x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"აველუმი" ანუ ოთარ ჭილაძის პოეტური მაგია

”ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატრობს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!”
ოთარ ჭილაძე, ”მარტის მამალი”



image



20 მარტი ცნობილი ქართველი მწერლის ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა. მას გუშინ 86 წელი შეუსრულდებოდა. აბსოლუტურად გამორჩეული სტილის და ნიჭის პატრონი, ის გახლდათ ერთადერთი ქართველი მწერალი, ვინც ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი.ცხოეთის ქვეყნებში არცერთ ქართველ მწერალს არ ჰქონია იმდენი და ისეთი გამოხმაურება, რამდენიც ოთარ ჭილაძის რომანებს ჰქონდა. მისმა "რკინის თეატრმა" საფრანგეთში გამოსვლისთანავე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, ხოლო დანიის გაზეთ "ვიკენდავისენში" დაიწერა, რომ ამ რომანის შემდეგ "საქართველო უბრუნდება მსოფლიო ლიტერატურის რუკას".



image



ოთარ ჭილაძე სწორედ ის შემოქმედი იყო, ვისაც ხელეწიფებოდა იმ უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულება, რაც ზოგადად აკისრია მწერლობას. ის იყო უდავოდ ღვაწლმოსილი მოღვაწე, შესანიშნავი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი, სცენარისტი. მისი მრავალმხრივი ნიჭი ლიტერატურის ყველა ამ სფეროს გასწვდა და გაამდიდრა კიდეც ჩვენი მწერლობა ფრიად მაღალმხატვრული ქმნილებებით. ოთარმა თავის სიცოცხლეშივე დამსახურებლად მოიპოვა აღიარება ლიტერატურულ საზოგადოებაში, რაც არც ისე ხშირი შემთხვევაა. ყოველივე ამასთან ერთად, ოთარ ჭილაძე იყო უაღრესად კეთილშობილი და ღირსეული ადამიანი, ამ თვისებების გარეშე კი ყოვლად შეუძლებელია რაიმე პოზიტიურის მიღწევა რომელიმე საქმეში. ის იყო კაცი, ვინც მუდამ უანგაროდ ემსახურებოდა თავის მოწოდებას თუ დანიშნულებას, არასოდეს უკმევია გუნდრუკი ამა სოფლის ძლიერთათვის, რაც ჩვენდა სამარცხვინოდ, ერთობ მიღებული იყო (და არის) ჩვენს საზოგადოებაში. ამ მხრივ მისი კეთილსინდისიერება სამაგალითოა. ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა უპატიოსნეს, მთლიან პიროვნებად, როგორც შეეფერება ნამდვილ ვაჟკაცს.

უნიჭიერესი მწერალი 2009 წელს გარდაიცვალა და როგორც თვითონ ამბობდა, "მარადისობაში აღმოჩნდა". თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის მისი გარდაცვალებიდან, მით უფრო მეტად დასაფასებელია მწერლის შემოქმედება, რადგან მისი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი შექმნილია საბჭოთა ცენზურის არსებობის პირობებში. თუკი წერა ძნელი იყო როდესმე, სწორედ მაშინ იყო ძნელი, მით უმეტეს სიმართლის წერა... უფრო მეტიც, წერა მაშინ ომს ნიშნავდა და ყველა როდი ბრუნდებოდა ამ ომიდან ცოცხალი.



image



20 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ - საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია "აველუმი", რომელსაც ახალგაზრდა მწერალი ქალი ია იაღანაშვილი ხელმძღვანელობს.



image



საღამოზე ოთარ ჭილაძის პოეზიაზე ისაუბრა ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ. მან აღნიშნა, რომ ოთარ ჭილაძე უპირობოდ მიეკუთვნება ყველა დროის ქართული პოეზიის საუკეთეს წარმომადგენელთა მცირე რაოდენობას და რომ მას შეუძლია პირნათლად წარგვადგინოს მსოფლიო პოეზიის წინაშეც.



image


"ის, რასაც და როგორც ოთარი წერს, ანალოგს არ იცნობს. ის აბსოლუტურად განსხვავებულია და მის სტრიქონებს სხვათაგან ყოველთვის გამოარჩევ. ეს ნამდვილი მაგიაა - უბრალოების მაგია! ამ კაცის ნამდვილი ფასი საქართველომ შეიძლება ჯერ კიდევ არ იცის. ოთარს ოდნავ მაინც სუსტი ლექსი არ აქვს. არც მეტ-ნაკლებად საშუალო. ყველგან იგრძნობა ტალანტი, ოსტატობა და გემოვნება. ეს არ არის გადაჭარბებული ან სუბიექტური ხედვა - ეს ნამდვილად ასეა"- აღნიშნა თავის მოხსენებაში ბატონმა გია მურღულიამ.



image


ლიტერატურულ საღამოზე ოთარ ჭილაძის ლექსები წაიკითხეს მოწვეულმა მსახიობებმა - მალხაზ არაბულმა და ოთარ ფალიანმა. ღონისძიების საპატიო სტუმარი გახლდათ მწერლის და - ქალბატონი თინათინ ჭილაძე. მოწვეული სტუმრების გარდა, საღამოს ოთარ ჭილაძის ნიჭის თაყვანისმცემლები, პოეტები და მომავალი ფილოლოგები ესწრებოდნენ.



image


"რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს –
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით!"

ოთარ ჭილაძე


0
209
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0