x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
კორუფციის ფსიქოლოგია

image

Corrupt Legislation, painting by Elihu Vedder (1896).

კორუფცია პირადი მოგებისკენ მიმართულ ქცევაა, რომელიც გულისხმობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და საჯარო რესურსების არაჯეროვან დახარჯვას.

კორუფცია არის დევიანტური ქცევის მაგალითი, რომელიც საჯარო ფიგურის მხრიდან პირადი მოგების (პირადი, ოჯახის წევრის, მეგობრების და ა.შ) ან სტატუსის მიღწევის საფუძველზე ფორმალური მოვალეობებიდან გადახრაა.

საინტერესოა, ალბათ, იმის გაგება თუ რატომ ახორციელებს ადამიანი კორუფციულ ქცევას. მეცნიერები, რომლებიც შეისწავლიან ფსიქოლოგიისა და კორუფციის კავშირს გამოყოფენ რამდენიმე მახასიათებელს, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ამ საკითხზე საუბრისას, მაგალითად:

  • არასაკმარისი ემპათია - როდესაც ადამიანს უჭირს სხვისი ემოციების გაგება და სხვის ადგილას თავის წარმოდგენა, ასევე, ის თუ რა შედეგს მოიტანს მისი ქცევა სხვას;
  • საკუთარ თავზე ცენტრაცია - ადამიანისთვის პრიორიტეტია საკუთარი მოთხოვნილებები;
  • მანიპულაცია;
  • მიღწევის მოთხოვნილება - წარმატების მიღწევის გაზრდილი მოთხოვნილება, სხვებზე მეტის მიღწევის სურვილი, სხვებისგან განსხვავებულად მოპყრობის სურვილი;
  • სხვების დადანაშაულება და პასუხისმგებლობის მოხსნა/სხვებზე გადაბრალება. ალბათ, ადამიანებს არ სურთ მოიქცნენ არაეთიკურად, იმ შემთხვევების გარდა, როცა შეუძლიათ ქცევა გაამართლონ;
  • ტენდენცია რისკის შემცველი ქცევებისკენ, კონფორმულობისკენ, ძალაუფლების ქონის სურვილი.

ყოველივე ზემოჩამოთვლილი გულისხმობს, რომ ეს მახასიათებლები გარკვეული სიდიდით კორელირებს კორუფციულ ქცევასთან, თუმცა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ცალსახა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.

კორუფციაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებსაც მივყავართ მსგავს ქცევამდე. ეს პროცესები და გავლენები შეიძლება დავალაგოთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ დონეზე, იმის მიხედვით თუ მიზეზი პიროვნულ თუ გარემო ფაქტორებს შეეხება. ამ სტატიაში ძირითადად ყურადღებას რამდენიმე საინტერესო ცნებაზე გავამახვილებთ.

  • თვითმომსახურების შეცდომა.

თვითინტერესი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაშინაც კი, როდესაც ვცდილობთ შევამციროთ მისკენ მიმართული დრაივი (ენერგია). ეს შეცდომა საკმაოდ ბუნებრივია ადამიანებისთვის და შესაძლოა, ერთი მხრივ, დამცველობით ფუნქციასაც ასრულებდეს: ევოლუციურ ჭრილში თვითმომსახურება ეხმარებოდა დაერწმუნებინა ადამიანები, რომ გადარჩენისთვის საკმარისი რაოდენობის რესურსი ჰქონდათ შეგროვებული. ფსიქოლოგიური თეორეიბის მიხედვით, თვითმომსახურების ქცევა ეხმარება ინდივიდს განივითაროს, შეინარჩუნოს და დაიცვას მისი თვითშეფასება და იდენტობა, ეხმარება შეამციროს მათ წინაშე წარმოდგენილი საფრთხეები. თუმცა მეორე მხრივ, ადამიანები ხშირად მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიისწრაფვიან და ნაკლებად ითვალისწინებენ სხვების სურვილებს, სწორედ მსგავსი ტენდენცია ქმნის საფრთხეს, რომ ადამიანები შეიძლება პირადი მოგების მიზნით აღარ გაითვალისწინონ სხვა ფაქტორები, რომლებიც ამ ქცევის განხორცილების შეუშლიდნენ ხელს.

  • შედეგების წინასწარმეტყველების შეუძლებლობა.

ვინაიდან კორუფციის ბევრი ბენეფიტი (მომგებიანი შედეგი) საკმაოდ სწრაფი, მომხიბლავი და ადვილად გასათვლელია წინასწარ (პირდაპირი პირადი მოგება, ორგანიზაციული მიზნების დაუყოვნებლივი დაცვა) და კორუფციული ქცევის უარყოფითი შედეგების რისკის გათვალისწინება, ბუნდოვანია, დიდ დროსა და შორს მიმავალ პერსპექტივებს მოიცავს და უფრო რთულია მისი წინასწარმეტყველება. ადამიანებს კი აქვთ ტენდენცია, რომ დასკვნები არსებულ შედეგებზე გააკეთონ და ხშირად შედეგების ცუდი შემფასებლები არიან. ეს არის მეორე მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც შესაძლოა მოქმედებდეს კორუფციის კვალდაკვალ.

  • ჩარჩოს ეფექტი (Framing)

გადაწყვეტილის მიღების პროცესში მნიშვნელოვანია ის კოგნიტური ჩარჩოები, რის საფუძვლეზეც ვაანალიზებთ პრობლემას და ვაკეთებთ არჩევანს. რისკის შემცველი მოვლენები ჩვენს მიერ ნეგატიურად (უარყოფით ჩარჩოს ქმნის) და საფრთხის შემცველად აღიქმება, რის საფუძველზეც თავს ვარიდებთ მას. შესაბამისად, თუ კორუფცია ძალიან დიდ საფრთხესთან იქნება დაკავშირებული (და მასთან ერთად ნაკლებ მოგებასთან), ვფიქრობ, ნაკლებია ალბათობა, რომ ადამიანი განახორციელებს ასეთ ქცევას, თუმცა თუ მოგება უფრო მასშტაბურია, მაშინ შესაძლოა შეიცვალოს ტენდენცია კორუფციული ქცევის „სასიკეთოდ“. თუმცა ნებისმიერ ქცევაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, შესაბამისად, ზუსტი წინასწარმეტყველება რთული იქნება. თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში კოგნიტური ჩარჩო ჩათვლილია ფუნდამენტურ ფაქტორად.

არაერთი ლიტერატურა ფსიქოლოგიასა თუ ქცევით ეკონომიკაში აჩვენებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას ახდენს ის, თუ რამდენად ადვილად ხელმისაწვდომი და მარტივად გასახსენებელია ინფორმაცია, ეს გარკვეულწილად „ღუზას“ ქმნის, რომელიც გავლენას ახდენს შემდგომ გადაწყვეტილების პროცესზე. ორგანიზაციებმა, ხელმძღვანელებმა, თანატოლებმა და თანამშრომლებმა შესაძლებელია ისე წარმოადგინონ ინფორმაცია, რომ მან არაცნობიერად იმოქმედოს ადამიანის ქცევაზე და უბიძგოს მას კორუფციისკენ.

  • The slippery slope

პირველად ადამიანები აღმოჩნდებიან მორალური ორაზროვნების ზონაში, როდესაც საქმე ეხება გარკვეულწილად არაეთიკური ქცევის განხორციელებას, ეს ზონა ნელ-ნელა ხდება ადამიანებისთვის მისაღები, ხოლო ქცევა, რომელიც ამ ზონაში ხორციელდება, ასევე, მისაღები ხდება, ნაკლებ არაეთიკურად აღიქმება, უფრო მარტივად ვრცელება და „იდგმას ფესვებს“. ამ ზონის ფარგლები მარტივად ფართოვდება და მეტი და მეტი არაეთიკური ქცევა ხდება ნელ-ნელა გაუცნობიერებლად მისაღები. ადამიანს გააჩნია ტენდენცია, რომ აარჩიოს გარკვეული მიზეზები, რითიც უკვე ჩადენილ ქცევას გაამართლებს, რასაც თვით-გამართლება შეიძლება ვუწოდოთ.

  • კონფორმულობა

ფსიქოლოგიური ლიტერატურა (იხ. მილგრემის და აშის ექსპერიმენტები) აჩვენებს რამდენად მარტივად შეიძლება ადამიანი მანიპულირდეს ჯგუფის მიერ და დაემორჩილოს მათ ნორმებს. შესაძლოა ადამიანმა საკუთარი მოსაზრებები გვერდზე გადადოს, შეიცვალოს, საკუთარი მოსაზრებები და გააჟღეროს, დაიჯეროს, გაიზიაროს ჯგუფის განსხვავებული ხედვა, მაშინაც კი როდესაც ის ფუნდამენტურად განსხვავებულია ადამიანის საწყისი აზრებისგან. ჯგუფისადმი კონფორმულობა შესაძლოა ავხსნათ ჩვენი მტკიცე სურვილით, რომ ვეკუთვნედოთ რომელიმე ჯგუფს, რომ იმ ჯგუფის წევრებს, რომლებსაც ჩვენ ვეკუთვნით ჰქონდეთ დადებითი შთაბეჭდილება ჩვენს შესახებ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ავირიდოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებისგან იზოლაცია, რის გამოც ზოგჯერ გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვეთანხმებით ჯგუფს და კონფორმულად ვიქცევით. მნიშვნელოვანია, ადამიანი ვის აღიქვამს ავტორიტეტად. ჩვენი მსგავსი ადამიანების (თანატოლები, ხშირად თანამშრომლების და ა.შ) და ავტორიტეტის გავლენა კონფორმული ქცევის განხორცილებეაში ფუნდამენტურია.

  • სოციალიზაცია

ადამიანი ცხოვრების განმავლობაში გადის სოცილაიზაციის პროცესს და ითვისებს საზოგადოებაში დაწერესულ ნორმებს. სხვადასხვა ჯგუფები მეტად მოქმედებენ ადამიანის განვითარებაზე, მისი მსოფლმხედვლეობის ჩამოყალიბებაზე. ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას: რას გააკეთებდა „ის“ (ჩვენი მსგავსი ადამიანი) ჩემს ადგილას? სოციალიზაციის პროცესისთვის ბუნებრივია ადამიანმა ეძებოს, აითვისოს და შეასრულოს საკუთარი ჯგუფისთვის დამახასიათებელი ნორმები, „ნორმალიზებული“ ქცევები. ეს პროცესი ჯერ ოჯახიდან იწყება, შემდეგ კავშირის წრე ფართოვდება და საბოლოოდ მაკროსაზოგადოებამდე და ინსტიტუციებთან მივდივართ.

ადამიანი მოდელირების პრინციით დაისწავლის სხვადასხვა ქცევას, მათ შორის კორუფციულ ქცევასაც. თუ ადამიანი ხედავს, რომ მსგავსი დევიანტური ქცევები ხშირად ხორციელდება სხვების მიერ, არ/ნაკლებად ისჯება, "მნიშვნელოვანი სხვები", ავტორიტეტები, მაგ. უფროსები წაახალისებენ თანამშრომელთა ქცევას - ყოველივე ეს უბიძგებს ადამიანს, რომ დაისწავლოს და განამტკიცოს კორუფციული ქცევა.

ამრიგად, კორუფცია საკმაოდ კომპლექსური ფენომენია, რომელიც შეიძლება სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში დახასიათდეს და აიხსნას. ფსიქოლოგიურ თეორიების მიხედვით, მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვლისწინება: რა მოთხოვნილებები, მოტივები და მოლოდინები აქვს ადამიანს; როგორია მოგება-წაგების განაწილება; როგორი სიტუაციაა; რა საზოგადოებაა; რომელი კულტურაა; ესწრება თუ არა ვინმე ამ ქცევას, როგორაა ინფორმაცია მოწოდებული და ა.შ. შესაბამისად, რთულია კორუფციას ერთი კონკრეტული ახსნა მოვუძებნოთ, საჭიროა მისი სხვადასხვა პერსპექტივიდან განხილვა.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
73