x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ის ყოველთვის ამბობდა, რომ დარჩენა სურდა... "
მარიამი, როგორც ყოველთვის, აგვიანებდა. მე და ანომ გადავწყვიტეთ, დილით ავსულიყავით მასთან სახლში.

გარეთ საკმაოდ ცივი ქარი ჰქროდა. ღამის სუსხიან დღეებს თავისი გაეტანათ და სრულიად გაეტიტვლებინათ უზარმაზარი ხეები.

მარიამი, რომელსაც წამის წინ გაღვიძებოდა, მისთვის საყვარელ ყავას იკეთებდა, რა თქმა უნდა, ჩემს ნაჩუქარ "ფისოებით" მოხატულ ჭიქაში სწრაფად ჩაყარა ორი კოვზი ყავა და სამი ჩაის კოვზით შაქარიც დაამატა...

მე და ანო გვერდზე ოთახში გამათბობლის წინ დიდ სავარძელში მოვკალათდით, ორივე მშვიდად გავყურებდით ნაცრისფერ ქუჩებს. მან უეცრად ხელები მომხვია და მითხრა, რომ აქ კარგად გრძნობდა თავს, უნდოდა, ყოველთვის ასე ყოფილიყო და არასდროს დაგვეტოვა ერთმანეთი.


მარიამი, რომელსაც ახლახანს ჩაესხა მდუღარე წყალი ფინჯანში, გვაიმედებდა, რომ ორ წუთში მზად იქნებოდა და ცოტა მოთმინება კიდევ გამოგვეჩინა.

მე და ანოს კი არსად აღარ გვეჩქარებოდა. იმდენად გაგვიტკბა სითბოში ყოფნა, კნუტებივით ჩამოგვედო თავი ერთმანეთზე და საცაა მიგვეძინებოდა კიდეც, რომ არა ისევ მარიამის ხმამაღალი შეძახილი: "ადექით, მზად ვარ".

-იქნებ, გასვლამდე ცოტა გაგვესინჯა... - ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში ანომ და კარადის თავზე ლიქიორისა და კონიაკის საკმაოდ ძვირიან კოლექციაზე მიმითითა.

- ცოტ-ცოტას ამოვაკლებ მხოლოდ გახსინელებს. - ჩაიღიმა მარიამმა და ძიებას შეუდგა.

- მოდი ყველა სადღეგრძელოს რამე სიმბოლური მნიშვნელობა მივანიჭოთ, რადგან პირველად უნდა გავსინჯოთ სამივემ. -შევთავაზე მეგობრებს, რომლებიც მარტივად დათანხმდნენ ჩემს წინადადებას.

პირველი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი გახლდათ ალუბლის გემოთი.

- როგორი გემოც ექნება ამას, ისეთი მომავალი გველოდება სამივეს - თქვა ანომ, მოგვიჭახუნა და სასწრაფოდ გადაკრა. ტკბილი იყო, ძალიან ტკბილი, შეზიზღებამდე რომ მიგიყვანს ადამიანს იმდენად.

ახლა მეორე გახსნა მარიამმა. ლიმნის ლიქიორი, ჩვენ მაშინ მხოლოდ იმის თქმა შევძელით დანამდვილებით, რომ ლიმონი ეხატა ეტიკეტს, რადგან სხვა ყველაფერი უცხო ენაზე ეწერა, კარგად ვერც გავარჩიეთ -რომელზე.

- როგორი გემოც ექნება ამ ჭიქას, ისეთი გრძნობა დაგვეუფლება, როცა ჩვენს ადამიანებს შევხვდებით.

მწარე იყო თუ მჟავე ვერ გავიგეთ, უბრალოდ, ასეთ პირველ სიყვარულს არ გისურვებდით.

ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ანომ ჭერის ხვეტა, მარიამმა კი ტირილნარევი ხმით ვიდეოების ჩაწერა არ დაიწყო.

ყველაფერი თავის ადგილზე დავაბრუნეთ როგორღაც და კარზე ზარის ხმაც გაისმა. ლია დეიდა დაბრუნდა სახლში. მარიამმა წინასწარ გაგვაფრთხილა, ისე მოვქცეულიყავით, არ შეგვტყობოდა, რომ დავლიეთ.

ე. წ. გაშინაურების შემდეგ, მაგიდასთან ვიჯექით ოთხივე.

ქალბატონმა ლიამ კენტი ოთხი ნომერი ამოიღო ჩანთიდან და გაუკიდა.

- თქვენ არ ეწევით ხომ?

- არა, როგორ გეკადრებათ... - ანგელოზებად გავასაღეთ თავი მაშინვე მე და მარიამმა. ანო დუმდა.

- ანუშკა, შენ? - რუსული აქცენტით მიუბრუნდა ანოს.

- მე კი, ხანდახან, იშვიათად, უფრო სწორად, კი.


მე და მარიამი ერთმანეთს ნახევარი წუთი გაშტერებულები ვუყურებდით.

ანო ჩვენ სამ შორის ყოველთვის გამოირჩეოდა ღრმა რწმენით, უბრალოებითა და შიშით, გადაედგა არასწორი ნაბიჯი ცხოვრებაში.


სახლის წინ ახალგაკეთებული სკვერი იყო, სადაც ჩვენი საყვარელი ტრიალა ატრაქციონიც დაუდგამთ.

- მე ვერ დავჯდები, ცუდად გავხდები. თქვენ ადით და მე გატრიალებთ. - მაშინვე უკან დაიხია ანომ და გზა დაგვითმო. ჩვენც სიხარულით დავიკავეთ ადგილები და დაველიდეთ, როდის დატრიალდებოდა ყველაფერი ჩვენს ირგვლივ.

- კარგი, გაჩერდი, გაჩერდი!! - განწირული ხმით ითხოვდა მარიამი, რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდა.


მაშინ გვეგონა, რომ ჩვენ სამნი ყოველთვის ერთად ვიქნებოდით. როცა დაგვჭირდებოდა, ყოველ წამს შევძლებდით, თუნდაც შუაღამეს, ტირილით დაგვერეკა და გვეწუწუნა ცხოვრებაზე, ბიჭებზე, ხალხის წინ ჩამოშლილ მაკიაჟზე, გაფუჭებულ საყვარელ ტანსაცმელზე და სხვა უამრავ წვრილმანზე.

იმასაც ვფიქრობდით, რომ ახლა ერთად ვიქნებოდით.


ღამის ორი საათია. მარიამისგან მიღებული შეტყობინება მაფხიზლებს.

-" მე რომ ცუდად ვარ, შენც ხომ ცუდად უნდა იყო. ჩვენ ხომ ასე შევთანხმდით? "


მაშინვე მიგზავნის ანოს ფოტოებს, ვიდეოებს, რომლებიც იმ დღეს გადავიღეთ, როცა სასმელების დეგუსტაცია გადავწყვიტეთ.

ვუყურებ და ვხვდები, რომ ნელნელა ისევ მიპყრობს სურვილი ორი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ, თუნდაც წამიერად გავიგონო მისი სიოსავით ნაზი ხმა.


-"ნეტავ ახლა, მაღალი კორპუსის სახურავზე, იმ დივანზე ვიჯდეთ წითელი ღვინით ხელში სამივე... "


ეს იყო მარიამის ბოლო სიტყვები და მანაც მიიძინა ფიქრებით დამძიმებულმა.


ორივე ვაცნობიერებთ, ანოს თავიდან გამოჩენის შანსი რამდენად ცოტაა, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა ისევ ჩვენთან იყოს ის ანო, რომელიც ბაჯუს ტირილის ყურებისას თვითონაც ცრემლი ადგებოდა თვალზე, არაფერს იტყოდა უბრალოდ, ჩაიხუტებდა, შუბლზე თბილად აკოცებდა და ასე გაიყუსებოდა მთელი ღამით.

დილის 4 საათზე გიტარით ხელში შემოვიდოდა ჩემს სამზარეულოში, რომ დაეკრა, ან ის ანო, სიგარეტის დაჭერაც, რომ არ იცოდა და მაინც არ ნებდებოდა, გაბრაზებისას, ხმის ამოუღებლად რომ გარბოდა.

ჩვენი ანო. image


გავიდა წლები და დარჩა ორი მეგობარი, რომელსაც სულ ახსოვს რომ ერთ დროს იქ, იმ ბავშვურ სიმშვიდეში ლამაზი ანო არსებობდა.

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:blogger
blogger
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0