x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„ვტირი და ვერ ვჩერდები" - 22 წლის გმირის - ზურა გურჩიანის საოცარი წერილი მამას

image


1993 წლის 5 ივლისს კამანში დაღუპული 22 წლის გმირის - ზურა გურჩიანის საოცარი წერილი მამას.

"გამარჯობა, საყვარელო მამიკო! როგორ ხარ, ხომ ხარ კარგად? კარგადაც მიმყოფოს შენი თავი ღმერთმა. მამიკო, რა არი?! მესმის, შენ გედარდები, მაგრამ მთლად ასე არ უნდა დაეცე. ვისი შვილი არ წასულა ომში, მამი. მე ვერ დაგპირდები დღეს და ხვალ ჩამოსვლას, მაგრამ დაჯის ქორწილში, ჩამოვალ. ასე რომ, ნუ დარდობ და, თუ ღმერთი გწამს, მიმიხედე დედას. მამიკო, დედა სულ მეკითხება მიზეზს აქ წამოსვლისას. მამიკო, მე გეტყვი ერთ რაღაცას, შარშან ბიჭებმა ვთქვით, თუ ომი დაიწყო, გულდედალი იყოსო, ვინც არ წავიდესო. აქ რომ ჩამოვედი, ის ბიჭები, ყველანი, გვარდიაში იყვნენ და იყვნენ პირველი დღიდანვე. ერთი ჩემი ამხანაგი მოკლეს თურმე ოჩამჩირეში და იმის საფლავზე დაიფიცეს, რომ ბოლომდე მდგარიყვნენ. მე რომ შემხვდნენ, მითხრეს, რას შვებიო? თქვენ რას შვებითთქო და მიამბეს ამ ბიჭის ამბავი. ბადრი მუშკუდიანთან ერთად ჩაუგდიათ თურმე ტყვედ, დაჭრილი უწამებიათ, დაიჩოქეო. არ დაუჩოქია და მუხლები მოუმტვრევიათ. ეს ბედი ეწია სამივეს, მათ შორის, ბადრისაც. ჰოდა, მათ საფლავებზე დაუფიციათ ბიჭებს.

მამიკო, დათო ჩემი ყველაზე უახლოესი მეგობარი იყო, კარატისტი ბიჭი იყო. მე რა მეთქვა, გავშრი...მინდოდა გვარდიაში შესვლა მანამდეც, მაგრამ თქვენს ჩამოსვლას ველოდებოდი. არ მინდოდა ასე დაუკითხავად წამოსვლა, ვიცოდი, არ გამომიშვებდით, მაგრამ ნათქვამი ხომ მაინც მექნებოდა. მერე აუცილ- ებლად ვაპირებდი წამოსვლას, რატომ იცი?!. როცა მტერი აფხაზი იქნება, თუ რუსი, ჩეჩენი თუ ოსი, შენს მიწას გეცილება...ქართველი ბავშვების სისხლს სვამენ, გოგონებს ქართველი კაცების თვალწინ აუპატიურებენ, ძუძუებს აჭრიან და მერე, შეჭამეო, გეუბნებიან...არა, მამა, თუ ეს ყოველივე შერჩათ აფხაზებს და მათ დამქაშებს, მაშინ ჯობია, მამაკაცმა შარვლის მაგივრად კაბები ჩავიცვათ, ხელში საქსოვი დავიკავოთ და ვქსოვოთ. მამა, მე მითხრა დედამ, ავად არიო. მაშინ, ძაან გთხოვ, გამაგრდი ახლა როგორმე. ჩემი ჩამოსვლა თუ გიშველის, მაშინ, გირჩევ, ქალის თავსაფარი გამიმზადე და რომ ჩამოვალ, ის დამახურე თავზე.

მამა, მე ასე მჯერა, შენ რომ ჩემხელა იქნებოდი, შენც ჩემსავით მოიქცეოდი. მამიკო, მე ვმერყეობდი. მე და გია რომ ვიყავით აქ, მაშინ ქუჩაში მივდიოდი და დავინახე ახალი ანაფეთქები, მივედი ახლოს და 12 წლის ბავშვი გამხდარიყო ამ აფეთქების მსხვერპლი, დედა-შვილი შეიწირა ამ აფეთქებამ. მამიკო, მაშინ ვთქვი, სანამ პირში მიდგას სული, არ შერჩება არცერთ მომხდურს ქართველის სისხლი.

მამა, ამ გაგებით შევედი გვარდიაში და ამ აზრზე ვარ დღესაც. ის დანარჩენი ჩემი ამხანაგებიც ჩემთან ერთად გამოვიდნენ, გამოვიტანე ჩემი და მათი წიგნაკები. დედას ვანახე, მამიკო... ვერ ვუღალატებ ამ ბიჭებს...დედა მეუბნება, სხვები რომ იმალებიან, შენც დაიმალეო. სხვებივით ვერ შევძვრები თაგვის სოროში მეც...მეტი რა მოგწერო...

მამიკო, გკოცნი და გკოცნი. ვაჟკაც კაცს არ შეშვენის ვაი და ვუი, პირიქით, ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე, ლხინშიგეგულებოდეს ჩემი თავი. მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის ეს არის აქ დგომა და უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი კაცი ხარ და გეცოდინება, იყო ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლებიან. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა.

მეტი რა, მამი, კარგად იყავი. წერილი წერილია, უყვარს ლამაზი სიტყვები. მე კი ერთს გეტყვი, მე ჩემი თავი მართლად მიმიჩნევია შენს წინაშეც
და სამშობლოს წინაშეც. ვიცი, გიმძიმს ჩემი აქ ყოფნა. მამა, ძაან გთხოვ, თავს მოუფრთხილდი. კიდევ ერთხელ გკოცნი. ნუ გეშიანია. დაჯის ქორწილზე აუცილებლად ვიქნები."

ზურა.

დიდება გმირებს!

ვტირი და ვერ ვჩერდები :(((((((((
image

2
376
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
376
  
2019, 20 ნოემბერი, 16:02
ჩემი მამიდაშვილის-გია გურჩიანის საუკეთესო მეგობარი იყო, გია სამართალმცოდნეობაზე სწავლობდა და ზურა ბიოლოგიურზე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ზურამდე ორი დღით ადრე დაიღუპა გია. :(
0 1 2