ ლარად როგორ შეიძლება ადამიანმა თავი ირჩინოს!

სწორედ ასეთი ადამიანები არიან ქვეყნის მოღალატეები, თუმცა ისე მიეჩვია ხალხი, რომ მათ აუცილებლად უნდა ჰპარავდნენ, თითქოს არაფერია იმაში უცნაური, რომ ხელისუფლებაში მოსული კაცი უცებ მდიდრდება. ჩახედავ ქონებრივ დეკლარაციას და თითოქს არაფერი - ნათესავების, მეგობრების სახელზეა ქონების დიდი ნაწილი, თუმცა ყველამ კარგად იცის, ვინაა რეალური მფლობელი! ნაცარი!

კანონი სათავეში ირღვევა მუდამ და ხშირად იქ ირღვევა, სადაც იქმნება! წყალი სათავიდან იმღვრევა, თევზი თავიდან ფუჭდება და მერე ნუღა გვიკვირს, რომ ვერასდროს განვითარდა ქვეყნის ეკონომიკა, ვერასდროს შევძელით ამოსუნთქვა!

თითქოს ქვეყნით და მისი მატერიალური ფასეულობებით ჩარჩობა ჩვენში გენეტიკურია. გენეტიკურიცაა და, ამავდროულად, ის ხალხის კოლექტიურ ქვეცნობიერშია აკუმულირებული. ამიტომ მას ადვილად ვეგუებით! სასაცილოდ ჟღერდეს ეგებ, მაგრამ უკვე უცნაურად ის უფრო გვეჩვენება, ხელისუფლებაში მყოფი პირი თუ პატიოსნად ზის ხელფასზე და კეთილსინდისიერად იღვწის ქვეყნის და ხალხსი კეთილდღეობაზე!

სწორედ ეს კოლექტიური ქვეცნობიერია შესაცვლელი!

მაგრამ ამას თაობები სჭირდება, დრო სჭირდება!

რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებების ცვლას თუ შესაკრებთა ადგილების შეცვლით ჯამი არ იცვლება?

ამიტომ, პირველ რიგში, ყურადღება ისევ ზნეობრიობაზე უნდა გამახვილდეს.
ზნეობრიობაზე ზრუნვა კი სკოლებიდან უნდა იწყებოდეს და მას ჩვენი სარწმუნოება უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ რა ხდება თვითონ ჩვენს სკოლებსა და ეკლესიებში, რომლებიც ადამიანში სულიერების აღზრდაზე არიან პასუხისმგებელნი?


სასულიერო პირების დიდი ნაწილი მუდამ წურბელებად აჯდა ქვეყანას და ხალხს მაშინ, როცა სწორედ სარწმუნოებიდან უნდა იწყებოდეს სულიერებაზე, პატიოსნებაზე, უანგარობაზე, სიკეთეზე ფიქრი და ზრუნვა.

თუმცა სასულიერო პირთა კოლექტიურ ქვეცნობიერშიც იგივე ხდება, რაც საერო ადამიანების კოლექტიურ ქვეცნობიერში, რადგან ჩვენი წარსული, მათ შორის, ჩვენი ეკლესიის წარსულიც უამრავ უზნეო ფაქტს მოიცავს, რაც აღშფოთებას უნდა იწვევდეს და არა წახალისებას. ამოიღებს ხმას სამხილებლად ვინმე გონიერი და უცებ გამოხტებიან ვითომ ძალიან მორწმუნენი და ქურდობის, მიმთვისებლობის, ნებაყოფლობითი ძარცვისა და მომხვეჭელობის ადვოკატირებას იწყებენ!

ჩემი ეკლესია, ჩემი მოძღვარი, ჩემი პრეზიდენტი, ჩემი პრემიერი, ჩემი პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემი მინისტრები, ჩემი დეპუტატები უნდა იყონ ჩემთვის სამართლიანობის, სისუფთავის, კეთილშობილების ნათელი მაგალითები და არა მომხვეჭელობის, უსამართლობის, ანგარების, სავარძელჩაჭიდულობის ცოცხალი ილუსტრაციები!

თუ არა და, დაგვეწყო მომავალ თაობებს კოგნიტიური დისონანსი, რადგან გვასწავლიან და მოგვიწოდებენ ერთს და რეალურად ვხედავთ აბსოლუტურად საპპირისპიროს!

ჩვენ ვხედავთ ამას! და მგონი ყველაზე უკეთ სწორედ მომავალი თაობები ვხედავთ, თუ თანდათან ჩვენც არ ვადაპტირდით ამ ყველაფერთან და ვიქეცით კვიცებად, რომლებიც გვარზე იხტუნებენ!


დიახ, ჩვენზეც გადმოდის ეს კოლექტიური ქვეცნობიერი, რომელშიც გამჯდარი, რომ თითქოს არაფერია, როცა დეპუტატი, ან მინისტრი, ან ყველაზე სუფთა და წესიერი რომ უნდა იყოს, ის ადამიანები - ჩვენი სულიერი მამები იპარავენ, ჰყიდიან, ითვისებენ! ჩვენ უნდა ამოვფხიკოთ ჩვენი კოლექტიური ქვეცნობიერიდან წარსულის ასეთი მაგალითები მათი დაგმობით, მხილებით და არა თვალის დახუჭვით, უსინდისობასთან ადაპტირებით!

მაგალითისთვის, დოკუმენტი, რომელიც გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის 1920 წლის 7 დეკემბრის გამოცემაში
( N278)აღმოვაჩინე:

image

"სულიერი მამების ქურდობა და უდიერობა

მიმდინარე წლის ნოემბრის 13, ქუთაისის სამაზრო ერობის თავმჯდომარისაგან ბ-ნმა მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო დეპეშა, სადაც მას ერობის თავმჯდომარე ატყობინებდა, რომ გელათის მონასტრის ძვირფასი ნივთები იყიდება ბერების მეირ და ზოგიერთი გაყიდული ნივთები დააკავეს. მთავრობის თავმჯდომარემ მაშინვე გააგზავნა თავისი რწმუნებული [დამფუძნებელი კრების წევრი და მთავრობის თავმჯდომარის მდივანი გიორგი ცინცაძე – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] და მიანდო: თუ ფაქტი ბერების მიერ ნივთების გაყიდვისა დამტკიცდებოდა, მიეღო ყოველივე ზომა გელათის მონასტერში შენახულ ძვირფასს განძეულობის დაცვისათვის და თუ საჭიროდ დაინახავდა გადაეტანა ის სახელმწიფო ხაზინის საცავში.

გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ქუთაისის მიტროპოლიტ ნაზარს აგვისტოში ნება მიუცია გელათის მონასტრის წინამძღვრისთვის, რომ მას „გაეყიდნა ის ნივთები, რომელიც საეკლესიო სახმარებლად არ არის საჭირო“. მონასტერში დაცულ საუნჯის სამალავი მთავრობის თავმჯდომარის რწმუნებულს გარღვეული დახვდა და ამის მიზეზად ეკონომიის გამოცვლა დაასახელეს. გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ერთ ძვირფასს ხატს რამდენიმე თვალი ახლად აცლილი აქვს და უეჭველი გაყიდულია. რამდენი ნივთები გაიყიდა აგვისტოს შემდეგ – ამის თქმა ჯერ-ჯერობით ძნელია.

ყველა ამის შემდეგ მთავრობის რწმუნებულმა მიიღო ზომები მთელი ამ განძეულობის მონასტრიდან გატანისა და მის დასაცავად საიმედო ადგილს.

საეკლესიო საბჭომ ამ ორი დღის წინად სთხოვა ბ-ნ მთავრობის თავმჯდომარეს დაენიშნა დრო საეკლესიო საბჭოს დელეგაციისათვის აღნიშნულ საქმის გამო მოსალაპარაკებლად. ბატონ მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგა საეკლესიო საბჭოს დელეგაცია კათალიკოზ-პატრიარქის ლეონიდეს მეთაურობით.


მისვლისთანავე კათალიკოზმა მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს სრულიად დაუშვებელ და შეუწყნარებელ სიტყვებით მან სამღვდელოების სახელით მთავრობის თავმჯდომარეს გამოუცხადა -„გაკიცხვა, აღსაშფოთებელი გულისწყრომა და პროტესტი“ სხვა ასეთი სრულიად უდიერი სიტყვებით. ბატონმა მთავრობის თავმჯდომარემ ამის შემდეგ დელეგაციას განუცხადა: საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი და მისი მთავრობის თავმჯდომარე ასეთ შეურაცხყოფელ სიტყვებს ვერ მოისმენს და ამიტომ მათთან ყოველგვარ ლაპარაკს სწყვეტს. მე ვფიქრობდი განაცხადა თავმჯდომარემ, რომ თქვენ მობრძანდით საქმეზე მოსალაპარაკებლად და არა შეურაცხყოფის მოსაყენებლად. ამის შემდეგ დელეგაცია იძულებული იყო დაეტოვებინა მთავრობის თავმჯდომარის კაბინეთი."

0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0