x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ერთი ჭიქა რძის ფასად ნაჩუქარი სიცოცხლე (ნამდვილი ამბავი)
image


ეს ამბავი გასული საუკუნის 80-იან წლებში მოხდა ცხელ ავღანეთში, ბაგრამის ოლქში. სწორედ იქ მდებარეობდა უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ბაზა, სადაც ჩვენი მოთხრობის მთავარი გმირი გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. კასიმი (ასე ერქვა ახალგაზრდა ჯარისკაცს) სამეურნეო ნაწილში განაწესეს მომმარაგებლად და რადგან ავტომობილს არაჩვეულებრივი ოსტატობით ატარებდა, სატვირთო ავტომანქანა ჩააბარეს. კასიმს ევალებოდა საბრძოლო მასალები, ტანსაცმელი, საჭმელ-სასმელი და სხვა საჭირო ინვენტარი მიეწოდებინა ახლომდებარე ქვედანაყოფის ჯარისკაცებისთვის. მოკლედ, იქ მიდიოდა და იმას აკეთებდა, რასაც უბრძანებდნენ.



image



ის ზაფხული განსაკუთრებით ცხელი იყო ავღანეთში. მწველი, გამანადგურებელი სიცხე სითხის უკანასკნელ წვეთებს ართმევდა ადამიანებს, რომლებსაც ოფლიც კი გაშრობოდათ სხეულის გადახურებისაგან. უღრუბლო, გავარვარებული ზეცა ისე დაბლა იყო დაწეული, გეგონებოდათ, ეს-ესაა ჩამოვარდება და დედამიწას დაეცემაო. წყურვილის უსაშველო გრძნობა და აბეზარი მტვერი, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იყო, ძალას აცლიდა ჯარისკაცებს. სასმელ წყალს ლამის ოქროს ფასი ჰქონდა, რადგან საშინელი მტვერი, რომელიც ძირითადად ქვიშის ნაწილაკებისაგან შედგებოდა, აღწევდა ყველგან და ყველაფერში. მტვრით დაფარული, სიცხისაგან დამსკდარი ტუჩები კასიმის განუყრელ ატრიბუტად იქცა და ამიტომ ერთადერთი, რასაც ის ტვირთის მიტანის სანაცვლოდ ითხოვდა, იყო ჭიქა რძე, რომელიც გადახურებული, მტვრით დახშული ფილტვებისთვის ლამის უკვდავების წამლად ქცეულიყო და წყალზე ბევრად ძვირად ფასობდა.


მაგრამ კასიმს ჭიქა რძეზე უარს არავინ ეუბნებოდა, რადგან ის საოცრად მოხერხებული და გამჭრიახი იყო. კასიმს შეეძლო ტყვიების წვიმების ქვეშ გამძვრალიყო იქ, სადაც კაციშვილი ვერ გააღწევდა, მიეტანა საჭმელი და წყალი მიუვალ მთებში დამალული საბჭოთა ჯარისკაცებისათვის.

ერთ დღეს, როცა კასიმი მორიგი ვოიაჟიდან თავის ნაწილში ბრუნდებოდა, მოხდა შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ჯარისკაცის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ბანაკამდე ერთი კილომეტრიღა იყო დარჩენილი, მანქანის საჭესთან მჯდარი ჯარისკაცი ხშირად გადახედავდა ხოლმე გვერდით სკამზე დადებულ ზურგჩანთას, რომელშიც მისი საყვარელი ნუგბარი-ჭიქა რძე ეგულებოდა. კასიმმა მანქანა პატარა ნაკადულთან შეაჩერა, გადმოვიდა და რუს ნაპირზე ჩამოჯდა, რძიანი ბოთლი წყალში ჩადო გასაგრილებლად და ნეტარებით მიეცა ოცნებას, თუ როგორ ჩაირაკრაკებდა ცხელ, მტვრიან ყელს გრილი, მაცოცხლებელი სითხით. უეცრად კასიმის ყურადღება ნაკადულის პირას მოძრავმა არსებამ მიიპყრო. ჯარისკაცი გაირინდა და თავდასაცავად მოემზადა, რადგან ქვებში მხოხავ არსებაში შხამიანი გველი-კობრა ამოიცნო, თუმცა მისი შიში უსაფუძვლო გამოდგა: გველს აშკარად უჭირდა მოძრაობა, ცხადი იყო, რომ ის ცუდად გრძნობდა თავს. მასთან სულ ახლოს კი ხუთიოდე გველის წიწილი ფართხალებდა ქვიშაში: პაწაწინები და უსუსურები დედის ირგვლივ ტრიალებდნენ და მხურვალე ქვებში ამაოდ ეძებდნენ საჭმელს.

კასიმს შეებრალა გველი და მისი შვილები, თუმცა რა შეცოდებაზე შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი, როცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკვდილი იყო ჩასაფრებული და მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა ის სახლში. კასიმი ყაზახეთში დაიბადა და გაიზარდა და არ ეშინოდა გველების. ის დაკვირვებით უმზერდა ქვებში მოფართხალე არსებას და იცოდა, რომ გველს დიდხანს სიცოცხლე არ ეწერა. ჯარისკაცმა წყლიდან ამოიღო რძიანი ბოთლი და ის-ის იყო უნდა დაელია, მაგრამ როცა კიდევ ერთხელ შეხედა გველების ოჯახს, ბოთლი პირიდან მოიშორა, მანქანის საჭეს მიუჯდა და თავის ნაწილში მივიდა. სასადილოდან პატარა რკინის ჯამი გამოიტანა და ისევ ნაკადულის პირას დაბრუნდა. კასიმი დედა გველთან მივიდა, რკინის ჯამი ძირს ფრთხილად დადო და მასზე რძე დაასხა. კობრამ მაშინვე იგრძნო სუნი, მძიმედ ასწია თავი, თვალებში შეხედა ჯარისკაცს, შემდეგ კი გაჭირვებით მიხოხდა თეფშთან და ორად გაყოფილი ენით რძის ლოკვა დაიწყო. პატარა გველებმაც დედას მიბაძეს და სულ ცოტა ხანში ჯამი პირწმინდად მოასუფთავეს.

კასიმმა სინანულით დახედა ცარიელ ბოთლს, სატვირთოს საჭეს მიუჯდა და უკან დაბრუნდა. იმ დღეს მას რძის მაგივრად წყლით მოუხდა წყურვილის მოკვლა, თუმცა რატომღაც სულაც არ ნანობდა თავის საქციელს.

ამის შემდეგ ის კიდევ ოცდარვა დღის განმავლობაში მოდიოდა ამ ადგილზე და გველების ოჯახს თავის კუთვნილ რძეს ასმევდა. ჯარისკაცები მას დასცინოდნენ, გველების მამას ეძახდნენ, მაგრამ კასიმი დაცინვას არაფრად აგდებდა და ქვეწარმავლებზე ზრუნვას განაგრძობდა.

გველების ოჯახის ნახვიდან მეორე დღეს კასიმი სამედიცინო სამსახურის უფროსთან მივიდა და სთხოვა, რაიმე წამალი მიეცა გველის სამკურნალოდ. პოდპოლკოვნიკი გაბრაზდა და მთელი ბანაკის გასაგონად უყვიროდა კასიმს, რომ საზიზღარი გველებისთვის კი არა, ჯარისკაცების საყოფი წამლებიც არ ჰქონდა და სამხედრო ტრიბუნალზე გადაცემითაც კი დაემუქრა. კასიმი უხმოდ შემობრუნდა და ის-ის იყო ოთახის დატოვებას აპირებდა, როცა პოდპოლკოვნიკის ხმა მოესმა: რამხელა გველია და რა ჯიშის? ჯარისკაცი ცოცხლად შემობრუნდა და დაწვრილებით აუხსნა ექიმს, თუ როგორ იქცეოდა ქვეწარმავალი და რა სჭირდა მას.

ექიმმა მას პატარა ბოთლი მისცა, რომელშიც მოვარდისფრო სითხე ესხა და ასწავლა, რომ ეს სითხე რძეში ჩაესხა და ისე მიეცა გველისთვის. ბოლოს კი დააყოლა, რომ ჩუმად ყოფილიყო, თორემ ესოდენ დეფიციტური წამლის განიავებისათვის სამხედრო ტრიბუნალი არ ასცდებოდათ.

გველს მალე დაეტყო გამოჯანმრთელება. ის უკვე კარგად სცნობდა თავის მსხნელს, პატარა გველები კი კასიმის ჩექმებზე დასხმარტალებდნენ და მოუთმენლად ელოდნენ, თუ როდის დაუსხამდა მათ ჯარისკაცი პირის ჩასატკბარუნებელ სითხეს თეფშზე.

კასიმი რძეს თეფშზე დაასხამდა, თვითონ იქვე შორიახლოს ჩამოჯდებოდა და სიამოვნებით უცქერდა, როგორ სრუპავდნენ გველები მაცოცხლებელ სითხეს. უცქერდა და რაღაც გამოუცნობი სითბო ეღვრებოდა გულში შორეული, ომამდელი ცხოვრებიდან, რომელიც მას ეხმარებოდა დაევიწყებინა ავღანური მძიმე ყოფის ყოველდღიური საშინელებანი.

ოცდამეცხრე დღეს ის უკანასკნელად მივიდა გველებთან, რადგან მეორე დღეს კასიმის ნაწილი სხვა ადგილას, საკმაოდ შორს უნდა გადაბარგებულიყო. უკანასკნელად დაუსხა რძე გველების ოჯახს, თან იქვე ახლოს ჩაიცუცქა და რაღაცის ბუტბუტი დაიწყო, თითქოს გამოსამშვიდობებელ სიტყვას ამბობსო, მაგრამ აქ მოხდა ის, რასაც ახალგაზრდა კაცი სულაც არ ელოდა. კობრამ ელვისებური ნახტომი გააკეთა და კასიმს კისერზე შემოევლო. ჯარისკაცმა დაიყვირა და გველის მოშორება სცადა, თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. კასიმს თვალწინ გაურბინა თავისმა ხანმოკლე სიცოცხლემ, ის მოდუნდა, ბედს მინებდა და სიკვდილთან შესახვედრად მოემზადა, მაგრამ უცებ გააცნობიერა, რომ გველი მეტად უცნაურად იქცეოდა. მას არ უკბენია კასიმისთვის, უბრალოდ კისერზე იყო შემოტმასნილი და განძრევის საშუალებას არ აძლევდა მას. კობრამ თავისი კაპიუშონი პირდაპირ ჯარისკაცის თვალების წინ გაშალა და თვალი თვალში გაუყარა კასიმს, თითქოს ცდილობს დააჰიპნოზოსო. როგორც კი ჯარისკაცი ადგომას ან უბრალოდ განძრევას დააპირებდა, კობრა მას მთელი ძალით აწვებოდა საძილე არტერიაზე, კასიმი გონებას კარგავდა, თითქოს ძილბურანში ჩაიძირებოდა, ეს მდგომარეობა ათიოდე წუთი გრძელდებოდა. გონს მოსული ბიჭი ცდილობდა გამოეცნო, თუ რა უნდოდა გველს მისგან, თუმცა ამას ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო. ცხადი იყო, რომ კობრა მას იჭერდა და გაშვებას არ აპირებდა, თუმცა არც საკბენად იმეტებდა. კასიმი არ გრძნობდა შიშს, მას მხოლოდ გაურკვევლობა ტანჯავდა. გველის სიმშვიდე მასაც გადაედო და მხოლოდ იმას ფიქრობდა, თუ როდის დამთავრდებოდა ეს ტანჯვა.

გველისა და ჯარისკაცის ჭიდილი მთელი ნახევარი საათი გაგრძელდა. როცა მორიგი ჰიპნოზის შემდეგ გონს მოსულმა კასიმმა თვალი გაახილა, დაინახა, რომ არც გველი და არც მისი ოჯახი იქ აღარ იყო: ყველანი უკვალოდ გამქრალიყვნენ. აცახცახებული ხელებით დალია მან ჭურჭელში დარჩენილი ცოტაოდენი რძე, შემდეგ კი მანქანისკენ წაბარბაცდა და კაბინაში შემძვრალი კარგა ხანს ცდილობდა მის დაქოქვას აკანკალებული ხელებით. როგორც იქნა, ხელების ცახცახი დაცხრა, თვალებიც დაეწმინდა, კასიმმა მანქანა აამუშავა და ნაწილისკენ გასწია. განცდებში ჩაძირული იმასღა ფიქრობდა, რომ მაგრად მოხვდებოდა დაგვიანებისთვის და თავის გასასამართლებელ საბაბს ეძებდა მეთაურისათვის პატაკის ჩასაბარებლად.

თუმცა კასიმს არ მოუწია თავის მართლებამ, ან ვის წინაშე უნდა ემართლა თავი? - ბანაკს მიახლოებულ ჯარისკაცს თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალა: უზარმაზარი ხანძარი ანადგურებდა იმას, რაც მისი სამხედრო ბაზისაგან დარჩენილიყო. ირგვლივ მხოლოდ ცეცხლში გახვეული ნანგრევები და გავარვარებულ, მდუმარე ზეცაში ავარდნილი შავი კვამლის სვეტები ჩანდა. არცერთი ადამიანი, არცერთი სულიერი არსება ცოცხალი არ გადარჩენილა ამ საშინელი დაბომბვის შემდეგ, ყველანი დაიღუპნენ: მთელი ნაწილი, აბსოლუტურად ყველა - მეთაურებით დაწყებული, რიგითი ჯარისკაცებით დამთავრებული... თუმცა არა - იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, ვინც სიკვდილს გადაურჩა. ის ერთმა ჭიქა რძემ იხსნა საშინელი სიკვდილისაგან. დიახ, ერთი ჭიქა რძე-ეს იყო კასიმის სიცოცხლის საფასური. მადლიერმა გველმა, რომელსაც კასიმმა სიცოცხლე აჩუქა, ასე გადაუხადა სამაგიერო სიკეთე თავის მხსნელს.

დიახ, მხოლოდ ერთი ჭიქა რძე და ... მთელი ცხოვრება!

5
3836
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3836
  
2020, 19 თებერვალი, 3:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 18 თებერვალი, 23:48
გორთან მდებარე დევნილთა დასახლებაში მუშაობს ექიმად ის ადამიანი ვისი მონაყოლიც ვიცი ამ თემაზე...
2020, 18 თებერვალი, 23:34
კი, მართლა მომხდარა ეს ამბავი. უბრალოდ მე ცოტა გავამხატვრულე :)
2020, 18 თებერვალი, 23:04
გველსაც კი აქვს უნარი სიკეთის გაგება - შეგრძნებისა, ზოგიერთი ადამიანისაგან განსხვავებით!
2020, 18 თებერვალი, 19:22
ეს ნამდვილი ამბავია, წამიკითხავს და ქართველი ავღანეთ გამოვლილი ქართველი სამხედრო ექიმისგანაც მომისმენია.
0 1 5