x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"სტალინის სფერო პოლიტიკაა,მას მიხედოს, მწერლობა კი მე დამანებოსო", - როგორ ებრძოდა საბჭოთა ტირანიას კონსტანტინე გამსახურდია


image

კონსტანტინე გამსახურდია თავისი "ბასრი" კალმით, სიტყვითა და შეიძლება, ითქვას, ხმლითაც 60 წელზე მეტი ხანი იბრძოდა კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ, იბრძოდა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. იგი იბრძოდა არა ვიწრო აზროვნებით, არამედ საკაცობრიო გადმოსახედიდან ჭვრეტდა მოვლენებს, რის საფუძველზე თავისი ერის მომავლის ორიენტირები დასახა. კონსტანტინე გამსახურდია მრავალმხრივი მოღვაწეობით რომანის, ნოველის, პოეზიის, თარგმანის, ხელოვნების დონეზე აყვანილი კრიტიკის, მებრძოლი პუბლიცისტიკის სფეროებში სიცოცხლეშივე გასცდა საბჭოთა მასშტაბებს და მისი შემოქმედება მსოფლიომ გაიცნო.

კონსტანტინე გამსახურდიას ბრძოლა რუსულ შოვინიზმთან, საბჭოთა მმართველობასთან, მე-20 საუკუნის "აპოკალიფსურ მხეცებთან" დაკავშირებულია მთელ მის ბიოგრაფიასთან, იგი ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა პოლიტიკური შეურიგებლობით.

კერძოდ, კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1891 წლის 5 მაისს, აბაშის მუნიციპალიტეტში; მისი ადრეული განსწავლის წლები უკავშირდება სოფლის სამრევლო, სენაკის სათავადაზნაურო სკოლებს, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიას. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე, თანამოაზრეებთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას დაუარსებია საიდუმლო პოლიტიკური ორგანიზაცია - "ცხრა მუხა", რომელიც ცნობილი გახდა რუსული შოვინიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითებით: რეაქციონერი მასწავლებლის ცემა, ქართველმოძულე რუსი გენერლების სურათების დახევა, პოლიტიკური პროკლამაციების დაბეჭდვა და გავრცელება. "ცხრამუხელები", მათ შორის კონსტანტინე გამსახურდია, დაუპატიმრებიათ, მაგრამ მცირეწლოვნებისა და გიმნაზიის დირექტორის, იოსებ ოცხელის შუამდგომლობის წყალობით მაშინათვე გაუთავისუფლებიათ.

1912წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებული კონსტანტინე გამსახურდია სასწავლებლად პეტერბურგში გაემგზავრა და სწავლა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე დაიწყო, თუმცა მალევე შეეჩეხა უნივერსიტეტის მესვეურთა მხრიდან შოვინისტურ გამოსვლებს - ნიკო მარის მიერ ილია ჭავჭავაძის უდიერად მოხსენიება იქცა კონსტანტინე გამსახურდიას მიერ პეტერბურგის უნივერსიტეტის დატოვების მიზეზი. ამის შემდგომ მწერალი კენიგსბერგში მიემგზავრება და 1913 წლისათვის უკვე ლაიპციგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელია, მიუნხენისა და ბერლინის უნივერისტეტებში კი ეუფლება ევროპულ ლიტერატურასა და ფილოსოფიას (ჰქონდა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი), წერს აქტიურად და გერმანულ გამოცემებში აქვეყნებს თავის ნაწერებს, გაეცნობა თომას მანს. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში რუსეთის ჯაშუშად მიუჩნევიათ და დაუპატიმრებიათ კიდეც, მაგრამ თომას მანის თავდებობით გაუნთავისუფლებიათ.

იტალიაში, შვეიცარიაში, ინგლისში, საფრანგეთში, სკანდინავის ქვეყნებში მოგზაურობის შემდგომ, 1919 წელს კონსტანტინე გამსახურდია უკვე საქართველოშია და ამავე წელს აარსებს ჟურნალ "პრომეთეს", 1922 წელს – "ილიონს", დაახლოებით ამავე პერიოდშივე რედაქტორობს გაზეთებს:"ლომისს"(1922), "ქართულ სიტყვას", "საქართველოს სამრეკლოს" (1923 წ., ); ამავდროულად სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრია, ბოლშევიკთმოძულე. 1918 წელს, როცა ოსმალეთმა აგრესიული ქმედებები დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, კონსტანტინე გამსახურდია ხმალშემართული იდგა ქვეყნის სადარაჯოზე.

მავე, 1918 წელს მწერალს მუშაობა დაუწყია საქართველო-ბერლინის საელჩოს კულტურის ატაშედ, შეუთავაზებიათ 70 000 მარკა გერმანული მიმართულების მქონე (გერმანოფილური) ქართული გაზეთის დასაარსებლად, მაგრამ ასეთი რამ კონსტანტინე გამსახურდიასთვის მიუღებელი იყო, სამშობლოს ღალატს უდრიდა და 1920 წელს საქართველოში დაბრუნებულა.


image

1921 წლის 25 თებერვალს კონსტანტინე გამსახურდიამ, როგორც "შავჩოხიანთა" მეთაურმა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მწვავედ გააპროტესტა, 1921 წლის 7 მაისს კი გაზეთ "სოციალისტ-ფედერალისტში" პუბლიკაციით "ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი" უშიშრად ამხილა საბჭოთა რუსეთის იმპერიული ამბიციები და მისი ავტორი - ლენინი. ეს არ იყო ლენინის გაკრიტიკების ერთადერთი შემთხვევა მწერლის ცხოვრებაში, მას 1925 წელს ლენინი მოუხსენებია დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელის" უარყოფითი პერსონაჟის, ცივსისხლიანი მკვლელის, რასკოლნიკოვის გვერდით, მწერალი ორივეს ერთი დედის საშოდან გამოსულ მკვლელს უწოდებდა.

1922-1927 წლებში კონსტანტინე გამსახურდია აარსებს "აკადემიურ მწერალთა ასოციაციას", რომელიც აშკარად იყო ანტისაბჭოთა ხასიათის და 1922 წელს მწერალი პოლიტიკური ბრალდებით დაუტუსაღებიათ კიდეც მეტეხის ციხეში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წ.) შემდგომ კონსტანტინე გამსახურდია გამოვიდა "კულტურის ავტონომიის იდეით"; ამ პერიოდში "დისტანციის თეორიით" დროებით დუმდა საბჭოთა მმართველობის მახინჯ მხარეებზე, რაც იყო თავისებური პროტესტის ფორმა. 1923 წელს პარიზში მიემგზავრება და სორბონის უნივერისტეტში ისმენს ლექციებს, ხოლო 1924 წელს კონსტანტინე გამსახურდიას აპატიმრებენ პოლიტიკური მოტივით. 1926 წელს ისევ იჭერენ "შპიონაჟის" ბრალდებით (იჯდა მოსკოვის ლუბიანკის და ბუტირკის, მერე კემშისა და ლენინგრადის ციხეებში, ბოლოს კი სოლოვკის არქიპელაგის კონცლაგერში), ავადმყოფობის გამო, 1927 წელს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ სოლოვკის კონცლაგერიდან.

1931 წელს კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს მწერალთა კავშირიდან გარიცხულ 27 წევრთა შორის იყო (გარიცხეს გრიგოლ რობაქიძეც), იგი მხოლოდ 1932 წელს აღადგინეს მწერალთა რიგებში, თუმცა მგელივით "გაუწვრთნელი" დარჩა, კონსტანტინე გამსახურდია ბოლომდე შეურიგებელი იყო საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ. იგი აქტიურად ამხელდა საბჭოთა საქართველოს მესვეურებს: სერგო ორჯონიკიძეს, ფილიპე მახარაძეს, ლევან ღოღობერიძეს, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიას მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე უთვალთვალებდნენ და სდევნიდნენ.

ცნობილია, რომ 50-იან წლებში "ჩეკას" დაგეგმილი ჰქონია კონსტანტინე გამსახურდიას ავტომანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერების ჩადება და მწერლის ლიკვიდაცია.

ამ პერიოდში აიკრძალა მისი ნოველების წიგნი, ავტორი გამოცხადდა "კაცთმძულვარების" მქადაგებლად, საბჭოთა "სამშობლოს მტრად", "იდეოლოგიურად მავნე" მწერლად. კონსტანტინე გამსახურდია მაინც აგრძელებდა საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ გალაშქრებას - თავის გადასარჩენად დაწერილი რომანი "ბელადი" მოგვიანებით უარყო და მეორე "აპოკალიფსური მხეცის" - სტალინის კრიტიკაც გაბედა (ბიბლიის კომენტატორთა მიხედვით, გველეშაპის მიერ ხელდასმული ორი აპოკალიფსური მხეცი სტალინი და ლენინია, ხალხთა მასებიდან მოსული ლენინი იგივე "ზღვის მხეცია", იატაკქვეშეთელი სტალინი - "მიწის მხეცი").

კონსტანტინე გამსახურდია სტალინთან დაუბეზღებიათ და საბჭოთა ბელადს 1948 წელს, გაგრაში, პარტიულ კონფერენციაზე ყოფნისას უმკაცრესად გაუკრიტიკებია კონსტანტინე გამსახურდია, ბერიასათვის დაუვალებია, აელაგმა მწერალი, რომელიც "ამდენს ბედავდა", თუმცა "ალაგმვაში" არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმებოდა მკვლელობა, რადგან კონსტანტინე გამსახურდიას ავტორიტეტი იმ პერიოდისათვის იყო განუზომლად დიდი და მისი ლიკვიდაცია გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა. კონსტანტინე გამსახურდიას სტალინის ასეთ მწვავე კრიტიკაზე განუცხადებია:"სტალინის სფერო პოლიტიკაა, მას მიხედოს, მწერლობა კი მე დამანებოსო" [სორდია, 60].

საქართველოში მაშინ, როცა საბჭოთა დამქაშები ბატონობდნენ, მოქმედებდა საყოველთაო თვალთვალისა და დაზვერვის უმკაცრესი სისტემა, რუსული ენა ზენიტზე იყო, კონსტანტინე გამსახურდია კოვანოვთან, ცეკას მესამე მდივანთან თარჯიმნის თანხლებით შედიოდა, პრინციპულად უარს ამბობდა რუსულად საუბარზე; ცნობილია, რომ სომეხ ვირაპიანცის რუსულად არ დაელაპარაკა, რის გამოც თარგმანისათვის კუთვნილი ჰონორარი აღარ მისცეს.

კონსტანტინე გამსახურდია სასტიკი წინააღმდეგი იყო რუსულად საუბრის, ქართული ქუჩებისათვისაც რუსული სახელების გადარქმევას მოითხოვდა, ხოლო სხვებისათვის ქებული "დიდი რუსი ხალხი", კონსტანტინე გამსახურდიასათვის უბრალოდ "ბევრი რუსი ხალხი" იყო.

მწერლის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა საბჭოთა მესვეურთა სამიზნედ ქცეული კონსტანტინე გამსახურდია მუდმივად დაპატიმრების მოლოდინში სახლში ვეღარ ჩერდებოდა და ტყეში დაეხეტებოდა, თავის ერთგულ ძაღლთან ერთად.

საბჭოთა მესვეურების მიერ "იდეოლოგიურად მავნედ" მიჩნეულ მწერალს ლიტერატურული კრიტიკაც ხშირად ესხმოდა უსამართლოდ თავს, თუმცა კონსტანტინე გამსახურდია ამისათვისაც მზად იყო, ამბობდა კიდეც, "მწერალმა მხოლოდ ისეთი სტრიქონების ქვეშ უნდა მოაწეროს ხელი, რომლისთვისაც ხმლის მოქნევას შეძლებსო" [სორდია, 61]. ამიტომაც მოუქნია ხმალი დუელში ქართველთა შეურაცხმყოფელ პოლკოვნიკ სეროვს სოლოვკის კონცლაგერში; ხანჯლით გადაუდგა მწერალთა კავშირში ილია ჭავჭავაძის სურათის ჩამოსახსნელად მოსულ კომკავშირელებს; როცა უპრინციპო იოსებ მჭედლიშვილმა უსამართლოდ, დაუსაბუთებლად დაიწუნა მწერლის ენა, კონსტანტინე გამსახურდიამ დუელში გამოიწვია და უკან დაახევინა ვაი-კრიტიკოსს; საკადრისი პასუხი გასცა ილია ელეფთერიძეს, რომელმაც გააკრიტიკა მწერალი მეგრული ლექსიკის გამო; ერთხელაც მწერალთა კავშირში პანტელეიმონ ჩხიკვაძემ დაიბარა და თვითონ არ დახვდა, რაზეც კონსტანტინე გამსახურდიამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო:"მე აშორდიას აზნაური კი არა, ნამდვილი აზნაური ვარ და თუ დამჭირდა, ჩემი თავმოყვარეობის დასაცავად ყოველ აბეზარს თავს ხმლით წავაცლიო" [სორდია, 61].

კონსტანტინე გამსახურდიას პოპულარობა განუზომლად დიდი იყო - ქართველმა ალპინისტებმა კონსტანტინე გამსახურდიას სახელი უწოდეს პამირის მთების ერთ-ერთ მწვერვალს; მისი სახელი შევიდა მსოფლიო ლიტერატურის ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებში; უკრაინაში ქართულ დეკადაზე ჩასულს ტაშითა და ფეხზე დგომით შეხვედრიან; ერევანში წიგნების მაღაზია გაუტეხავთ, რათა "მძარცველებს" "დიდოსტატის მარჯვენა" ეგდოთ ხელთ; უგზავნიდნენ წერილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან; ქუჩაში ჩერდებოდნენ მის დანახვაზე;კოცნიდნენ ხელზე; ზეპირად იცოდნენ მისი რომანების ცალკეული პასაჟები ..

70 წლის კონსტანტინე გამსახურდიას სურვილი ჰქონია, მოხალისედ წასულიყო რომელიმე პატარა სახელმწიფოში და დახმარებოდა მას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

კონსტანტინე გამსახურდიას ნოველებსა და რომანებში შეფარულად, მაგრამ მაინც იკითხება საბჭოთა წყობილებისადმი შეურიგებლობა.

რომანში "დიონისოს ღიმილი" და ნოველაში "ტაბუ" გვხვდება ისეთი სიმბოლური სახეები, როგორიცაა: "წითელი კირიპა", "შავი მამალი", "შავჩოხიანი წითური" და "ქალაბიჭა ხვარამზე", "წითელი ქვეწარმავალი", "ყვითელეპოლეტებიანი მონგოლი", როგორც მინიშნება საბჭოთა რუსეთზე, თუ როგორც ცდილობდა უკანასკნელი გველეშაპივით შთაენთქა პატარა ერები, მათ შორის საქართველო.

1934 წელს გამოცემულ კიდევ ერთ ცნობილ რომანში "მთვარის მოტაცება" თითქოს ახალი წყობილება, კომუნისტური იდეოლოგია იმარჯვებს, რეალურად კი მამის მკვლელი არზაყანის სახით ნაჩვენებია, რომ ქვეყანა გადავიდა უღმერთო, უკულტურო, ათეისტი, ღვთისმგმობელი, მოღალატე, დაუნდობელი, სასტიკი და ბოროტი ადამიანების ხელში; ხუცესი ტარიელ შარვაშიძის პერსონაჟით კონსტანტინე გამსახურდიამ მიანიშნა კომუნისტური მმართველობის ეფემერულობაზე.

"დიდოსტატის მარჯვენაში" 1937 წლის რეპრესიებზე მინიშნებაა კონსტანტინე არსაკიძისათვის ხელის მოკვეთა. რომანს ავტორმა უწოდა "ავტობიოგრაფიული", რადგან მასში რეალურად ნაჩვენებია, თუ როგორ იტანჯება ხელოვანი ადამიანები საბჭოთა ქვეყანაში, როგორ სჯიან მწერალს, ხელოვანს "კარგის აგებისათვის".

ამავე რომანში გამოკვეთა გიორგი პირველის, როგორც ერთიანი საქართველოსათვის მებრძოლის სახე; ტეტრალოგია "დავით აღმაშენებელი" უძღვნა დავით მეოთხეს; არ დასცალდა თამარ მეფეზე რომანის დაწერა.

კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წელს და ანდერძის თანახმად, დაკრძალეს არა მთაწმინდაზე, არამედ კოლხური კოშკის, საკუთარი სახლის ეზოშივე. ეს გადაწყვეტილებაც იყო პროტესტი საბჭოთა მმართველობისადმი, რომელმაც ილიას მკვლელი ფილიპე მახარაძე მთაწმინდის პანთეონს მიაბარა.

3
292
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
292
  
2019, 7 აპრილი, 21:42
რა თქმა უნდა, წაიღეთ..:)
2019, 4 აპრილი, 17:07
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის..:)
2019, 4 აპრილი, 13:06
გაიხარეთ, შესანიშნავი სტატიაა. თქვენი ნებართვით საიტის ლინკს წავიღებ და "სტალინისტებს" ავაფარებ თვალებზე.
0 1 3