x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ილია ცოფურიშვილი – ახალგაზრდა ფრისტაილერი დედოფლისწყაროდან
image


წლების წინ, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე დედოფლისწყაროში პარკურს არაერთი ახალგაზრდა მისდევდა. პარკური სიმაღლეებიდან და კედლებიდან ხტომას გულისხმობს, მართალია, მათ ბევრი ემდუროდა, სკვერებში ბოძები მოირყაო, მაგრამ წლების წინ მაინც საინტერესო მასალა მომზადდა. ახლაც იგივე განცდა მაქვს, რადგან სპორტის კიდევ ერთი იშვიათი სახეობის მიმდევარი უნდა გაგაცნოთ. ერთ-ერთი ფრისტაილერი დედოფლისწყაროელი ახალგაზრდა ყოფილა. Freestily სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, თავისუფალ სტილს ნიშნავს, სადაც შეზღუდვები არ არის. სირთულის გამო ჩვენს ქვეყანაში არცთუ ბევრი ახალგაზრდაა დაკავებული. მაგრამ კიდევ უფრო იშვიათია ფრისტაილის განხრა, სადაც ცეკვისას ბურთსაც იყენებენ. ასეთია სოფელ სამრეკლოს მკვიდრი, 21 წლის ილია ცოფურიშვილი.



imageილია ცოფურიშვილი:
„სპორტული ცხოვრება ყოველთვის მომწონდა, თავდაპირველად ფეხბურთელი ვიყავი. ჯერ დედოფლისწყაროშიც დავდიოდი ფეხბურთზე, თუმცა შემდეგ განვითარება მინდოდა და თბილისშიც ვცადე გადასვლა. „დინამოში“ ვთამაშობდი, ამ დროს სხვა სპორტსმენების ვარჯიშებს ხშირად ვაკვირდებოდი ხოლმე. ინტერნეტით ხშირად ვუყურებდი ფეხბურთელების ვიდეოებს, ერთხელაც, სრულიად შემთხვევით ფრისტაილის ვიდეო ვნახე. ამ მოძრაობებმა იმდენად დამაინტერესა, მალევე გადავწყვიტე, მეც მეცადა და ვარჯიში დამეწყო. ფეხბურთს შევეშვი და ამ სახეობაში დავიწყე სერიოზული მზადება. 5 წელია ვვარჯიშობ, კოლოსალურად დიდ დროს ვუთმობ ფრისტაილს. ხანდახან ბრეიქ დანსსაც ვცეკვავ.


– ერთერთი ჯგუფის წევრი ხარ, იქ როგორ მოხვდი?
– ამჟამად საკმაოდ ცნობილი ჯგუფის წევრი ვარ, „სეუ არტ პროჯექტი“ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა და მათივე დარბაზში ვვარჯიშობთ. სეუ-ს გუნდში მოხვედრა ადვილი არ იყო, სპეციალური შერჩევა გავიარე და საბედნიეროდ, დამტოვეს. ვაპირებთ კიდევ უფრო განვვითარდეთ და ვგეგმავთ, პროექტ „ნიჭიერშიც“ მივიღოთ მონაწილეობა ჯგუფის სახელით. საკმაოდ ხშირად გვაქვს კონცერტები, მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ტელევიზიებთან და სხვადასხვა შოუებში ვცეკვავთ. ამ სფეროში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. როცა ჩვენი ჯგუფი კონცერტზე გამოდის, ყველა წევრი თავის ნომერს წარადგენს. ეს საშუალებას გვაძლევს გამოცდილება მივიღოთ და უფრო განვვითარდეთ. ხშირად გვაქვს აქტივობები. ამასწინათ, სეუ-ს მხარდაჭერით ქუჩის ცეკვების შეჯიბრის ორგანიზატორები ვიყავით. საკმაოდ კარგი პრიზი იყო დაწესებული, გამარჯვებული ამსტერდამში გაემგზავრებოდა. ეს ივენთი ტელევიზიებითაც გაშუქდა, რაც დამატებითი სტიმული იყო ჩვენთვის.



– ფეხბურთს რატომ არ გაყევი?
– ფინანსური პრობლემების გამო მომიწია ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა. ვარჯიში ფასიანი იყო და მაე მივხვდი, რომ მათთვის მთავარი იყო გადასახადი შემეტანა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ ვითამაშებდი. სამწუხაროდ საქართველოში ყოველთვის ასე ხდება, ამიტომ პერსპექტივა ვერ დავინახე და სხვა მიმართულებით წავედი.


– ოჯახი რას ამბობდა შენი იშვიათი გატაცების შესახებ?
– ბევრი რამ გადავიტანე ამ ხნის განმავლობაში. ოჯახიც წინააღმდეგი იყო, მშობლები სულ მეკამათებოდნენ, „შეეშვი, ხომ ხედავ ბურთით არაფერი გამოდისო“, მაგრამ ჩემთვის აზრის შეცვლა ვერავინ შეძლო. ბოლოს მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა და ინტერესს ვერ დავკარგავდი, საყვედურებმაც იკლო. იმედგაცრუება ფეხბურთის გამო ჰქონდათ, ეგონათ, აქაც არ გამიმართლებდა.


– ილია, ეს მიმდინარეობა მხოლოდ ვიდეოებიდან შეგიყვარდა, თუ ვინმეს იცნობდი, ვინც გავლენა მოახდინა შენზე?

– არავის ვიცნობდი, საქართველოში სულ ორი ადამიანი ვართ. ფრისტაილი არცთუ იშვიათია, მაგრამ გაცილებით ცოტა მიმდევარი ჰყავს, რომლებიც უშუალოდ ბურთთან ერთად ასრულებენ. მეც უფრო ბურთს ვიყენებ ცეკვისას. ჩემი ინდივიდუალური სტილი მაქვს. მსოფლიოში იშვიათია, ვინც ასეთ სტილზე ცეკვავს. საქართველოში მეორე მოცეკვავეცაა, ვინც ბურთს იყენებს, თუმცა ისიც რადიკალურად განსხვავებულია ჩემგან. სხვადასხვა ილეთებს ვხვეწავთ. ზოგადად ე.წ. ფინტები ბავშვობიდან მიყვარდა, ფეხბურთის დროსაც ფინტებს ხშირად ვაკეთებდი, მაგრამ ფრისტაილის შესახებ არ ვიცოდი. ამდენად მრავალფეროვანი და გამდიდრებული ილეთები თუ იყო, არც წარმომედგინა, ამიტომაც ჩამითრია, რომ მისი მრავალფეროვნება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ამდენი რამის მოხერხება თუ შეიძლებოდა, ჩემთვის ეს დიდი სტმული იყო და ენთუზიაზმი გამიჩნდა. დავისახე მიზნად, რომ მსოფლიოს ფრისტაილერების დონეზე დამეხვეწა მოძრაობები და თავს არ ვზოგავდი, მაქსიმუმს ვაკეთებდი და ხშირად მაქსიმუმზე მეტსაც. ამ პრინციპით ვცხოვრობ, არ უნდა ამოწურო, მაქსიმუმზე მეტი უნდა აკეთო და არ გაჩერდე. ყოველთვის უნდა განვითარდე და ახალი ეძებო.


– რატომ ჯანსაღი ცხოვრების წესი?
– ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი უმთავრესია. მთავარია, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ცხოვრებაში იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. ყურადღება არ უნდა მიაქციო სხვა რას ამბობს. შენი საქმით უნდა მიიღო სიამოვნება. როდესაც მეკითხებიან, რა სარგებელს მაძლევს ამის კეთება, ყოველთვის ვპასუხობ, შესაძლოა მატერიალურ სარგებელს არ ვიღებ, მაგრამ მთავარია მსიამოვნებს. როცა შენს საქმეს სიამოვნებით აკეთებ, მაშინ ყველაფერს მიაღწევ და მეც მჯერა რომ შრომა დამიფასდება და წარმატებებს მივაღწევ. მავნე ჩვევები არ მაქვს, სიგარეტს არ ვეწევი და არც მომიწევია. უნდა იცხოვრო შენ როგორც გინდა და არა ისე, როგორც სხვა ფიქრობს. ჩემთვის მიუღებელია ნარკოტიკი... არა იმიტომ, რომ სპორტს მივდევ, სხვა შემთხვევაშიც არ მოვიხმარდი არც მსუბუქს და არც მძიმე ნარკოტიკს. ვთვლი, რომ ადამიანმა არ უნდა მიიღოს არანაირი ნარკოტიკი.


– რა არის შენი, როგორც ახალგაზრდის, სათქმელი?
– ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ნიჭს სათანადოდ არ აფასებენ. ბევრი ნიჭიერი განვითარებას ვერ ახერხებს, ხელშეწყობა არ არის და უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა იკარგება. ეს კი იმედგაცრუებას იწვევს, ბევრი რამით ვართ ჩამორჩენილები. ადვილი არც ჩემთვის იყო ამ გზის გავლა, ბევრი რამ გამომივლია, შიმშილი, სიცივე, ბევრჯერ გარეთაც დავრჩენილვარ, ღამით სეუ-შიც დავრჩენილვარ, მაგრამ საქმისადმი სიყვარული არ გამნელებია. მიზანი იმდენად ძლიერი იყო, ეს ყოველთვის მეხმარებოდა სირთულეები დამეძლია. მეგობრების მხარდაჭერაც ბევრჯერ დამხმარებია. ამ სფეროში ბევრი მეგობარი შევიძინე, ამიტომაც ისინი უპირველესები არიან ჩემთვის.
შემოთავაზება მაქვს კულტურის და სპორტის ცენტრებთან, მაგალითად ელიაობისა და დედოფლისწყაროობის დღეებში როდესაც კონცერტები იგეგმება, მონაწილეები თბილისიდან ჩამოჰყავთ და ფულს უხდიან, მეც შემიძლია და ძალიან მინდა, ჩემს რაიონს ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები. ადგილობრივებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება. სულ სხვა განცდაა, როცა იქ გამოდიხარ, სადაც დაიბადე და გაიზარდე.


– გეთანხმები... მეც მიმაჩნია, რომ ადგილობრივები, მაგალითად ისეთი მომღერალი, როგორიც თუნდაც თამარ ყველაშვილია, მან „ნიჭიერის“ დიდ სცენაზე მოიპოვა აღიარება და დედოფლისწყაროს სცენაზეც უნდა გამოდიოდეს...
– ამის შესაძლებლობა სამწუხაროდ ჯერ არ მქონია. ძალიან ბევრ კონცერტში ვმონაწილეობ, მაგრამ მინდა, საკუთარ მხარეში გამოვიდე.

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0