x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პურის ფასმა 5-დან 15 თეთრამდე მოიმატა - ექსპერტები, მწარმოებლები და პოლიტიკოსები მიზეზებზე საუბრობენ

image

10 დეკემბერს საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ მომხმარებლებს პურის შეძენა უკვე გაზრდილი ფასით, ცალ ერთეულზე 5-10-15 თეთრით მეტის გადახდით მოუწევთ.

ძველი ფასი - 60 თეთრი (2018 წლის 10 დეკემბრამდე)

imageახალი ფასი - 70-75 თეთრი (2018 წლის 10 დეკემბრიდან)

ორშაბათს დილიდან მომხმარებლებმა უკვე გაზრდილი ფასით შეიძინეს პური. პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამას წინასაარჩევნო პერიოდში პურის ფქვილის ფასის მომატებით ხსნიან. ასეთი ლოგიკით, პურზე ფასის მატება თითქოს დროებითი მოვლენა უნდა იყოს, თუმცა პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები პირიქით, ღირებულების კიდევ უფრო გაზრდის მოსალოდნელობაზე საუბრობენ და არა მის დროებით ხასიათზე.

გაზრდილი ფასები ვრცელდება ყველა სახის პურ-ფუნთუშეულზე, მათ შორის თონის პურზეც.

image

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ როგორც "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, პურზე ფასის მატება აიხსნება იმით, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 32 %-ით გაიზარდა და დღეისათვის იგი 47-50 ლარი ღირს.ის, ასევე, დასძენს, რომ პურის ფასის მატებაზე აისახა ახალი რეგულაციაც, რომელიც პურის ქაღალდის პარკში შეფუთვას ითვალისწინებს და ზრდის პურის თვითღირებულებას (გაძვირებულია პურის წარმოებისათვის საჭირო იმპორტირებული საშუალებები; ბოლო 3 წლის განმავლობაში გაორმაგდა შესაფუთი პარკების ფასი, მომატებულია სპეციალურ დანადგარებზე, სათადარიგო ნაწილებზე ფასი, გაძვირებულია საწვავისა და პროდუქციის დისტრიბუცია, ენერგომატარებლები (უპირველესად ბუნებრივი აირი)).

image

მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, რომ პურის კრიტიკული ფასი 44 ლარი იყო, ახლა კი 47 ლარია. მისი ინფორმაციით, პურზე ფასი 5-10 თეთრითაა გაზრდილი, თუმცა რეალურად ეს მაჩვენებელი 15 თეთრამდეც მიდის.

პურის კომპანია "იფქლმა", რომელიც თბილისისა და რეგიონების ბაზარზე მოღვაწეობს, ერთ-ერთმა პირველმა გამოიტანა პური გაზრდილი ფასით. კომპანიაში ამას მსოფლიო, გლობალურ ბაზარზე არსებულ სიტუაციას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ხორბლის ფასი ბევრ სახელმწიფოში გაიზარდა, მათ შორის საქართველოშიც - თუ 2018 წლის აგვისტოში 1 ტომარას ყიდულობდნენ 33-35 ლარად, ახლა 47-50 ლარის გადახდა უწევთ. კომპანიის PR-მენეჯერი, მარიამ გოგიშვილი:"თუ ადრე ტომარა ფქვილს 33-35 ლარად ვყიდულობდით, ახლა 47-50 ლარი გვიჯდება. ბოლო დრომდე ველოდებოდით, რომ ფასები დაიწევდა, ვცდილობდით, ჩვენი მარაგის ხარჯზე არ გაგვეზარდა ფასი, ახლა კი იძულებული ვართ, გავზარდოთ, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ". "იფქლის" კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ 10 დეკემბრიდან მათი საფირმო პროდუქტის შეძენა 10 თეთრით ძვირად მოუწევთ.

image

ეკონომიკის დარგის ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, პურის ფასს აქამდეც უნდა მოემატა, მაგრამ, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ პურის მწარმოებელ კომპანიებზე ზემოქმედებით შეძლო არსებული ფასის შენარჩუნება წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში. ეკონომისტები პურის ფასის გაზრდის შესაძლო მიზეზად, ასევე, ასახელებენ მთავრობის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, პურის ფქვილის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ გემებითა და მატარებლებით, რაც მცირე მწაროებლებს პურის ბიზნესის გარეშე დატოვებს. ექსპერტთა თქმით, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, კონკურენციის შეზღუდვა ბაზარზე ავტომატურად გამოიწვევს ფასების საგრძნობლად მატებას, როგორც ეს 10-11 წლის წინ ნავთობპორდუქტებზე რეგულაციის დაწესებისას მოხდა.

მწარმოებლებისაგან განსხვავებულად ფიქრობს პრემიერ-მინისტრი და პურის გაძვირების ხელოვნურ მიზეზებზე მიუთითებს. მამუკა ბახტაძის აზრით, პურზე ფასის მატება შეიძლება, არასამართლიანი, არაჯანსაღი კონკურენციის შედეგი იყოს და შესაბამისი ორგანოებისაგან დროულ რეაგირებას, საკითხის სასწრაფოდ შესწავლას ითხოვს: "მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე. საქართველოში არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას არავის მივცემთ".

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 1 კგ. ხორბლის პურის ფასი 2009 წლიდან 2018 წლის იანვარი-ნოემბრისათვის 1. 15 ლარიდან 1.68 ლარამდე გაიზარდა, ბოლო სამ წელიწადში კი 1.60-დან (2016) 1.68-მდე (2018).პურის შესაძლო გაძვირებაზე ბოლო წლებში აქტიურად საუბრობდნენ, თუმცა იყო დაპირებაც, რომ ამას მთავრობა არ დაუშვებდა.

0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0