x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სურსათის სააგენტომ დედოფლისწყაროში ხორცის მაღაზია დახურა, რამდენიმე კი დააჯარიმა
image


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა დედოფლისწყაროში ხორცის მაღაზიები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მეორედ დააჯარიმა. ერთერთი ობიექტი კი იქ გამოვლენილი შეუსაბამო პირობების გამო დაიხურა. აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ხორცის სავაჭრო რამდენიმე ობიექტი 3000 და 1000 ლარით დაჯარიმდა. რამდენიმე მათგანს მიეცა გაფრთხილება.


სურსათის სააგენტოს სპეციალისებთან ერთად დედოფლისწყაროში იმყოფებოდა სატელევიზიო პროექტ „სახალხო კონტროლის“ გადამღები ჯგუფი და ქვეყნის მთავარი კონტროლიორი, მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები ახალი სეზონიდან პროექტის განახლებულ სატელევიზიო ეთერში გავა.


მადონა კოიძე აცხადებს, რომ დედოფლისწყაროს ბევრ მაღაზიაში დაფიქსირდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები, ბუზები, ტარაკნები, ზოგიერთ მაღაზიას არ ქონდა ფორმა N2, ცნობა ხორცის საკვებად ვარგისიანობის შესახებ, ანუ მისი შეფასებით, მომხმარებლისთვის იმ მაღაზიაში ხორცის შეძენა რისკფაქტორს წარმოადგენს. მადონა კოიძე მოუწოდებს მომხმრებელს, რომ თავად შეაფასონ და შეიძინონ ფორმა N2 მქონე მაღაზიის ხორცი, რათა გარანტირებულ იქნას მოსახლეობის ჯანმრთელობა.



რეიდი 12 ივლისსაც ჩატარდა და ობიექტების ნაწილი იმხანადაც დაჯარიმდა. პირველი შემთხვევის დროს ხორცის რეალიზატორები აღნიშნავდნენ, რომ მაღალი ფასის გამო ზოგჯერ თავს იკავებდნენ საქონლის სპეციალურ სასაკლაოზე დაკვლისგან.


მათი განმარტებით, საქონლის დაკვლა ხდება სოფელ გამარჯვებაში არსებულ ხორცკომბინატში, იქვე ექიმის მიერ ხდება საქონლის ვარგისიანობაზე ცნობის გაცემა, რომელიც 100 კილომდე ღირს 30ლარი, ხოლო, 100 კილოს ზემოთ 60 ლარი.


მოვაჭრეების ამ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს ხორცკომბინატის დირექტორი ვაჟა ნატროშვილი. ის მოვაჭრეების არგუმენტებს აბსურდულს უწოდებს და ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში ადანაშაულებს.


„დედოფლისწყაროს ხორცკომბინატში ნებისმიერი საქონლის დაკვლა, მისი წონის მიუხედავად, 30 ლარი ღირს, არცერთი ლარით მეტი, ან ნაკლები. ამ ღირებულებაში შედის დაკვლა, გაციება და ვეტერინარის მომსახურება, “ - აღნიშნავს ნატროშვილი.


რა შედეგს გამოიღებს ობიექტების მეორედ დაჯარიმება, გამოსწორდება თუ არა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.


როგორც სურსათის სააგენტოში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ობიექტია შემოწმებული, გამოვლინდა დარღვევებიც.


ამას გარდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სავაჭრო ობიექტებში ფრინველის ხორცისა და კვერცხის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებენ. ინსპექტირება ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე უბნის მაღაზიებში. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებულია 150-მდე ობიექტი, რომელთაგანაც 40-ში იმპორტირებული ფრინველის ხორცის შეფუთვის გარეშე განთავსების - ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.


ამავდროულად, სააგენტოს წარმომადგენლებმა სარეალიზაციო ქსელიდან აიღეს ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.


სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა.


0
197
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0