x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ერთი ძალიან დიდი აღმოჩენის დაუჯერებელი ისტორია
1929 წელს ბაქტერიოლოგმა ალექსანდრე ფლემინგმა, რომელიც იმ დროს ლონდონის წმინდა მარის ჰოსპიტალში მუშაობდა, შემთხვევით მაგიდაზე მოათავსა საკვები ნივთიერებით სავსე თეფში. ამ საკვებ ნივთიერებაში ერთგან შერეული იყო სტაფილოკოკის ბაქტერიების გროვა.


მალე ფლემინგი შვებულებით დასასვენებლად გაემგზავრა. წასვლამდე მას საკვები ნივთიერებით და სტაფილოკოკის ჩხირებით სავსე თეფში უგულისყუროდ დარჩა მაგიდაზე.


შემდეგ ფლემინგი დაბრუნდა შვებულებიდან და უნებლიედ დააკვირდა თეფშს, რომელიც წასვლამდე მაგიდაზე დაავიწყდა; აღმოჩნდა, რომ საკვები ნივთიერებით სავსე თეფშზე სოკო ამოზრდილიყო, რომელიც სტაფილოკოკის ჩხირებს გამრავლების საშუალებას არ აძლევდა. ამავდროულად ეს სოკო სრულიად უვნებელი იყო ადამიანის და ცხოველის ორგანიზმისთვის.


სოკოს ფლემინგმა პენიცილინი უწოდა, თუმცა მიუხედავად მისი აღმოჩენის უდიდესი მნიშვნელობისა, დიდ მეცნიერს თავში აზრადაც არ მოსვლია, გამოკვლეული მასალა მედიკამენტად გამოეყენებინა.



პენიცილინი მედიკამენტად გამოიყენეს 10 წლის შემდეგ მკვლევარებმა ერნსტ ჩეინმა და ჰოვარდ ფლორიმ. მათ გაანალიზეს პენიცილინის ანტიბაქტერიული თვისება და მოახერხეს ამ ძალიან სასარგებლო სოკოს გამოცალკევება.


მეცნიერები თავდაპირველად პენიცილინს ვირთხებზე ცდიდნენ. მათ 50 ვირთხას მისცეს სტაფილოკოკის ძალიან დიდი დოზა. მოგვიანებით ამ 50 ვირთხიდან 25-ს მისცეს პენიცილინი, რის შემდეგაც მხოლოდ ერთი ვირთხა დაიღუპა, ხოლო რაც შეეხება იმ დანარჩენ 25 ვირთხას, რომლებსაც პენიცილინი არ მისცეს, ამ ცხოველებიდან ვერცერთი ვერ გადარჩა.


მსგავსი შედეგი მკვლევარებისთვისაც კი დაუჯერებელი იყო. როგორ? არსებობს წამალი რომელიც ბაქტერიებს მუსრს ავლებს, მაგრამ არ ვნებს ადამიანის და ცხოველის ორგანიზმს? ეს ზღაპარივით მოჩანდა.


1941 წელს პირველი ადამიანი, რომელსაც პენიცილინით უმკურნალეს, იყო ერთი ლონდონელი პოლიციელი, რომელმაც სხეულზე არსებული პატარა ნაკვეთი ჭრილობიდან სისხლის მოწამვლა მიიღო. რამდენიმე დღეში მას სიცხემ დაუწია, თუმცა რადგან საცდელი პენიცილინის მეტი მარაგი აღარ არსებობდა, მკურნალობა შეწყდა, რის შემდეგაც პოლიციელი გარდაიცვალა და მკვლევარებისთვის ნათელი გახდა, რომ ანტიბიოტიკი სიმპტომების გაქრობის შემდეგაც გარკვეული დროით კვლავაც უნდა მიიღოს პაციენტმა.


ამ ფენომენალური აღმოჩენის შემდეგ ფლორი ამერიკაში გაფრინდა და პენიცილინის პოპულარიზაციას შეუდგა.


მიდიოდა მეორე მსოფლიო ომი. ამერიკას სასწრაფოდ სჭირდებოდა ქმედითი მედიკამენტი ფრონტზე დაჭრილი ჯარისკაცებისთვის. ამიტომ პენიცილინს არნახული პოპულარობა ხვდა წილად. კვლევებში ჩაიდო უზარმაზარი სახელმწიფო სახსრები და შესაძლებელი გახდა აღნიშნული ანტიბიოტიკის მასობრივი წარმადობის მიღწევა. 1942 წელს დაიწყო პენიცილინის ინდუსტრიული წესით დამზადება. მაშინ მედიკამენტი მხოლოდ ფრონტზე, დაჭრილი ჯარისკაცებისთვის მიჰქონდათ. 1944 წელს კი პენიცილინის წარმოების დონე უკვე იმდენად გაიზარდა, რომ ეს მედიკამენტი აფთიაქებშიც გამოჩნდა.


1945 წელს ალექსანდრე ფლემინგმა, ერნსტ ჩეინმა და ჰოვარდ ფლორიმ მიიღეს ნობელის პრემია მედიცინის დარგში "პენიცილინის აღმოჩენისთვის და მისი გამაჯანსაღებელი თვისებისთვის სხვადასხვა ინფექციური ავადმყოფობების დასამარცხებლად, " როგორც ოფიციალური ცნობა იუწყებოდა.


პენიცილინის აღმოჩენას მოჰყვა უდიდესი წინსვლა მედიცინაში. ამ პრეპარატის აღმოჩენამდე ფილტვების ანთებით იღუპებოდა პაციენტების 27 %. პენიცილინმა ეს რიცხვი მკვეთრად შეამცირა და 8 %-მდე დაიყვანა. ანტიბიოტიკის აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ჭრილობების დამუშავებაში და ზოგადად, ინფექციური ავადმყოფობების სამკურნალოდ. სწორედ ამიტომ პენიცილინის აღმოჩენას გააჩნია ძალიან დიდი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობა. ამ აღმოჩენამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა გარდაუვალი დაღუპვისგან.

პენიცილინი

0
174
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0