x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"ღამით გაპარული მეტოტე" - ერეკლე მე-2-ის და მოხევი მთაკაცის ისტორია

image

მოხევეებმა ხევის სატკივარის ერეკლესათვის მისაწვდენად თბილისში წარმომადგენლები გამოგზავნეს, რომელთა შორის იყო 18 წლის მთაკაცი, რომელიც ნაძვივით აშოლტილ მოხევეებსაც კი ჩრდილავდა სიმაღლით. ერეკლე მეფეს ძალიან მოსწონებია ახოვანი მთიელი და უთქვამს, ჯერ ნურასა მთხოვ, რადგან სათხოვარი მე მაქვსო.

თურმე იმხანად სპარსეთიდან საქართველოში ერთი განთქმული ფალავანი ყოფილა ჩამოსული. ვისაც დაეჭიდა, ყველა ბეჭებზე გააკრა თურმე. ერეკლეს ბრძანებით სხვადასხვა კუთხიდან მოუხმიათ გამოჩენილი მოჭიდავეებისთვის, მაგრამ მარცხს მარცხზე ითვლიდნენ ქართველები.

ერეკლეს მოხევე ჭაბუკისთვის სპარსელი მოჭიდავის ამბავი უთქვამს და უთხოვია, დაეჭიდეო. ჯერ შორს დაუჭერია ჭაბუკს თავი, ჭიდაობისა არა ვიცი რა, ხმალში გავალო, მაგრამ მეფის ხათრით დათანხმებულა.

მოხევეს დაუმარცხებელი სპარსისთვის თავისი პირობები წაუყენებია. ჭიდაობა მეორე დღეს ავლაბრის ხიდზე უნდა გამართულიყო, რომლის მერეც დამარცხებული და შერცხვენილი ფალავანი პირდაპირ მტკვარში უნდა გადამხტარიყო. აბა, გალახული კაცის სიცოცხლეს რა ფასი აქვსო? უკითხავს ამაყ მთიელს.

მთაკაცის ხილვით შეფიქრიანებულ სპარსელს ხმა ვეღარ ამოუღია, მოხევის პირობებს უსიტყვოდ დათანხმებია.

მეორე დღეს ავლაბრის ხიდს გაღმა-გამოღმა აუარება ხალხი შეყრილა. ჩაუცმევიათ მოხევისთვის საჭიდაო ჩოხა და ისიც ფეხშიშველი შესულა ნახერხით მოფენილ წრეში. დიდხანს მდგარა დოინჯშემოყრილი სპარსელის მოლოდინში, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის გამზადებული. მზე გადაწვერილა, ზურნა-დალაბანდი არაერთხელ აჭყვიტინებულა და დადუმებულა, მაგრამ სპარსელი ფალავანი არსად ჩანდა. ამბის შესატყობად გაგზავნილმა კაცებმა მეფეს მოახსენეს, სპარსელი წუხელ გაიპარა თბილისიდანო...

გახარებულმა ერეკლემ თურმე დიდძალი საჩუქარი შესთავაზა მოხევეს, მაგრამ მას უარი უთქვამს ჯილდოზე, მხოლოდ მოხევეთა სათხოვარი გადაუცია ერეკლესთვის.

სამწუხაროდ, მოხევე მთაკაცის სახელი ისტორიას არ შემორჩენია, მაგრამ მისი ამბავი არ დაკარგულა და არც დავიწყებას მისცემია. მოგვიანებით ალექსანდრე ყაზბეგმა თავის „ელგუჯაში“ სწორედ ის ლეგენდარული მოხევე გააცოცხლა სვიმონ ჩოფიკაშვილის სახეში...

2
1413
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1413
  
2020, 9 თებერვალი, 2:55
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2020, 28 იანვარი, 3:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2