x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
გოგონა აფხაზეთიდან
image
გოგონა აფხაზეთიდან 2

სიცივის, შიმშილისგან და დაღლილობისგან დასუსტებული ადამიანები, ბავშვებთან ერთად ერთ დიდი ოთახში შეიყვანეს. ოთახი რამდენიმე საწოლისგან შედგებოდა, საჭმელზე მეტად თბილი ლოგინი ენატრებოდათ... ბავშვები, როგორც კი თბილ ოთახში შევიდნენ, მაშინვე ხასიათზე მოვიდნენ... თამარიც გახალისდა, მალე საჭმელიც მოიტანეს და გემრიელად მიირთვეს! გათენდა. თამარმა ადრე გაიღვიძა, ადიცა ჯერ საწოლში ეთამაშა პატარას, შემდეგ ადგა და სამზარეულოში გავიდა ბავშვთან ერთად. ოთახში სვანური ღუმელი იდგა, ცეცხლი გიზგიზებდა, შეშის სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, ფანჯრიდან ცას აწვდენილი მთები მოჩანდა, რომლებიც თოვლით იყო დაფარული - ლამაზი სანახავი იყო დათოვლილი სპეტაკი მთები... ღუმელთან მოხუცი იჯდა, თავზე სვანური ქუდი ეხურა, თუთუნს ახვევდა, სკამი გაუწოდა ადიცას და მის გვერდით დაჯდომა შესთავაზა.

- აფხაზეთის რომელი კუთხიდან ხარ შვილო? შეეკითხა მოხუცი ადიცას:

- სოხუმიდან ვარ. მორცხვად უპასუხა.


- რა გქვია? აქ უკვე არ იცოდა რა ეპასუხა, რადგან ის ხომ აფხაზი იყო სვანეთში გამოქცეული! ადიცა იმ ადამიანებს ეკუთვნოდა, ვინც ქართველებს, საკუთარი მიწა- წყალი დაატოვებინა და თავის სამშობლოში დევნილად აქცია!

- ადიცა აბშილავა ვარ. გვარი თამარის მამის უთხრა. აქედან დაიწყო ადიცას ტყუილებით ცხოვრება.

- ალბათ, ეს ბავშვი შენი შვილია, ხომ.

- დიახ, ჩემი შვილია, მეუღლე გზაში მომიკლეს, თავს დაგვესხნენ, იქვე დავმარხეთ. ქვითინი აუვარდა...

- ეხ, რას იზამ, ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო, თუნდაც მაგ შენი პატარა შვილის გამო... შენ აუცილებლად დაბრუნდები სოხუმში. მე ბევრი აფხაზი მეგობარი მყავს. მათ არ ვემდური, ეს ბინძური პოლიტიკაა, ორი ძმა ერთმანეთს მტრად რომ გადაგვკიდა, ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი.

- მართალი ხართ, მეც ბევრი მეგობარი მყავს. ლამის წამოცდა, რომ ეთქვა ქართველი მეგობარიო, მაშინვე პირზე ხელი აიფარა და ძლივს ამოილუღლუღა: აფხაზი მეგობარი. ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა ხელში რძით სავსე დიდი ვედრო ეჭირა, ადიცას უთხრა, რომ ბავშვს რძეს დაალევინებდა, ადიცამ გოგონა მოხუცს მიაწოდა, სთხოვა ცოტა ხნით დაეჭირა, თვითონ ქალს მიეხმარა. სუფრა გაშალეს, ბავშვებს ცალკე გაუმზადეს, დიდებს ცალკე, ადიცამ გოგონას რძე დაალევინა. შემდეგ ადიცა ბავშვთან ერთად გარეთ გავიდა. მოხუცი ჭიშკართან იდგა, მიუხლოვდა და საუბარი დაუწყო.

- თუ შეიძლება, მითხარით სად ვიმყოფებით ახლა?

- მესტიის რაიონში, სოფელ კალაში. ეზოში დიდი ორსართულიანი სახლი იდგა, სახლის გვერდით კოშკი აეშენებინათ რიყის ქვითა და ლოდებით. ლამაზი სანახავი იყო, მითუმეტეს, მას ჯერ არასოდეს არსად არ ენახა ასეთი რამ... როგორც მოხუცმა აუხსნა, სვანეთში ყველა გვარს თავისი კოშკი აქვს, წინაპრები თურმე ამ კოშკში ცხოვრობდნენ - პირველ სართულზე საქონელი ჰყავდათ, დანარჩენ სართულებზე თვითონ ცხოვრობდნენ, ხოლო ბოლო სართულს საომრად იყენებდნენ და საბრძოლო იარაღებსაც ინახავდნენ. ადიცა აღფრთოვანებას ვერ მალავდა სვანების სტუმართმოყვარეობით. მეზობლები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ლუკმას უნაწილებდნენ, რომ დევნილები უზრუნველყოფილი ჰყოლოდათ. სიცოცხლეში პირველად დააგემოვნა სვანური კუბდარი, რომელიც ძალიან მოეწონა. მოიხიბლა ბუნების სილამაზით, მთებით, რომლებიც სვანეთს ზემოდან დაჰყურებს და იცავს მტრის შემოსევისგან, უჩვეულოდ ლამაზი ეჩვენა ძველი ხის სახლები, ციხე- კოშკები. ადიცამ რამდენიმე დღე დაჰყო სვანეთში, შემდეგ როგორც იქნა ვერტმფრენი ჩამოფრინდა და მესტიიდან თბილისში გადმოიყვანეს ლტოლვილთა ბანაკშითბილისი ადიცასთვის უცხო ქალაქი იყო, ვერტმფრენიდან ჩამოსულ ხალხის ნაკადს უკანმიუხედავად მიჰყვებოდა, ცდილობდა სულით არ დაცემულიყო, თუნდაც პატარას ხათრით, მას ხომ, მისი დედა და ძმა ელოდებოდა, ბევრი შიმშილი და ტკივილი გადაიტანა, აქამდე რომ მოსულიყო... მივიდნენ ერთ დიდ შენობაში, რომელიც ლტოლვილებისთვის იყო განკუთვნილი. იქ მყოფ ადამიანებს მხოლოდ ტკივილი ჰქონდათ სახეზე აღბეჭდილი, ზოგი შიშმა და ნერვიულობამ შეცვალა, გატეხა ფიზიკურად და მორალურად. იყვნენ უპატრონო ბავშვებიც. რეგისტრაცია უნდა გაევლოთ, ადიცას შეეშინდა, ვინაობის გამხელა, იფიქრა: ამდენ ქართველში მე ერთი აფხაზი გოგონა ვარ, ჩემზე არ იყარონ ჯავრი, თან პატარას უჩემოდ რა ეშველებაო. გადაწყვიტა თავისი სახელი დაეტოვებინა და ისევ თამარის მამის გვარით ესარგებლა - თამარი თავის შვილად ჩაწერა. დათრგუნული და სახეალეწილი ადამიანები ნათესავებს და ახლობლებს ეძებდნენ. ბევრი პოულობდა, ბევრი ვერა. რეგისტრაციის შემდეგ, რამდენიმე ქალი (ვისაც ბავშვები ჰყავდა) ოთახში შეიყვანეს. სუფთა, მოწესრიგებული ოთახი იყო - რამდენიმე საწოლით და ერთი მაგიდით. ყველამ თავისი ადგილი აირჩია, ადიცას ფანჯარასთან ახლოს მდგომი საწოლი აირჩია, საიდანაც მხოლოდ ლურჯი ცა მოჩანდა. წამოწვა ბავშვთან ერთად, მაშინვე დაეძინა ორივეს. სიზმარი ნახა. გიორგი შავ ნისლში, ადიცას დაეძებდა, ეძახდა, მაგრამ ხმას ვერ აგონებდა... ადიცას მშობლებიც მასთან იყვნენ. ამირ არშბამ ხელი გადახვია მეუღლეს და ორივე გაუჩინარდა. გიორგი ისევ ადიცას ეძახდა. ამ ყველაფერს იმდენად ცხადად ხედავდა, რომ ხმამაღლა ქვითინებდა. ახალგაზრდა ქალი მივიდა, ფრთხილად დაადო ხელი ბეჭებზე და უთხრა: - თვალი გაახილე, ცუდ სიზმარს ხედავ, ნუ გეშინია! გაახილა თვალები, მაშინვე თამარს დახედა, ბავშვს მშვიდად ეძინა. ფანჯარასთან მივიდა, ჯერ ცას შეხედა და შემდეგ დაბლა დაიხედა. უცქერდა, როგორ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად აქციეს... ლტოლვილთა ბანაკში, საჭმელი და ტანსაცმელი დაარიგეს, უწყვეტად მოდიოდნენ ადამიანები დასახმარებლად - მოჰქონდათ სახლიდან, რაც შეეძლოთ. ადიცა ისე, როგორც სვანეთში ყოფნისას, აქაც გაოცებული იყო, რომ ხედავდა, თუ როგორ ეხმარებოდნენ მისთვის უცხო ადამიანები. მან ბევრი ისეთი რამ ნახა, რაც არასოდეს ენახა და გაეგო. შეიტყო როგორ შეიძლება გიყვარდეს სრულიად უცხო ადამიანი, უანგაროდ დაეხმარო გაჭირვებულს, თუმცა იმდენად ბევრი დევნილი იყო, არ იყო ყველაფერი საკმარისი. ადიცას ერთი ქალი დაუმეგობრდა, სისტემატურად მოჰქონდა საჭმელი, ტანსაცმელი, პატარასთვის კი სათამაშოები. ადიცას იმდენად მოსწონდა, გაანდო მისი ნამდვილი სახელი და გვარიც, მოუყვა, როგორ აღმოჩნდა აფხაზი გოგონა თბილისში და რა გადაიტანა. ქალბატონმა გულში ჩაიკრა ადიცა, უთხრა, რომ მასაც დედა აფხაზი ჰყავდა, ახლა მასთან იმყოფებოდა სახლში, რომლის გამოც მეუღლესთან უთანხმოება ჰქონდა კიდეც. იმ დღიდან, რაც გაიგო ადიცა აფხაზი იყო, ქალბატონი ლამარა, უფრო ხშირად ნახულობდა მას, დაჰყავდა თბილისის ქუჩებში სასეირნოდ, ცდილობდა დაევიწყებინა ტკივილი. დაპირდა, როგორც კი ყველაფერი ჩაწყნარდებოდა, აუცილებლად აპოვნინებდა მშობლებს და გიორგის, ასევე თამარის დედას და ძმას. ერთი თვე დაჰყო ლტოლვილთა ბანაკში ადიცამ. პატარას ვირუსი შეეყარა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქ კიდევ რამდენიმე დღე მოუწიათ ყოფნა. ამის შემდეგ ქალბატონმა ლამარამ ისინი თავისთან წაიყვანა. ადიცა წინასწარ გააფრთხილა, არ გაემხილა მისი ნამდვილი ვინაობა. სახლს ეტყობოდა, რომ კარგი დიასახლისი ჰყავდა, იმდენად ლამაზი და სუფთა იყო. აურაც სასიამოვნო. ლამარას მეუღლე ადიცას და ბავშვს, სახლში შესვლისთანავე ცივად შეხვდა, ზურგი აქცია და სხვა ოთახში გავიდა. ლამარამ დედამისის საძინებელში შეიყვანა, რომ დაესვენათ. უცნობმა ქალმა სიხარულით მიიღო, როგორც საკუთარ შვილს ისე დაუდგა გვერდით. თამარი ადიცას შვილი ეგონა, საკუთარი სისხლი და ხორცივით ზრუნავდა პატარაზე. მალე შეიყვარეს, პატარა თამარი, ოჯახის წევრებმა. ყოველ ღამით მოხუცი თავის ამბებს უყვებოდა სოხუმზე, იხსენებდა თავის სახლს, ეზოს, მეზობლებს, ზოგჯერ ტიროდა და ადიცაც აყვებოდა ხოლმე. - ჩემი ქმარი და ბიჭი, ჩვენი სახლის წინ ჩაცხრილეს. სლუკუნით ამოთქვა მოხუცმა - ვუყურებდი, როგორ მიკვდებოდა შვილი და ვერ ვშველოდი... სისხლიდან დამიცალეს, ნაფლეთებად მიქციეს მისი სხეული. ქმარს თავი მოჭრეს, შემდეგ ყურიც მოაჭრეს და წავიდნენ... მე სარდაფში ვიმალებოდი, მეზობლის ქალმა არ მომცა უფლება გარეთ გავსულიყავი, სიკვდილს ვნატრობდი, მინდოდა მეკივლა, ტუჩებზე ხელს მაფარებდა, რომ მათ, არ გაეგონათ ჩემი კივილის ხმა და ჩვენც არ მოვეკალით. როცა წავიდნენ მერე გამოვედით, ვტიროდი, შველას ვითხოვდი. ისევ ჩემი ქართველი და აფხაზი მეზობლები დამეხმარნენ და ჭასთან დავმარხეთ ორივე მამა-შვილი. ამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, ისევ მოხდა თავდასხმა, ვერ მოვასწარი დამალვა და დავიჭერი, ნეტავ მომკვდარიყავი... დავისვენებდი, მაგრამ არ აღმოჩნდა ის ტყვია ჩემთვის სასიკვდილო... ისევ მეზობლები დამეხმარნენ. უკვე სხვა გზა არ იყო, სოხუმი უნდა დაგვეტოვებინა. ზღვის სანაპიროზე გემი დგებოდა, რომლითაც გამოვყავდით. როგორც იქნა, მოვხვდი იმ გემზე, ავედი და ჩემი გული და სულიც იქ, ჩემს მიცვალებულებთან დავტოვე. მერე ლამარა დამხვდა ბათუმში და ჩამომიყვანა, მასთან სახლში. ცუდად ვიყავი, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, ლამის ჭკუიდან შევიშალე, ერთხელ სახლიდან გავექეცი შვილს, რადგან სიძე ავიწროებდა ჩემს გამო - არ მოსწონდა სახლში რომ ვყავდი, თან მე ხომ აფხაზი ვარ! მივდიოდი ადიცა, მაგრამ სად მივდიოდი არ ვიცოდი, ვინ წამიყვანდა სოხუმში მე? როგორ დავბრუნდებოდი უკან? ვიდექი მატარებლების სადგურზე გაურკვევლად. თავის მოკვლაც ვიფიქრე - ჩავუხტები მატარებელს ლიანდაგებში და მოვიკლავ თავს, შვილსაც დავასვენებ და მეც დავისვენებ-მეთქი! მერე ცოტათი მოვედი გონს - არ მინდოდა ასე უაზროდ დამესრულებინა სიცოცხლე. მე ხომ ქმარი და შვილი აფხაზეთის ომში დავკარგე! ვიდექი და ვტიროდი, ბევრმა გამვლელმა მკითხა რა გატირებს მოხუცო, რით დაგეხმაროთო, მაგრამ იმას ხომ არ ვეტყოდი შვილს გამოვექეცი სახლიდან, რადგან მისი ქმარი ვერ მიტანს აფხაზი რომ ვარ-მეთქი! ვზივარ ახლა სახლში და ველოდები ჩემს განაჩენს, როდის მომაკითხავს სიკვდილი, რომ წამიყვანოს ჩემს ქმარ-შვილთან. შენ როგორ მოხვდი აქ? ან სად არიან შენი მშობლები, ქმარი სად გყავს? მარტო ბავშვით რომ ხარ ჩამოსული? ადიცამ არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. ის ადრე ლამარამ გააფთხილა: არ თქვა აფხაზი რომ ხარო! ბოლოს მაინც გადაწყვიტა, ეთქვა სიმართლე. - სოხუმის დაცემის დღეს დავტოვე ქალაქი. დედ-მამა და ჩემი შეყვარებული იქ დარჩნენ, მე პატარა თამართან, მის მშობლებთან და ძმასთან ერთად დავადექი ჭუბერის გზას. - როგორ, ეგ გოგონა შენი შვილი არ არის? - გოგონას დედა და ძმა გზაზე დაგვცილდნენ, ვერტმფრენით წამოვიდნენ, მამა გზაზე მოუკლეს. მე დავრჩი ამ გოგონასთან ერთად, მე არ ვარ ქართველი, აფხაზი ვარ, თამარი ქართველია, ვერ მივატოვებდი, პატარას, არც უკან დაბრუნება შემეძლო და აი ახლა აქ ვარ... მოხუცს გაუხარდა ადიცას ვინაობა რომ გაიგო, გამოკითხა გვარი, უბანი, თუ სად ცხოვრობდა სოხუმში. აღმოჩნდა, რომ ორივე ერთ უბანში ცხოვრობდნენ და ადიცას ბებია ბაბუასაც კარგად იცნობდა, გულით გაიხარა მოხუცმა. ამ ამბის მოყოლის შემდეგ უფრო შეიყვარა იგი. ერთ დღეს ლამარამ დედა საავადმყოფოში წაიყვანა, ადიცა ბავშვთან დარჩა სახლში და სასეირნოდ გავიდნენ. სახლში მიბრუნებულს კარი არავინ გაუღო, მისი და თამარის ნივთები კართან დახვდა, ჩანთაში ჩაყრილი. მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ლამარას მეუღლის ნამოქმედარი იყო. მოკიდა ჩანთას ხელი და სადარბაზო დატოვა... ისევ მარტოდ დარჩა ბავშვთან ერთად ადიცა, არადა ღამდებოდა, წასასვლელიც კი არსად ჰქონდა. ტირილი აუვარდა... გონს რომ მოვიდა, ისევ ლტოლვილთა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. ლტოლვილთა სახლში მისულ ადიცას სულ სხვა ადამიანები დახვდნენ. დრო გავიდა. მალე გაზაფხული დადგა. თამარი მაისში ერთი წლის ხდებოდა, მაგრამ ზუსტად რიცხვი არ ახსოვდა ადიცას. უკვე სიარულიც ისწავლა პატარამ. ადიცა დახმარებას იღებდა, მაგრამ არ იყო საკმარისი. ცდილობდა როგორმე სამსახური ეპოვა, თამარი ბაღშიც კი შეიყვანა, მაგრამ არ მიიღეს. შემდეგ გადაწყვიტა, ბავშვთა სახლში დაეტოვებინა, სანამ სამსახურს მოძებნიდა და აეწყობოდა. გოგონა ბავშვთა სახლში წაიყვანა, იქ ქალს სთხოვა საკუთარი შვილივით გაფრხილებოდა პატარას. უთხრა, როცა თავისუფალი დრო ექნებოდა ბავშვს ინახულებდა. ადიცას დამშვიდობებისას გული აუჩუყდა, ატირებულ თამარს უტოვებდა უცხო ქალს! თვითონაც ტიროდა, უჭირდა ბავშვთან განშორება - მას ხომ იმ დღის შემდეგ, რაც სოხუმი დატოვა, მის გარეშე ერთი წუთიც არ უცხოვრია: სულ მის კალთას იყო ამოფარებული პატარა თამარი. დღეს უკვე სხვა გამოსავალი არ ჰქონდა... ბავშვი არ ჩერდებოდა, განუწყვეტლივ ტიროდა, შემდეგ მომვლელმა უთხრა: დაეძინებინა თამარი და ისე წასულიყო... როგორც იქნა დააძინა პატარა, თითებს უკოცნიდა, თმებზე ეფერებოდა, გულში იკრავდა. ბოლოს ადგა და ატირებული წავიდა. მიდიოდა და თან ჩაესმოდა თამარის ტირილის ხმა. - ცოტა მოვითმინო უნდა და ყველაფერი მოგვარდება, მალე დავიბრუნებ ბავშვს, მთავარია, სამსახური ვიპოვო, თამარსაც ასაკი მოემატება და ბაღშიც მიიღებენ. ღამეები არ ეძინა ნერვიულობით. სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ იყო პატარა - ხომ არ ტიროდა, ხომ კარგად ჭამდა, ყოველ დღე რეკავდა ტელეფონზე. მომვლელი ამშვიდებდა, ეუბნებოდა, რომ ბავშვი კარგად იყო, მიეჩვია ახალ გარემოს და სანერვიულოც არაფერი ჰქონდა. ბევრი ძებნისა და წვალების შემდეგ, რესტორანში დაიწყო მუშაობა, თეფშების მრეცხავად, ძირითადად, ღამით მუშაობდა, დღე სახლში მიდიოდა და იძინებდა. დასვენების დღეს კი თამართან მიდიოდა და მთელ დღეს მასთან ატარებდა. პატარა სახეზე უსვამდა თითებს ადიცას, ეფერებოდა, თვალებში ჩახედავდა და შემდეგ ჩაეხუტებოდა. თავის ენაზე საუბრობდა, ზოგს გარკვევით ამბობდა, ზოგსაც გაურკვევლად, მაგრამ არ ჩუმდებოდა. ყველაზე რთული განშორების წუთები იყო, მაგრამ უკვე მიეჩვია. ერთ დღეს თამართან მისულ ადიცას ბავშვი სიცხიანი დახვდა. ეტყობა, კოშმარულ სიზმარს ხედავდა, ტიროდა, ვიღაცას ესაუბრებოდა. - არ წამიყვანო, დედიკოსთან მინდა. რამდენიმე დღე მასთან დარჩა. ბედნიერები იყვნენ ორივე, ბევრს თამაშობდნენ, სეირნობდნენ ეზოში. თამარი ცოტათი მომჯობინდა. მოვიდა ადიცას წასვლის დრო და თამარმა უთხრა. - თუ ჩემი დედიკო ხარ, არასოდეს მიმატოვო, თორემ სხვა წამიყვანს და მე არ მინდა მასთან! ადიცამ ტირილი დაიწყო. - სულ ცოტაც ჩემო პატარა და მალე წაგიყვან ჩემთან, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ, შენი დედიკო ყველაფერს მოაგვარებს და გპირდები, სულ ერთად ვიქნებით, ოღონდ, პირობა მომეცი, რომ არასოდეს იტირებ, კარგი? თორემ შენ რომ ტირი, იცოდე მეც ვტირი და ხომ გეცოდება შენი დედიკო, როცა ტირის? - კი მეცოდება, არ იტირო დედიკო... - შენ თუ არ იტირებ, არც მე ვიტირებ ჩემო პატარა, ახლა უნდა წავიდე და ისევ მალე დავბრუნდები! თბილად ჩაიხუტა თამარი ადიცამ. ადიცას ცხოვრება მაინც უკან-უკან მიდიოდა - არ იყო საკმარისი ის თანხა, რასაც რესტორანში გამოიმუშავებდა, ამიტომ ბაზარში დაიწყო მუშაობა. დღისით ბაზარში ყავას და ჩაის ჰყიდდა, ღამით კი რესტორანში მუშაობდა, უკვე დრო არ ჰქონდა თამართან მისვლის, მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდა... ცხოვრება დღითი დღე რთულდებოდა, ძალიან უჭირდათ ადამიანებს, ქუჩაში მომრავლდა ხელგამოწვდილი ადამიანები და უპატრონო ბავშვები, მომრავლდნენ მოხუცები, რომლებიც ქუჩაში სახლიდან გამოტანილ ნივთებს ჰყიდდნენ, რომ შვილიშვილები რომ გამოეკვებათ. გახშირდა ქურდობა. ქვეყანა უპატრონოდ მიტოვებულ ნასახლარს დაემსგავსა - ირგვლივ სიბინძურე და სიღატაკე გამეფდა. აფხაზეთში ჯერ კიდევ ძმათა მკვლელი ომი მძვინვარებდა. გალის რაიონში სოფელი განახლება სეპარატისტებმა მთლიანად გადაწვეს. მომდევნო დღეებში სოფელ ზემო ბარღებში გზად მიმავალი 8 კაცი მოკლეს, მათ შორის, გალის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, რაბო შონიაც. აწამეს და ცოცხლად დამარხეს სოფელში 12 ადამიანი - ახალგაზრდები 45 წლამდე. რომლებიც გასვენებაში მიდიოდ ნენ, ესროლეს, დაცხრილეს და დიდ ორმოში ჩაყარეს. რამდენიმე დღის შემდეგ, პატრონებმა ორმოდან ამოიღეს ისინი და დაიტირეს!

( გაგრძელებას დავდებ ორშაბათს. გთხოვთ გააზიაროთ და წაკითხვის შემთხვევაში დააფიქსიროთ თქვენი შთაბეჭდილება) დიდი მადლობა!

ავტორი: სოფო იმერელი

წიგინის " გოგონა აფხაზეთიდან" შეძენა შეგიძლიათ ათენი: ომონიაზე ინტელ ექსპრესის გვერდით ვილარა/3 ქ. ციალას გრაფიოში. ტ:6946050445 6993080999 პირეოსის /4 სართილი 5 "მადლი და სიკეთე" ჯგუფში ვილარას /2 მეორე სართულზე, "იმედი" ჯგუფის გოგონეთან, ეკლესიის წინ. (დარჩენილია რამდენიმე ცალი) საქართველოში: თბილისში T 555587088 ქუთაისში T 558475757 იტალია: ნებისლიერი ქალაქიდან დაუკავშირდით :327 02 36 077 ზაზა გთხოვთ გააზიაროთთა სხვებმაც ნახოს

0
628
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0