x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508482
„ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა მოხუცი მამალი დაადგა საიქიოში მიმავალ გზას"

imageყოველ ზაფხულს ჩავდიოდი სოფელში. სუფთა ჰაერი, უშუალო ურთიერთობები, მარტივი და მხიარული ბავშვობა... მაგრამ ასეთ ბავშვობაშიც კი მოიძებნება ისეთი მომენტები, რომლებსაც ყველაზე ბანალური მძაფრსიუჟეტიანი ფილმების შაბლონური ფრაზა უხდება: „მე დღემდე მსურს მისი მოკვლა...“

ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა მოხუცი მამალი დაადგა საიქიოში მიმავალ გზას. არა, ის არ იწვა მშვიდად საქათმეში და არ ელოდა ქარონთან გამგზავრებას შვილებითა და შვილიშვილებით გარშემოცული. ოცამდე ცოლი ჰყავდა, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების მქონე მამალს დააკმაყოფილებდნენ, მაგრამ მას სექსის ინტერესი საბოლოოდ გაუქრა. არავის უყვარს უსაქმურები, სოფელში კი უსაქმურობა სასიკვდილო ცოდვაა, სწორედ ამიტომ, ბებიაჩემმა მას მალევე გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.

როგორც ყველა ბავშვი, მეც საკმაოდ ცნობისმოყვარე ვიყავი და მოხუცებული მამლის მოჭრილ თავს შევცქეროდი, თან ვფიქრობდი რით დაიმსახურა მან ასეთი განაჩენი. ბებიამ მალევე მოუღო ბოლო ჩემს ფილოსოფიურ კარიერას და ალიყური მითავაზა, რადგან როგორც აღმოჩნდა, ახალგარეცხილი შარვალი ჩემდაუნებურად სისხლით დავსვარე.

მოკლედ, ხელი ჩავიქნიე ფილოსოფიაზე და სევდიანი მზერით გავაცილე სანაგვისკენ მოსროლილი მამლის თავი.

მისი მემკვიდრე თავიდანვე ავითვალწუნე. ამდენი წლის მერე, ზოგჯერ ვცდილობ მისი საშინელი ქცევებისა და ხასიათის გამართლებას: ობოლი იყო, ახლობლები მოუკლეს, სასტიკმა სამყარომ გააბოროტა... მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ აზრისკენ ვიხრები, რომ ის უბრალოდ შეშლილი ნაბიჭვარი იყო. ყველას ესხმოდა თავს, კატას და ძაღლებსაც კი არ ერიდებოდა, არათუ მის პატრონებს.

ჩვენი ბრძოლა მოულოდნელად და საკმაოდ მტკივნეულად დაიწყო. ის ვერაგულად დამესხა თავს მაშინ, როცა ჩემთვის მივსეირნობდი ეზოში. ორივე ალფა-მამრებად ვთვლიდით თავს, მე იმიტომ, რომ ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში ერთადერთი ბიჭი ვიყავი ოჯახში, ის კი იმიტომ, რომ მისი პატარა მამლის ტვინი ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ პირველ ორთაბრძოლაშივე სასტიკად დავმარცხე. როგორც ალფა-მამრს დანებება არ შემეძლო, სწორედ ამიტომ ჩვენს შორის ყოველდღე იმართებოდა ორთაბრძოლები და ყველა მათგანი მისი ფიზიკური, ხოლო ჩემი ფსიქოლოგიური მარცხით სრულდებოდა.

როგორც დიდმა სტრატეგოსმა, მალევე გადავწყვიტე საფუძვლიანად შეიარაღება, სწორედ ამიტომ ტყიდან საკმაოდ გრძელი და ზომიერად მსხვილი ჯოხები მოვზიდე, რომლებიც მთელს ეზოში დავალაგე იმ ადგილებში, სადაც ყველაზე ხშირად გვიწევდა მე და წყეულ მამალს ორთაბრძოლების გამართვა.

ვისაც მამალთან არასდროს უბრძოლია ალბათ არ იცის, რომ ის მოწინააღმდეგეს არა ნისკარტით, არამედ ბასრი დეზებით აყენებს ჭრილობებს, რისი წყალობითაც ჩემს ფეხებზე მალე ნაიარევები მომრავლდა. ჩემი ბედნიერი ბავშვობა საფრთხის წინაშე დადგა.

სწორედ მაშინ ვიგრძენი პირველად ნამდვილი სიძულვილი. პირველყოფილი და ბოროტებით სავსე. მე მისი მოკვლა მომინდა. თუ ადრე ჯოხებს შუბის მსგავსად ვიყენებდი, ანუ მამალს უბრალოდ ვიშორებდი იქამდე, სანამ არ დაიღლებოდა, მისი მოკვლის სურვილით ანთებულმა მთელი ძალით დავუწყე ჯოხის რტყმა თავში, ფეხებში, ერთი სიტყვით ყველგან, სადაც ვახვედრებდი. მალე ბედნიერი და უდარდელი ბავშვი, მრავალ ბრძოლაგამოვლილ გლადიატორს დავემსგავსე.

ყველაფერი შეიცვალა, როცა რეზინის ბოტები ჩამომიტანა მამაჩემმა. მამლის დეზებს არ შეეძლოთ ბოტებში შეღწევა, სწორედ ამიტომ უკვე ბრძოლების ინიციატორად მე ვიქეცი. კბილებამდე შეიარაღებული, ყოველდღე ვუნიშნავდი თავხედ მამალს დუელს. ჯოხის ყოველი მოქნევისა და მისი კონტრშეტევის მოგერიების შემდეგ, ამაყი გამომეტყველებით ვეკითხებოდი: „სულ ეს ხარ? მეტი არაფერი შეგიძლია?“.

მამალი არ მნებდებოდა, მე კი სისასტიკის ახალ საფეხურზე გადავედი. ყოველ ჯერზე, როცა დედალი იკვლებოდა, მამალს თვალებში ვუყურებდი და ვიღიმოდი.

მე ვიცოდი, რომ ჩემი გამარჯვება გარდაუვალია. მის შვილებსა და ცოლებს ვჭამდი. ვიცოდი რომ ერთ დღესაც მის კარგად დაბრაწულ გულსაც ვიგემებდი, მხოლოდ ერთ რამეს ვნანობდი... იმას, რომ მისი ვიწრო გონება ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებდა.

ჩვენ ყოველდღე ვიბრძოდით, გამეტებულად და თავგანწირულად, როგორც სიკვდილზე მიმავალი გლადიატორები.
image

0
529
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
529