x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამირანი
ამირანი


ამირანი (სვანურად ამირმ ან მირიმ) არის უძველესი წარმართული ქართული ეპოსის "ამირანიანის" მთავარი გმირი, კოლხური მითოლოგიის ღერძი, ბერძნულ მითოლოგიაში პრომეთეს ორეული, ქალღმერთ დალისა და მონადირე დარჯელანის შვილი (ეს ვერსია ამაგრებს ვარაუდს, რომ "ამირან-დარეჯანიანის" წყაროც ხალხურია). დაახლოებით 4000 წელზე მეტი ხნის წინ შექმნილი საკაცობრიო მაშვრალის ტიპი, სიკეთის სიმბოლო. ბაადურის, კოპალას, ტარიელის, ავთანდილის, ფრიდონის, აბესალომის, ასფურცელასა და სხვა გმირთა გვერდით, ამირანს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს.


ამირანი


მის ამბავში ბევრია ზღაპრული ელემენტი, მისი მთავარი ვარიანტები ზღაპრების წიგნში შეაქვთ, მაგრამ თავისი არსით ამირანი მითური გმირია. ფეხმძიმე, მძინარე დალს გამოქვაბულში თავს წაადგა დარჯელანის ეჭვიანი ცოლი და ოქროს ნაწნავები შეაჭრა. განწირულმა დალმა დარჯელანს უთხრა: მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიღე, ხარის ფაშვში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. გზაჯვარედინზე სამი წმინდა კაცი მოვიდა და ბავშვი სამივემ დალოცა (შეადარეთ ყრმა ჰერაკლეს დაგდება დედისგან, ჰერასა და ათენას გამოვლა და ბავშვის აყვანა, აგრეთვე სამი ღმერთის სტუმრობა ჰირიევსთან და ბუმბერაზ არიონის დაბადება. შეადარეთ აგრეთვე იესოს დაბადება და მასთან სამი მოგვის მისვლა და მათ მიერ იესოს დალოცვა-დასაჩუქრება.)



ამირანი


ამირანი სწრაფად იზრდება, ხდება ხალხის ქომაგი, დევთა, ქაჯთა, ავსულთა და გველეშაპთა მჟლეტელი. თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე აქვს, მგლის მუხლი, ზვავის სისწრაფე და საცრისოდენა თვალები (ჰერაკლეც დაახლოებით ამ თვისებებით გამოირჩევა, ღვთაებრივი ბრიალა თვალები აქვს და ქარივით სწრაფია). ხალხი მსუბუქი იუმორით დამშვენებული, ლაკონური ლექსებით ადიდებს თავის პირმშოს: "ცოტა კაცია ამირან, ცოტა სმა-ჭამა ეყოფა, სადილად ბუჭა-კამეჩი, ვახშმად არც სამი ეყოფა" (შეადარეთ, ჰერაკლემ ერთი ხარი ერთ დაჯდომაზე შეჭამა). ხარის ფაშვში თუ ტყავში გახვევასაც მოეძებნება პარალელი კოლხური ჯგუფის ბერზნულ მითოლოგიაში: მიწაში ჩამარხულ ხარის ტყავში იშვა ბეოტიელი ბუმბერაზი ირიონი. მრავალი ზღაპრული თავგადასავლის შემდეგ (ბრძოლა გველეშაპთან, ქაჯებთან, დევებთან, ყამარის მოტაცება და სხვ.) ღმერთმა ამირანი კავკასიონზე მიაჯაჭვა. სხვა ვერსიით, ღმერთი თუ წმინდა გიორგი (გვიანდელი ქრისტიანული ფენები) გზად შეეყარა. ამირანმა უთხრა დამეჭიდეო. ღმერთმა კიდობანში ჩასვა, ზედ მარილის კვნიტი დაადო, დასრულდა ხალხის ქომაგის თავისუფალი ცხოვრება.


ამირანი


ქვეყანას ისევ გაუჭირდა, იმძლავრა ავსულმა, თავს გავიდნენ დევები, დაიწყო შიმშილი. მაშინ ამირანის საძებნელად გაეშურა რჩეულ ვაჟკაცთა ჯგუფი, მაგრამ მხარი ეცვალათ, ან მონადირეები წააწყდნენ, ხეები დანიშნეს, მაგრამ ხალხი რომ წაიყვანეს ნიშნები აღარ იყო. ამაოდ ეცადნენ მის ხსნას, ყველაზე უფრო ცნობილი ვერსიით, გმირი მიჯაჭვულია კავკასიონის კლდეზე, მის პირდაპირ ბაყბაყ დევია დაბმული, ორივე ლამობს მისწვდეს შუაში დაგდებულ უროს, რომ რკინის პალო გატეხოს, მაგრამ ამაოდ. სვანმა მონადირეებმა, რომელთაც მიაგნეს, ურო ვერ დაძრეს. თუ ამირანი თავს აიხსნის, ქვეყნად გასაჭირს ბოლო მოეღება. აქ მითი მესიანურ ნიადაგზე გადადის.


ამირანი


სიძველე, მხატვრული სრულყოფა, ბრძოლა ბოროტ ძალებთან ამირანს დიდ გმირთა შორის საპატიო ადგილს უმკვიდრებს. ეპოსი საინტერესოა იმითაც, რომ პროზა და ლექსი ენაცვლება ერთიმეორეს (ამირან-დევი შეიბნენ, მიწას გაჰქონდა გრიალი, ამირანმა დევი დასცა, დააწყებინა ღრიალი").

ამირანის ნიშანია ოქროს კბილი, ამირანის სახელის მსგავსება ირანელთა აჰრიმანთან შემთხვევითია. ბოროტი ღვთაება სიკეთის გმირად ვერ იქცეოდა.


ამირანის ეპოსი მრავალმხრივ აისახა ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რკინის ხანის მცხეთის ბრინჯაოს სარტყელზე, ყაზბეგის განძის ფიგურებზე. ცნობილია 150 ვარიანტი ლექსად და პროზად (ძალზე საინტერესო და თავისებურია სვანური ვარიანტი, რომელიც მოხუცი ვიჩი გელოვანის გადმოცემით, დიდი ხელნაწერი წიგნი ყოფილა. ეს წიგნი კოშკთან ერთად დამწვარა და ზეპირი მონათხრობიღა დარჩენილა).


ქართული "ამირანიანი" არამარტო ბერძნული პრომეთეს სავარაუდო წყაროა, არამედ ოსთა, აფხაზთა, სომეხთა ზეპირსიტყვიერების წყაროც. ბევრი რამ აქვს საერთო შუმერთა გილგამეშთან და ბერძნულ ჰერაკლესთანაც. მისი აფხაზური სახეა აბრსკილი.

არსებობს ვარაუდი, რომ ქართული ეროვნული ეპოსის გმირს შორეული კავშირი აქვს ეგვიპტელთა მზის ღმერთთან "რა", აგრეთვე შუმერთა მითთან - შუმერულად "ამა" - "დედა". ეგვიპტურად "რა" - "მზე". ე. ი. მზის შვილი, რაც ამ ჰეროსის, ამირანის თავდაპირველ სახესთან ახლოს დგას. "რა" ისმის სიმღერებშიც: ორერა, რაეო, ჩემო დედაო...


ამირანი


მრავალ ქართველ და უცხოელ მეცნიერს უმუშავია "ამირანის" პრობლემაზე, განსაკუთრებით მე-19 საუკუნიდან (თეიმურაზ ბაგრატიონი, გ. წერეთელი, ალ. ხახანაშვილი, ზაქ. ჭიჭინაძე, ივ. ჯავახიშვილი, იკ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, პ. ინგოროყვა, ალ. ღლონტი, მ. ჩიქოვანი, ნ. მარი, ვ. მილერი, დ. ლანგი, მ. იშტვანოვიჩი, ი. იედლიჩკა და სხვ.). ამირანის თქმულებებს ერთ წიგნად მოუყარა თავი მ. ჩიქოვანმა. სვანური ვერსიები ლექსად შეკრა და დაასურათა ვახტანგ ონიანმა, მანვე გამოკვეთა ამირანის გოლიათური ქანდაკება.


ამირანი ძლიერ მოგვაგონებს ცეცხლის ღვთაებას, მჭედლობის ღმერთს. ეს ჩანს ცნობილ ლექსშიც: "რის ჩემი ხმალი წრთებოდა, ცა ჭექდა, მიწა გრგვინავდა, სამჭედლო ექანებოდა; მჭედელი მემჭედურები ერთმანეთს ეფარებოდა". ამ ფონზე შექმნა ამირანის ციკლის სურათები ვ. ონიანმა. მანვე თავისებურად დაამუშავა და გამოსცა "ამირანი", შექმნა მონუმენტი, რომელიც დგას სიღნაღში, სიმაღლით 12 მეტრი. პოეზიაში ფართოდ აისახა, როგორც მიჯაჭვული ტიტანი, ერის ემბლემა, ნათელი ძალა.


ამირანი


სვანეთში ამირანის უძველესი ვარიანტები ყველაზე უფრო სრულყოფილად და ნაირფეროვნადაა შემონახული, ზოგიც ჩაუწერელი. მაგალითად ერთი თავისებური ვერსია, რასაც ყმაწვილები ასი წლის ვიჩი გელოვანისგან ვისმენდით და შეიცავდა ამირანისა და ნასიბის ამაღელვებელ თავგადასავალს ზღვასა და ხმელეთზე, მის შეუპოვარ ჭიდილს ბულუმუღუნ დევთან, ჯგირაგთან ჭიდილსა და სხვ. შეადარეთ ბელეროფონტი (ღმერთებთან პაექრობა, და გმირის დასჯა, ღმერთთან მოჭიდავე იაკობი ბიბლიაში და სხვ.). სვანურ ვერსიებში შემონახულია "ამირანული ბალახის" ამბავი, რომლის აღწერაც პრომეთესას არ ემთხვევა, მნიშვნელობით კი ერთია.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწ. მეორე)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
687
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
687
  
2019, 28 ნოემბერი, 9:52
მადლობა ლალი
2019, 22 ნოემბერი, 9:45
ბრწყინვალე სტატიაა!
0 1 2