x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ნუ გგონია, რომ აქ მთავრდება ყველაფერი....

image

ადამიანი ხშირად გაუცნობიერებლად ვერაფერს ამჩნევს სამყაროში იმის გარდა, რისი დანახვაც უნდა. მას ჰგონია, რომ თავისი აღქმული სამყარო ზუსტი ანარეკლია რეალური, ობიექტური სამყაროსი. მთელი ცხოვრება რაღაცისთვის ვიბრძვით, რაღაცას ვეძებთ და როცა ვპოულობთ, ვხვდებით, რომ სულ სხვა რამ გვეწადა. ამბობენ, ადამიანები არ იცვლებიანო. ტყუილია მეგობარო, ადამიანი ხშირად იცვლება და ეს ცვლილება გამომდინარეობს გარემო ფაქტორებიდან. ცხოვრების პირველ ეტაპზე ფიქრობ, რომ შენი გული სავსეა სიყვარულით, გარშემო ხედავ მხოლოდ კეთილ ადამიანებს, მხოლოდ ბედნიერი დღეების იმედად ცხოვრობ და როცა, ერთ დღეს გაიღვიძებ, აღმოჩნდები ცარიელ კედლებში მარტო, ფანჯრებს მიღმა კი - მთელი სამყარო უშენოდ, ბედნიერი, სიცოცხლით სავსე იქნება. მთელი ცხოვრება შიში თან გდევს, არ გასვენებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება დაკარგო ყველაფერი, ადამიანები, რომლებსაც სულის სიღრმემდე, კუნჭულებში მალავდი და ეფერებოდი. გარკვეული დროის შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ ეს გული უამრავი ბზარებითა და ტკივილით, იტევდა იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არც კი არსებობდი. ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ რჩები უსასრულოდ მარტო, შენს საკუთარ თავთან და ყველა შიში ქრება, ქრება ყველაფერი, რაც აქამდე გაკავედბდა, რაც აქამდე გაბრკოლებდა, ხვდები, რომ წლები სიყალბე ყოფილა, შენ რომ ნამდვილი და წრფელი გეგონა. ნუ გგონია, რომ აქ მთავრდება ყველაფერი. ტყუილი როდია, რომ ყველაფრის თავიდან დაწყება ათასჯერ შეიძლება და თუ მეათასედაც არ გამოგივა, შენ უფრო მეტი ძალა გაქვს ფეხზე წამოდგომის. უყურებ გარშემო, როგორ იცვლებიან წელიწადის დროები, თვეები, ადამიანები. არასდროს არის ერთი და იგივე ხის ერთი ფოთოლიც კი, რადგან განმეორებას არაფერი ექვემდებარება, არც სიყვარული. სარკეში იხედები და ცვლილებას ვერ ამჩნევ საკუთარ თავში. სარკემ, მხოლოდ მან იცის შენი სევდიანი სახის ისტორია, ნაოჭების რაოდენობა და დროის მსახვრალი ხელის დაღი, რომელიც ყველაფერს ცვლის, გარდა თვალებისა. მოხუცებს ბავშვებივით თვალები აქვთ, ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით და კვლავაც ვუბრუნდებით სიყმაწვილეს. მივდივართ იქ, საიდანაც მოვედით, ისევ მარტო, ისევ უსასრულობაში. საოცარია, ვის სჭირდება ეს უბადრუკი თამაში სიცოცხლისა, რომელსაც მხოლოდ ტკივილი, ცრემლები, გულგატეხილობა მოაქვს ბედნიერების უეცარი გამონათებების გარდა. შეჩერდი წამო!! შენ არასდროს შეჩერდები, შენ უბრალოდ წახვალ და აღარ დაბრუნდები, შენს მაგივრად კი აქ დარჩება მრავალი შენი მსგავსი, რომელთა ისტორია შენსმსგავსად იწყება და შენივე მსგავსად დასრულდება.


0
89
შეფასება არ არის
ავტორი:თეა აბუაშვილი
თეა აბუაშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0