x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
თბილისის მერიის მუშაობაზე დაკვირვება მიმდინარეობს
თბილისის მერიის მუშაობაზე დაკვირვება მიმდინარეობს. გარემოს დაცვა, გენდერი და ახალგაზრდობა - ეს ის საკითხებია, რომელსაც სპეციალურად დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მოიცავს ბიუჯეტის ანალიზს, შეხვედრას მერიის თანამშრომლებთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან.


image


პროექტის ხელმძღვანელი მარიამ ხუროშვილი, მერიის ოფიციალურ პირებს აქტიურ რეჟიმში ხვდება და ზუსტ ინფორმაციას უშუალოდ მათგან იღებს. ამჟამად მის კითხვებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრმა, გარემოსდამცველმა - ნატო კირვალიძემ უპასუხა. გარემოსდამცველმა თბილისში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მერიას ამ ეტაპზე არ გააჩნია გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რაც არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს. “პირველ რიგში, უნდა შეიქმნას გარემოსდაცვითი სამსახური, რომელსაც ექნება პასუხისმგებლობა, რომ შეიმუშაოს თბილისის გარემოსდაცვითი პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ სტრატეგიები და გეგმები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სტრატეგია გამაგრდება გეგმით და ბიუჯეტით, უფრო დიდი შანსია, რომ მერიამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაფინანასება მარტივად მოიპოვოს.’’-განაცხადა ნატო კირვალიძემ.


პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება შეხვედრა თბილისის მერთან. პროექტი საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის სტიპენდიის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროექტის ერთ-ერთი ქართველი სტიპენდიანტი 24 წლის თსუ-ს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი - მარიამ ხუროშვილია, რომელიც ასევე არის ევროკავშირის დელეგაციის მიერ არჩეული ახლგაზრდა ევროპელი ელჩი. ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ექსპერტებთან თანამშრომლობის საფუძველზე ახდენს ადგილობრივი პროექტების ანალიზს და ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ საკუთარ კვლევას ევროკავშირს წარუდგენს.



პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსია) ხორციელდება. სტიპენდიის ფარგლებში 20 პროექტი დაფინანსდა.პროექტის დასკვნითი ღონისძიება მარტის ბოლოს გაიმართება, სადაც შეჯამდება პროექტის მიმდინარეობა, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები. ღონისძიებას დაესწრებიან, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები.

0
8
3-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0