x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სოციალური, იგივე პრაგმატული, კომუნიკაციის დარღვევა.
image
სოციალური (პრაგმატული) კომუნიკაციის დარღვევა, იგივე SCD DSM-5-ში ახალ სადიაგნოსტიკო კატეგორიას წარმოადგენს. ამ ნაშრომში ვისაუბრებ, თუ რატომ გახდა საჭირო ამ დარღვევის გამოყოფა სხვა ენობრივი დარღვევებისა და, განსაკუთრებით, აუტიზმის სპექტრის დარღვევისგან.

სოციალური (პრაგმატული) კომუნიკაციის დარღვევა (SCD) ხასიათდება შემდეგი სიძნელეებით: ინდივიდებს უჭირთ ენის გამოყენება სოციალური მიზნებისთვის, უჭირთ კომუნიკაციის სოციალურ კონტექსტთან დაკავშირება. ამ დარღვევის მქონე ბავშვს უჭირს კომუნიკაციის ჩვეული სოციალური წესების მიყოლა, როგორც ვერბალურის, ისე არავერბალურის. უჭირს თხრობისა და დიალოგის წესების მიყოლა. აგრეთვე, უჭირს საუბრის სტილის შეცვლა, როდესაც იცვლება სიტუაცია ან მსმენელის მოთხოვნები.

SCD ხასიათდება როგორც ვერბალური, ისე არავერბალური კომუნიკაციის სოციალურად გამოყენების მნიშვნელოვანი დეფიციტით. SCD–ს მქონდე ინდივიდებს, აგრეთვე, უჭირთ იუმორის, იდიომებისა და მეტაფორების გაგება. აქვთ პრობლემები ენისა და არავერბალური კომუნიკაციური ქცევების ინტეგრირებაში. სოციალურ კომუნიკაციაში ამგვარი პრობლემები ბავშვს აფერხებს, რომ ეფექტური კომუნიკაცია წარმართოს სხვასთან, ჩაერთოს სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში. ხშირად ეს დარღვევა მის აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება.

იმისთვის, რომ SCD–ის დიაგნოზი დაისვას, პირველ რიგში, განვითარებული უნდა იყოს საკმარისი ენობრივი უნარები. აქიდან გამომდინარე, დიაგნოზი 4–5 წლამდე არ ისმება. სოციალური კომუნიკაციის დარღვევა DSM-5-ში აღნიშნულ სხვა დარღვევებთან ერთად შეიძლება გვხვდებოდეს, თუმცა მისი დიაგნოზი ვერ დაისმევა აუტიზმის სპექტრის აშლილობის არსებობის შემთხვევაში.


SCD–ზე უფრო სტრუქტურირებული ინფორმაცია რომ გვქონდეს, განვიხილოთ მისი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები დსმ–5–ის მიხედვით:

ა. მუდმივი სირთულეები ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სოციალურად გამოყენებაში, რომელიც ხასიათდება:

  • კომუნიკაციის სოციალური მიზნებისთვის გამოყენების დეფიციტი. მაგალითად, ინფორმაციის გაზიარებისა და მიღებაში.
  • კომუნიკაციის ხასიათის შეცვლის უუნარობა, რათა ის კონტექსტის რელევანტური გახდეს. კერძოდ, კლასში ისე არ ისაუბრო, როგორც ეზოში. ბავშვს ისე არ ესაუბრო, როგორც ზრდასრულს.
  • სირთულეები გვხვდება: საუბრისას რიგობითობის დაცვაში; ფრაზის გამეორებაში, როდესაც ის მსმენელმა ვერ გაიგო; ვერბალური და არავერბალური სიგნალების გამოყენება ინტერაქციის რეგულირებისთვის.
  • ბ. დეფიციტს საბოლოოდ მივყავართ შეზღუდვებამდე ეფექტურ კომუნიკაციაში, სოციალურ ჩართულობაში, სოციალურ ურთიერთობებში, აკადემიურ მოსწრებაში იქნება ეს ცალკეული დეფიციტისშედეგი თუ ერთმანეთთან კომბინირებულად მიღებული შედეგი.

    გ. სიმპტომები განვითარების ადრეულ პერიოდში უკვე შეინიშნება, თუმცა დეფიციტი ბოლომდე გამოხატული ვერ იქნება მანამ, სანამ სოციალური კომუნიკაცია იმაზე მეტ რესურსს არ მოითხოვს, რამდენიც ამ დარღვევის მქონე ინდივიდს აქვს.

    დ. სიმპტომები არ უკავშირდება ატრიბუციულად სხვა სამედიცინო თუ ნევროლოგიურ მდგომარეობას, ან სიტყვის სტრუქტურისა და გრამატიკის ათვისების უნარს. აგრეთვე, ისინი უკეთ არ იხსნებიან აუტიზმის სპექტრის დარღვევით, ინტელექტუალური დარღვევით ან სხვა გონებრივი დარღვევით.


    გასული საუკუნის 80–იან წლებში რაპინმა და ალენმა წარმოადგინეს ტერმინი სემანტიკურ–პრაგმატული დეფიციტის სინდრომი იმ ბავშვთა დასახასიათებლად, რომლებიც ჭარბად იყენებდნენ სიტყვებს, უჭირდათ რელევანტური სიტყვების ამოტანა მეხსიერებიდან და უჭირდათ საუბრის შენარჩუნება ერთ თემაზე. ამის პარალელურად, ბიშოპმა და როზენბლუმმა გამოიყენეს ტერმინი სემანტიკურ–პრაგმატული დარღვევა იმ ბავშვთა აღსაწერად, რომელთაც ჰქოდათ პრობლემები გააზრებასა და საუბრის წესების დაცვაში, რომლებიც ზოგჯერ უცნაურ ენასა თუ სიტყვას იყენებდნენ საკომუნიკაციოდ.

    ამის მიუხედავად, ივარაუდეს, რომ შესაძლოა სემანტიკური დეფიციტი ყოველთვის არ გვხვდებოდეს პრაგმატულ დეფიციტთან ერთად. პრაგმატული დეფიციტის მქონე ინდივიდთა დიფერენციაციისათვის, გამოიყენებოდა ტერმინი პრაგმატული ენის დარღვევა. მიუხედავდა შემდგომში ჩატარებული კვლევებისა, რომლებიც პრაგმატული ენის კლინიკური ნიშნების დიფერენცირებას ეძღვნებოდა, პრაგმატული დარღვევების ზუსტი საზღვრები მაინც ვერ დადგინდა. შესაბამისად, კვლავ დარჩა აზრთა სხვადასხვაობა იმაზე, რამდენადაა შესაძლებელი პრაგმატული ენის დარღვევის დიფერენცირება ენის იმ დარღვევებისგან, რომლებიც სოციალურ და კომუნიკაციურ დეფიციტს მოიცავს.

    SCD და აუტისტური სპექტრის დარღვევა

    იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ კომუნიკაციაში უუნარობა აუტიზმის სპექტრის აშლილობის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია, სავარაუდოა, რომ სოციალურ–პრაგმატული კომუნიკაციის დარღვევის სიმპტომატოლოგიაში გადაფარვას ვხვდებოდეთ აუტიზმთან. კერძოდ, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, რომელთაც ენის ადექვატური სტრუქტურული უნარები აქვთ, შეიძლება ახასიათებდეთ პრაგმატული სირთულეები. ისეთები, როგორიცაა: ზედმეტად ფორმალური საუბარი, რიგობითობის ვერდაცვა საუბრისას. ხსენებული პრაგმატული დეფიციტი წარმოდგენილია აუტიზმის სპექტრის სიმპტომთა ფართო დიაპაზონთან ერთიანობაში, რომელშიც შედის სოციალური რეციპროკულობის დარღვევები და მკაცრად შემოსაზღვრული ინტერესებისა და განმეორებადი ქცევების არსებობა. მიუხედავად იმისა, რო, SCD-სა და აუტიზმის სპექტრის დარღვევას სოციალური უნარების დეფიციტი ამსგავსებთ, SCD-ს მქონე ინდივიდებში ვერ ვხვდებით აუტიზმისათვის დამახასიათებელ ვიწრო ინტერესთა ქონას, სტერეოტიპულ მოქმედებებს, ერთგვაროვნების ძლიერ მოთხოვნილებას ან სენსორულ დარღვევებს. ხაზგასასმელია, რომ SCD-ს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები თვისებრივად განსხვავებულია აუტიზმის სპექტრის დარღვევასთან და ვერ ჩაითვლება, როგორ „მსუბუქი აუტიზმის სპექტრის დარღვევა“. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ სიმპტომთა ორი განსხვავებული პატერნი არსებობს.

    აუტიზმის სპექტრის აშლილობისა (რომელიც პრაგმატულ დარღვევებსაც მოიცავს) და იზოლირებული პრაგმატული დარღვევების დიფერენცირების საკითხი ბრუკისა და ბოულერის ნაშრომებშია წამოყენებული. კერძოდ, ავტორები აღნიშნავენ, რომ ბავშვები, რომელთაც სემანტიკურ–პრაგმატული დარღვევა ქონდათ, იგივე დეფიციტით ხასიათდებოდნენ, როგორითაც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები. ისინი ასკვნიან, რომ აუცილებელია კვლევები საიმისოდ, რომ დადგინდეს განსხვავებები თუ მსგავსებები აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან, თუმცა, ამატებენ, რომ საკვლევად აუცილებელია სისტემური მეთოდი, რომლითაც SCD-სა და აუტიზმის სპექტრის აშლილობას შორის მსგავსება–განსხვავებები დადგინდება.

    რა იწვევს SCD-ს?

    სოციალური კომუნიკაციის დარღვევის ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ არის ცნობილი.

    გენეტიკური ფაქტორები ამჟამინდელი მონაცემებით ყველაზე დიდ როლს თამაშობს.

    ინდივიდები, რომელთაც აუტიზმის სპექტრის დარღვევის, კომუნიკაციის დარღვევების ან დასწავლის სპეციფიკური დარღვევის ოჯახის ისტორია აქვთ, მეტად არიან მიდრეკლინი SCD-სკენ.

    დღესდღეობით სულ რამდენიმე კვლევაა, რომელიც იმ გენებს იკვლევდა, რომელიც იზოლირებულად პრაგმატული ენის ან სოციალური კომუნიკაციის უნარებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კვლევა დამაიმედებელი იყო და გამოიყო კიდეც სპეცციფიკური გენების ვარიანტი, შემდგომმა კვლევამ, რომელიც სოციალური კომუნიკაციის უნარებს დროის დიდ მონაკვეთში იკვლევდა, დაადგინა, რომ განვითარების პარალელურად გენეტიკური ეფექტების სიძლიერე იცვლებოდა. შესაბამისად, დადგა გარემოს გავლენის შესწავლის საჭიროებაც.

    SCD-სთან დაკავშირებული პროგნოზები

    ამ ეტაპისთის, შეუძლებელია რომ SCD-ს მომავალი ვიწინასწარმეტყველოთ. ლონგიტუდური კვლევის სიმცირე მკვლევრებს ზღუდავს, რომ SCD-ს ირგვლივ არსებულ ძველ ლიტერატურას გასცდნენ. ერთადერთი კვლევა, რომელიც დარღვევის სტაბილურობის გრძელვადიანობას შეისწავლიდა, ცხადყოფს, რომ პრაგმატული ენის დარღვევა უფრო სტაბილური ხდება ზრდასრულობაში, თუმცაღა შერჩევა არ ყოფილა იმდენად დიდი, რომ ეს დაკვირვება განგვეზოგადებინა.

    მორიგი კვლევა ჩატარდა, რათა გამოეკვლია პრაგმატული ენის დარღვევის მქონე ბავშვებში ამ დარღვევის გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ეფექტი. იმ თანატოლებთან შედარებისას, რომლებსაც ენის სპეციფიკური დარღვევა ჰქონდათ, ნათელი გახდა, რომ პრაგმატული ენის დარღვევის მქონე ბავშვებს უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ, თუმცა აქვთ მუდმივი პრაგმატული სირთულეები. უკვე ზრდასრულობაში, ამგვარი სირთულეების ყველაზე ნეგატიური გამოვლინება იმაშია, რომ ინდივიდებს უჭირთ ახლო მეგობრობისა და სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, როდესაც აუტიზმის სპექტრის მქონე ზრდასრულთა საკონტროლო ჯგუფთან შედარდა როგორც SCD, ისე ენის სპეციფიკური დარღვევის მქონე ჯგუფი, ორივე ჯგუფმა მნიშვნელოვნად დაბალი რაოდენობის აუტიზმისთვის დამახასიათებელი ქცევა გამოავლინა, რაც კიდევ ერთი არგუმენტია საიმისოდ, რომ პრაგმატული ენის დარღვევისა და აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიფერენცირება მოხდეს.


    SCD-ს კვლევაში მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების ვალიდურობის შემოწმება იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ SCD-ს გასაზომად არანაირი ბიოლოგიური და მხოლოდ მცირე სხვა ტიპის განმსაზღვრელი გზები არსებობს, დიაგნოსტირების ოქროს შუალედი იქნბოდა კლინიკური დიაგნოსტირება სტანდარტიზებული ტესტირებების პარალელურად. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მკვლევრებმა გაითვალისწინონ როგორც განვითარების მკაფიო ისტორია, ისე ენის, კოგნიტური და აუტიზმის სპექტრის დარღვევის ტესტირების პასუხები, რათა მოხდეს დიფერენცირება აუტიზმთან და ადექვატურად იყოს დახასიათებული SCD.

    აგრეთვე, საჭიროა ლონგიტუდური კვლევები, რომელიც გამოიკვლევს სოციალური კომუნიკაციისა და პრაგმატული დეფიციტის სტაბილობასა და კურსს. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებზე, რომელთა დაკვირვების შედეგადაც განზოგადდება სიმპტომები. აგრეთვე, იმისათვის, რომ დარღვევის მიმართულება იქნეს გაგებული, კვლევის მონაწილეებზე გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ უნდა მოხდეს დაკვირვება.


    SCD-ს მკურნალობა

    განვითარების დარღვევათა მედიკამენტოზური მკურნალობა უმეტესწილად არაეფექტურია იმ შემთხვევების გარდა, როფესაც ფსიქოსტიმულანტები იმპულსურობისა და ჰიპერაქტივიბას სიმწვავეს ამცირებენ. აქ, ალბათ, უმეტესად უნდა ვიგულისხმოთ ADHD და აუტიზმის სპექტრი. არ არსებობს კვლევა, რომელიც კომუნიკაციის დარღვევების მედიკამენტოზურ მკურნალობას შეისწავლიდა.

    დარგის სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ კოგნიციის, ენის, სმენისა და საუბრის ადრეულ შეფასებას იმ ბავშვებში, რომლებიციც სოციალური ინტერაქციის პრობლემებით ხასიათდებიან. აუტიზმის სპექტრის მქონე და პერვაზიური დარღვევის განვითარების მქონე ინდივიდების მკურნალობის ტექნიკები, ასე ვთქვათ, ერგება SCD-საც (Gerber et al., 2012). აღსანიშნავია, რომ SCD-ს მქონე ინდივიდები არ ხასიათდებიან ინტელექტუალური შეზღუდულობითა და ქცევით პრობლემებით. უფრო მეტად მიღებულია, რომ თერაპიულ მიდგომას შეიძლება ჰქონდეს ეფექტი.

    ბიჰევიორალური ინტევენციის ეფექტურობას ადასტურებს ე.წ. ABA, რომელიც ბიჰევიორისტულ თეორიაზეა დაფუძნებული. მისი დახმარებით იქმნება იმგვარი გარემო, რომელიც აძლიერებს სოციალურ კომუნიკაციას. ამას გარდა, გამოიყენება ფუნქციონალური კომუნიკაციური ტრენინგი. FCT მოიცავს არაადაპტური ქცევის შესწავლას, რათა ალტერნატიული, საკომუნიკაციოდ უფრო ეფექტური საპასუხო რეაქციები დაისწავლოს ინდივიდმა. გამოიყენება, აგრეთვე, ცენტრალური რეაქციის ტრენინგი (PRT) რომელიც შემდეგს გულისხმობს: ეს ტექნიკა ეფექტური სოციალური ინტერაქციისთვის ცენტრალური, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარების სწავლას ცდილობს ინდივიდისთვის. მაგალითად, იმპულსების დამოუკიდებლად რეგულირებას. ზოგადი კონსენსუსი ისაა, რომ მთავარი ყურადღება ABA–ს გამოყენებას უნდა მიქეცეს იმის პარალელურად, რომ ხსენებული ტექნიკებიც გამოყენებული იქნება.

    შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ SCD ახალი, ნაკლებად დატესტილი ფენომენია, ფსიქოლოგებსა და არამარტო მათ შეუძლიათ ბევრი შეისწავლონ პრაგმატული ენის დარღვევისა და ნეიროგანვითარების პრაგმატული დარღვევების ირგვლივ არსებული მასალიდან გამომდინარე. როგორც სხვა დარღვევებთან მიმართებაში SCD-ს დიფერენცირება, ისე თავად ამ დარღვევის ფარგლებში არსებულ სიმპტომთა ვალიდურობის გამოკვლევა შემდგომი კვლევების საგანია.

    0
    36
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნიკოლოზ მარგიანი
    ნიკოლოზ მარგიანი
    36
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0