x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
„ექსპო ჯორჯიაში“ სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2018 გაიხსნა

„ექსპო ჯორჯიაში“ სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2018 გაიხსნა, რომელშიც წელს 17 ქვეყნის 200-მდე კომპანია იღებს მონაწილეობს.

როგორც „THouse.Ge“ ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ საქართველოში თურქეთის ელჩთან, ფატმა სერენ იაზგანთან ერთად გახსნა.
ირმა ქავთარაძის განცხადებით, გამოფენა წელს ოცდამესამედ ტარდება, მასში ჩვიდმეტი ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს და ეს ფაქტიც მიუთითებს, რომ აღნიშნული სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და უცხოური კომპანიების საქართველოთი დაინტერესების კარგი მაჩვენებელია.

Caucasus Build 2018

„მშენებლობის სექტორი ძალიან სწრაფად მზარდი და დინამიური სექტორია, რომელიც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ძალიან კარგად ვითარდება - მხოლოდ გასულ წელს მშენებლობაში მოზიდულ იქნა 295 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, რაც 115 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ეს არის ძალიან კარგი ინდიკაცია, ეს სექტორი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

როგორც გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, 23 წლის განმავლობაში ამ გამოფენამ ყველაზე ეფექტიანი ინდუსტრიული მოვლენის სტატუსი მოიპოვა არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში. გამოფენა ორმხრივად დაინტერესებული მხარეების ერთ სივრცეში შეხვედრის იდეალური პლატფორმაა სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურების მიმწოდებლებისთვის ხელშეკრულებების დასადებად საქართველოსა და კავკასიის რეგიონის კომპანიებთან, დეველოპერებთან, არქიტექტორებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ინდუსტრიით დაინტერესებულ სხვა მხარეებთან.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის შემდგომი გაძლიერებისთვის, ეს ეხება როგორც სხვადასხვა დონეზე მხარდაჭერას, ასევე საკანონმდებლო მხარდაჭერას. სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი პარლამენტში აქტიური განხილვების ფაზაშია, ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს ძალიან ბევრ კანონქვემდებარე აქტს, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს დარგში დასაქმებულ კომპანიებს, რომ მათ თავიანთი ბიზნესი წარმართონ მომგებიანად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამშენებლო სექტორი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება“, - აღნიშნა ირმა ქავთარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

Caucasus Build 2018-ში საქართველო, გერმანია, რუსეთი, ლიტვა, იტალია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ირანი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბელარუსი, ნორვეგია და შვეიცარია მონაწილეობს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე მსოფლიოში წამყვანი გამოფენების ცენტრი „ტუიაპი.“ გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“ 29 აპრილამდე გაგრძელდება.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე სხულუხია
ალექსანდრე სხულუხია
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0