x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ აღმოჩნდა ქრისტეს კვართი საქართველოში ?

მე-4 საუკუნემდე ქრისტიანობას არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებდა, თუმცა, ქრისტეს მიმდევრები ყველგან მრავლად იყვნენ, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ მაშინ გულმოდგინედ მალავდნენ თავიანთ რწმენას. ქართლის ძველ დედაქალაქ მცხეთაში არქეოლოგებმა პირველი ქრისტიანების საიდუმლო ნიშნებით (თევზი, ღუზა) შემკული ნივთები აღმოაჩინეს. ასეთ ნივთებს ქრისტიანები ატარებდნენ, მათი საშუალებით ერთმანეთს ცნობდნენ და საიდუმლო შეკრებებს აწყობდნენ. ერთი ძველი ლეგენდა იმაზეც მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა მცხეთაში ქრისტეს კვართი: იმ დროს მცხეთაში ცხოვრობდა ერთი ებრაელი, სახელად ელიოზი. იგი დედამ იერუსალიმში გააგზავნა ქრისტეს მოძღვრების მოსასმენად. ელიოზი იერუსალიმში სწორედ იმ დროს ჩასულა, როდესაც მაცხოვარს სასიკვდილო განაჩენი გამოტანილი ჰქონდა. ელიოზი დაესწრო ქრისტეს ჯვარცმას და მისი წამების მნახველმა ცხარე ცრემლით იტირა. შემდეგ ის დაბრუნდა მცხეთაში და თან ჩამოიტანა იესოს კვართი.

ქრისტეს კვართი აქ ელიოზს მისი და - სიდონია შეეგება. როგორც კი შეიტყო ჯვარცმის ამბავი, გამოართვა ძმას კვართი, ჩაიკრა გულში და მწუხარებისგან იქვე განუტევა სული. ვერავინ მოახერხა მისთვის კვართის გამორთმევა, ამიტომ იგი მიცვალებულს საფლავში ჩაატანეს. შემდეგ ამ საფლავზე მშვენიერი ნაძვის ხე ამოვიდა. იესოს კვართი ხომ ჩვეულებრივი სამოსი არ იყო! და რადგანაც იგი ქართულ მიწაში დაიმარხა, ეს ნიშნავდა, რომ ქრისტე ამ მიწაზე უკვე მოვიდა, მაგრამ ჯერ ფარულად. აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა მისი მოსვლა ყველასათვის ცხადი გახდებოდა! - ასეთია ამ ლეგენდის აზრი.

0
324
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამ ლიპარტია
მარიამ ლიპარტია
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0