x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 ყველაზე მნიშვნელოვანი და ეპოქალური ექსპერიმენტი ფსიქოლოგიის ისტორიაში
image



ფსიქოლოგიის ისტორია სავსეა შთამბეჭდავი კვლევებითა და ექსპერიმენტებით, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს ჩვენი წარმოდგენები და შეხედულებები ადამიანის შესახებ. ზოგიერთი ექსპერიმენტის შედეგი იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ ისინი მთლიანად დაუპირისპირდა საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს ადამიანის გონებისა და ქცევის შესახებ.

თვალი გადავავლოთ 5 ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეპოქალურ ექსპერიმენტებს ფსიქოლოგიის ისტორიაში.

1. ჰარლოუს მაკაკების ექსპერიმენტი

1950-იანი წლების ბოლოს და 1960-იანი წლების დასაწყისში ფსიქოლოგმა ჰარი ჰარლოუმ აჩვენა სიყვარულის ძლიერი გავლენა ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე. მისი ექსპერიმენტები ხშირად არაეთიკური და სასტიკი იყო, მაგრამ მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ახალი თეორიების ჩამოყალიბებაში ბავშვის განვითარების შესახებ.


ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექსპერიმენტში ახალშობილი მაიმუნები დაბადებისთანავე დააშორეს დედებს და მოათავსეს ისეთ გარემოში, სადაც ურთიერთობა ჰქონდათ მავთულისა და რბილი ქსოვილისგან დამზადებულ ხელოვნურ მაიმუნებთან. მავთულის "დედა" პატარებს უზრუნველყოფდა საკვებით, რბილი "დედა" კი სითბოთი და მზრუნველობით. ახალშობილი მაკაკებიც გამიზნულად მიდიოდნენ მავთულის "დედასთან" საკვებისთვის, ხოლო ემოციური ურთიერთობისთვის ყოველთვის რბილ და კომფორტულ "დედას" ირჩევდნენ. ჰარლოუმ აღმოაჩინა, რომ მაკაკები საგრძნობლად მეტ დროს ატარებდნენ რბილ "დედასთან" და როდესაც საშიში სიტუაციები იქმნებოდა, მაშინაც იმავე არჩევანს აკეთებდნენ, რადგან მასთან თავს დაცულად გრძნობდნენ. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ დედობრივი კავშირი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საკვებით უზრუნველყოფა. სითბო და დაცულობა უდიდეს როლს თამაშობს მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში.

2. პავლოვის კლასიკური განპირობებულობის ექსპერიმენტი

კლასიკური განპირობებულობის ცნება ფსიქოლოგიაში ყველა დაწყებით კურსზე ისწავლება და შეიძლება გასაკვირიც იყოს, რომ ადამიანი, ვინც ეს ფენომენი აღმოაჩინა, სულაც არ იყო ფსიქოლოგი.

პავლოვი სინამდვილეში ძაღლის მომნელებელ სისტემას სწავლობდა. მას აინტერესებდა ძაღლების მიერ გამოყოფილი ნერწყვის რაოდენობა და ამიტომ ნერწყვის გამოსაყოფად ასისტენტი ძაღლს განსაზღვრულ დროს ხორცს აძლევდა. მალე პავლოვმა შეამჩნია, რომ ძაღლები წინასწარ გამოყოფდნენ ნერწყვს მისი ასისტენტის დანახვისას. თავისი თეორიის დასამტკიცებლად მან ასისტენტი ზარით ჩაანაცვლა, თუმცა, შედეგი იგივე იყო-ნებისმიერი სტიმული, რომელიც წინ უსწრებდა საჭმლის მიღებას, ნერწყვის გამოყოფას იწვევდა. პავლოვი დარწმუნდა, რომ კონკრეტული რეაქცია (ნერწყვის გამოყოფა) შეიძლება იყოს დასწავლადი მანამდე არსებული ნეიტრალური სტიმულით, (ასისტენტი, ზარი) როდესაც ეს სტიმული ავტომატურად მოასწავებს განმამტკიცებელს (საჭმელი).

3. ეშის კონფორმულობის ექსპერიმენტი

მკვლევარებს ყოველთვის აინტერესებდათ, სადამდე მიყვებიან ან როდის ეწინააღმდეგებიან ადამიანები სოციალურ ნორმებს. 1950-იან წლებში ფსიქოლოგმა სოლომონ ეშმა ჩაატარა ექსპერიმენტების სერია, რათა ეჩვენებინა ადამიანთა კონფორმულობა ჯგუფებში ყოფნისას. ექსპერიმენტმა დაგვანახა, რომ ადამიანები გასაოცრად კონფორმულები არიან, მაშინაც კი, როცა იციან, რომ თანაჯგუფელები მცდარ გადაწყვეტილებას იღებენ.

ეშის ექსპერიმენტში მოსწავლეებს უთხრეს, რომ ჩაუტარდებოდათ მხედველობის ტესტი, რომლის მიხედვითაც უნდა ამოეცნოთ ერთი ზომის ხაზები. სტუდენტები თითქმის ყოველთვის სწორად პასუხობდნენ კითხვას როდესაც მარტო იყვნენ, ხოლო ჯგუფური გამოკითხვისას, ჯგუფის ყველა წევრი გამიზნულად არასწორ პასუხს იძლეოდა და კვლევის მონაწილეებიც ძირითადად საერთო აზრზე გადადიოდნენ. ეს კვლევა აჩვენებს, თუ რამხელა გავლენა აქვს ინდივიდის ქცევასა და ფიქრებზე ჯგუფს.

4. მილგრემის ავტორიტეტისადმი მორჩილების ექსპერიმენტი

მილგრემის ექსპერიმენტში ექსპერიმენტატორი მონაწილეებს ავალებდა, გამოეყენებინათ ელექტროშოკი თუ "მოსწავლეები" არასწორ პასუხს გასცემდნენ კვლევის მონაწილეს. "მოსწავლეები" სინამდვილეში წინასწარ დაქირავებული მსახიობები იყვნენ, რომელთაც კვლევის მონაწილეები ვერ ხედავდნენ, მხოლოდ მათი ხმა ესმოდათ. არასწორი პასუხის შემთხვევაში მსახიობები თავს იკატუნებდნენ და სინამდვილეში მათ არანაირი ზიანი არ მიუღიათ. ექსპერიმენტის მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ რამდენად შორს შეუძლია ადამიანს შეტოპვა ავტორიტეტული ფიგურის გავლენის ქვეშ ყოფნისას. მონაწილეების 65 პროცენტმა გამოიყენა ელექტროშოკის მაქსიმალური დონე, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ამ დონეს შეუძლია ადამიანის სიცოცხლის მძიმედ დაზიანება და გონების დაკარგვა.

5. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი

ფილიპ ზიმბარდოს ცნობილი ექსპერიმენტის მონაწილეები შერჩეული მოხალისე სტუდენტები იყვნენ, რომლებიც ხანგრძლივი ტესტირების საფუძველზე კანონმორჩილ, ჯანმრთელ და ემოციურად სტაბილურ, ნორმალურ ადამიანებად იყვნენ მიჩნეულნი. მათ შემთხვევითად მიენიჭათ პატიმრის და მცველის როლები. დაგეგმილი იყო, რომ ექსპერიმენტი გაგრძელებულიყო ორი კვირა, მაგრამ მცველების გადამეტებულმა აგრესიამ და ძალადობრივმა ქმედებებმა და პატიმრების დისტრესმა და შფოთვამ აუცილებელი გახადა მისი მეექვსე დღეს შეწყვეტა. ექსპერტების აზრით, მსგავსი ჯგუფური ქმედებები გამოწვეულია სიტუაციის ძალით და სოციალური მოლოდინების და როლების ძლიერი ზეგავლენით.

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ჯინჭარაძე
ელენე ჯინჭარაძე
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0