x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134400
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
მეცნიერებმა ოკეანის სიღრმეში გასაოცარი შავი ფერის თევზი აღმოაჩინეს
ოკეანეთა უღრმესი უფსკრულები ჯერ კიდევ ძალიან მცირედით არის შესწავლილი. ეს ეხება ასევე იმ სტრატეგიებსაც, რასაც აქაური მკვიდრი ცოცხალი არსებები გადარჩენისთვის იყენებენ. როგორც მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ გამოარკვიეს, ერთ-ერთი მათგანი გასაოცარი შავი ფერისაა: ამ თევზს კანი იმდენად შავი აქვს, რომ მასზე მოხვედრილი მზის სხივების უდიდესი ნაწილი უკვალოდ განიცდის შთანთქმას. ამ წარმოუდგენელი უნარის გამო ამ თევზის დანახვა ზღვის სიღრმეში პრაქტიკულად შეუძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ულტრაშავი თევზების მტრები ზღვის სიღრმეებს ბიოლუმინესცენციის მეშვეობით ანათებენ, ყველაზე მუქი ფერის წყალქვეშა ბინადარი მაინც სრულიად შეუმჩნეველი რჩება.


ასეულობით მეტრის სიღრმეზე წყლის ქვეშ მზის შუქი ვეღარ აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქაურ ბინადრებს განათებისთვის საკუთარი წყაროები სჭირდებათ. ზღვათა უფსკრულების ბევრი უხერხემლო ბინადრისთვის ასეთ წყაროს ბიოლუმინესცენცია წარმოადგენს, რისთვისაც მათ ან სპეციალური ორგანო აქვთ, ან უჯრედები კანზე. ზოგიერთი თევზი კი განათების მეშვეობით იტყუებს საკუთარ მსხვერპლს და ესხმის თავს. მაგრამ შუქმა ამავდროულად შეიძლება გასცეს კიდეც ზღვის ბინადარი და იოლი საკბილო გახადოს მასზე უფრო დიდი ზომის მტაცებლებისთვის. ამიტომ მეცნიერები დიდი ხნის წინ ვარაუდობდნენ, რომ იარსებებდნენ აბსოლუტურად შავი ფერის თევზებიც, რომელთა სტრატეგია სიბნელის მეშვეობით მაქსიმალური შენიღბვა იქნებოდა და მათი ვარაუდი გამართლდა კიდეც.


ცოტა ხნის წინ ალექსანდერ დევისმა და მისმა გუნდმა დიუკის უნივერსიტეტიდან მექსიკის ყურეში რობოტი 1500 მეტრის სიღრმეზე ჩაუშვეს და იქიდან 39 შავი თევზი ამოიყვანეს. ამის შემდეგ თევზები ლაბორატორიაში გამოიკვლიეს და სწორედ იქ გახდა ცნობილი, თუ რა მოცულობით შუქს შთანთქავდა თითოეული მათგანის კანი. შედეგები მართლაც გამაოგნებელი აღმოჩნდა. გამოირკვა, რომ 16 მათგანის კანი შუქს მხოლოდ 0, 5 %-ით აირეკლავდა (შედარებისთვის შავი ფერის ქაღალდი 10 %-მდე შუქს ირეკლავს).


მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და დაუჯერებელი შესაძლებლობის მქონე აღმოჩნდა ერთ-ერთი თევზი, რომელიც Oneirodes-ების სახეობას მიეკუთვნება. გამოირკვა, რომ ის შუქს მხოლოდ 0, 04 %-ით აირეკლავს. ეს თევზი იმდენად შავია, რომ ზაფხულის მზის სინათლეზეც კი გადღაბნილ სილუეტს მოგაგონებთ. ფოტოგრაფებს მისი სხეულის მოხაზულობის გადაღება სურდათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა: თევზი მთლიანად შთანთქავდა ყველანაირ განათებას და სიურეალისტური ნახატივით გამოიყურებოდა.



შავი თევზი

0
290
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0