x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
განშორების შფოთვითი აშლილობა ბავშვებში


image


განშორების შფოთვითი აშლილობის მთავარი მახასიათებელია მშობლებთან ან მნიშვნელოვან პიროვნებასთან განშორების გადაჭარბებული შიში. უკვე განშორების სიტუაციის მოლოდინს შეუძლია შიშის სიმპტომების გამოწვევა, რომლებიც ვლინდება არა მხოლოდ ემოციურ, არამედ ქცევის დონეზეც, ტირილის, პროტესტის, ან სხვა ოპოზიციურ-აგრესიული ქცევის სახით. განშორების შფოთვითი აშლილობის თანმხლებმა ფიზიოლოგიურმა სიმპტომებმა, როგორებიცაა გულისრევის შეგრძნება, მუცლისდა თავის ტკივილები, ღებინება, გულის აჩქარება და თავბრუსხვევა, შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ბავშვს ორგანული დაავადება აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინსმსწები, თვალსაჩინოდ გამოხატული შიშის შეგრძნებები არ არის შესამჩნევი. ამ ფონზე ბავშვები არც თუ ისე იშვიათად გადაჭარბებულ მზრუნველობას იღებენ მშობლებისგან, რაც შიშისა და თავის არიდების რეაქციის განმტკიცებას და შემდგომში სტაბილურად გამოვლენას უწყობს ხელს.განშორების შფოთვითი აშლილობის მახასიათებლად შეიძლება განვიხილოთ, ასევე, ძილის პრობლემები, რადგან ღამით მნიშნველოვანი პიროვნების დაკარგვის, გაუჩინარების საფრთხე მათთვის შიშის გამომწვევი სიტუაციაა. შესაბამისად, ზოგიერთი ბავშვი უარს ამბობს საკუთარ ლოგინში დაძინებაზე.

განშორების შიშის ყველა გამოვლინება არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებთან. განშორების შიში შეიძლება განვითარების საფეხურთან შესაბამისი სპეციფიკური შიში იყოს, მაგრამ თუ ის სკოლამდელ ასაკამდე გრძელდება და ძლიერი ინტენსივობით არის გამოხატული, ხელს უშლის ბავშვის ფუნქციონირებას სხვადასხვა სფეროში, ყალიბდება ქცევით დარღვევად. უფრო ხშირად განშორების შფოთვითი აშლილობა 6 ან 7 წლის ასაკში, სკოლაში შესვლის პერიოდში, ხდება თვალსაჩინო. განშორების შფოთვითი აშლილობა კლასიფიცირებულია, როგორც “ემოციური დარღვევა განშორების შიშით ბავშვობის ასაკში” . ბავშვის მდგომარეობა 8 სადიაგნოსტიკო კრიტერიუმიდან სულ მცირე 3-ს უნდა აკმაყოფილებდეს :


1. დაუსაბუთებელი და მუდმივი შფოთვა მოსალოდნელ უბედურებაზე,
რომელიც მნიშვნელოვანი პიროვნების დაკარგვას ან მის სიკვდილს
უკავშირდება(მაგ.: შიში, რომ ის წავა და უკან აღარასდროს
დაბრუნდება და რომ ბავშვი მას ვეღარ ნახავს) ;
2. დაუსაბუთებული და მუდმივი შფოთვა, რომ ბავშვსა და მნიშვნელოვან
პიროვნებას რაიმე უბედური შემთხვევა დააშორებთ (მაგ.: რომ ბავშვი
დაიკარგება, მოიტაცებენ, საავადმყოფოში გადაიყვანენ ან
მოკლავენ ) ;
3. სკოლის ხანგრძლივი უარყოფა და სკოლაში სიარულისგან თავის
არიდება, მნიშვნელოვან პიროვნებასთან დაშორების შიშის გამო; 4. განშორების სირთულეები ვლინდება შემდეგ მახასიათებლებში:
დასაძინებლად წასვლის უარყოფა, გაჭიანურება;
ღამით გაღვიძება და გადამოწმება;
სხვაგან ღამის გათევის უარყოფა.
5. ხანგრძლივი, შეუსაბამო შიში სახლში მარტო, მნიშვნელოვანი
პიროვნების გარეშე დარჩენის;
6. განმეორებითი ღამის კოშმარების განშორების თემასთან
დაკავშირებიღ;
7. განმეორებითი სომატური სიმპტომები მნიშვნელოვან პიროვნებასთან
განშორების სიტუაციებში;
8. ინტენსიური და განმეორებადი ლოდინის მდგომარეობა განშორების
სიტუაციაში.



ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოს DSM-5-ის მიხედვით, განშორების შფოთვითი აშლილობა გვხვდება 18 წლის ქვემოთ ახალგაზრდებსა (როცა გრძელდება სულ ცოტა 4 კვირის განმავლობაში) და მოზრდილებში (როცა გრძელდება 6 თვის ან მეტის განმავლობაში). სასურველია განშორების შფოთვის აშლილობა ბავშვებთან აღმოჩენილ იქნას გარდამავალ ასაკამდე. ის შეიძლება განვითარდეს როგორც შეუმჩნევლად, ასევე მწვავედ. აღნიშნული აშლილობა თავს იჩენს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი იღებს ფსიქოსოციალურ ტრამვას (მაგ.: დის ან ძმის დაბადება, ნათესავის გარდაცვალება, საცხოვრებლის შეცვლა).სკოლაში შესვლაც წარმოადგენს სენსიტიურ ფაზას, რომელზეც ზოგიერთი ბავშვი განშორების შფოთვითი აშლილობით რეაგირებს.


ლონგიტუდური კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ განშორების შფოთვითი აშლილობის განვითარების რისკს 6 წლის ასაკისთვის ზრდის არაუსაფრთხო მიჯაჭვულობა დედა-შვილს შორის. ასევე, განშორების შფოთვით აშლილობასთან დაკავშირებულია ნეგატიური აღზრდის სტილი, გადაჭარბებული მზრუნველობა და ქაოტური და პრობლემური ოჯახური გარემო. კვლევებით ასევე დადგენილია, რომ დეპრესიული, შიშების მქონე მშობლების შვილები მეტად ავადდებიან განშორების შფოთვითი აშლილობით, ვიდრე ფსიქიკურად ჯანმრთელი მშობლების შვილები. განსაკუთრებულ გავლენას ახდენს თვით მშობლის შიში, ამ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს მოდელზე დაკვირვებით. გადაჭარბებული მზრუნველობის დროს კი იზღუდება ბავშვის დამოუკიდებლობა, რის შედეგადაც შეიძლება განშორების შფოთვითი აშლილობა ან დაუცველობის შეგრძნება განვითარდეს.

განშორების შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვებს მოზრდილობის ასაკში უფრო ხშირად ესაჭიროებათ ფსიქიატრიული მკურნალობა, ვიდრე ჯანმრთელ და სხვა აშლილობის მქონე ბავშვებს. განშორების შფოთვითი აშლილობა შესაძლოა მოზრდილობაში პანიკურ აშლილობისა და აგორაფობიის წინაპირობად განვიხილოთ.

კვლევები ადასტურებს განშორების შფოთვითი აშლილობის თერაპიისას კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის ეფექტიანობას. რაც უფრო პატარაა ასაკით ბავშვი, მით უფრო ჩართულია თერაპიის პროცესში მშობელი.ერთ-ერთი ტექნიკის მიხედვით, თავდაპირველად ბავშვთან ერთად უნდა შემუშავდეს შიშის გამომწვევი სიტუაციების იერარქიული ჩამონათვალი პრინციპით - ყველაზე მეტად საშიშიდან ყველაზე ნაკლებად საშიშ სიტუაციამდე. შემდეგ იწყება ყველაზე ნაკლებად საშიში სიტუაციის ექსპოზიციით, მშობლის მონაწილეობით და ხდება გამკლავების სტრატეგიების გათამაშება, გავარჯიშება და გაბედული ქცევის პატერნების დიფერენციალური განმტკიცება. ამასთან, თერაპიის მნიშვნელოვანი კომპონენტია შიშის გამომწვევი ირაციონალური აზრების რესტრუქტურირება ან ახალი გაბედული აზრებით ჩანაცვლება. შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვმა უკვე კარგად დაისწავლა საშიშ სიტუაციასთან გამკლავების ქცევა.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0