x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შეწყვიტეთ ტირილი მოკლული ქალების დედებო....
ქეთი გაბინაშვილი

2 წლის წინ გუდამაყარს ვსტუმრობდი. სოფელი ჩოხიდან ჩანდა მდინარის გადაღმა, მთის ფერდობზე, როგორ აგროვებდა თივას მოხუცი ქალი. ჩვენი მცდელობა დავხმარებოდით, უშედეგო აღმოჩნდა. დახმარება არა, მაგრამ საუბარი ნამდვილად შედგა. ვისხედით მზისგან გაფიცხებულ ბალახზე და განვიხილავდით მთის სილამაზესა და ამ ზღაპრულ გარემოს მიღმა დამალულ გაუსაძლის პირობებს, მარტოკაცის უსიზმრო ღამეებს, ახალგაზრდების ბარისკენ გაწევასა და უკბილო პირივით გამოცარიელებული სახლების ტკივილს... თანამედროვე ყოფა არ მოსწონდა 75 წელს მიტანებულ ქალბატონ თამარს. განსაკუთრებით თავსგასული გოგოები აბრაზებდა, დაჰკრავენ ფეხს და ანგრევენ ოჯახებსო, დაიჩივლა მთის ქალმა.

-იქნებ ღალატობთ ქმარი, ბებო?- ვკითხეთ თანამოსაუბრეს.

-ღალატი რას მიქვია, კაცია და უნდა გაიგულავოს ხანდისხან, დაბრუნდება მერე ისევ!- ცხადია, არ დავეთანხმეთ, მაგრამ ისე ღრმად სწამდა კაცის „გაგულავების“ აუცილებლობა, დავას აზრი არ ჰქონდა.

-თუ ცუდად ექცევა? სცემს?


-მომისმინე, გოგო, ნუ მოიქცევით ისე, რომ საცემრად გაიხადოთ თავი და არავინ გცემს, ეხლა კაცია და ათასში ერთხელ თუ გაგიბრაზდათ, მა როგორ გინდათ, - დაგვარიგა თამარა ბებომ.

2 წელი გავიდა თამარასთან სტუმრობის შემდეგ, მას შემდეგ ათეულობით ბავშვი დარჩა დედის გარეშე, თითქოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა ამბები ყელგამოჭრილი ქალებისა და ღირსება აღდგენილი კაცების შესახებ. მორიგი ახალი ამბების შემდეგ მთელი ერი განიხილავს, ვინ იყო მოკლული და რა დაიმსახურა საამისო, რა დააშავა ასეთი, რომ ქმარი მკვლელობამდე მიიყვანა. მე კი ყოველ ჯერზე მახსენდება გუდამაყრელი ქალი: „ნუ გაიხდით თავს საცემნელს და არავინ გცემთო“ და ვხვდები, ყველა მოკლული გოგონას უკან ქალი დგას, დედა, რომელიც ასწავლიდა მორჩილებას, ყველა მოძალადე კაცის უკანაც ქალი დგას, ისევ დედა, რომელიც დაბადებიდანვე შთააგონებდა რომ ის კაცია და სქესი ამართლებს მის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს.

დღეს მოდურადაც კი იქცა სქესთა თანასწორობის საბჭოების შექმნა, ხელისუფლება ღონეს არ იშურებს (ან მავანნი აიძულებენ ასე მოიქცეს) ბიუჯეტი გენდერულად სენსიტიური იყოს, იქმნება ქალთა უფლებების დამცველთა ორგანიზაციები, ცვლილებები შედის კანონში, მაგრამ ყველა მცდელობა მხოლოდ თავის მოტყუებაა, არც ერთი ზემოხსენებული არ გამოიღებს შედეგს, სანამ საქართველოში ერთი ქალი მაინც იქნება, რომელიც საკუთარი შვილის ბედნიერებაზე წინ მოვალეობას დააყენებს. მოვალეობები კი ჩვენი ცხოვრების გზაზე სარეცხივით გამოკიდულა, ჩვენ დაგვიდგინეს როგორ უნდა ვიცხოვროთ, ამ გზით დადიოდნენ ჩვენი დიდი ბებიები, ამ გზით დადიოდნენ ჩვენი დედები, ახლა ჩვენი ჯერია, სხვის მიერ დატოვებულ ნიშნულებს უნდა მივყვეთ. და არაა გუშინ სამტრედიაში ყელგამოღადრული 33 წლის გოგონა უკანასკნელი ამ წყეულ რიგში. ჩაეხუტეთ დედებო თქვენს ქალიშვილებს ყოველ დღე, რადგან არავინ იცის, იქნება სწორად ისაა შემდეგი. . .

შეწყვიტეთ თავის მოტყუება, ქალებო! გაიხადეთ ძაძები მოკლული შვილის დედებო და აღიარეთ, რომ ეს თქვენ ხართ დამნაშავე, ეს თქვენი მიგიძღვით ბრალი ყველაფერში! შეწყვიტეთ ტირილი, თქვენ არ გიყვართ შვილები, რადგან დედებს ცოტა მეტად რომ გყვარებოდათ საკუთარი ქალიშვილები, მათ მონებად კი არა ადამიანებად გაზრდიდით და იქნება ცოტა ნაკლები მოკლული ქალი გვყოლოდა ქვეყანაში. დედებს ისევე რომ გყვარებოდათ საკუთარი გოგონები, როგორც ვაჟები გიყვართ, თავის დაცვას ასწავლიდით. მაგრამ დედები მხოლოდ მორჩილებასა და მოთმინებას ასწავლიან ქალებს... ზოგიერთი მათგანი კარგი მოსწავლე აღმოჩნდა, მორჩილად ზიდა თავისი ტვირთი და მოკლა ჩვენმა გულგრილობამ, ჩვენი სტერეოტიპებმა, საზოგადოების თვალში ბედნიერი ქალის იმიჯის შექმნის მცდელობ, ისინი იტანჯებოდნენ და დაიხოცნენ, შენ ჯერ კიდევ გაქვს შანსი და ნუ დააჯერებ საკუთარ თავს, რომ ქალი ხარ და მონობა შენი მოვალეობაა. გახსოვდეს, შენ გაქვს სიცოცხლის უფლება!

ქეთი გაბინაშვილი

3
436
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
436
  
2020, 21 თებერვალი, 16:23
ქეთი,
ჩემგანაც, უღრმესი მოწიწება თქვენ...
სიმართლე რომ ვთქვა, ძალზედ აცა-ბაცა ნააზრევი გამომივიდა გუშინ, თითქოს ყველაფერს მოვედე და აზრიც გავფანტე.
არადა, თქვენი ესსეს სულისკვეთებას:) ვეთანხმები, მართლაცდა, ამაზრზენია, თანაც თითქმის ყოველდღე, ქმრისგან(ყოფილისგან) მოკლული ქალების ამბების მოსმენა. მაგაზე ვთქვი სიყვარული სექსის დონეზე დავიდა-მეთქი, ერთად რომ უნდათ მაგიტომ კი არის ორი ადამიანი, მარა მართლაც უნდათ ერთად ყოფნა? ეს დროის გამოცდაა და "ცხოველიზმი" რომ გადაივლის, მერე გამოჩნდება ჭეშმარიტია თუ არა სიყვარული. და მერე, განქორწინების გამო ბავშვის ფსიქიკაზე აღნუსხული სტრესიც მოვაყოლე.
აი ზუსტადაც, სწორად აღზრდაა მთავარი, არ ვიცი თქვენ დედა ხართ თუ არა, ჩემსას გეტყვით, მამა ვარ და ხშირად, თან ძალიან ძალიან, როდესაც ჩემს ვაჟებს ვასეირნებ ხოლმე, შემხვედრია თავხედი, უზრდელი, ე. ი უვიციც, მშობლები და "დათა თუთაშხიასი" არ იყოს, იმან როგორ ან რანაირად უნდა გაზარდოს თავისზე უკეთესი? ? ?
და მოვალეობაზე კიდევ დავამეტებ: ცხოველებსაც კი, განსაკუთრებით მდედრებს აქვთ მოვალეობის გრძნობა შვილისადმი, თუმცა მათ ცხოვრებას თუ დააკვირდეი კაცი, ზუსტადზც რომ გარემოს შეგუებას აჩვევენ, როგორ დარვინისეული "ბუნებრივ გადარჩენას", ხოლო ჩვენ ადამიანებს ცოტა მეტი ხომ მოგვეთხოვება?
2020, 20 თებერვალი, 17:04
კახაბერ, ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენ.

ცხადია, ბავშვის ინტერესი უმთავრესია და მისთვის კატასტროფის ტოლფასია ოჯახის დანგრევა. არ მინდა ვინმემ გაგიგოს, თითქოს მე მოხარული ვიყო განქორწინების გამო. მაგრამ ისიც ცხადია, რომ განქორწინებაზე უარესი ბავშვისთვის მშობლების გამუდმებული კონფლიქტი შეიძლება გახდეს. რატომ გვაქვს არჩევანი ცუდს და უარესს შორის, აი ეგაა საკითხავი. თუ კი სწორად აღვზრდით ბავშვებს, თუ მათ ეცოდინებათ რომ ძალადობა არ შეიძლება, თუ მათ ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას ვასწავლით, თუ ეცოდინებათ რომ ორი ადამიანი იმიტომაა ერთად რომ ეს უნდათ და არავინ არაა მეორე ადამიანის საკუთრება, იქნებ ნაკლები ძალადობა მოხდეს. :(
2020, 20 თებერვალი, 12:18
ქეთი, ყველაფერზე სახელმწიფოს დადანაშაულება? "გაგულავების" და ცემა-ტყეპის საშინლად წინააღმდეგი ვარ, ქალმაცა და მამაკაცმაც თავიანთ ღირსებასა და თავმოყვარეობას თავად უნდა "მიხედონ". არ გაუკეთო სხვას ის, რაც თავად არ გინდა გაგიკეთონ - მარტივია!
სიყვარული კი, მხოლოდ სექსის დონეზე, ცხოველურ ასპექტში რომ გადავიდა ე.წ. "ლიბერალების" მიერ, ე მაგის დიდი ბრალი მგონია მე. ცხენის არ იყოს, მათრახის შემორტყმა კარგსა და ჭკვიანს არ სჭირდება, ეს ნახევრად ხუმრობით.
თუმცა არ შემიძლია, რომ არ შემოგედავოთ - როდისმე თუ დაფიქრებულხართ, რამხელა სტრესსა და გავლენას იწვევს ბავშვისთვის ოჯახის დანგრევა, დედ-მამის განშორება? მხოლოდ "მოძალადე მამის" მაგალითებით ნუ ვიმსჯელებთ (ისედაც მრავლად ხდება განშორებები), უბრალოდ ბავშვის სამყაროში "შეიხედეთ", რაოდენ დამთრგუნველია მისთვის არჩევანის გაკეთება...
და მოვალეობა რომ პირადი ბედნიერების "ქვეშ" დგება და მთავარი ამ სამყაროში ისაა, რომ მხოლოდ "ბედნიერად" გრძნობდეს თავს ადამიანი, აი მანდაა პრობლემა ზუსტადაც. ბედნიერება კი რაა, ეს ყველასთვის განსხვავებული გახდა სამწუხაროდ...
0 1 3