x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"მთვარის მოტაცება" - 1 თებერვლიდან გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად

image


1 თებერვლიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად მკითხველი მიიღებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალ გამოცემას, მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას შვიდტომეულის ერთ-ერთ ბრწყინვალე რომანს "მთვარის მოტაცება". წიგნს, რომელიც მკითხველისთვის არა მარტო ემოციებისა და გრძნობების ენით აღუწერელი შეგრძნებაა, რაც მას რომანის პერსონაჟების ტყვეობაში დიდხანს ამყოფებს, არამედ სამშობლოს დრამატული მატიანეც. რომანი იმდენად მომნუსხავია, რომ მას ისეთმა სასტიკმა ხელისუფლებამაც ვერ გაუძლო, როგორიც საბჭოთა მმართველობა იყო. თვით ამ ხელისუფლების ერთ-ერთმა დიქტატორმა ლავრენტი ბერიამ დაიბარა კონსტანტინე გამსახურდია ამ წიგნისთვის მადლობის სათქმელად, მასაც მოულბო გული იმ საოცარმა მაღალმხატვრულობამ, რითაც მწერალი ამ რომანის პერსონაჟებს აღწერს. არადა, ამ დროს "მთვარის მოტაცებაში" შეფარვით სწორედ ის არის აღწერილი, თუ როგორ თრგუნავს და ანადგურებს ახალი სისხლისმსმელი საბჭოთა ეპოქა ქართულ სულიერებას, მის ინტელიგენციას, გლეხობას, ეკლესიას, როგორ მზადდება ატმოსფერო ამ სულიერი კატაკლიზმებისა და წარღვნისთვის. ეს ყველაფერი კი გაშლილია იმ უზარმაზარ სივრცეში, რომელიც მითოსიდან იწყება და თანამედროვე კაცობრიობამდე მიდის - თარაშ ემხვარის დღიურში სიუჟეტი რომსა და პარიზში იშლება.
"კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იმავე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას. თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები".
image
დაგვეთანხმებით, მწერლის ეს სიტყვები დღესაც უამრავ საფიქრალს წამოუტივტივებს თვალწინ იმ ქართველ მკითხველს, რომელიც "მთვარის მოტაცებას" წაიკითხავს; დღესაც ჩაძირავს იმ ფიქრებსა და სიღრმეში, რაც მისთვის სულით ხორცამდე მშობლიური, ნაცნობი და სულისშემძვრელია.
"მთვარის მოტაცება" დიდხანს იწერებოდა, უპირველესად, ფიქრით, კონსტანტინე გამსახურდიამ "მთვარის მოტაცებაზე" ფიქრი 1926 წლიდან დაიწყო, როცა რომანის ერთი თავი, "წურბელების პატრონი" დაწერა, მერე აფხაზეთში გაემგზავრა, საიდანაც გაოგნებული დაბრუნდა, იქ საქართველოს ყველაზე უხილავ, ყველაზე მისტიკურ შრეებში ჩაიხედა. თუმცა რომანის დაწყებას ჯერ კიდევ სიფრთხილით ეკიდებოდა. საბოლოოდ ამ ყოყმანიდან დიდმა ტკივილმა გამოიყვანა - მეუღლის, მშვენიერი რებეკა ვაშაძის გარდაცვალებამ. ამ ტკივილმა მწერლის გონებაში ყველა ხორცშესხმული ლანდი გააცოცხლა. ჟურნალ "მნათობში" ნაწარმოების დაბეჭდვის დაწყებისთანავე მაშინდელი საზოგადოება მოუთმენლად ელოდებოდა რომანის ყოველ მომდევნო თავს, ენატრებოდა მასში აღწერილ მძაფრ ადამიანურ გრძნობებთან მიახლოება, მაგრამ ხანდახან ლოდინი დიდხანს უხდებოდა - კონსტანტინე გამსახურდიამ წინასწარ არასოდეს იცოდა, როგორი იქნებოდა მომდევნო თავი, რომანს როგორ დაასრულებდა. შესვენებისას ის სულ სხვა საქმეებს მიმართავდა: სხვა რამეს წერდა, ფიქრობდა, კორექტურას კითხულობდა. მხოლოდ გონებაში ქმნიდა მომნუსხავ და ტრაგიკულ გმირებს, რომლებიც ნებისმიერ დროში ნებისმიერ მკითხველს მძაფრ ფიქრებს აღუძრავენ, და სიმბოლოებსაც წარმოადგენინებენ. არზაყანი იქნებ ის "ახალი საქართველოა", რომელიც ძველი, "დრომოჭმული საქართველოს" თარაშის სიკვდილს ნატრობს. არადა, ეს უკანასკნელი კი თავს წირავს არზაყანისთვის, ახალი საქართველოსთვის.
მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მწერლისთვის და ჩვენთვისაც მუდამ ცოცხლობს საიდუმლო, რომელიც ჩვენს ქვეყანას მუდამ შეინახავს ისევე, როგორც ქართული ანბანი, რომლის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია წერდა: "გაოცებული შევცქერი ბნელი საუკუნეების საშოში უთარიღოდ წარმოშობილ ფანტასტიურ იეროგლიფებს. თანაც მოშაინესავით მიხარია, რომ ლინგვისტები და ფილოლოგები ვერაჟამს ჩასწვდებიან მათთვის ჩათქმულ საიდუმლოებას".
image
პირველი თებერვლიდან კონსტანტინე გამსახურდიას 7 - ტომეული გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად.
ფასდაუდებელი ლიტერატურული შემოქმედება ყველა თაობის მკითხველისთვის:
პირველი წიგნი - "მთვარის მოტაცება". წიგნის სპეციალური ფასი 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად 15 ლარი.
იკითხეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0