x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
იდუმალი განძი, რომელსაც დღემდე გაფაციცებით ეძებენ
თუ სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინეს სასახლეში აღდგენილ ქარვის ოთახის რეპროდუქციას მოინახულებთ, აუცილებლად მიხვდებით, თუ რატომ ეძებენ განძისმაძიებლები მის ორიგინალს ასე გაფაციცებით. ეს ის ოთახია, რომელიც 1716 წელს პრუსიის იმპერატორმა ვილჰელმ პირველმა პეტრე დიდს აჩუქა, რისთვისაც სანაცვლოდ პირადი გვარდიის გასაძლიერებლად 248 ბრგე რუსი ჯარისკაცი მიიღო.


ოთახი 200 წლის მანძილზე რჩებოდა ეკატერინეს სასახლეში, სანამ მას 1941 წელს გერმანული ვერმახტი იპოვიდა. 36 საათის მანძილზე მესამე რაიხის ჯარისკაცებმა მოახდინეს ოთახის დემონტაჟი და მისი მორთულობა 28 ყუთში შეფუთეს. ყუთები კენიგსბერგში წაიღეს და იქ გადმოტვირთეს.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქარვის ოთახის ყოველგვარი კვალი უეცრად გაქრა, რითაც მის შესახებ უამრავ ვარაუდს და მითს დაედო საფუძველი. უამრავი მკვლევარი ამაოდ შეეცადა მის მოძებნას. თუმცა 2003 წელს ძველი ფოტოების მიხედვით ქარვის ოთახი აღადგინეს.


ქარვის ოთახი მთლიანად ოქროსა და ქარვისგან შედგებოდა და მისი ყოველი კვადრატული სანტიმეტრი ხელოვნების უძვირფასეს ნიმუშს წარმოადგენდა. პრუსიელების სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობდა ქარვის მნიშვნელოვანი საბადო და აღნიშნული ქვეყნის ოქრომჭედლებიც ქარვის დიდოსტატები იყვნენ. 2003 წელს აღდგენილი ქარვის ოთახი 3, 5 მილიონი დოლარი დაჯდა, თუმცა ძველი შეუდარებლად უფრო ძვირი ეღირებოდა.



ოთახი, რომელიც 450 კილოგრამი ბალტიური ქარვისგან შედგებოდა, უკვალოდ გაუჩინარდა კენიგსბერგის დაბომბვის შემდეგ. ზოგის აზრით ის ნანგრევებში დაინთქა, ზოგი კი ფიქრობს, რომ ზღვით გააპარეს და სწორედ ამ დროს წყალში ჩაიძირა. ფაქტია, მას შემდეგ ჟურნალისტების, განძის მაძიებლების და დეტექტივების არმიები გაფაციცებით ეძებენ ქარვის ოთახს, თუმცა უშედეგოდ. ის დღეს უკვე დიდი ხანია, ლეგენდად გადაიქცა და მისმა ექსპონატებმაც საარაკო ფასს მიაღწია. მისი მპოვნელი მილიარდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდება. ამიტომ გასაოცარი არ არის, რომ განძის კვალს ამდენი ბედისმაძიებელი დასდევს.


ქარვის ოთახი

0
392
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0