x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მასმედიის გავლენა გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე
მასმედია ინფორმაციის მიწოდების ყველაზე თუ არა, ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია. მასმედიას მრავალ იმგვარ ფაქტორზე აქვს გავლენა, რომელიც ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანია. იქნება ეს ჩვენი ინფორმირებულობის დონე, იმჟამინდელი განწყობა თუ სხვა. იმაზე, თუ რა გავლენა აქვს მასმედიას ჩვენს წარმოდგენებსა და რწმენებზე, შესაბამისად, სხვადასხვა სტერეოტიპის ჩამოყალიბებასა თუ განმტკიცებაზე, წინამდებარე ნაშრომში ვისაუბრებ. ვიმსჯელებ მასმედიის მიერ გაზიარებულ ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ, გენდერული სტერეოტიპზე. ვეცდები, განვიხილო მასმედიის გავლენა გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე, მოვიშველიო კონკრეტული კვლევები თუ თეორიები მასმედიის ამ გავლენის სხვადასხვა მხრიდან გასაანალიზებლად.

სანამ მასმედიის გავლენაზე დავიწყებთ მსჯელობას, განვმარტოთ გენდერული სტერეოტიპის ცნება. სტერეოტიპი არის ფიქსირებული, გენერალიზებული რწმენა ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფსა თუ კლასზე (Cardwell, 1996). შესაბამისად, გენდერული სტერეოტიპი არის ის ფიქსირებული, გენერალიზებული რწმენა, რომლიც გენდერის ირგვლივ არსებობს.

ამერიკულ საბავშვო პროგრამებში მამაკაცები წარმოჩენილნი არიან, როგორც აგრესიულები, დომინანტები. ისინი დადებით შეფასებას იღებენ „მასკულინური“ მიღწევებისთვის (Doyle, 1989). ამის მსგავსად, ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ყველაზე ყურებად სატელევიზიო გადაცემებში მამაკაცთა უმრავლესობა ხასიათდება დამოუკიდებლობითა და აგრესიულობით (McCauley, Thangavelu, & Rozin, 1988).

გამონაკლისი არც ქართული მასმედია არის. კვლევის (მსხილაძე, ქ., 2012) მიხედვით, ქართულ მასმედიაში ქალებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხშირად სტერეოტიპებს მოიცავს და მათი გაშუქება გენდერული სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს. ქართულ მედიასივრცეში რომ გენდერული სტერეოტიპები მრავლად არის, მოწმობს ქართულ სატელევიზიო რეკლამებში გენდერული სტერეოტიპების შესახებ ჩატარებული კვლევა (ნარინდოშვილი, თ., 2015). კვლევის მიხედვით, ქართულ მედიასივრცეში არსებული რეკლამები მრავლად შეიცავს სტერეოტიპებს. „რეკლამებში ქალებს უფრო ნაზებად, მეგობრულებად, ემოციურებად გამოსახავენ - პირად, ოჯახურ გარემოში. მათი ძირითადი საქმიანობა დიასახლისობაა. მამაკაცები კი - რაციონალურები, დასაქმებულები ჩანან, სამუშაო, საჯარო გარემოში“ (ნარინდოშვილი, თ., 2015, გვ. 1).


ვილისა და კოლეგების (2018) მიერ საბავშვო სატელევიზიო გადაცემებში გენდერული სტერეოტიპების შესახებ ჩატარებულმა კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ტელევიზიით გაშუქებულ გენდერული სტერეოტიპის შემცველ მოკლე მონაკვეთსაც კი გავლენა აქვს გოგონებისა და ბიჭების გენდერული სტერეტიპებისადმი მიმღებლობაზე.

მასმედიის მიერ გენდერული სტერეოტიპების დამკვიდრების ხელშეწყობა, შესაძლოა, ემსახურებოდეს კონკრეტულ საზოგადოებაში ქალებისა და კაცების როლებისა და მახასიათებლების შესახებ არსებული წარმოდგენების გამყარებას სოციალური წესრიგის შესანარჩუნებლად. ამ ვარაუდის განსამტკიცებლად შეგვიძლია მოვიხმოთ იგლის (1987) სოციალური როლის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ გენდერული სტერეოტიპები შრომის გენდერის მიხედვით დანაწილების გასამყარებლად არსებობს. მაგალითად, თუკი ჯგუფს რაიმე ამოცანა აქვს შესასრულებელი, რომელიც კულტურული სპეციფიკიდან გამომდინარე რომელიმე გენდერთანაა ასოცირებული, გენდერული სტერეოტიპები მიმართულებას აძლევენ ქცევას. ეს სტერეოტიპები, ასევე, ქმნიან მოლოდინებს იმის შესახებ, თუ ჯგუფის წევრმა (გენდერის მიხედვით) რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე.

იგლის (1987) მიხედვით, დასავლურ საზოგადოებებში მამაკაცთა სიხშირე მაღალანაზღაურებად პოზიციებზე და მათ მიერ მაღალი სტატუსის ქონა ქმნის გენდერულ სტერეოტიპს, რომელიც მამაკაცებს პასუხისმგებლიანობას მიაწერს, ხოლო ქალებს უფრო მეტად დიასახლისებად, ოჯახის საქმიანობით შემოსაზღვრულ ინდივიდებად წარმოაჩენს. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ სტერეოტიპის გამყარებას ემსახურება ამერიკული, როგორც დასავლური საზოგადოების, ტელეპროგრამებით გადაცემული გენდერული სტერეოტიპები, რომელიც კაცებს წარმოაჩენს, როგორც „სერიოზულებს, თავდაჯერებულებს, კომპეტენტურებს, ძალაუფლების მქონეებსა და მაღალი სტატუსის მქონეებს“ (Boyer, 1970).

სატელივიზიო პროგრამებით თუ სხვა მედია საშუალებებით გაზიარებული გენდერული სტერეოტიპები რომ მჭიდროდ უკავშირდება შრომის უკვე არსებულ დანაწილებას მოწმობს საქართველოს მაგალითიც. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით (მსხილაძე, ქ., 2012), ქართულ ტელევიზიებში იშვიათად თუ შევხვდებით რესპოდენტ ქალს, რომელიც პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მთავრობის საქმიანობაზე ან ბიზნესზე საუბრობს. კვლევის მიხედვით, ამგვარი დისბალანსი განპირობებულია იმით, რომ ყველა ნახსენები სფერო კაცების კომპეტენციად ითვლება. ამ შემთხვევაში მსჯელობის საგანი ხდება შემდეგი: მასმედია ახდენს გავლენას გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე/უკვე არსებულის განმტკიცებაზე, თუ არსებული გენდერული სტერეოტიპები განსაზღვრავს მასმედიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ნაწილობრივ ერთიც არის და მეორეც, თუმცა, ვფიქრობ, ეს ჩვენი თემის ფარგლებს სცდება.

მასმედია გავლენას ახდენს ქალებსა და კაცებს შორის ურთიერთობის შესახებ სტერეოტიპების დამკვიდრებაზეც (Wood, 2013). ვუდი განიხილავს ქალებსა და კაცებს შორის ურთიერთობის შესახებ არსებულ იმ გენდერულ სტერეოტიპებს, რომელსაც მასმედია აწვდის თავის მაყურებელს. პირველ განზომილებად ის გვისახავს ქალს, როგორც დამოკიდებულს (უმეტესად კაცზე), ხოლო კაცს, როგორც დამოუკიდებელს. ამ განზომილების საილუსტრაციოდ ვუდს მაგალითად მოჰყავს ანიმაციური ფილმი, „პატარა ქალთევზა“, რომელშიც ქალთევზა საკუთარ იდენტობას შეელევა თავისი შეყვარებულისთვის. „ამ ანიმაციაში აშკარად ვხედავთ ქალებსა და კაცებს შორის ასიმეტრიულ ურთიერთობას, რომელიც უფრო დახვეწილად არის წარმოდგენილი მედიის სხვა პროდუქტებში“ (Wood, 2013, გვ. 34 ).

ვუდის აზრს დამოკიდებულება/დამოუკიდებლობაზე ეხმიანება კარტერი, რომელიც ამბობს, რომ ამერიკულმა ტელევიზიებმა გამიზნულად და გაცნობიერებულად გადაწყვიტეს, რომ ბავშვთა სატელევიზიო პროგრამებში უმეტესად დომინანტი მამრობითი სქესის პერსონაჟები ჰყავდეთ (Carter, 1991).

ვუდი (2013) გვთავაზობს მასმედიით გაზიარებული გენდერული სტერეოტიპების მეორე განზომილებას – კაცთა ავტორიტეტი/ქალთა არაკომპეტენტურობა. მისი აზრით, სხვადასხვა მედია საშუალება წარმოგვიჩენს ხოლმე იმგვარ ურთიერთობებს, რომელშიც კაცები ის კომპეტენტური ავტორიტეტები არიან, რომლებმაც ქალები თავიანთი არაკომპეტენტურობისგან უნდა იხსნან. ბავშვთა ლიტერატურაში მკაფიოდაა გამოხატული მოტივი, რომლის მიხედვითაც ქალები უმწეონი არიან, კაცები კი მათ გადასარჩენად მიდიან. ამის ილუსტრაციაა მძინარე მზეთუნახავის გაცოცხლება პრინცის კოცნის წყალობით (Modelski, 1982).

შეჯამების სახით, მასმედიისა და გენდერული სტერეოტიპების მიმართება სხვადასხვა მხრიდან შეგვიძლია მიმოვიხილოთ, თუმცა, ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით, ერთი რამ ცხადია – მასმედიას დიდი გავლენა აქვს გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და უკვე არსებულის განმტკიცებაზე ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკოლოზ მარგიანი
ნიკოლოზ მარგიანი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0