x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
როგორ უნდა გამოვიყენოთ საგაკვეთილო დრო ეკონომიურად
image

მასწავლებლები ყოველთვის უჩივიან დროის ნაკლებობას. ისინი თვლიან, რომ ხშირად არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოსწავლეები სათანადოდ დაეუფლონ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გაკვეთილზე დროის ოპტიმალურად გამოყენებას. გაკვეთილზე ყოველთვის შეიძლება შეიქმნას გაუთვალისწინებელი სიტუაციები, რომლებიც ასევე მოითხოვს მასწავლებლის და მოსწავლეების ყურადღებას. ასეთ შემთხვევაში, სწავლისთვის განკუთვნილი დრო კიდევ უფრო მცირდება. მარტივი არითმეტიკული გამოთვლაც საკმარისია, რათა დავრწმუნდეთ, რომ თითოეულ გაკვეთილზე დაკარგული ორი წუთიც კი წლის ბოლოსთვის უსარგებლოდ გაფლანგულ საათებს უტოლდება. გაკვეთილის დროის კარგვა პირდაპირ აისახება მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზე. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ შევამციროთ დროის დანაკარგი მინიმუმამდე.

პირველი, რაც უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ დროის ნაყოფიერად გამოყენება თავად მოსწავლის ინტერესებში შედის. მართალია, ისინი არღვევენ წესრიგს, ეფანტებათ ყურადღება და გული უფრო გართობისკენ მიუწევთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ აქვთ სურვილი, საინტერესო და სასარგებლო საქმე აკეთონ. მოსწავლეებსაც სჭირდებათ იმის შეგრძნება, რომ მათ ამ დღეს წარმატებით შეასრულეს თავიანთი სამუშაო. მათი ეს მოთხოვნილება შეიძლება შესანიშნავად გამოვიყენოთ, რათა მოსწავლე ჩვენს თანამოაზრედ ვაქციოთ.


საუბრით, დისკუსიით, განმარტებებითა და მაგალითებით, შევეცადოთ, დავარწმუნოთ მოსწავლე, რომ სასწავლო დრო ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ამ დღიდან მოყოლებული, იგი გაკვეთილზე წუთსაც არ გააცდენს უქმად, მაგრამ იმას კი შეიძლება მივაღწიოთ, რომ მოსწავლემ გაიაზროს ჩვენი მოთხოვნების აუცილებლობა.



გამოცდილი მასწავლებლები ბევრ განსხვავებულ ხერხს მიმართავენ, რათა მოსწავლეებს გაკვეთილის დროის სწორად გამოყენების სტიმული მისცენ. ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად - “10-წამიანი შეჯიბრება"- რომელიც, შესაძლოა, შემდეგნაირად განვახორციელოთ:

მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას : “ბავშვებო, მე დავითვლი 10-დან 1 -მდე და ვნახოთ, თუ მოასწრებთ, რომ ამ 10 წამში თქვენი წიგნები, რვეულები და კალმები უკვე მერხზე იყოს". ამ ხანმოკლე შეჯიბრების შედეგია დაზოგილი 3-4 წუთი და გახალისებული, ენერგიით აღსავსე მოსწავლეები.

აგრეთვე, ყველა პრობლემურ მომენტში გამოვუყოთ მოსწავლეებს საკმარისზე მეტი დრო და თან გავაფრთხილოთ, რომ მათ მიერ ამ დროიდან დაზოგილი წუთები და წამები დაემატება “სახალისო აქტივობის" დროს . “სახალისო აქტივობა" ეს არის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით საყვარელი აქტივობა, რომელსაც მასწავლებელი კლასთან შეთანხმებით არჩევს და რისთვისაც მოსწავლეები მთელი დღის ან მთელი კვირის განმავლობაში “აგროვებენ წუთებს", რადგან “სახალისო აქტივობაც" სასწავლო მიზნებს ემსახურება.

შეიძლება ჩაითვალოს, რომ მასწავლებლის მიერ გულუხვად გამოყოფილი დრო უქმად არ იკარგება და მოსწავლეებსაც სტიმული ეძლევათ, იჩქარონ.


0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქვათაძე
ნინო ქვათაძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0