x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ უფრო "მაგარია" - მორიელი, ლომი, ვერძი, თხის რქა თუ სხვა - ზოდიაქოს ნიშნების იერარქია
image

მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიის შესახებ წარმოდგენები ბოლო პერიოდში გასცდა "მორიელებს დაუვიწყარი სექსი გელით", "კუროები უმჯობესია ბუნების წიაღში განიტვირთოთ" ტიპის ყოველკვირეულ პროგნოზებს, რომელიც რიგ შემთხვევებში დაბადების დღის მისალოცად მოფიქრებულ სურვილებს უფრო ჰგავს ხოლმე, ვიდრე პროგნოზებს და ბევრმა გაიგო, ასტროლოგია გაცილებით უფრო რთული რომაა, ვიდრე ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება, მაინც არ კარგავს აქტუალობას შეჯიბრი თემაზე - რომელი ზოდიაქოს ნიშანი უფრო მაგარია.


"მაგარი" ფრიად სუბიექტური განსაზღვრებაა და ვინ რას გულისხმობს ამ შეჯიბრში, რთული დასადგენი, თუმცა ვინაიდან ზოდიაქოს 12 ნიშანი ადამიანის სულიერი განვითარების 12 საფეხურს წარმოადგენს, ალბათ, ასტრომოყვარულებისთვის საინტერესო იქნება ამ იერარქიის შესახებ უფრო მეტის გაგება. მაშ, ასე, დავატოლოთ...


image



ვერძი - პირველი ნიშანია, დაბადებაა, ყველაზე უმწიფარი სული, რომლის კარმული მისია არის - გაჩნდეს. წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, მხოლოდ საკუთარ საჭიროებებს რომ აღიქვამს. ეს ეგოს პირველი გამოვლინებაა. ადამიანი განცალკევებული, დამოუკიდებელი ელემენტი ხდება, იბადება. მე-მე… უნდა და არ აინტერესებს მეტი არაფერი, თავისას თუ არ მიაღწევს, "გადაგდგამს". მან ძალიან ცოტა იცის და ეს აძლევს საფუძველს, დარწმუნებული იყოს ყველაფერში. ის სამყაროს ცენტრია.



image



კურო - იაზრებს რომ მიწაზეა. სული განსხეულებას იწყებს, მატერიაში შესვლას, ფორმის, როგორც ჭურჭლის შესწავლას და ამ პროცესით ტკბობას. იგი სწავლობს საკუთარ სხეულს, შეგრძნებებს: მხედველობას, ყნოსვას, გემოს, შეხებას, სმენას და ამ ყველაფრის გამოყენებას. ბავშვი აღიქვამს საგნებს, ეჩვევა, ისაკუთრებს, უყალიბდება გემოვნება.

image


ტყუპები - ჩნდება ცნობისმოყვარეობა. ბავშვი იწყებს კითხვების დასმას, ინფორმაციის ათვისებას, ამყარებს ვერბალურ კომუნიკაციას. მოკლედ, ჩნდება ინტელექტის პირველი ნიშნები (ალბათ ამიტომ აკერებენ ხოლმე ტყუპებს და ქალწულებს ყველაზე ინტელექტუალების იარლიყს, თუმცა ეს დიდი შეცდომაა - მერკური ინტელექტის უმდაბლესი გამოვლინებაა - ინფორმაციის მიღება-გადამუშავება მხოლოდ) ბავშვი ღიაა ნებისმიერი ინფორმაციისთვის, თუმცა ვერ ახერხებს დიდხანს კონცენტრაციას, ყურადღება ეფანტება, ბევრი აქვს სასწავლი! ის მხოლოდ ამთვისებელია. არ გააჩნია საკუთარი პოზიციები და ეკედლება იმ აზრებს, რა აზრებიც მოისმინა.



image


კირჩხიბი - ეს უკვე ემოციური ინტელექტის დაბადებაა. მას უჩნდება გრძნობები, ემოციები, დამოკიდებულებები, მოკლედ, შინაგანი სამყარო. იგი იწყებს დამახსოვრებას, უყვარდება. რცხვენია. ტკივა. გრძნობს შიშს. ერთვება თავდაცვითი მექანიზმები. მალავს. კეტავს. მარხავს. მზად არის - ქვეცნობიერი.



image


ლომი - ყველაფერი ნეგატიური სულის რომელიღაც ბნელ კუნჭულშია შეჩურთული, დავტოვეთ მხოლოდ ის, რაც მოგვწონდა და შესაბამისად, თამამად შეგვიძლია გამოვხატოთ. ვითარდება ეგო. ჩნდება ამბიცია. ადამიანი იაზრებს, რომ განსაკუთრებულია და უნდა ეს ყველას დაანახოს. ფილტრავს და ტოვებს მხოლოდ პოზიტივს - იბადება ცნობიერი და იბადება ინდივიდუალურობა. ბავშვი იწყებს თამაშს, ჩნდება კრეატივი, შემოქმედობითობის პირველი ნიშნები. მას ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს.


image


ქალწული - ამ ეტაპზე სული უკვე მიწიერ ნაკლოვანებებს ეჯახება. კურო, პირველი მიწის ნიშანი ხომ მხოლოდ სიკეთეებს ამჩნევდა, ტკბებოდა, ქალწული ცოტა გაიზარდა და მიხვდა, რომ არც ისე სრულყოფილადაა ყველაფერი, რომ უკეთესიც შეიძლება იყოს. ის დაახლოებით იმ ასაკშია, პირველ მუწუკს რომ აღმოაჩენ სახეზე და ხასიათი გიფუჭდება. მოკლედ, თავისი თავით მოხიბლული ლომის შემდეგ, ქალწული დაკვირვებას იწყებს, ჩაღრმავებას და აანალიზებს, რომ სრულყოფილი არ არის და უკეთესობისკენ სწრაფვის მცდელობა უჩნდება.


image


სასწორი - აღმოაჩენს, რომ საკუთარი თავის შესწავლა და გააზრება სხვების მეშვეობით, ყველაზე ჭკვიანურია. ავდივართ რკალის ზედა ნახევარსფეროში და აქედან ახალი ეტაპი იწყება. მეორე უკიდურესობაში გადავარდნის და ახალ საფეხურზე ასვლის ეტაპი. ადამიანი გადის ეგოს საზღვრებიდან და სხვების, როგორც მისი თანასწორების აღქმას იწყებს. ხვდება, რომ მარტო თვითონ არ არსებობს ამ ქვეყანაზე და რომ მის გარშემო არ ბრუნავს სამყარო. იგი იჩენს პარტნიორებს.


image


მორიელი - ირთვება მძიმე არტილერია, გადავდივართ კოლექტიურ პლანეტებზე. იწყება მიღებული ინფორმაციის გადახარშვა. ეს სული პირველი ხვდება, რომ სულია, ინდივიდუალური ეგოს საზღვრების დამსხვრევას ცდილობს, ცნობიერის მიღმა შეღწევას. ადამიანი იაზრებს, რომ მატერიის (კუროს მიღებული ინფორმაცია) მიღმა რაღაც არსებობს, ხვდება, რომ ამქვეყნად ძალიან ბევრი რამ არის მისთვის უცნობი, ის, რასაც არ ჩაუღმავდა (ტყუპების მიღებული ინფორმაცია), ის, რაც თვითონ გადამალა თავის დასაცავად (კირჩხიბი), ის, რაც თვითონ შექმნა თავისი თავისგან (ლომი), რაც ვერ გაანალიზა (ქალწული), რაც სხვებში ერთი შეხედვით ვერ შეაფასა (სასწორი) და იწყებს ქექვას. ფატრავს, ამოაქვს ზედაპირზე, კლავს და თავიდან ბადებს, გარდაქმნის. იწყება ტრანსფორმაცია.


image


მშვილდოსანი - ახალი ადამიანია - ფართო საზოგადოებაში გამოდის, ეცნობა სამყაროს, ახალ ჰორიზონტებს. ადამიანის გონება გახსნას იწყებს, ცნობიერი ფართოვდება, ინტელექტი პროდუქტიული ხდება. მან უკვე ბევრი რამ იცის საკუთარ თავზე, უახლოეს გარემოცვაზე და სამყაროს შესწავლას იწყებს - აინტერესებს მისი მოწყობის საკითხები: ფილოსოფია, რელიგია, კანონმდებლობა. იგი ღიაა ნებისმიერი ინფორმაციისთვის, მაგრამ უკვე აქვს საკუთარი შეხედულებები და თავადვე იწყებს ახალი იდეალების, ახალი თეორიების წერას, დიდი გეგმები აქვს. ტყუპები - მოსწავლე, უკვე მშვილდოსნად - მასწავლებლად გადაიქცა.


image


თხის რქა - ხვდება, რომ გაიზარდა, ბავშვობა დამთავრდა, დროა დასერიოზულდეს, რომელიმე ბნელ უჯრაში ჩაკეტოს შიშები და კომპლექსები და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსულმა თავად დაიწყოს მართვა. მიწის უკანასკნელი ნიშანი დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას იწყებს. მანამდე დაგროვილ ცოდნაზე დაყრდნობით, აკეთებს სისტემატიზაციას, ადგენს წესებს, ქმნის იერარქიას, აწყობს საზოგადოებას. ყველაფერი ლოგიკისა და ჩარჩოების საზღვრებშია.


image


მერწყული - რევოლუციონერია, პრომეთე, რომელსაც ადამიანებისთვის ცეცხლი მოაქვს და ღმერთების განრისხებას იწვევს. სხვა დანარჩენი ნიშნების მიერ მოწყობილ წესრიგში შეაქვს ქაოსი, გმობს ყოველგვარ იერარქიას, მისი წინამორბედი ჰაერის სტიქიის სასწორის თანასწორობის იდეას სრულყოფს - ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ცხოვრება, საკუთრება, ცოდნა, ემოციები, ინდივიდუალობა, ნაკლოვანებები, გემოვნება, გარდაიქმნას, ასწავლოს, მართოს.. და ყველა თანასწორია, ყველანი ერთნი ვართ, ერთი დიდი მთლიანობის პატარ-პატარა სხვადასხვაგვარი დეტალები და მხოლოდ საკუთარ თავში იპოვი მთლიანს. იგი ჰაერის უკანასკნელი სტიქიაა, უმაღლესი ინტელექტი - გამომგონებელი გონება. ადამიანი თავად ხდება შემოქმედი.



image


და ბოლოს თევზები - ადამიანის განვითარების უმაღლესი საფეხური - ზეადამიანი. ყველაზე მისტიური და ამოუცნობი ნიშანი. იგი ზოდიაქოს 12-ივე ნიშანს მოიცავს თავის თავში. მან უკვე ბევრი ისწავლა, კარგად გაიაზრა მატერიალური სამყარო და გრძნობს, რომ არც ცოდნაა საკმარისი და არც მატერია, რომ ის, რაც ამ ცოდნის საფუძველზე რეალურად გვეჩვენება, შესაძლოა სულაც არ იყოს რეალური, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ილუზია, ფანტაზიის ნაყოფი შეიძლება აღმოჩნდეს, ყველაფერი ჩვენს წარმოსახვაში არსებობს და… ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარმოგიდგენია. იშლება ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის - იბადება რწმენა. თევზები მისი წინამორბედის, მერწყულის აღმოჩენას - ყველანი ერთნი ვართ, მთელი არსებით იაზრებს, მას ისე ტკივა ყველასი, როგორც თავისი, ისე განიცდის ყველასას როგორც თავისას. მან უნდა იხსნას ყველა და ასე იხსნის საკუთარ თავს. ასტროლოგიური გამოთვლებით, ქრისტეც თევზები იყო, დაახლოებით თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში დაბადებული, მაშინ, როცა თევზების ზოდიაქოში რამდენიმე პლანეტა ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკირვდა. ის კუდიანი ვარსკვლავიც, რომლითაც მოგვებმა მესიას მიაგნეს, იუპიტერის და სატურნის - ორი უდიდესი პლანეტის შეერთება გახლდათ, რაც ასე ცხადად ჩანდა ცაზე. ამბობენ, რომ იუდაც თევზები იყო. იმასაც ამბობენ, ლეონარდო და ვინჩი როდესაც საიდუმლო სერობას ხატავდა, ძალიან დიდხანს ეძებდა მოდელებს იესოს და იუდას განსახიერებისთვის და ბოლოს, როცა იდეალური ვერსიები ნახა (სამი წლის შუალედით) ეს ერთი და იგივე ადამიანი აღმოჩნდა. ქრისტე - სიკეთის, იუდა კი - ბოროტების სახე უნდა ყოფილიყო. ეს არის თევზებიც - სიკეთისა და ბოროტების, შავის და თეთრის, რეალურის და ირეალურის, ადამიანის და ღმერთის ერთიანობის სიმბოლო.




ობიექტურობისთვის უნდა ითქვას და, ვინც ასტროლოგიას ღრმად იცნობს, იცის, რომ ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანი თავისთავად, სხვადსხვა "დოზით" დანარჩენ ყველა ნიშანს ატარებს საკუთარ თავში. ამიტომ ყველაფერი მაინც ადამიანის ინდივიდუალურ რუკაზეა დამოკიდებული.


სტატია მომზადებულია mental.ge-ს მასალების მიხედვით



1
7466
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
7466
  
2019, 24 აპრილი, 18:53
თევზები ყველაზე მეტად ამართლებს
0 1 1