x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
სოციალური შფოთვითი აშლილობა/სოციალური ფობია
image

სოციალური შფოთვითი აშლილობა, რომელიც ადრე სოციალური ფობიის სახელით იყო ცნობილი, წარმოადგენს შფოთვით აშლილობას, რომელიც ხასიათდება გადაჭარბებული შფოთვითა და უხერხულობის განცდით ყოველდღიურ სოციალურ სიტუაციებში. სოციალური შფოთვითი აშლილობის მქონე ინდივიდები ხასიათდებიან განმეორებადი, ინტენსიური და ქრონიკული შიშით იმისა, რომ სხვები აკვირდებიან და აკრიტიკებენ, ასევე უხერხული და სამარცხვინო ქცევის განხორციელების შესახებ მკვეთრად გამოხატული შიშით. მათი შიში იმდენად ძლიერია, რომ ხშირად ხელს უშლის სასკოლო, სამსახურეობრივ და სხვა აქტივობების შესრულებაში. ინდივიდთა უმრავლესობა, რომლებიც სოციალურ შფოთვითი აშლილობით ხასიათდებიან, აცნობიერებენ თავიანთი შიშის უსაფუძვლობასა და გადაჭარბებულობას, თუმცა ვერ ახერხებ ამ შფოთვის დაძლევას. ისინი ხშირად დღეების ან კვირები განმავლობაში წინასწარ ღელავენ და განიცდიან მოსალოდნელ საშიშ სიტუაციას. დამატებით, ისინი ხშირად ხასიათდებიან დაბალ თვით-შეფასებათა და დეპრესიით.

სოციალური შფოთვა შესაძლოა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სიტუაციაში გამოვლინდეს, როგორიცაა მაგალითად სიტყვით საჯაროდ გამოსვლა, ან ინდივიდი შფოთვას განიცდიდეს ნებისმიერ სოციალურ სიტუაციაში. თუ სოციალური ფობია უყურადღებოდ დარჩება და არ მოხდება მისი სათანადოდ მართვა, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას ინდივიდის ფუნქციონირებას. მაგალითად, მან შეწყვიტოს სკოლაში, სამსახურში სიარული, ასევე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა.

სოციალურ შფოთვითი აშლილობა იწვევს ინტენსიურ სტრესს, რომელიც ხასიათდება რიგი ფიზიკური სიმპტომებით. ესენია: გაწითლება, ოფლიანობა, კანკალი, გულის რევის შეგრძნება, მეტყველების შეფერხება. რადგანაც ეს შესამჩნევი სიმპტომები აძლიერებს სხვების წინაშე შერცხვების შიშს და თავადაც შიშის დამატებით ფოკუსს წარმოადგენს, ქმნის უწყვეტ ციკლს: სოციალური ფობიის მქონე ადამიანებს ეშინიათ არ გამოავლინონ სიმპტომები, რაც ზრდის მათი გამოვლენის ალბათობას.


სოციალურ შფოთვითი აშლილობა ხშირად გამოვლინდება ერთი ოჯახის შიგნით და კომორბიდში გვხვდება დეპრესიასთან, ისეთ შფოთვის აშლილობებთან, როგორებიცაა პანიკური აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. ბევრი ადამიანი სოციალურ შფოთვითი აშლილობით „თვითმკურნალობას“ მიმართავს ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მეშვეობით, რაც თავის მხრივ ზრდის დამოკიდებულების გაჩენას.

აღსანიშნავია, რომ გავრცელების მხრივ, სოციალურ შფოთვითი აშლილობა ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება ქალბატონებში, ვიდრე მამაკაცებში, მაგრამ მამაკაცების უფრო დიდი რაოდენობა მიმართავს შესაბამის დაწესებულებებს დახმარებისათვის. აშლილობა, როგორც წესი, თავს იჩენს ბავშვობის ან ადრეული მოზარდობის პერიოდში.

DSM-5 გვთავაზობს შემდეგ კრიტერიუმებს სოციალური შფოთვითი აშლილობის დიაგნოსტირებისთვის:

  • უცნობი ადამიანების წინაშე წარდგომის ან მათი ყურადღების ცენტრში ყოფნისას სამარცვინო ქცევის განხორციელების შიში, ამგვარი სიტუაციებისაგან თავის არიდების ტენდენციით.
  • სოციალური სიტუაციებში წარდგენისას ინდივიდი განიცდის ძლიერ შფოთვას.
  • ხდება საშიში სიტუაციებისაგან თავის არიდება ან გაძლება შფოთვისა და დისტრესის ხარჯზე.
  • შიში და შფოთვა არ შეესაბამება სოციალური სიტუაციისაგან მომდინარე შესაძლო საშიშროებას.
  • შიში და შფოთვა პერსისტენტულია და გრძელდება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში
  • განრიდების ქცევა და დისტრესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინდივიდის სოციალურ, აკადემიურ და პროფესიონალურ ფუნქციონირებაზე.
სოციალურ შფოთვითი აშლილობის ფიზიკური სიმტპომები მოიცავს:

  • გაწითლება, ოფლიანობა, კანკალი, გაძლიერებული გულისცემა, განცდა, რომ გონება იბინდება
  • გულის რევის შეგრძნება
  • კუნთური დაძაბულობა, მეტყველების შეფერხება, თვალით კონტაქტის შეუძლებლობა
სოციალურ შფოთვისი აშლილობის გამომწვევი მიზეზების შესახებ კვლევები არ გვთავაზობს ერთ კონკრეტულ პასუხს. მეცნიერთა უმრავლესობა ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურის, ამიგდალას შესწავლით ცდილობენ დაადგინონ რა იწვევს ამ აშლილობას. ითვლება, რომ ამიგდალა თავის ტვინში ასრულებს ცენტრალურ როლს შიშის საპასუხო რეაქციის განხორციელებისას. სოციალურ შფოთვითი აშლილობა მემკვიდრული ხასიათისაა. პირველი რიგის ნათესავებს 2-დან 6-მდე უფრო მეტი შანსი აქვთ განუვითარდეთ ეს აშლილობა. მეცნიერები ასევე ავითარებენ მოსაზრებას, რომელიც გულისხმობს რომ მიუღებლობაზე მაღალი მგრძნობელობა შესაძლოა ფიზიოლოგიურად ან ჰორმონალურად იყოს განპირობებული. მეცნიერთა მეორე ნაწილი კი შეისწავლის გარემოს გავლენებს სოციალური ფობიის განვითარებისას. ბავშვობისდროინდელი არასათანადო მოპყრობა შეგვიძლია მივიჩნიოთ სოციალური ფობიის განვიტარების რისკ-ფაქტორად.


სოციალურ შფოთვითი აშლილობა წარმატებულად იკურნება ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტების საშუალებით. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია შფოთვითი აშლილობების მკურნალობისას. ეს თერაპია მუშაობს შფოთვის შემცირებასა და იმ რწმენებისა და ქცევის აღმოფხვრაზე, რომლებიც ხელს უწყობს შფოთვითი აშლილობის შენარჩუნებას. კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას არ გააჩნია გვერდით ეფექტი გარდა დისკომფორტისა, რომელსაც იწვევს მომატებული შფოთვა თერაპიის დაწყებით ფაზაში. თერაპია, როგორც წერი, გვძელდება 12 კვირის განმავლობაში და შესაძლოა ჩატარდეს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. ფსიქოთერაპიასთან ერთად, მნიშვნელოვანი შედეგის მომცემია მედიკამენტოზური მკურნალობა. მედიკამენტები მოიცავს ანტიდეპრესანტებს, როგორიცაა სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, ასევე ბენზოდიაზეპინებს.

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო ნარიმანიძე
სოფო ნარიმანიძე
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0