x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვაი რა კარგი საჩინო"... - დავით გურამიშვილის კალმით დატირებული ქრისტე

მსოფლიო ხალხთა შემოქმედებაში უამრავი შედევრი შექმნილა მიძღვნილი ქრისტეს ვნებებისადმი.

არ შეიძლება დღეს არ გაიხსენო ქმნილებათაგან ერთი... გამორჩეული, ჩვენი, ქართული...

დავით გურამიშვილის "ტირილი ღვთისმშობლისა”, “მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი” ...

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უაღრესად მგრძნობიარე დედობრივი განცდები ... ფერთა პალიტრასავით შერეული ერთი მხრივ ქრისტეს ჯვარცმის გაუსაძლის ტკივილსა და მეორეს მხრივ ადამიანთა უმადურობასა, დაუნდობლობა, გაუტანლობაში...

image


..და წერდა დიდი პოეტი, უცხოობაში გადაკარგული ...

შენ კი ღვთისმშობელო, ამხელა ტკივილის ვერ ამტანო, ასე მოსთქვამდი უბრალოს ბრალით შეწირულ ერთადერთ შვილს...

***

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებაკრულსა, გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელდაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპლს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო,
თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო,
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველნი შემოგხვიესო;
ქმენ სულგრძელობა მათზედა და დათმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ქმენ სულგრძელობა მათზედა და დათმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალმანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

უტყვს ენას სძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას მშვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი – ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ქმენ სულგრძელობა მათზედა და დათმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ქმენ სულგრძელობა მათზედა და დათმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ავტორი: დავით გურამიშვილი

image

0
500
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0