x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აგატა კრისტის ოინი - დახვეწილი შურისძიება თუ ფანტასტიკური კრიმინალი
1926 წლის დეკემბრის ერთ სუსხიან დილას ბრიტანელმა პოლიციელებმა უპატრონოდ მიტოვებული ავტომობილი იპოვეს. შემაშფოთებელი ახალი ამბავი სწრაფად გავრცელდა პრესაში და უამრავი ადამიანი დაამწუხრა. საქმე იმაში იყო, რომ ავტომობილი ცნობილ მწერალ ქალს, ''დეტექტივების დედოფალ'' აგატა კრისტის ეკუთვნოდა, რომელიც ავტომობილის პოვნის დღეს უკვალოდ გაუჩინარდა. ძარცვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, რადგან აგატას ძვირფასი ქურქი და მისი სხვა პირადი ნივთები ხელუხლებლად იყო ავტომობილში დატოვებული. აგატას შინამოსამსახურემ პოლიციას განუცხადა, რომ ქალბატონი წინა საღამოს გავიდა სახლიდან მეუღლის მანქანით და უკან აღარ დაბრუნებულა.




image



სკოტლანდ - იარდი ფეხზე დადგა და ძალ-ღონეს არ იშურებდა გამქრალი ქალის მოსაძებნად, თუმცა რამდენიმედღიან ძიებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მწერალი ქალის კვალს ვერ მიაგნეს-იგი თითქოს ცამ ჩაყლაპაო. მთავარ ეჭვმიტანილად აგატას მეუღლე არჩიბალდ კრისტი გამოცხადდა. საქმე იმაში იყო, რომ ქალის გაუჩინაურებამდე ცოტა ხნით ადრე არჩიბალდმა მეუღლეს განქორწინება მოსთხოვა, რადგან სხვა ქალზე იყო შეყვარებული და მის ცოლად მოყვანას აპირებდა. აგატამ ძალიან განიცადა ეს ამბავი და განქორწინებაზე უარიც კი განუცხადა მეუღლეს. ამიტომ ყველა ფიქრობდა, რომ არჩიბალდმა ქალი ... უბრალოდ მოკლა. ეჭვი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ცნობილი გახდა, რომ აგატას გაქრობის ღამე მისმა ქმარმა ქალაქგარეთ მდებარე აგარაკზე გაატარა საყვარელთან ერთად. ასე რომ, არჩიბალდის ალიბის ერთადერთი მოწმე მხოლოდ მისი საყვარელი იყო, რომლის ჩვენებაც, რა თქმა უნდა, მიკერძოებული და ყალბი იქნებოდა.

მთელი ინგლისის (და არამარტო ინგლისის) საზოგადოება თანაუგრძნობდა გამქრალ ქალს და მთელი არსებით სძულდა არჩიბალდ კრისტი, რომელსაც ყველასათვის საყვარელი მწერლის მკვლელობას მიაწერდნენ. მამაკაცს ლამის ჯოჯოხეთის ცეცხლში გავლამ მოუწია, მას ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა, რადგან ერთი მცირეოდენი ხელჩასაჭიდი სამხილიც კი საკმარისი იყო მის დასაპატიმრებლად და მისთვის ბრალის წასაყენებლად. საყვარელმა ქალმაც კი ხელი ჰკრა: ნენსიმ არჩიბალდს გამოუცხადა, რომ მკვლელს ცოლად არასოდეს გაჰყვებოდა. დაგეგმილ ქორწილზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. გამწარებული არჩიბალდ კრისტი აქეთ-იქეთ აწყდებოდა და განწირული ეძებდა ცოლს, რათა თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა.
საქმის გამოსაძიებლად და გამქრალი ქალის საპოვნელად სკოტლანდ-იარდმა თავად არტურ კონან დოილი მიიწვია, რომელმაც გადაწყვიტა ძიებისას შერლოკ ჰოლმსის მეთოდები გამოეყენებინა. ლეგენდის მიხედვით სწორედ დედუქციის მეთოდი და მედიუმის ნიჭი დაეხმარა კონან დოილს საქმის გახსნაში, ხოლო სხვა, უფრო სარწმუნო ვერსიის მიხედვით კი ვიღაცამ უბრალოდ დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ მათ მიერ ძებნილი ქალი ფეშენებელურ სასტუმრო Swan Hydropathic Hotel-ში ცხოვრობდა, შესანიშნავად ატარებდა დროს საცეკვაო მოედანზე და ძვირადღირებულ სპა-პროცედურებს იტარებდა. პოლიცია იმწამსვე გაემართა სასტუმუოსკენ და მართლაც, იქ მათ იხილეს ქალბატონი აგატა კრისტი, რომელიც მკვდარს სულაც არ ჰგავდა - პირიქით, მშვენივრად გამოიყურებოდა და კალამბურებს არ იშურებდა სახტად დარჩენილი პოლიციელების მიმართ. საოცარი იყო ის, რომ მწერალი ქალი სასტუმროში ქმრის საყვარლის-ნენსი ლილის სახელითა და გვარით იყო დარეგისტრირებული.


მოგვიანებით აგატამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მწუხარებისაგან მას დროებით წაერთვა გონება და ვერ აცნობიერებდა, თუ რას სჩადიოდა. ამიტომ სრულებით არ ახსოვდა, თუ როგორ მივიდა სასტუმროში ან საერთოდ, რას აკეთებდა იქ, თუმცა ფსიქოლოგების განმარტებით, ეს იყო ტყუილი და არანაირი გონების დაბინდვა ქალბატონს არ ჰქონია, რადგან ის მშვენივრად ატარებდა დროს სასტუმროში, მხიარულად ესაუბრებოდა იქ გაცნობილ ადამიანებს, შესანიშნავად ცეკვავდა, უკრავდა ფორტეპიანოზე, ხშირად სტუმრობდა ძვირადღირებულ სპა-სალონს და ვახშამზე სვამდა ძვირფას ღვინოებს. ადამიანს, რომელსაც გონება დაკარგული აქვს, ამ ყველაფრის გაკეთება უბრალოდ არ ხელეწიფება.



imageფოტოზე: არჩიბალდ და აგატა კრისტები



ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, კარგად გათვლილი შურისძიება ყოფილი ქმრის მიმართ, რომელმაც გაბედა და აგატას მიტოვება განიზრახა. ეს იყო არჩიბალდ კრისტის სრული განადგურება, მისი მომავალი ხმაურიანი ქორწილის ჩაშლა. საყვარლები, ისევე როგორც ვირთხები, პირველები გარბიან ჩაძირული ხომალდიდან...

და მაინც, აგატა შედარებით ლმობიერად მოექცა არჩიბალდს. მას შეეძლო უბრალოდ მოეწამლა მოღალატე ქმარი. თან ამას ისე ოსტატურად გააკეთებდა (მისი მოთხრობების გმირებივით), რომ მის უდანაშაულობაში ეჭვსაც კი ვერავინ შეიტანდა.

გავა ცოტაოდენი ხანი და აგატა თავად მიატოვებს არჩიბალდს, იპოვის ახალ სიყვარულს და ცოლად გაჰყვება 15 წლით უმცროს არქეოლოგს მაქს მელოუნს. არჩიბალდს ეს ამბავი საბოლოოდ გაანადგურებს, აგატა კი ქმართან ასაკში დიდი განსხვავების გამო იტყვის ცნობილ ფრაზას: "მშვენიერია გყავდეს არქეოლოგი ქმარი. რაც უფრო გემატება წლები, მით უფრო ძვირფასი ხდები მისთვის".

7
226
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
226
  
2020, 30 იანვარი, 23:01
მადლობა, ჩემო კარგო...უდროობას რა ვუთხარი, თორე... :)
2020, 30 იანვარი, 10:53
მანჩო, ,,საშინლად,, მაგარი სტატიაა და მოგვაყარე რაააა მეტი და მეტი)
2020, 26 იანვარი, 23:20
აგატას არ გაუჭირდებოდა ამის მოფიქრება :)
2020, 26 იანვარი, 16:25
მანჩო :* ამოსუნთქვის გარეშე ჩავიკითხე და დამაკლდა, კიდევ მინდოდა :) კრისტის სიტყვები - "მშვენიერია გყავდეს არქეოლოგი ქმარი. რაც უფრო გემატება წლები, მით უფრო ძვირფასი ხდები მისთვის", ძალიან მომეწონა და შემდეგი ფრაზები გამახსენდა : "მშვენიერია გყავდეს ლამაზი ქმარი, თუმცა ცხოვრება ჭკვიანთან ჯობია".
2020, 26 იანვარი, 14:07
კარგი იყო, მოღალატეები არ იმსახურებენ პატივისცემას...
0 1 7