x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგონა აფხაზეთიდან 10

image
რაიონში ერთი ებრაელი ცხოვრობდა, რომელიც და-ძმამ მიატოვა იმის გამო, რომ ფსიქოლოგიური პრობლებები ჰქონდა - დატოვეს მარტო, მიუსაფარი. სახლი გაყიდეს და შორეულ ისრაელში წავიდნენ. იმ დღის შემდეგ არც დაინტერესებულან ძმის ბედით. გიჟუას ეძახდა მთელი რაიონი, ყველა იცნობდა. გიორგი როგორც კი ჩამოვიდა მოსკოვიდან, გიჟუა გაიცნო, ხშირად უმასპინძლდებოდა კიდეც. გიჟუაც ეხმარებოდა როგორც შეეძლო. გიორგიმ ქოლწილზე ისიც მოიპატიჟა. გიჟუა პატარა ბაშვივით დახტოდა და თამაშობდა ბავშვებთან ერთად. ისეთი აღნაგობის მამაკაცი იყო, მისი უკონრტოლო ქცევები რომ არა, ბევრ სტუმრად ჩამოსულ ქალბატონს მოსჭრიდა თვალს მისი ვაჟკაცური იერი, მაგრამ, როგორც კი მის უცნაურ ქცევებს დაინახავდნენ, ყველა გაურბოდა. არადა, ერთი უწყინარი, უბოროტო ადამიანი იყო, რომელსაც მხოლოდ სხვისი ბედნიერება ახარებდა და ძალიან ენატრებოდა დედმამიშვილები, რომლებმაც ასე უმოწყალოდ გაიმეტეს. ქორწილისთვის გიორგიმ საგანგებოდ უყიდა შარვალ-კოსტუმი გიჟუას. სიძე დედოფლის ცეკვის დრო რომ დადგა, გიორგი ადიცას გამოეცეკვა, გიჟუა შორს იდგა და სიხარულით უკრავდა ტაშს, იქვე მყოფმა ერთმა სტუმარმა ხელი ჰკრა, რომ ეცეკვა სიძე დედოფალთან ერთად, შერცხვა, თითქოს რაიმე დანაშაული ჩაედინოს, პიჯაკს ხელი მოჰკიდა და ქვემოთ დაქაჩა, შემდეგ კი ბეჭები გაარხია. გიორგიმ მაშინვე შეამჩნია გიჟუას ქცევა და საცეკვაოდ მიიწვია. ცეკვავდა გიჟუა, გიორგის და ადიცას ქორწილში და მთელი სამყარო მისი ეგონა, მიხვდა რომ ისიც ისეთივე ადამიანი იყო, როგორც სხვა დანარჩენი, ოღონდ ცოტა განსხვავებული... ცეკვავდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, მაგრამ თვალები მაინც ვერ მალავდა იმ ტკივილს, რომელსაც დაატარებდა. ქორწილმა მხიარულად ჩაიარა, ყველა კმაყოფილი დარჩა. მხოლოდ ქეთო ჩანდა ნაღვლიანი - ის ისევ მარტო რჩებოდა საკუთარ ფიქრებთან ერთად, ბევრი ეხვეწა გიორგი და ადიცა მათთან გადასულიყო საცხოვრებლად, მაგრამ იუარა: -ჩემმა ქმარმა ამ სახლში დამტოვა და აქ უნდა განვუტევო სულიო. მე ბედნიერი ჩემს სახლში ვიყავი, ამიტომ, არსად არ წამოვალ, თქვენ იყავით ბედნიერები, ხანდახან მაინც მესტუმრეთ, ნუ დაგავიწყდებათ ერთი მიტოვებული მოხუცი, რომელიც სიკვდილსაც კი დაავიწყდაო. საღამოს იწვიმა, ეზო ნახევრად ატალახებული იყო... ქორწილში მოსული სტუმრები, ვინც შორს ცხოვრობდა გიორგისთან დარჩნენ. დილით ოდნავ წვიმდა, ადგომა ყველას ეზარებოდა, მათ შორის იყო ერთი, ვისაც, არასოდეს ეზარებოდა დილით ადგომა, როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ეს გიჟუა იყო - ის ყოველ დილით გიორგის სტუმრობდა, მას შემდეგ, რაც ვანში დასახლდა გიორგი. არც ამჯერად დაარღვია ტრადიცია და სახლში დაუკაკუნებლად შევიდა. ირგვლივ სიჩუმე იყო, მხოლოდ გიორგის დედა იჯდა ბუხართან და თავი ჩაეღუნა. გიჟუა მივიდა- გამარჯობა ქალბატონო, რას ჩაგიღუნია თავი ამ ბუხართან ამ დილა უთენია? გიორგის დედამ, ეთერიმ თავი ასწია და გიჟუას შეხედა. - შენ ხარ? - ხო, მე ვარ, აბა ვის ელოდი ამ დილადრიან? - რა ვიცი, იქნებ კი ადგნენ სტუმრები-მეთქი. - ჰმ, მე ქალბატონო დეიდა ვინმე ადგომას მომასწრებდა? - ხო, შენ მარჯვე ხარ ძალიან, გიჟუა. სკამი აიღო გიჟუამ და ისიც ბუხართან დაჯდა. - რა იყო ქალბატონო, რატომ ხარ დარდიანი? გაწყენინა ვინმემ? - ეხ, ჩემო ბიჭო, აბა როგორ უნდა ვიყო, როცა ჩემმა ერთადერთმა ბიჭმა შვილიანი ქალი მომიყვანა სახლში? - ოოოოო, მაი არაა მთლად კაი ამბავი ქალბატონო. - მაგას ვამბობ მეც, რომ არ არის კარგი, მაგრამ ვის სჯერა ჩემი. დაიჯინა ჩემი პირველი სიყვარულია, ჩემი პირველი სიყვარულიაო. ცოლი და ოჯახი თუ უნდოდა, რუსეთში ყავს შვილი ბარემ ის ჩამოეყვანა, რაღა სხვისი შვილი უნდა ვზარდო, ჩემსას გავზრდიდი. - რას ამბობ ქალბატონო, გიორგის შვილი ჰყავს? - უიმეე!!! შენი ჭირიმე გიჟუა არ წამოგცდეს სადმე! - არა ქალბატონო, ხმას არ ამოვიღებ. - კაი ბიჭი ხარ შენ, ვიცი რომ მასე იზამ. ამ საუბარში იყვნენ, გიორგი შევიდა მათთან. - დედა, რას ესაუბრებოდი ახლა ამას შენ? - არაფერს შვილო, აგერ მიყვებოდა მის ამბებს, ტუჩებზე მიიფარა ხელი ეთერიმ და თვალებით ანიშნა გიჟუას ხმა არ ამოეღო. გიჟუა ისეთი იყო, ვერ მალავდა ემოციებს, მისი ქცევები მაინც გასცემდა, მაგრამ ოსტატურად მოიქცა და გიორგის სხვა რამეზე გადაატანინა ყურადღება. - გიორგი ბატონო, როგორ გეძინა წუხელ, ხომ არაფერს შეუშინებიხარ? - რას უნდა შევეშინებინე გიჟუა, რას ამბობ? - რა ვიცი ამდენი სტუმარი რო გყავს, ხო არ შეგაშინა ვინმემ? - არა გიჟუა, ესენი ყველა კეთილი ადამიანები არიან შენსავით და არ შემაშინებენ. - ხო, არაფერში გინდა მოგეხმარო, გიორგი ბატონო? - არა, არაფერი არ მინდა, სუფრას რომ გავშლით დაჯექი და საჭმელი ჭამე. - კაი მაშინ გიორგი ბატონო, წავალ მე, გევივლი, იქნება კი ვიშოვო რამე ორი კაპიკი. ნელ-ნელა სტუმრებიც ადგნენ, ადიცა გამოვიდა საძინებლიდან და ლამარას ეხმარებოდა სუფრის გაშლაში, თამარი გიორგისთან იყო. ლამარას ბიძაშვილი ესტუმრა ქორწილზე, აფხაზეთის ომის შემდეგ არ ენახათ ერთმანეთი, რადგან მაყვალა თბილისში დასახლდა ოჯახით, ლამარა კი გიორგისთან ერთად ვანის რაიონში... იხსენებდნენ ბავშვობას, როგორი ცელქები იყვნენ, როგორ აწვალებდნენ ბებოს, რომელიც უმალავდა ტკბილეულს, მაყვალამ გაიხსენა ომის ბოლო დღეები, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ ჰყვებოდა, მაგრამ ეს მისი განვლილი გზა იყო, რომელსაც ვერასდროს ვერ აუვლიდა გვერდს და დიდი ტკივილიც დაუტოვა. - ჩემო ლამარა, 30 სექტემბერს გამთენიისას საშინელი სროლები იყო ცაში თუ ხმელეთზე. .. ღამე არც გვიძინია, ჩემს მეუღლეს ვთხოვე ზუგდიდში გადაგვეყვანა ბავშვები, უარზე იყო, ხომ არ გავიქცევიო. გამთენიისას, ასე 4 საათზე, ჩემს მამამთილს ეძახდნენ. გავაღეთ კარები და მათი ნათესავები ოჩამჩირიდან იყვნენ მოსულები. მთელი რაიონი დაიცალა, გალიც იცლებაო, ფეხ დასადგმელი ადგილიც არ არის, იმდენად გადატვირთულია ტრასა და თქვენ სადაც წახვალთ, ჩვენც იქ წაგვიყვანეთო. ჩვენ - გაგრელები, დედამთილი, მამამთილი, მაზლი მისი ოჯახით, მეზობლები - სულ 23 კაცი დიდ გაზიკზე - სატვირთო მანქანაზე მოვთავსდით, მეორე მსუბუქზე მე და ჩემი შვილები, ასე დატვირთულნი მივადექით ენგურის სანაპიროს, ცენტრალური გზით არ წამოვედით, მოკლეზე გადავჭერით, ენგურის სანაპირო გადაჭედილიყო, მდინარე ადიდებული, თუ სპეციალურად გამოუშვეს წყალი, ვერ შევედით. ისმოდა მოთქმა, წყევლა, პატარების ტირილი, ძაღლების ყმუილი. ზეიმით მოდიოდნენ აფხაზები, რუსები, ჩეჩნები, სომხები. ამ დროს კი ქართული ჯარი არ ჩანდა, მხოლოდ ხალხი მოდიოდა, ვის რა მოჰქონდა, ვის რა. ჩვენ ძლიერი ოჯახი გვქონდა და ბევრი პროდუქტი წამოვიღეთ. დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე რიგში ვიდექით და ძლივს მოახერხა ჩემმა მეუღლემ „გაზიკის“შეყვანა წყალში, მსუბუქი მანქანა დავტოვეთ. მესამე დღეს მანქანა აფხაზებმა წაიყვანეს... წყალთან ერთი საათიანი ბრძოლის შემდეგ. სამშვიდობოს გავედით. საღამოს 8 საათზე ზუგდიდის რაიონში, სოფელ კახათში, 23 კაცი მივადექით ჩემი დედამთილის ბიძაშვილის ოჯახს. არ ვიცი, ვის გაუხარდებოდა, ამდენი განადგურებული ადამიანის მიღება, მაგრამ ზღაპარი ხალხი იყო, მაშინვე ბავშვიანი მე და ჩემი მაზლის ცოლი ერთად დაგვაბინავეს და ხალხიც დააპურეს. რამდენიმე დღე დავყავით მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვებთან ერთად. ძალიან ბევრი ვიყავით, მოგვერიდა, ცოტა დანაზოგი კი გვქონდა და ამიტომ თბილისში წამოვედით, ოთახი დავიქირავეთ. ვინ მოთვლის იმის შემდეგ კიდევ რამდენი გაჭირვება ვნახეთ, რამდენჯერ მშიერს დაგვიძინია მე და ჩემს მეუღლეს... ბავშვებს რომ დავაპურებდით ლუკმაც არ გვრჩებოდა, ჩვენ რომ გვეჭამა. მთავარი იყო, რომ შვილები გვყოლოდა მაძღარი და ჩვენს თავს ვინღა დაეძებდა. ორივემ ბევრი იტირა წარსულის გახსენებაზე. გიორგი და ადიცა მიუხედავად დაღლილობისა, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ. ლამარას კი ისევ მოწყენილობა ეტყობოდა სახეზე. ადიცა თანდათან ეჩვეოდა ახალ ოჯახს. თავს ბედნიერად გრძნობდა. მართალია, დედამთილი ხანდახან გაჰკრავდა მწარე სიტყვას, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს არც გაუგონიაო. შოთა მალე დაუახლოვდა გიორგის და თავისი გულისტკივილი გაანდო. - ვიცი, რასაც მე ვაკეთებ არ არის კაცობა, მაგრამ უკვე თავის გაკონტროლებაც კი მიჭირს, მიყვარს ძალიან მაკა. არც ის მინდა, რომ მას სახელი შეელახოს, ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება თქვენთან ერთად ვნახო, ვგრძნობ, რომ არც თვითონ არის გულგრილი ჩემს მიმართ, მაგრამ რა ვუყოთ ამ ცხოვრებას, ცხოვრებას, რომელმაც ეს განაჩენი გამომიტანა? მიყვარდეს და ვერ ვეხებოდე, გავგიჟდი კაცი, თვალის მოხუჭვა და მის სახეს ვხედავ, ცოლი მიწევს გვერდით, ქალი, რომლემაც ორი ანგელოზი მაჩუქა, ბევრჯერ მიფიქრია, ავდგები დაველაპარაკები მაკას, რომ აქედან გავიქცეთ, მაგრამ რომ დავფიქრდები, მაკა მეცოდება, მას ხომ შვილები ჰყავს, როგორ მიიღებდნენ მისი შვილები ამ ყველაფერს, მე კაცი ვარ და ავიტან, მაგრამ ქალი? ცოდვაა შვილების გარეშე. - შოთა, მე არ მიყვარს სხვის საქმეში ჩარევა, მაგრამ ხომ არ სჯობია შეეშვა და ცოტა ხნით მაინც წახვიდე აქედან? იქნებ გადაგავიწყდეს მაკა?! - მაგაზეც მიფიქრია გიორგი, დაველოდები ჩემი ბედის განაჩენს რა იქნება. გოირგი ცდილობდა დახმარებოდა შოთას. ადიცას აფრთხილებდა, შენ არ ჩაერიო მათ საქმეში, თორემ გაილანძღებიო. მხოლოდ გიორგიმ და ადიცამ იცოდა მაკას და შოთას სიყვარულის ამბავი, ცდილობდნენ როგორმე ხალხის ყურამდე არ მისულიყო, მაგრამ... იტყვიან, თვალები ჰყიდის ადამიანსო! რაიონში უკვე დაიწყეს მათზე ჭორაობა, ამტკიცებდნენ, რომ თითქოსდა, საყვარლები იყვნენ... მაკას ლანძღავდნენ - ეს როგორ იკადრა და ოჯახს უღალატაო! შოთაზე კი ამბობდნენ, კაცობა არ ეყო, რომ მისი ცოლ-შვილისთვის მიეხედა და სხვის ცოლს დაუწყო ცქერაო. არადა, მათი სიყვარული წვიმის დროს მოვარდნილ ადიდებულ მდინარეს ჰგავდა, რომელიც მთელ სოფელს დატბორავდა - ისე მოედოთ მაკას და შოთას ეს აკრძალული ხილი, უფრო გამეტებით სურთად ერთმანეთის სიახლოვე. მალე შოთას ცოლიც მიხვდა და სახლში თავი იჩინა უკმაყოფილებამ. მაკას ქმარს კი შორიდან დასცინოდნენ, ახლოს ვერავინ უბედავდა ამის თქმას. დრო გადიოდა... შოთას და მაკას შეხვედრის ადგილად გიორგის და ადიცას სახლი იქცა - იქ თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობდნენ, ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებოდნენ, მაგრამ ამ შეხვედრითაც კმაყოფილები იყვნენ... მალე მაკას ქმრის ყურამდეც მიაღწია ამ ამბავმა - სიმთვრალეში მეზობელმა წამოაძახა, ცოლისთვის ვერ მიგიხედავს შენ რა კაცი ხარო! სახლში მისულმა მაკას ყვირილი დაუწყო, სცემა კიდეც... მაკა უხნსიდა რომ ეს ტუილი იყო, მაგრამ განრისხებულ და გახელებულ მეუღლეს განა დააჯერებდა? მას შემდეგ მაკას სახლიდან გასვლა აუკრძალა ქმარმა. გაიგო თუ არა შოთამ ეს ყველაფერი, მისი ცოლშვილით რაიონი დატოვა... მაკა დარჩა დამცირებული და შეურაცხყოფილი - მას უკვე აღარ ენდობოდა ქმარი, მარტო არსად უშვებდა, ადიცასთანაც აუკრძალა ურთიერთობა, მას აბრალებდა ყველაფერს: რომ არა შენ, ამდენს ვერ გაბედავდაო! გიორგი და ადიცა ძალიან განიცდიდნენ ამ ამბავს, გიჟუამაც გაიგო და გიორგის ეკითხებოდა: - გიორგი ბატონო, რა ეშველება ახლა შერცხვენილ მაკას? - მაკას არაფერი დაუშავებია გიჟუა, დამნაშავე ის ადამიანები არიან, ვინც მაკას ცუდად მოიხსენიებენ. ყველამ რომ თავის ცხოვრებას მიხედოს, კარგი იქნებოდა, მაგრამ ვის სცალია ამისთვის. როცა სხვისი ცხოვრებით არიან დაინტერესებულნი - ავიწყდებათ განვლილი გზა, საკუთარი შეცდომები, მაკა არაფერში შემცდარა, გულს ვერასოდეს უბრძანებ! - რა ჭკვიანი კაცი ხარ გიორგი, ამიტომ შეუყვარდი ადიცას. წავალ ახლა და გადავავლებ რაიონს თვალს, გავიგებ რა ხდება. - წადი, წადი, გიჟუა, აბა შენ იცი, გაარკვიე, ვინ სად წავიდა და ვინ შემოვიდა რაიონში... გიჟუამ გაუღიმა გიორგის, ტანსაცმელი გაისწორა და წავიდა. ბაზრის შესასვლელში უყვარდა დადგომა, რადგან იქ მეტი ხალხი მოძრაობდა და ფულსაც ჩუქნიდნენ. თუ დაინახავდა ვინმეს მძიმე ტვირთი ჰქონდა აკიდებული მიეხმარებოდა. ძალ-ღონეს არ უჩიოდა გიჟუა, ისინიც ხურდებს ჩუქნიდნენ და კმაყოფილი იყო ამით. მერე მანქანებს ჩამოუვლიდა, თუ დაინახავდა, რომ შიგ იჯდნენ, ხელს გაუწვდიდა და ეტყოდა: - ოცი კაპიკი მაკლია წამლისთვის, დედა მყავს ავად და იქნებ დამეხმაროთო. ზოგს მართალი ეგონა და უფრო მეტს ჩუქნიდა, ზოგმა იცოდა, რომ ცრუობდა გიჟუა და სიცილით უყრიდა ხურდებს ხელის გულზე, ისიც დიდი მოწიწებით მადლობას უხდიდა და ფულს შეათვალიერებდა რამდენი მომცაო! ერთ დღეს გიჟუა გიორგის სახლის ჭიშკართან იჯდა, გიორგიმ შეამჩინა და მივიდა, გაუკვირდა, რომ სახლში არ შევიდა, უცებ შენიშნა, რომ თავიდან სისხლი მოსდიოდა. მაშინვე სახლში შეიყვანა, ადიცას დაუძახა, დაუმუშავა ჭრილობა და იქვე სავარძელზე წამოაწვინა... პატარა უმწეო ბავშვივით გრძნობდა გიჟუა თავს, თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, როცა დამშვიდდა, გიორგიმ ჰკითხა: - რა გჭირს გიჟუა, ვინ გაგიტეხა თავი? გიჟუა ცდილობდა არ ეპასუხა და თავი გვერდით გადასწია, მაგრამ კითხვა ისევ, რომ გაუმეორა, შემდეგ უპასუხა. - ბავშვებმა მესროლეს ქვა. - რატომ, რა მოხდა? - გიორგი ბატონო, შენ ხო იცი ჩემი ნერვების ამბავი?! ხოდა ვერ მოვითმენ, ხომ იცი ბაზრის შესასვლელში რომ ვდგები, მოვიდა იქ ერთი ბავშვი და ხელი ამიქნია, ხურდები რაც მუჭში მქონდა, დამაყრევინა და გაიქცა. ჰოდა, სკოლიდან გამოსვლის დროს დავხვდი გზაზე, მინდოდა დავლაპარაკებოდი, მეთქვა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება-თქო, იმან ადგა და ქვა მესროლა, თავში მომხვდა. ეხ, გიორგი ბატონო, ჩემისთანა კაცი ცოდვაა ამ კუზიან დედამიწაზე, არ უნდა დავბადებულიყავი საერთოდ მარა რას ვიზამთ, ღმერთმა ასე ინება და ვერავინ შეეწინააღმდეგება, საწყალი დედა ცოცხალი რომ მყოლოდა, ჩემი და-ძმა ვერ გაბედავდა ჩემს მიტოვებას. მარა... ხედავ ისე მიმატოვეს, რომ სახლიც კი არ დამიტოვეს ღამე რომ გავათიო, ვაგდივარ ასე უპატრონოდ... ბავშვებიც კი მეჩხუბებიან და არ ვუყვარვარ. ამ სიტყვებზე აუჩვილდა გული პატარა ბავშვივით გიჟუას და ტირილი დაიწყო. გიორგი ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა: - შენ მარტო არ ხარ, გყავს მეზობლები, რომლებიც არასოდეს დაგტოვებენ. ტკბილმა სიტყვებმა და მოფერებამ გული გაუთბო გიჟუას და ტირილი სიცილში გადაუვიდა. შემდეგ ადიცამ სუფრა გაუშალა და გემრიელად მიირთვა მისი გაკეთებული წვნიანი. ადიცას აფიქრებდა აფხაზეთში დატოვებული მშობლების ბედი. მათ შესახებ ჯერ ვერაფერი გაიგო, არ იცოდა, როგორ იყვნენ. ერთადერთი, ვისაც შეიძლებოდა რამე სცოდნოდა გიორგი იყო, მაგრამ უჭირდა გიორგისთვის ეკითხა, ეშინოდა, ვაი თუ მისთვის არასასიამოვნო რამ ეთქვა, ამიტომ გაჩუმებას ამჯობინებდა... იმედს იტოვებდა, რომ მშობლები ცოცხლები ჰყავდა, არც გიორგი ესაუბრებოდა ამ თემაზე, შეიძლება არც სცოდნოდა, თუ რა ბედი ეწია ადიცას მშობლებს ან იცოდა და არ ეუბნებოდა. 1999 წლის 17 ნოემბერი იყო. წვიმიანი დღე. ქარი ხეზე დარჩენილ ყვითელ ფოთლებს ჯერ მაღლა ააფრიალებდა და შემდეგ უმოწყალოდ მოისვრიდა ორღობის კუთხეში. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, წვიმა ცდილობდა რაც შეიძლება მეტად დაესველებინა და ამოესვარა ტალახში. შორს ჭექა-ქუხილის ხმა ისმოდა. საკვამურებიდან კვამლი ამოდიოდა, ზოგს ბუხარი დაენთო, ზოგსაც ღუმელი დაედგა და თბებოდა... გიორგიმ ხმელი ხის მორი შედო ბუხარში და ცეცხლი დაანთო. თამარი მიუჯდა ბუხარს, გიჟუაც მათთან იყო და ცეცხლს ეფიცხებოდა. ადიცა იქვე სავარძელზე წამოწოლილიყო, წელის ტკივილს გრძნობდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია - ფიქრობდა, ალბათ, დავიღალე და იმის ბრალიაო. თანდათან უმატა ტკივილმა. გიორგიმ მაშინვე შეამჩნია, რაღაც რომ ვერ იყო რიგზე და ჰკითხა: - ხომ კარგად ხარ, ადიცა? - ცოტა წელი მტკივა, გამივლის, არაფერია. ტკივილმა ისევ უმატა, უკვე ვერ უძლებდა და გიორგის უთხრა. - ძალიან მტკივა წელი, ალბათ მოვიდა დრო, ჩვენი მეორე შვილი, მოევლინოს ამ ქვეყანას. თამარმა გაიგონა დედის ეს სიტყვები და მაშინვე მივიდა მასთან, მუცელზე დაუწყო მოფერება და უთხრა: - ჩემო დაიკო, დედას ნუ აწვალებ რა, ცოდვაა. შემდეგ აკოცა დედას მუცელზე და ისევ ბუხართან მიირბინა. გიჟუა წამოდგა სკამიდან და გვერდით დაჯდა ადიცასთან... გიორგიმ სიტყვის დასრულება არ დააცადა, მზადება დაიწყო სამშობიაროში წასაყვანად. ლამარამ მაშინვე გაუმზადა ტანსაცმელი ადიცას და დაეხმარა საწოლიდან წამოდგომაში. ათ წუთში უკვე ყველანი მზად იყვნენ. გიჟუა სახლში დატოვეს. ადიცა ქუთაისში წაიყვანეს. სამშობიაროში მისვლიდან რამდენიმე საათში ლამაზი, თაფლისფერთვალება ვერა დაიბადა. რამდენიმე დღე დაჰყო იქ. მასთან ერთად “პალატაში” აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი იწვა, რომელსაც მესამე შვილი შეეძინა, გამოკითხეს ერთმანეთს, როგორ დააღწიეს თავი მძიმე დღეებს. ადიცამ დაუმალა აფხაზი რომ იყო, მხოლოდ უთხრა, სოხუმიდან ვარო. ქეთიმ, როგორც ყოველთვის, ახლაც ტირილით მოუყვა ადიცას, სახლში გატარებული ბოლო დღეები. - სოფელში, სადაც დავიბადეთ, ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობდა, ახალსოფელი ერქვა, მე დედასთან ვიყავი ბავშვებით, მამა გარდაცვლილი მყავდა უკვე, ავარია მოუვიდა და დედამ გაგვზარდა მე და ჩემი ძმა - გაჭირვებით, სულ მარტომ, რამდენი სიმწარე ვნახეთ, ღამით სახლში ვერ ვიძინებდით, ქუჩაში ვათევდით ღამეს სოფლის მაცხოვრებლები. ერთ დილას კივილის ხმა მოგვესმა. შეგვეშინდა, გავიქეცით. გავიგეთ აფხაზი მოუკლავთ, ახალგაზრდა ბიჭი, დედისერთა, ჩვენთან იზრდებოდა, ერთად ვთამაშობდით. ჩამოიარეს აფხაზებმა და გვითხრეს: თუ დამტკიცდა, რომ ქართველმა მოკლა ის ბიჭი, ყველა ოჯახიდან ასეთი ტირილის ხმა გამოვაო, . შემდეგ გაირკვა, რომ არ იყო ქართველის მოკლული, ჩეჩნებს მოუკლავთ, თურმე გზას ასწავლიდა და თვითონ უკან ბრუნდებოდა. ლიხნში სახლებს დაერივნენ, წვავდნენ, მაგრამ ახალსოფელში სახლებთან ერთად ხალხსაც წვავდნენ, ცოლ-ქმარს ერთმანეთს აკლავდნენ, მოხუც მწოლიარე ბაბუას სიარული რომ არ შეეძლო, ყელი გამოჭრეს, ხომ უნდა ეთქვათ, რომ ქართველი მოვკალითო! მეორე მეზობელთან შევიდნენ, დაძინებულები იყვნენ, ყელი გამოჭრეს. რა ბოღმა ჰქონდათ ასეთი დაგროვილი არ ვიცი. ყველაფრი ერთი გვქონდა. ამ სისასტიკეს, რასაც ისინი ჩვენს მიმართ ჩადიოდნენ, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ასე მოიქცეოდნენ. სოფელი იცლებოდა ახალგაზრდებისგან. სოფლიდან დედით ქართველმა წამოგვიყვანა ავტობუსით. თან გაგვაფრთხილა, ქართულად არ ილაპარაკოთო... ახალსოფელში ბომბორის აეროპორტია და გვინდოდა გადმოვფრენილიყავით ქუთაისში ნათესავებთან. თითო კაცზე 500 რუსული რუბლი მოგვთხოვეს. ფულს ვინ დაეძებდა, გადავუხადეთ და ისიც დიდი ხვეწნით წამოგვიყვანეს. ჩამოვედით ხონში. ჩემი ძმა და დედა დარჩნენ არ წამოვიდნენ. ჩემი ძმა ორჯერ გაუყვანიათ სახლიდან და ორივეჯერ მოაბრუნეს, თურმე ნაცნობი აფხაზები შეხვედრია, მესამედ არ გაუმართლა, გაიყვანეს და უკან აღარ დაბრუნებულა! მას შემდეგ ვერსად მივაკვლიეთ... ასე უამრავი ადამიანია დაკარგული! არ მინდა დავიჯერო, რომ ძმა ცოცხალი არ მყავს, მაგრამ ის რომ ცოცხალი იყოს, აქამდე როგორღაც დაგვეკონტაქტებოდა. დედას ბევრი უძებნია ჩემი ძმა, ჩემს მეზობელს უთქვამს - დედით ქართველს, გია ცოლ-შვილთან გავაცილეთ, აქ მისი გაჩერება არ შეიძლებოდაო, დედამაც დაიჯერა! შვიდი თვე იყო იქ ტანჯვა-წამებაში. შემდეგ ჩამოვიდა, სახლში შემოსვლისთანავე ჩემი ძმა მოიკითხა, რომ გაიგო, არ იყო ჩვენთან, გულწასული დაეცა იატაკზე... სადამდე უნდა ვყოფილიყავით სხვის ოჯახში, ცალკე გადავედით - ცოტას სახელმწიფო გვეხმარებოდა, ჩვენც დავიწყეთ მუშაობა, ბაზარში პროდუქტს ვყიდდით და ასე გაგვქონდა თავი, იმედს ვიტოვებდით, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით ჩემს ახალსოფელში. (გაგრძელებას დავდებ ორშაბათს 1ივნის. ავტორი: სოფო იმერელი წიგინის " გოგონა აფხაზეთიდან" შეძენა შეგიძლიათ ათენი: ომონიაზე ინტელ ექსპრესის გვერდით ვილარა/3 ქ. ციალას გრაფიოში. ტ:6946050445 6993080999 (დარჩენილია რამდენიმე ცალი) საქართველოში: თბილისშიT 555587088 იტალია: ქალაქიდან დაუკავშირდით :327 02 36 077 ზაზა

0
501
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0