x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ვაჟა-ფშაველა "ჩემი ვედრება"
image
ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მისი პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი აზროვნების შთაგონების წყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა და დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც.

ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსს.

რელიგიურ თემაზე შექმნილ ლექსებში ნათლად იკვეთება პოეტის პოზიცია. მისთვის ეს არა მხოლოდ ისტორიული წარსულია, არამედ აწმყოცაა და მომავალიც.

ლექსი „ჩემი ვედრება“ დაწერილია 1893 წელს. როგორც ვაჟას პოეზიისთვისაა დამახასიათებელი, არც ამ ლექსშია სტროფები გამოკვეთილი, ნაწარმოების სტროფებად დანაწილება ვაჟას ლექსებსა და პოემებში აზრობრივ-ემოციური ფაქტორებითაა განნპირობებული.


წმინდა ხელობა ისაა, რაზედაც საუბრობს პოეტი ლექსის „ჩემი ვედრება“ დასაწყისში - უფლის რწმენა, სიკეთის კეთება, ჰუმანიზმი. შესაბამისად, ვაჟას მთელს შემოქმედებას გასდევს აღნიშნული თემები. სამყაროს მხატვრულ გააზრებაში მან წარმოაჩინა ცხოვრების ძირეული გარდაქმნისათვის აუცილებელი პირობა- სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების შემართება. მის ლექსებში სინათლე-სიბნელე ერთმანეთს უპირისპირდება ქრისტიანული სიმბოლიკით, როგორც ცოდვა და მადლი, სიკეთე და ბოროტება, სამოთხე და ჯოჯოხეთი.

„ცოდვა არის გზა სიბნელისაკენ, მადლი კი გზაა სინათლისაკენ, ე.ი. უფლის სასუფევლისკენ. კაცთა წმინდა და კეთილი საქმეები სასუფეველში ჩაუქრობელი ნათლით იმოსება და ბრწყინავს“. პოეტის მიზანი კი ამ მადლის მოპოვებაა. ამიტომაც შესთხოვს უფალს: „არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია!“ ვაჟამ იცის, რომ რწმენის გარეშე მიზანს ვერ მიაღწევს, ამიტომ მუდამ უნდა ახსოვდეს უფალი, დაიცვას მისი მცნებები.

ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის გამოხატვას ემსახურება. თუმცა თვალსაჩინოა, რომ ვაჟა პოეზიაში სასულიერო შინაარსის სათქმელს გამოხატავს.

უკანასკნელი წლების მანძილზე ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში მრავალი ასპექტით გაშუქდა ვაჟა-ფშაველას ლირიკა. მიუხედავად კრიტიკოსთა აზრთა სხვადასხვაობისა, ქრისტიანული ლირიკის არსებობა ჩვენი გენიოსი პოეტის შემოქმედებაში უდავო ფაქტია. ეს არც არის გასაკვირი. მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში აღზრდილ ვაჟას ბავშვობიდანვე ჩაენერგა ბიბლიისა და სახარების სიყვარული, რაც შემდგომ „საძირკვლად, ლიბოდ დაედვა“ მის შემოქმედებას. ქრისტიანულ წესებზე აღზრდილი ვაჟა ერთხანს ბერად შედგომაზეც კი ოცნებობდა.

ლექსში „ჩემი ვედრება“ პოეტი ღმერთს რწმენის სიმტკიცესა და უფლის სიყვარულს გაუნელებლობას შესთხოვს. ესაა ლექსის ძირითადი თემა, ხოლო ის, რაც შემდგომ მოსდევს ამ თემას, ქვეთემები. აღსანიშნავია ისიც, რომ ის, რაც ამ ლექსშია თავმოყრილი და „ვედრების“ ფორმით წარმოდგენილი, სხვადასხვა სახით ვაჟას მთელ შემოქმედებაშია გაბნეული და ეყრდნობა საღვთო წერილს. ლირიკული დასაწყისის შემდეგ სტროფებში მოცემულია ლირიკული გმირის კონკრეტული სათხოვარი უფლის მიმართ. მომდევნო ოთხსტრიქონიან სტროფში ტანჯვაში გულგაუტეხელობას, მუდმივ მღვიძარებასა და მოყვასისთვის თავგანწირვის უნარს შესთხოვს ვაჟა ღმერთს. მუდმივი მღვიძარება, ტანჯვის გაძლება, სიკეთით ბოროტების ძლევაა ის ჭეშმარიტი, მაგრამ „იწრო და საჭირველი“ გზა, რომელიც უფალმა მოუვლინა ადამიანს.

ლექსი იწყება უფლისადმი მიმართვით:


„ღმერთო, ისმინე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია…“

ვაჟა სთხოვს უფალს, შთაგონების სიხარული არ წაართვას, რადგან პოეტი ამის გარეშე „მადლდაკარგულია“, მას ფუნქცია აღარ აქვს ამქვეყნად, უგრძნობია და სიყვარულს მოკლებული. ევედრება ვაჟა უფალს:

„ნუ მავლევ ქვეყანაზედა

გაცივებულის ლეშითა, –

თვალებში მადლ-დაკარგულსა,

შუბლზე გაკრულის მეშითა“.

მადლდაკარგული იგივე მკვდარი ადამიანია, რადგან მასთან ვეღარ აღწევს ღმერთის მოწყალების სხივები. პოეტის მიზანი კი ამ მადლის მოპოვებაა. ამიტომაც შესთხოვს უფალს: „არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია!“. ვაჟამ იცის, რომ რწმენის გარეშე მიზანს ვერ მიაღწევს, ამიტომ მუდამ უნდა ახსოვდეს უფალი, დაიცვას მისი მცნებები, რაც დაჩაგრულების მცველობაში, თავის დამდაბლებაში გამოიხატება– „ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა“. მცნებებით და მარხვით ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, რომ მასზე გადმოვიდეს სულიწმინდის მადლი. „ვაჟა სულიწმინდას აღიქვამს, როგორც ზეციურ სატრფოს, რომელიც ცეცხლს უკიდებს პოეტის გულს და მადლს ჰფენს.“
როგორც ვხედავთ, ლექსში განვითარდა ვედრების თემა, რამაც თავისი დასრულებული სახე ბოლო სტროფში უნდა მიიღოს. დასასრული ემოციური დაძაბულობის გახსნაა. იგი აზოგადებს კერძო მოვლენას, რაზეც მანამდეა საუბარი. ლექსში ყველა გრძნობა და აზრი მიემართება დასასრულისაკენ:

„სული – შენ, ლეში – მიწას,
აღარა ვგლოვობ ამასა,
თევზი – წყალს, ცასა – ვარსკვლავი,
შვილი – დედას და მამასა“.

ვაჟას ყოველ ნაწარმოებში შეიძლება მოტივთა დიდი რაოდენობა იყოს მოცემული. მისაკვლევია მთავარი მოტივი. ვედრების განხილვისას რიგი საკითხები დგას. პოეტს სურს იყოს მორჩილი ხალხისა და ქვეყნის წინაშე და ლექსების წერა არ მოუშალოს ღმერთმა. წეროს მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ და მომავლის დასაგმობი არ გახდეს მისი შემოქმედება . ბოროტების სიკეთით დამარცხება სწადია და ამ ქვეყნად ყოფნა სურს, ისე, რომ მის გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი ედებოდეს და იღლებოდეს ხალხის სიყვარულისთვის. პოეტი მხოლოდ მაშინ თვლის თავს ბედნიერად, როცა შემოქმედებითად დატვირთულია. მისი გონება იღლება მსჯელობით და თავს ლაღ ადამიანად თავს. სიკვდილის ბოლო წუთამდე პოეტი ღმერთს შეწევნას სთხოვს, რომ შეაძლებინოს ხალხისათვის, ქვეყნისთვის სამსახური. მას ესმის, რომ ამ ქვეყნად ღმერთმა ყველას თავისი ადგილი არგუნა და ყველას თავისი სატარებელი უღელი დაადგა. ეს უღელი ვაჟასთვის ლექსების წერით მიღებული სიამოვნება და დიდი ვალდებულებაა ერის წინაშე.

ლექსში იკვეთება ავტორის მტკიცე ხასიათი და თვისებები. ჩანს, იგი არის მამაცი, გულითადი და კეთილი ადამიანი. ასევე, ავტორი არის თავმდაბალი, რომელიც ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია. "ცხვარდვე მამყოფე ისევა ოღონდ ამშორდეს მგელობა". მწერალი პატიოსანი და კეთილსინდისიერიცაა- "მაშრომე საკეთილოდა". გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველა არის ემოციური და სხვისი მწუხარების გამგები "მხოლოდ მაშინ ვარ ბედნერ, როცა ვარ შეწუხებული".

ლექსში ვაწყდებით უამრავ მხატვრულ საშუალებას. მაგალითად, შესანიშნავი მეტაფორაა გამოყენებული, როდესაც ავტორი ირჩევს არა მოძალადის, არამედ ჩაგრულის როლს "ბალახი ვიყო სათიბი არა მწადიან ცელობა". ასევე, თავისი პატიოსანი საქმის დასახასიათებლად ავტორი იყენებს ეპითეტს "წმინდა ხელობა". გარდა ამისა, სიყვარული და ტრფობის ნიჭი ავტორმა მეტაფორით გამოხატა " გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა". მწერალი საკუთარ ხმას ეპითეტით ამკობს და "სხივგამომღებელს" უწოდებს.

ვაჟა ფშაველას ორი პოემა “სტუმარ-მასპინძელი” და “ალუდა ქეთელაური” აირჩია თენგიზ აბულაძემ თავისი ფილმის თემად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მიზანი კონკრეტული პრობლემაა. "ვედრება" არ არის ეკრანიზაცია, ის ვაჟას მოტივებზეა აგებული და მთლიანად ეყრდნობა ამ უკანასკნელთ. შესაბამისად, გრიგოლ კინკაძე აღიშნავს, რომ ვაჟას შემოქმედება სრულიადაც არ წარმოადგენს ბორკილს სხვა სფეროს ხელოვანთათვის. კინოხელოვნებაში საჭირო აღმოჩნდა ვაჟას შემოქმედების მოტივის - მაძიებელი სულის წარმოჩენაა.

"ვედრების" ერთ-ერთ მთავარ მოტივად ავტორებს პიროვნული ღირსების დაცვა შეურჩევიათ. ეს უკანასკნელი მოიცავს სხვადასხვა ნაწარმოებთა პერსონაჟულ მოტივებს, როგორებიცაა: ჯოყოლას მოტივი, ზვიადაურის მოტივი, ალუდას მოტივი. განსაკუთრებით აღსანიშნავი მაინც სიკეთისა და ბოროტების ცნებებია, რადგან აღნიშნულთ დიდი ადგილი უჭირავთ ვაჟას შემოქმედებაში.

"ეკრანული ამეტყველების" მცდელობა ახლოს არის ვაჟას კონკრეტულ ლექსთან "ჩემი ვედრება" როგორც სათაურით, ასევე შინაარსობლივი დატვირთვითაც. ბოროტება რომ მძიმე შეცდომაა და მას გამოსწორება სჭირდება სწორედ ვაჟასეული ამ იდეის ხაზგასმა სურს ფილმის ავტორსაც.

სწორედ ვაჟას შემოქმედების გენიალურობაა იმის მიზეზი, რომ მისით დღესაც დაინტერესებულნი არიან როგორც ლიტერატურათმცოდნეები, ისე სხვა დარგის წარმომადგენლებიც. მისი ნაწარმოებები და პოემები აქტუალურობას არ კარგავს, რადგან გაჯერებულია მრავალი პრობლემით. ვაჟას ჰუმანური ბუნება განსაკუთრებით კარგად მჟღავნდება ლექსში "ჩემი ვედრება", თუმცა მის მთელ შემოქმედებას გასდევს. პოეტის სათქმელი ნათლად არის წარმოჩენილი: იგი ირჩევს რელიგიური ცხოვრების გზას, გმობს ბოროტებას და ამჯობინებს იყოს მსხვერპლი, ვიდრე დამნაშავე. მისთვის ეს მოტივი ქრისტიანული საზრისებითაა გაჯერებული. ის ბუნების მოყვარული ადამიანია, რომელის იდეალიც თავად უფალია.

ვაჟას მთავარ სათხოვარს სიყვარულის მარადიულობა წარმოადგენს. ეს სიყვარული არის რწმენა ღვთისა. მთლიანობაში, ლექსი ნათელი გამოხატულებაა იმისა, თუ რაოდენ ჰუმანურია სიკეთეს მოწყურებული პოეტი.



გამოყენებული ლიტერატურა:
1. გრიგოლ კიკნაძე - თხზულებანი, თბილისი, 2009;
2. გრიგოლ კიკნაძე - ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისი, 1957;
3. ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, თბილისი, 1966;


0
4415
შეფასება არ არის
ავტორი:ლია ხვადაგიანი
ლია ხვადაგიანი
4415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0