x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საქართველო-თურქეთის ურთიერთობა 1918-1920 წლებში, "ბათუმის საკითხი"
image 1918 წელს 3 მარტს ბრესტ ლიტოვსკში, რუსეთს გერმანიასა და გერმანიის მოკავშირეებს შორის დადებული სეპარატისტული ზავის თანახმად, ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქები, გერმანიის მოკავშირე ოსმალეთის იმპერიას გადეცა.

თურქეთი მაშინვე შეუდგა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მინიჭებული უფლებების რეალიზებას, მოითხოვა საქართველოსგან ბათუმის ყარსის და არტაანის ოლქების დაცლა. 1918 წლის 10 მარტს თურქეთმა მოთხოვნა კვლავ წამოაყენა, 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ოსმალეთის იმპერიის მოთხოვნა უარყო, ამის საპირისპიროდ თურქეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო, შევიდა ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქებში. ამიერკავკასიის კომისარიატს თურქეთის სამხედრო ძალით შეჩერება არ შეეძლო, ამიტომ აირჩიეს დიპლომატიური გზა.

1918 წლის 14 მარტს ქ. ტრაპიზონში შედგა ამიერკავკასია-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკება, ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხრენკელი მეთაურობდა, თურქეთის დელეგაცია კატეგორიულად მოითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ომით იმუქრებოდა. ერთ ერთი დელეგატი წერეთელი ირწმუნებოდა "ჩვენ არ შეგვიძლია დავთანხმდეთ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებს, რადგან ამას ხალხი არ მიიღებსო", ხოლო გეგეჭკორის განცხადების შემდეგ, რომ "ეხლა მთავრობას არ შეუძლია სხვა გადაწყვეტილება გამოიტანოს გარდა თურქეთთან ომისა, " ასეთი დამოკიდებულების გამო დელეგაცია გამოწვეულ იქნა ტრაპიზონიდან.

თურქებმა საბრძოლო მოქმედებები განაახლა მათ დაიკავეს ბათუმი, ორზურგეთი და მდინარე ჩოლოქამდე მოვიდნენ. თურქები ბათუმში დიდი პრეტენზიებით შევიდნენ, 1918 წლის 16 აპრილს ბათუმის გენერალ გუბერნატორმა ჰამიდ ბეიმ ქალაქის სათათბიროს წევრებს განუცხადა "ჩვენ აქ მოვედით არა როგორც დამპყრობლები, არამედ როგორც პატრონი ამა ქალაქისა და ოლქისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩვენი იყოვო."


თურქეთის შეჩერება ვერ ხერხდებოდა, საქართველოში მიხვდნენ, რომ სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას სჯობდა დიპლომატიურ გზას გაყოლოდნენ. შემდეგი მოლაპარაკებების ადგილად დაინიშნა ბათუმი.

1918 წლის 11 მაისს ბათუმში განახლდა ამიერკავკასია-ოსმალეთის საზავო კონფერენცია, დელეგაციას კვლავ აკაკი ჩხრენკელი მეთაურობდა, დელეგაციაში შედიოდნენ: საქართველოდან აკაკი ჩხრენკელი, ნ.ნიკოლაძე, სომხეთიდან ხატისიანი, რ.კაჩაზნუნი, აზერბაიჯანიდან გაჯინსკი და რასულ-ზადე. საზავო კონფერენციაზე შუამავლის როლს ასრულებდა გერმანიის დელეგაცია, გენარელ ოტო ფონ ლოსოსვის ხელმძღვანელობით.

კონფერენციის განახლებისთანავე ცხადი გახდა რომ კონსესუსის მიღწევა ძალზედ გაჭირდებოდა ამიერკავკასიასა და ოსმალეთის იმპერიას შორის, თურქეთს უკვე ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები აღარ აკმაყოფილებდა და უფრო მეტს მოითხოვდა, მათ შეიმუშავეს გეგმა რომელიც 12 მუხლისაგან შედგებოდა და ამასთანავე სამი დამატება ჰქონდა. პროექტში აღნიშნული საზღვრების საქართველოსთვის ნიშნავდა ჩამოცილებას იმ ძველი ოლქებისას რომელიც რუსეთმა მიიღო 1829 წელს ადრიანოპოლის ზავით. ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქებს ემატებოდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები.

თურქეთის დელეგაცია ამბობდა, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შემდეგ მათ საქართველოსთან ჰქონდათ ომი და ტრაპიზონში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას დაკარგული ჰქონდა მნიშვნელობა. თურქებს არგუმენტად მოყავდათ ამიერკავკასიის მთავრობის თავჯდომარის ევგენი გეგჭკორის მოქმედება ომის განახლებასთან დაკავშირებით, რასაც მათი აზრით მოყვა, ახალი ცვლილება საერთაშორისო ურთიერთობებში, ამიტომ თურქები თვლიდნენ, რომ სრული უფლება ჰქონდათ წამოეყენებინათ ახალი მოთხოვნები.

ოტო ფონ ლოსოვმა აკაკი ჩხრენკელს აცნობა, თუ საქართველოს სურდა გერმანიის მფარველობა მაშინ ამიერკავკასიის სამოკავშირეო რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო და ქართველებს გერმანიისათვის ეთხოვნათ მფარველობა. გერმანია ვალდებულებას იღებდა დაეცვა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებსი შემთხვევაში.

1918 წლის 26 მაისს კვირას, ნაშუადღევს 17:10 წუთზე ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, მანვე წაიკითხა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი."

ბათუმის კონფერენცია განახლდა 31 მაისს უკვე საქართველო-ოსმალეთს შორის, საქართველოს დელეგაციის შეკითხვაზე "შეეხებოდა თუ არა საქართველოს ახალად დაფუძნებულ რესპუბლიკას ის ულტიმატუმი რომელიც გამოგზავნილი იყო 26 მაისამდე ამიერკავკასიის სახელზე", "რა თქმა უნდა შეეხება, პასუხი დაგვიბრუნეთ არა უმეტეს ღამის 12 საათზე."

კომფერენციაზე საქართველოს მთავრობის თავჯდომარე ნოე რამიშვილმა განაცხადა, რომ სურვილი ჰქონდა "დაემყარებინა კეთილმეზობლური განწყობილება თურქეთთან, " მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზღვარი დაიდებოდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად. თუმცა საბოლოო ჯამში იძულებული გახდა მიეღო თურქეთის იმპერიული მოთხოვნა და თუ აქამდე თურქეთს უნდა გადასცემოდა ბათუმის ყარსის და არტაანის ოლქები, ამ ხელშეკრულებით ამ ტერიტორიებს დაემატა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, საქართველოს დარჩა მარტო ახალციხის მაზრის ორი ადგილი აბასთუმანი და აწყური. ხელშეკრულება 1918 წლის 4 ივნისს დაიდო.

ხელშეკრულების დადების შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მდგომარეობა პირველ მსოფლიო ომში გართულდა, მათ მძიმე მარცხი იწვნიეს ანტანტასთან, საფრთხე დაემუქრა ოსმალეთის დამოუკიდებლობას, ამიტომ თურქები იძულებულები გახდნენ ზავი დაედოთ ანტანტასთან, 1918 წლის 30 ოქტომბერს ნავსადგურ "მუდროსში" კრეისერის ბაქანზე თურქეთისთვის ძალზედ სამარცხვინო და მძიმე ზავი დაიდო. საქართველოსთვის საინტერესო იყო ამ ზავის პირობები, რომლის თანახმადაც ბათუმის ოლქი ანტანტას გადაეცა, მას ფაქტიურად ინგლისი აკონტროლებდა. ინგლისმა დეკემბერში დაიწყო ჯარების შემოყვანა ბათუმში 22 დეკემბერს ბათუმში ანტანტის ხუთი გემი შემოვიდა, რომელმაც 15 000 ჯარისკაცი შემოიყვანა. დამყარდა ინგლისელთა კონტროლი. ბათუმს მართავდა სამხედრო გუბერნატორი რომელიც დანიშნა ბრიტანეთის შავი ზღვის სამხდრო ძალების მთავარსარდალმა გ.ფ. მილნიმ, გუბერნატორად გენერალი კუკ-კოლისი დაინიშნა.

ინგლისელების საქართველოში რამოდენიმე თვიანი ყოფნის შემდეგ, 1919 წლის 10 მაისს გენერალმა ტომსონმა საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ ინგლისის ჯარებს ბათუმში შეცვლიდენ იტალიის ჯარები.

"ბათუმის საკითხი" კვლავ გადასაწყვეტი იყო, ვერც საქართველო და ვერც თურქეთი ვერ ბედავდნენ ბათუმში შესვლას. მხოლოდ 1920 წლის 24 თებერვალს, ლონდონის კონფერენციაზე იქნა გატანილი ბათუმის საკითხი. კონფერენციის გადაწყვეტილებით ბათუმი პორტო-ფრანკოდ იქნა გამოცხადებული. ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი შედიოდა ერთა ლიგის მფარველობის ქვეშ, მას დაიკავებდა საერთაშორისო რაზმის ინგლისის, საფრანგეთის და იტალიის სამი ბატალიონი.

ბათუმის პორტო ფრანკოდ გამოცხადებამ გაამწვავა ურთიერთობა ინგლისთან, ამიტომ ლონდონის კონფერენციის გადახედვა გახდა საჭირო, შემდეგი კონფერენციის ადგილად დაინიშნა სან-რემო, რომელიც 1920 წლის 18 აპრილს გაიხსნა. მნიშვნელოვანი რაც ამ კონფერენციაზე გჟღერდა იყო ლორდი კერზონის განცხადება "მომავალში ბათუმი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად უნდა იქნეს აღიარებული." 22 აპრილის სხდომაზე აქტუალური იყო ბოლშევიკების საკითხი, როგორც ჩანს კონფერენციის მოანაწილეების ფარული შიში ჰქონდათ რუსეთის, მართალია სიტყვით ისინი მხარს უჭერდნენ ბათუმის სამხედრო ძალით გამაგრებას, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები არცერთს არ გადაუდგამს. ინგლისმა საბოლოოდ გადაწყვიტა დაეტოვებინა ბათუმი, ახლა გასარკვევი დარჩა ვის ერგებოდა ის. 1920 წლის 10 ივნისს ბრიტანეთის მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, გაეყვანათ ჯარი ბათუმიდან და მთელი ოლქი გადაეცათ საქართველოსათვის. ეს გადაწყვეტილება 11 ივნისს გააცნო ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენელს დ.ღამბაშიძეს.

ივნისის ბოლოს პოლკოვნიკი სტოქსი და ღამბაშიძე თბილისში ჩამოვიდნენ, ერთის მხრივ პოლკოვნიკი სტოქსი და მეორე მხრივ გეგეჭკორი რამიშვილის შეხვედრაზე, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ლიუკი და ღამბაშიძე, მიღწეულ იქნა შეთანხმება, სადაც აღნიშნული იყო ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბათუმის საქართველოს შემადგენლობაში გადასვლის შესახებ. ოღონდ ერთი პირობით აზერბაიჯანს და სომხეთს უნდა ჰქონოდათ პორტის თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა. აგრეთვე ბათუმი ცხადდებოდა საერთაშორისო მნიშვნელობის ნავსადგურად, რომელიც ღია იქნებოდა თავისუფალი ვაჭრობისთვის და ერთა ლიგაში შემავალი ყველა ქვეყნისათვის.

ბათუმი კვლავ საქართველოს შემადგენლობაში გადავიდა, ბათუმში ჩავიდნენ დამფუძნებელი კრების წევრები: საყავრელიძე, ფირცხელავა, გობეჩია და ვეშაპელი. რათა ბათუმლებისათვის ემცნოთ ბათუმის ოლქის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ. ამ ცნობას ადგილობრივი ქართველები დიდი სიხარულით შეხვდნენ.

1920 წლის 2 ივლისს ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში დაიხურა თურქული გაზეთი "სედაი მილეთი", მთავრობამ დააპატიმრა სტამბის მეპატრონე შმაევსკი. ეს უკვე ნიშნავდა ბათუმიდან თურქების ფეხის საბოლოო ამოკვეთას.

1920 წლის 4 ივლისს დილით რვა საათზე, საქართველოს ჯარი შევიდა ბარცხანაში, დღის პირველ საათზე ბათუმიდან სადაც ქართული ჯარი იყო დაბანაკებული, გაემგზავრნენ დამფუძნებელი კრების წევრები, მეჯლისის წარმომადგენლები მემედ ბეგ აბაშიძის მეთაურობით. ბარცხანა ეროვნული დროშებით მოირთო, აქ ჩამოვიდნენ ინგლისის მთავრობის წარმომადგენლები, გენერალი კუკ-კოლისი და პოლკოვნიკი სტოქსი, 6 ივლისს თბილისიდან ჩამოვიდა იტალიის რწმუნებული, მინისტრი მერკატელი, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ საქართველოს ჯარი ბათუმში 7 ივლისს უნდა შესულიყო, ასეც მოხდა.

1920 წლის 7 ივლისს დღის 12:00 საათზე, ქართული ჯარი ბათუმში შევიდა, 18:00 საათზე აზიზიის მოედანზე შედგა მოკავშირეების და საქართველოს ჯარების აღლუმი, აღლუმის შემდეგ გაიმართა საქართველოს წარმომადგენლებისთვის ბათუმის გადაცემის ცერემონია.

ბათუმში კვლავ საქართველოს დროშა აფრიალდა....

ამრიგად ორწლიანი, სამხედრო თუ დიპლომატიური ბრძოლების შედეგად, ბათუმი კვლავ საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში გადავიდა, თუმცა ქართველ ერს ეს სიხარული დიდხანს არ დასცალდა, საქართველოს საზღვრებთან ძველი-ახალი დამპყრობელი გამოჩნდა საბჭოთა რუსეთის სახით, რომელმაც 1921 წლის თებერვალ-მარტში მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.



ავტორი: გიორგი ნეფარიძე, ისტორიის დოქტორანტი





0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ნეფარიძე 7
გიორგი ნეფარიძე 7
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0