x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ორიოდ სიტყვა გერმანიის გაერთიანების შესახებ ( 1871 )

1814 – 1815 წლებში გაიმართა ვენის კონგრესი. კონგრესმა ევროპის პოლიტიკის წამყვან ძალებად ავსტრია, პრუსია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი აქცია. კონგრესის სისტემამ რღვევა მალევე დაიწყო. რევოლუციურმა ტალღამ მთელ ევროპას გადაურა. მათ შორის, გერმანიას, სადაც მოვლენები პრუსია - ავსტრიის ირგვლივ ვითარდებოდა.

ვენის კონგრესიდან 50 წელიც არ იყო გასული, რომ გერმანიაში გაერთიანების პროცესი დაიწყო. პროცესის უკეთ აღსაქმელად კი მოკლედ დავახასიათოთ ამ პერიოდის პოლიტიკური ვითარება :


ევროპაში ხუთი სახელმწიფო დომინირებდა : საფრანგეთი, ბრიტანეთი, რუსეთი, პრუსია და ავსტრია. პირველ სამ სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინ ყირიმის ომი გადახდათ. ომმა ყველაზე დიდი დარტყმა რუსეთს მიაყენა, რადგან ის დამარცხდა. მოკლედ, საფრანგეთი - ბრიტანეთი - რუსეთი ყირიმის ომის შემდეგ ნაკლებად თუ ჩაერეოდნენ გერმანიის გაერთიანების პროცესში, რადგან ეს ცხადად ახალ ომს გამოიწვევდა და ახალი ომი კი ნაკლებად სასურველი იყო მათთვის. ამას კი კარგად ხედავდა პრუსია და განა ამ ისტორიულ შანსს გაუშვებდა ხელიდან?

გარდა ამისა, გამოვთქვამ რამდენიმე მოსაზრებას, თუ რატომ იყო გარდაუვალი ერთიანი გერმანიის იმპერიის ჩამოყალიბება : (ა) გერმანიის გაერთიანება იმდენად დიდი სურვილი იყო, რომ ეს ჯერ კიდევ 1848 - 1849 წლების მოვლენების შემდეგ დადგა დღის წესრიგში, 60 - იან წლებში კი ეს სურვილი იმით იყო ზურგგამაგრებული, რომ ყირიმის ომი მომხდარი იყო და ამასთან, რუსეთმაც იცოდა ავსტრიის რეალური სახე და ამ უკანასკნელს დახმარების მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა, ეს კი პრუსიას კიდევ უფრო მეტად აგულიანებდა, მის ირგვლივ გაეერთიანებინა გერმანია ; (ბ) პრუსია სამხედრო სფეროში აქტიურად ახორციელებდა რეფორმებს, რაც ერთი მხრივ გერმანიის გაერთიანების სურვილით შეიძლება აიხსნას (გ) ავსტრიის სახელმწიფო არ იყო ისეთი ძლიერი, რომ პრუსია დაებალანსებინა და ამით ეს უკანასკნელი შეეკავებინა, დაეწყო გერმანიის გაერთიანების პროცესი. სწორედ ასეთ პოლიტიკურ კონტექსტში დაიწყო გერმანიის გაერთიანების პროცესი.


გერმანიის გაერთიანების საქმეში კი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა იყო ბისმარკი, რომლის პოლიტიკური ფილოსოფიაც ასე შეგვიძლია აღვწეროთ : მისი გონება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობდა. ეროვნული ინტერესების განხორციელება კი, სამწუხაროდ, ყოველთვის დიპლომატიით ვერ ხერხდება. ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ მისი პოლიტიკა ომსაც ითვალისწინებდა. ვფიქრობ, ბისმარკის ეს დახასიათება უფრო ნათელს გახდის გერმანიის გაერთიანების პროცესის თანმდევ მოვლენებს.


ბისმარკის პირველი პოლიტიკური ნაბიჯი გერმანიის გაეთიანების გზაზე იყო 1864 წლის ომი დანიასთან. ამ მოვლენამ მისი ცბიერი ბუნება გამოამჟღავნა. სუსტი დანიის წინააღმდეგ განხორციელებული ინტერვენციით ბისმარკმა „დაზვერა“ ევროპა : გამოარკვია, რომ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები არ იყვნენ მზად ხელი შეეშალათ გერმანიის გაერთიანებისთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ პრუსიის კანცლერმა მთლად ბოლომდე ვერ გარისკა და მხოლოდ ავსტრიასთან კავშირში გაბედა დანიელებისთვის შლეზვიგ - ჰოლშტაინის წართმევა, თუმცა, ცხადია, ეს კავშირი ვერ შედგებოდა - ბისმარკს ერთიან გერმანიაში ავსტრია ვერ წარმოედგინა ( ალბათ, იმის გამო, რომ ეს იმპერია ჭრელი იყო და არაერთგვაროვანი ხალხებისგან შედგებოდა. მაქვს მეორე ვარაუდიც : ავსტრია - პრუსიის გაერთიანება ბევრად საშიში იქნებოდა სხვა წამყვანი სახელმწიფოებისთვის, ამიტომ ისინი ამას ნამდვილად არ შეურიგდებოდნენ ).


შედეგად, 1866 წელს პრუსიამ ავსტრიელებიც დაამარცხა და ამით ავსტრია ჩამოაცილა გერმანიის გაერთიანების პროცესს. ბისმარკს ერთადერთი მეტოქეღა დარჩა გერმანიის გაერთიანების გზაზე - ეს იყო საფრანგეთი.


ჩემი ხედვა, რატომაც სჭირდებოდა ბისმარკს საფრანგეთის დამარცხება : (ა) ბისმარკს სჭირდებოდა რაღაც ისეთი ფაქტი, რაც მის ძლიერებას განსაკუთრებულად გაუსვამდა ხაზს და ამით ერთიან გერმანიას უფრო დიდ ლეგიტიმაციას შესძენდა ; (ბ) საფრანგეთი ვერ შეურიგდებოდა გერმანიის გაერთიანებას, რადგან მეზობლად უფრო ძლიერი სახელმწიფო შეიქმნებოდა ( ვიდრე ცალკე აღებული პრუსია იყო ); (გ) ერთიან გერმანიას შიდა პრობლემებიც ექნებოდა, ამიტომ დროულად იყო საჭირო პრობლემა სახელად საფრანგეთის მოგვარება. ეს პრობლემა კი 1870 წელს მოგვარდა, როცა პრუსიამ საფრანგეთი დაამარცხა - ამის დაგვირგვინება იყო ვერსალის სარკეებიან დარბაზში ერთიანი გერმანიის იმპერიის გამოცხადება.


გერმანიის ეს გაერთიანება ბისმარკის დამსახურება იყო - მან წარმატებით გამოიყენა როგორც დიპლომატია, ასევე ომი. ბისმარკმა სამხედრო რეფორმაც გაატარა, რამაც ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა მის სამხედრო გამარჯვებებში.


საერთაშორისო სისტემა კი ერთიანი გერმანიის ჩამოყალიბების შემდეგ ახალ სტადიაში შევიდა, რადგან ევროპის შუაგულში გაჩნდა ის იმპერია, რომელმაც ელვის სისწრაფით მაოხერხა მცირე კოლონიურ სახელმწიფოდ ქცეულიყო. ბრიტანეთისთვის ცხადი გახდა, რომ სტატუს - კვოს შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მის საწინააღმდეგოდ გერმანელებმა ფლოტის მშენებლობაც კი დაიწყეს და ეს იმის განაცხადი იყო, რომ ბრიტანეთს მალე გერმანია ჩამოიშორებდა, თუ ამ უკანასკნელს დროულად არ მოაშთობდნენ.

0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:გიო რაფავა
გიო რაფავა
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0