x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ხალხის ფულს ხარჯავენ და ადამიანებს ასულელებენ" - ირაკლი კუნჭულია

image2 წლის წინ დედაჩემმა დაბადების დღეზე სვეტი / Sveti-ის კორპუსში ბინა მაჩუქა. გავაფორმეთ ხელშეკრულება, შევიტანეთ წინასწარ ღირებულების რამდენიმე პროცენტი და შევთანხმდით გადახდის გრაფიკსა და ბინის ჩაბარების თარიღზე.

ახალ ბინაში მისი ყიდვიდან რამდენიმე თვეში უნდა გადავსულიყავი, მანამდე კი ქირით უნდა მეცხოვრა და ცხადია, ყველაფერი წინასწარ განვსაზღვრე.

ყველა გათვლით, გასული წლის სექტემბერი უნდა ყოფილიყო ბოლო ვადა, როცა ბინა უნდა ჩამბარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ქირით მიწევს ცხოვრება, რადგან ჩემი კორპუსი საერთოდ აშენებულიც კი არ არის. დედაჩემს კონტრაქტის არც ერთი პირობა არ დაურღვევია, მაგრამ კომპანიამ არც ერთი ვალდებულება არ შეასრულა.

როგორც აღმოჩნდა, კომპანიას ობიექტებზე მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა აღებული. მენაშენეების თქმით, ჰქონდათ შემთხვევები, როცა 1 ბინა რამდენიმე ადამიანზე იყო გაყიდული. იყო ფულის გამოძალვის, მოტეხვის, გათეთრების შემთხვევები და ა.შ.
ამ კომპანიას დღეს ჰყავს 4 000-ზე მეტი ოჯახი დაზარალებული. მათი უმრავლესობა, მათ შორის დედაჩემიც, არის ემიგრანტი. ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყანაში პურის ფულის საშოვნელად არიან წასულები. ადამიანები, რომლებიც შორს არიან შვილებისგან, დედებისგან, მამებისგან, მეგობრებისგან, ნათესავებისგან. ადამიანები, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული, რომ კიდევ რამდენიმე თვე უნდა ემუშავათ იქ, შემდეგ ჩამოვიდოდნენ და საკუთარ ბინაში იცხოვრებდნენ, მაგრამ დღეს ისევ საზღვარგარეთ არიან, რადგან აქ არც სახლი აქვთ, არც ჭერი, არც მათ გადახდილ ფულს უბრუნებს ვინმე და არიან ასე, თავადაც არ იციან - რის იმედად.

ისედაც გაუბედურებული და გამწარებული ხალხი გაასულელა კომპანია „სვეტმა“ და დღემდე ამ კომპანიის წარომადგენლები ჩვეულებრივად დადიან ქუჩაში, ისვენებენ, ხარჯავენ ხალხის ფულს და მეტიც, პრესკონფერენციებსაც აწყობენ და საკონსტიტუციოში რაღაც საჩივრები დააქვთ - ცხადია, დროის გაყვანის მიზნით.

მთავრობის პასუხი ამ ყველაფერზე არის ის, რომ საქმეს საგამოძიებო სამსახური იძიებს. თითქმის ყველა მენაშენე გამოიკითხა, მაგრამ ფაქტია, ამდენი დრო გავიდა და შედეგი არ დადებულა. ამ ყველაფერს ეწირება ადამიანური რესურსი, ამ ყველაფერს ეწირება უამრავი ფული, რადგან დღემდე დაზარალებულთა უმრავლესობა, მათ შორის მეც, ქირით ცხოვრობს. ამ ყველაფერს ეწირება ნერვები, ამ ყველაფერს ეწირებიან ადამიანები, რომლებიც სამართალს ეძებენ და არავინ იცის, ოდესმე თუ იპოვიან მას.

მართლა არ ვიცი, ამ ქვეყანაში რისი იმედი უნდა ჰქონდეს ადამიანს.
image

0
80
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0