x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მერიის მოწვევით ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს -კონცერტის ბიუჯეტი 35 ათასი ლარია

image


27 იანვარს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი კონცერტს მართავს, სადაც ნინო ქათამაძე და ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაშიც იმღერებენ მუსიკალური ცენტრის კაპელასთან ერთად. კონცერტში ასევე მონაწილეობს სიმებიანი კვარტეტი და ჯგუფი THE QUINTESENCE-ს. სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, კონცერტის ბიუჯეტი 35 732, 50 ლარია.

ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში კონცერტზე ჰონორარის გარეშე იმღერებს, ნინო ქათამაძეს კი ჰონორარს ბიუჯეტიდან გადაუხდიან. თუმცა, მერიის მუსიკალურ ცენტრში თვლიან, რომ შემსრულებლისთვის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა პერსონალური ინფორმაციაა. შესაბამისად, თანხის რაოდენობას არ ასახელებენ. „კონცერტში მონაწილე მომღერლის, ნინო ქათამაძის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯი გაიცემა მუსიკალური ცენტრის 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ღონისძიებების ხარჯებიდან, რომლის დაფინანსების წყაროა აჭარის ბიუჯეტი“, – წერია ოფიციალურ წერილში, რომელიც სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა მოგვაწოდა.

კონცერტზე დასწრება ფასიანია. ბილეთი 10, 15, 20, 25 და 30 ლარი ღირს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რას მოხმარდება კონცერტიდან მიღებული შემოსავალი? – სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გვპასუხობს, რომ „შემოსავლები წარმოადგენენ მუსიკალური ცენტრის საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლის წყაროს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებისამებრ მოხმარდება მუსიკალური ცენტრის მიზნების, ფუნქციებისა და საქმიანობის განხორციელებას“.

რა არის კონცერტის მიზანი? – ამ კითხვაზე ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ კონცერტის მიზანი საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციაა.

„მუსიკალური ცენტრის კაპელა ყოველწლიურად ახორციელებს მსგავს პროექტს, ცნობილ მუსიკოსებთან. მიზანი არის საგუნდო მუსიკის პოპულარიზაცია. საქართველო მრავალხმიანი მუსიკის ქვეყანაა, განსაკუთრებით საგუნდო ჟანრში. გვყავს წარმატებული გუნდებიც საქართველოს მასშტაბით. ბოლო ხანებში, საგუნდო მუსიკას ვერ ან არ უსმენს მაყურებელი გარკვეული მიზეზების გამო. ეს არის ერთგვარი ხერხი იმისთვის, რომ საგუნდო სიმღერა არ დავაშოროთ მაყურებელს“, – ეს კულტურის ცენტრის ოფიციალური პოზიციაა.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0