x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შეიძლება კონფლიქტმა ხელი შეუწყოს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას

არსებობს მოსაზრება რომ ინტერპერსონალური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ერთ-ერთ გზას წარმოადგენს კონფლიქტი. ინტერპერსონალურ კომუნიკაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ფუნქციონირება, მისი პროფესიული თუ ყოველდღიური საქმიანობა. კომუნიკაცია იმდენადაა ჩვენი არსებობის ნაწილი, რომ ძნელია მის შესახებ რაიმე ახალი დაწერო. ისიც ფაქტია, რომ ეფექტური კომუნიკაცია ყოველთვის იოლი არ არის და ხშირად კონფლიქტს, გაუგებრობასა თუ აგრესიას სწორედ არასწორი კომუნიკაცია იწვევს. ადამიანები ერთმანეთთან სხვადასხვა სახის ურთიერთობას ამყარებენ; ეს შეიძლება იყოს დედა-შვილს, თანამშრომლებს, კლიენტსა და მომსახურების გამწევ პირს შორის ან სხვა ურთიერთობა. კონფლიქტი წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც ერთი ინდივიდის ქმედებები ხელს უშლის მეორის ქმედებებს. კონფლიქტის ალბათობა იზრდება, როდესაც ორი ადამიანი სულ უფრო დამოკიდებული ხდება ერთმანეთზე. რაც უფრო ხშირი ხდება ურთიერთობა და ქმედებებისა და საკითხების რაც უფრო ფართო წრეს მოიცავს ის, ჩნდება უთანხმოების მეტი ალბათობა.

კონფლიქტი, ჩვეულებრივ, მცირეა ზედაპირულ სასიყვარულო ურთიერთობებისას, მაგრამ მნიშვნელოვნად უფრო დიდია სერიოზულ ურთიერთობების დროს (Braiker & Kelley, 1979). დაქორწინებულ წყვილებში კონფლიქტი საკმაოდ ხშირია. ერთ-ერთ კვლევაში თითქმის ყველა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ დროდადრო მაინც ჰქონდა „უსიამოვნო უთანხმოება” მეუღლესთან (McGonagle, Kessler, & Schilling, 1992). დაქორწინებულ წყვილებს თვეში, საშუალოდ, ერთი-ორი კონფლიქტი მოსდით. წყვილები ჩხუბობენ თითქმის ყველაფერზე, დაწყებული პოლიტიკითა და რელიგიით და დამთავრებული სამუშაოთი და ფულით, ჩხუბობენ იმაზე თუ როგორ გაატარონ დრო და ვინ რა საოჯახო საქმე უნდა გააკეთოს (Fincham, 2003). სტრესორები და ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები, ისეთები, როგორიცაა ბავშვის დაბადება, სამსახურის დაკარგვა, ან სერიოზული ავადმყოფობა, ზრდის კონფლიქტის ალბათობას (Bradbury, Rogge, & Lawrence, 2001).

პიროვნებათშორისი კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულებს, თანამშრომლებს და ა.შ შორის. შეიძლება ითქვას, რაც უფრო მეტად არიან ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებულნი, მით უფრო მეტ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას მათ შორის კონფლიქტი და აგრეთვე, მით უფრო დიდია კონფლიქტის გავლენა მათ ურთიერთობაზე. საუკეთესო ურთიერთობებშიც კი გარდუვალია კონფლიქტი (Holmes & Murray, 1996). ერთ-ერთ კვლევაში მოზარდები ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდნენ სოციალური ურთიერთქმედებების, მათ შორის კონფლიქტების შესახებ (Jensen-Campbellhi & Graziano, 2000). მოზარდებმა ორი კვირის განმავლობაში აღრიცხეს დღეში საშუალოდ ერთი-ორი კონფლიქტი. ყველაზე ხშირად კონფლიქტი ხდებოდა და-ძმასთან, შემდეგ მშობლებთან, და ყველაზე ნაკლებად _ მეგობრებთან. მართალია, კონფლიქტი შეიძლება მოხდეს თანამშრომლებს, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს, მეგობრებსა და თანამობინადრეებს შორის ურთიერთობების დროს.

კომუნიკაციას ყოველთვის აქვს მიზანი. ნებისმიერი ურთიერთობის მსგავსად, იგი წრიული ხასიათისაა. ერთი ადამიანი გადასცემს გარკვეულ ინფორმაციას მეორეს, ეს უკანასკნელი იძლევა პასუხს, ხოლო ინფორმაციის გადამცემი, პასუხის მიხედვით, აგებს თავის მომდევნო კომუნიკაციას. ამდენად, კომუნიკაცია მარტო იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რა ინფორმაცია გადასცა ერთმა მხარემ, არამედ იმაზეც, თუ როგორ გაიგო და შეაფასა ეს გზავნილი მეორე მხარემ. (სუმბაძე & მახარაძე, 2010)


მეცნიერთა უმრავლესობა ხაზს უსვამს კონფლიქტის პოზიტიურ ფუნქციას. ისინი აღნიშნავენ, რომ კონფლიქტები წარმოშობენ ახალ და, ამასთან ერთად, შემოქმედებით იდეებს. მათ შეუძლიათ ურთიერთდამოკიდებულებების გაძლიერება, ახალი ჯგუფებისა და ორგანიზაციების შექმნა და მათი მიზნების

ხელახალი შეფასება და ნათელყოფა. კონფლიქტი ხასიათდება, როგორც „ჯანმრთელი“, ნორმალური მოვლენა. თითოეულ ჩვენგანს არა ერთხელ ჰქონია კონფლიქტთან შეხება და მისგან გარკვეული სარგებლის მიღების მცდელობა (ქაჯაია, 2002)


„ზოგ შემთხვევაში კონფლიქტმა შეიძლება ადამიანებს შორის არსებული განსხვავებებისა და უთანხმოებების გადაწყვეტას და ფაქტიურად, მათ შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.“ (სუმბაძე & მახარაძე, 2010) კონფლიქტის დადებითი ასპექტი შესაძლოა ვლინდებოდეს იმაში, რომ ამ დროს ადამიანი სიტუაციას სხვა კუთხიდან უყურებს და სწორედ ამიტომ ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი კონფლიქტს უკავია.

„-შესაძლოა, ჩემმა ქცევებმა შეგიყვანათ შეცდომაში, თუმცა ასე განზრახ არ ვიქცეოდი, გარწმუნებთ. თქვენი მოტყუება არასოდეს მინდოდა, მაგრამ ჩემი ცოცხალი ბუნების გამო ხშირად არასწორად ვიქცევი, როგორ გძულდით, ალბათ, იმ საღამოს მერე! -ამბობს ელისაბეთი. -მძულდით?! არა, ალბათ თავიდან გავბრაზდი, მაგრამ სიბრაზეს მალე სწორი მიმართულება მიეცა. -ამბობს დარსი. (ოსტინი, 2011)

ამ ამონარიდში რომელიც არის „სიამაყე და ცრურწმენა“- დან კარგად ჩანს დამოკიდებულება ორ ადამიანს შორის რომელთა ურთიერთობაც დაიწყო კონფლიქტითა და დაძაბულობით, მაგრამ საბოლოოდ ისინი თავდავიწყებით გადაეშვნენ სიყვარულის მორევში.

ამ დიალოგით კარგად ჩანს, რომ წიგნის მთავარმა პერსონაჟებმა შეძლეს და მათი კონფლიქტი სწორი მიმართულებით წარმართეს. კონფლიქტის მოგვარების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ კონფლიქტში ჩართულ ადამიანებს კონფლიქტის მიმართ. კონფლიქტი არ გულისხმობს, რომ აუცილებლად ერთმა მხარემ უნდა მოიგოს და მეორემ წააგოს. ორივე მხარე შეიძლება იყოს გამარჯვებული. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, დავამყაროთ არა კონფლიქტისგან თავისუფალი ურთიერთობები, არამედ ვისწავლოთ კონფლიქტის ეფექტური მოგვარების გზები, რათა კონფლიქტის შემთხვევაში ორივე მხარემ მოგებულად იგრძნოს თავი. (სუმბაძე & მახარაძე, 2010)

მეორე რაც შეიძლება დადებითად მივიჩნიოთ არის უარყოფითი ემოციებისა და ენერგიისგან განთავისუფლება. ადამიანი თითქმის ყოველდღიურად განიცდის უამრავი სტრესორის ზემოქმედებას ამიტომ შესაძლოა მან კონფლიქტის დახმარებით მოახერხოს და დაგროვებული ნეგატიური ენერგია გარეთ გამოიტანოს, თავად კი შედარებით დაიცალოს და დამშვიდდეს.

ემოცია შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ღია ქცევითი რეაქცია. ემოციის აღმოცენებას თან ერთვის ემოციური განცდა და გარე გამოხატულება, რომელიც განსაკუთრებით ნიშანდობლივია ბაზისური ემოციებისათვის. ადამიანი დაბადებიდან სწავლობს ემოციების გამოხატვას, მათ მართვას და შენიღბვას. ამას ემოციის ექსპრესია ეწოდება. ამრიგად, ემოცია ჩვენი ქცევის მოტივაციურ საფუძველს ქმნის, ხშირად ემოცია საფუძვლად უდევს ჩვენს ქცევას და განსაზღვრავს მას. (აბაშიძე, 2020)

მაგრამ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრება იმის თაობაზე, შესაძლოა კონფლიქტმა გამოიწვიოს ურთიერთობის დაშლა და მრავალი უკუშედეგი. კონფლიქტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ან სარგებელი მოუტანოს ურთიერთობას. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოხდა კონფლიქტის გადაჭრა (Gottman, 1994; Holman & Jarvis, 2003). იმის გამო, რომ კონფლიქტი ძლიერ ემოციებს იწვევევს, სავარაუდოდ, ის საუკეთესო საშუალება არ არის პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტს მოსდევს თავის დაცვა, სიჯიუტე და ურთიერთობისგან თავის არიდება. ყველაზე უარეს შემთხვევაში, კონფლიქტს მივყავართ ფიზიკური საფრთხისა და ძალადობისაკენ. (სუმბაძე & მახარაძე, 2010) აღნიშნული მოსაზრება საკმაოდ დამაჯერებლად ჟღეს. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვან ამონარიდს წიგნიდან „მთვარის მოტაცება“, სადაც წყვილის დაშორება სწორედ კონფლიქტმა გამოიწვია :

“ თამარი შესდგა. თარაშს შეაჩერდა სახეზე.

„შენ მართალს ამბობ მაგას, მისოსუსტ?“

„ მართალს გეუბნები, იცოდე“ .

თამარმა გაიცინა.

„ მე არა მგონია, შენ ასეთ წვრილმანს აჰყვე“.

„წვრილმანი და სხვილმანი არ არსებობს ამ ცხოვრებაში. პლანეტებთან შედარებით, მთელი ჩვენი ცხოვრება წვრილმანზე წვრილმანია“...

„თმა შეუკრეჭია? მაშ ასე...

შენ ჭკუაზე უნდა იარო?..

ანულის ჭკუაზე?..

მაშ ასე!“.. (გამსახურდია, 2013)


კონფლიქტის მოგვარების სტილი გავლენას ახდენს კონფლიქტის შედეგებზე. ის თუ რა გზას ვირჩევთ კონფლიქტის გადასაწყვეტად, მის შედეგებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს _ ურთიერთობა შეიძლება გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს ან დაიძაბოს და გაუარესდეს. თანამშრომლობა _ მე მოვიგე, შენც მოიგე. როდესაც ადამიანი კონფლიქტის მოგვარების ამ სტილს ირჩევს, ის ზრუნავს როგორც საკუთარ, ასევე მეორე მხარის სურვილებსა და საჭიროებებზე. კონფლიქტზე მუშაობა გულისხმობს მეორე მხარესთან აქტიურ კომუნიკაციას, ყურადღებით მოსმენას. იდეალურ შემთხვევაში ეს სტილი ორივე მხარეს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს, ან სულ ცოტა, თითოეული

მხარე რაღაც პატარა სარგებელს იღებს. ფაქტიურად, ეს კონფლიქტების მოგვარების ის გზაა, რომელსაც ადამიანები პიროვნებათშორისი კონფლიქტების მოგვარებისას უმრავლეს შემთხვევაში უნდა მიმართავდნენ.

ამის კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს ფილმი „ემა“ რომელშიც წყვილს შორის მიმდინარეობს ქრონიკული კონფლიქტი და ისინი მოახერხებენ ამ კონფლიქტის გადაჭრას ისე, რომ ორივე მხარეს ექნება თანაბარი სარგებელი. მათ შეუყვარდებათ ერთმანეთი და დაქორწინდებიან.

“- მითხარი ემა, ნუთუ არ მაქვს არანაირი შანსი. ჩემო ძვირფასო ემა! ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე საყვარელო ემა. მიპასუხე! არ შემიძლია დიდებული სიტყვებით საუბარი, ალბათ ნაკლებად, რომ მიყვარდე მეტს ვისაუბრებდი, მაგრამ იცი ვინც ვარ.

მორალს გიკითხავდი, გადანაშაულებდი შენ კი ამას ინგლისის ნებისმიერ ქალბატონზე უკეთ იღებდი, უფალმა იცის არც ისე ღირსეული კავალერი ვიყავი, მაგრამ შენ ხომ გესმის ჩემი გრძნობების?!...“ (Wilde, 2020)

კონფლიქტი ადამიანს პრობლემურ სიტუაციაზე დააფიქრებს და აიძულებს მისი გადაწყვეტის გზები მოიძიოს. თუ კონფლიქტის გადაწყვეტის პროდუქტიულ გზებს გამოიყენებთ, კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობები უფრო გაძლიერდება და გაჯანსაღდება. როდესაც ადამიანი ცდილობს პიროვნებათშორისი კონფლიქტის გადაწყვეტას, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ეს ურთიერთობა ძვირფასია და ცდილობს მის შენარჩუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონფლიქტურ სიტუაციას უბრალოდ განერიდებოდა. კონფლიქტი წყვილს შესაძლებლობას აძლევს გაარკვიონ უთანხმოება და შეცვალონ მოლოდინები ურთიერთობის მიმართ. შეყვარებულებს შორის ჩხუბი მათ შესაძლებლობას აძლევთ, შეამოწმონ საკუთარი და პარტნიორის დამოკიდებულება ურთიერთობის მიმართ, დაინახონ საკუთარი გრძნობების სიღრმე, და შეეცადონ დაამყარონ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა. (სუმბაძე & მახარაძე, 2010)

ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტს ნამდვილად შეუძლია ინტერპერსონალური ურთიერთობების ხელშეწყობა, თუმცა მთავარია ვიცოდეთ როგორ წარვმართოთ სწორად. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ურთიერთობის უნარი არ არის თანდაყოლილი, ამიტომაც ხშირად იწვევს გაუგებრობასა და კონფლიქტს მისი რთული ბუნებიდან გამომდინარე. მთავარია, რომ კონფლიქტისას უკუვაგდოთ საკუთარი გრძნობები და რაციონალურობას მივყოთ ხელი. მთავარია, რომ კონფლიქტი არ ასოცირდებოდეს ნეგატიურ მოვლენასთან, რომელსაც არ შეიძლება დადებითი ეფექტის მოხდენა, პირიქით რეალურად ის პიროვნული ურთიერთობებისას უდუდეს როლს თამაშობს და ხელს უწყობს მათ განვითარებას.


















0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ადამაშვილი
ნინო ადამაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0