x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როცა სუფრასთან სიმღერა "ბინდისფერია სოფელი" აჟღერდა, თამადამ  ვაჟას ყველაზე შესანიშნავ ლექსზეაო შექმნილი, არადა მწარედ ტყუოდა

image

ვინც მიხა ხელაშვილი არ იცის ვინ იყო და სიდიდის გამო სტატიის წაკითხვას დაიზარებს, ქართველობაზე ენაწაბრტყელებულ იმ კაცს ემსგავსება, რომელმაც ერთხელ სუფრასთან, საქართველოს წარსულის მისეულად მიმოხილვისას, უნებურად მკითხა, მიხა ხელაშვილი ვინ არისო. მართლა შემრცხვა, რომ საქართველოზე და ქართველობაზე ასეთების მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოების სმენაც მიწევს-ხოლმე ხანდახან. არცოდნა სირცხვილი არ არის. სირცხვილია, რაც არ იცი, იმაზე რომ თავხედურად პაექრობ და შენი ხედვა ყველაზე სწორი გგონია. როცა სუფრასთან სიმღერა "ბინდისფერია სოფელი" აჟღერდა, თამადამ ვაჟას ყველაზე შესანიშნავ ლექსზეაო შექმნილი, დააჯერა ლხინის წევრები. ვაჟას თავისი შედევრებიც საკმარისად აქვს, რომ მიხა ხელაშვილის ლექსებიც არ მივაწეროთ. თუმცა ორივე ჩარგალიდან იყო და ალბათ, არსებობს რაღაც მსგავსება ერთმანეთთან...
…ვაჟა-ფშაველას შვილს, ლევანს, კომისარი კოლა ჯაგნელიძე ესტუმრა მილიციელებით. იქ თანასოფლელი ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სროლაში და ეს არ მოეწონა კომისარს. უსაყვედურა მასპინძელს.ლევანმა კი თავი იმართლა, ვერთობითო.
მილიციელები ყორუღის მახლობლად აძოვებდნენ ცხენებს და ქალებს სიტყვიერი შევიწროება დაუწყეს. მათი ხმა რომ გაიგო, მიხამ თოფი სახლში შეიტანა, ბუხარში გახირა, ჭალაში ჩაირბინა, ქალებს გამოესარჩლა და მილიციელებს შეეკამათა. შელაპარაკებას წაჩხუბება მოჰყვა. ხმაური რომ გაიგონეს, კოლა და ლევანიც ჭალაში ჩავიდნენ. კომისარი მიხას მიუხტა, თან ლევანს ჰკითხა, ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც მილიციელებს აწუხებდა.ლევანმაც მიუგო, რომ
სოფლის დიაკვანია.
– თოფიც თუ გაქვს, მოიტანე, თორემ, აქაურობას მოგაშორებ! – დაემუქრა ჯაგნელიძე დიაკვანს.
– მიხა ხელაშვილი ვარ, ფშაველი, ჩემს ალაგზე ვარ, შენ და შენი მილიციელები კი, წესრიგის დაცვის მაგივრად, უწესობას შვრებით. ქალები ცხვართან არიან, მათთან რა ხელი აქვს უცხო ხალხს! – შეეპასუხა მიხა ჯაგნელიძეს.
– ეს რა დიაკვანია? ამისთანა კაცი დასაჭერია, სოფელს ააბუნტებს, – განრისხდა კომისარი.
ლევანმა დააშოშომინა იგი და თავისთან წაიყვანა. მიხას კი ანიშნა, რომ იქაურობას გასცლოდა და თოფიც თან წაეღო. მიხამ თოფიანად ტყეს შეაფარა თავი.
ტყეში გაჭრილი მიხა ხალხს კი არას უშავებდა. მის ოჯახს რამდენჯერმე მიუცვივდნენ მილიციიდან.მთავრობა ეძებდა მიხას, მაგრამ ვერსად პოულობდნენ.
მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა მიხა, ხალხსაც ძალიან უყვარდა და სჯეროდა მისი. არავის არაფერს სთხოვდა, მშიერიც რომ მომკვდარიყო. მწყემსები და მგზავრები აწვდიდნენ თავიანთი ნებით ლუკმაპურს. გარეგნობით, ძალ-ღონით, მოლექსეობით გამორჩეულმა დიაკვანმა დაჩრდილა ჩარგლის ახალგაზრდობა, ამიტომაც ექიშპებოდა მას ზოგიერთი მათგანი.
იმ წლებში მაღაროსკარში კომისარი ალექსი მისრიაშვილი იყო, რომელიც მიხასთან მეგობრობდა და აფრთხილებდა მას ჩარგლელთაგან მოსალოდნელი ღალატის შესახებ. ერთ დღეს მიხა ჯაგნელიძეს მიუვარდა და მოკლა, რადგან მისრიაშვილისგან შეიტყო, რას უპირებდა მიხას. მიხამ მილიციელებს იარაღი აჰყარა და მაღაროულაში გადაყარა. დაშინებულებმა გაქცევით უშველეს თავს.

ყველამ ირწმუნა, რომ ტყვია არ ეკარებოდა მიხას. კანცელარიაში შეჭრილ ხელაშვილს კედელზე აკრული კაცი დაუნახავს, იარაღი მიუღერებია შესაშინებლად, კაბინეტის გაღება დაუვალებია, მას კი კარი ვერ გაუღია. მიხას შეუმტვრევია კარი, კარადები გაუხეტავს, ლენინის სურათი ჩამოუგდია და ფეხით გაუთელავს, მერე ზანდუკიდან თავისი მაუზერი ამოუღია, რომელიც ჭალაში ჩამოართვა ჯაგნელიძემ.
მისრიაშვილის ცხენის მოგვრა დაავალა იოსებ ბოძაშვილს მიხამ, მანამდე კი თურმანაულების სახლის სახურავზე აძვრა და საქართველოს დროშა დაამაგრა.
მაღაროსკარიდან აფხუშოში წავიდა მიხა, ოჯახის წევრები გააფრთხილა, სახლს გასცლოდნენ. პატარა ბალღები კოდში ჩასვეს დამ და სიძემ და მახლობელ ტყეში გავიდნენ, მოხუცი დედა კი ხოდისაკენ გაემართა. რაზმელებმა იოსებ ჯანაშვილმა, ლევან ბოძაშვილმა, ჩოხელაშვილმა და სხვებმა, დაინახეს მიმავალი. ჯერ შორიდან ესროლეს მოხუცს, მერე კი მისცვივდნენ და წამებით მოკლეს. ნადავლი ჯანაშვილსა და ჩოხელაშვილს გაუნაწილებიათ.
მიხამ სოფლის თავკაცს, ოსა ზურაბაშვილს მისწერა მუქარის წერილი, რომელშიც მოითხოვდა, ეკლესიის გალავანში დაეკრძალათ დედამისი და ისე მოეხერხებინათ, რომ მილიციას ხელი არ შეეშალა დასაფლავებისთვის. მოხუცი წესისამებრ დაკრძალეს. დასაფლავებას მიხაც დაესწრო. ხმა არავის ამოუღია, იარაღიც არავის გაუსვრია, იმის მიუხედავად, რომ ხალხში გადაცმული მილიციელებიც იყვნენ.
ჩარგალში აღარ ედგომებოდა მიხას და ჩოლოყაშვილის რაზმთან შეერთება გადაწყვიტა. როგორც ამბობენ, ქაქუცა ჩოლოყაშვილს გამორჩეულად უყვარდა იგი, ენდობოდა და ფშავ-ხევსურეთში გზავნიდა ხალხის მოსამხრობლად.

მიხა ხელაშვილი ჩოლოყაშვილის რაზმში 2 წელი იყო. როცა დამარცხებული ქაქუცა საზღვარგარეთ წავიდა, მიხა და ლევან ხავაზური კახეთში დარჩნენ. მათ სამშობლოში მოსალოდნელი სიკვდილი ამჯობინეს უცხოეთში გადახვეწასა და ემიგრანტობას.
ხელაშვილი ჩარგალში დაბრუნდა, სადაც ლუკა მარცვალაშვილმა განაახლა მასთან მეგობრობა, მაგრამ ეს იყო მტრობა მეგობრობის სახელით. როცა ერთხელაც ლუკა ქვერს ჰპარსავდა მიხას, ხელაშვილს მინიშნებით უთქვამს:
– რაღა სხვას დარჩეს ჩემი მოკვლისთვის მთავრობის დაწესებული ჯილდო, შენზე უფრო ალალია. აი, ახლა შეგიძლია, სამართებელი ყელში გამომისვა და მომკლა.

– მაგას როგორ ვიზამ, ძმასავით მიყვარხარ, შენ რომ ჩოხა მაჩუქე, იმისთანა საჩუქარი ძმას არ მოუცია ჩემთვის, – უპასუხნია ატირებულ მარცვალაშვილს.
მიხა ხელაშვილის მკვლელობისთვის ჯილდო იყო: იარაღი, სამსახური, 100 მანეთი და ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლება.
ერთხელაც, როცა ნაქეიფარმა მიხამ მარცვალაშვილის საბძელში დაიძინა, ლევან გარსევანაშვილმა დაახალა ტყვია თავში, ლუკა მარცვალაშვილმა ვერ გაბედა. ეს იყო 1925 წლის 25 იანვარი, მიხასოქროს დაბადების დღე, როცა 25 წელი შუსრულდა.მეორე დღეს დუშეთში ჩაიტანეს მიხას ცხედარი და მილიციის შენობის წინ დააგდეს ხალხის დასაშინებლად. რამდენიმე ხანს დატოვეს, შემდეგ კი დაუმარხავად ჩააგდეს თხრილში. არავის ანებებდნენ მის დაკრძალვას. ცხედარი თითქმის მთლიანად გაიხრწნა. დამ და სიძემ ხევსური მილიციელის დახმარებით მოიპარეს მიხას ნეშტი, ჩარგალში აიტანეს და მეორე ღამეს ფარულად დამარხეს დედამისის საფლავის თავთან, წმიდა გიორგის ეკლესიის გალავანში.
ჯილდო? მარტო თოფი მიუღია მთავრობისაგან ლევან გარსევანაშვილს. თუმცა მიხას თანამოაზრეებმა იმავე ზაფხულს მოკლეს იგი. ლუკა მარცვალაშვილი გამოცდილ ძებნილს, გოგია ჭიჭოშვილს მოუკლავს შირაქში.
არაერთი დარბევა-განადგურების მიუხედავად, გადარჩა მისი ლექსების ნაწილი. ჩოლოყაშვილის რაზმელობის პერიოდის ლექსები მის მეგობართან, ივანე ყაყიდაშვილთან ინახებოდა, მან კი ლექსები ვანო ხორნაულს გადასცა. ვანომ ლექსები კლდეში დამალა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გამოქავეყნა ფსევდონიმებით – „მიხა ახადელი” და „მიხეილ ზურაბაშვილი”.
1
572
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
572
  
2021, 16 იანვარი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1