x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გადაურჩა "დიდ ტერორს" ივანე ჯავახიშვილი
ანარქო-კომუნიზმი და ივანე ჯავახიშვილი

30-იანი წლების საბჭოური რეჟიმი ვერ იტანდა ინტელექტით, მოქალაქეობრიობითა და პატრიოტიზმით გამორჩეულ პიროვნებებს. ჩვენდა საუბედუროდ, ბევრი მათგანი 1937-38 წლების „დიდმა ტერორმა“ იმსხვერპლა. აღნიშნული თვისებებით ყველაზე გამორჩეული მაინც ივანე ჯავახიშვილი გახლდათ, მაგრამ რაღაც „სასწაულით“ ჩვენი დიდი ისტორიკოსი და მამულიშვილი რეპრესიებს გადაურჩა.

ქართველ ისტორიკოსთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მოხდა სიმონ ჯანაშიას ლავრენტი ბერიაზე-საქართველოში „დიდი ტერორის“ ხელმძღვანელზე-ზემოქმედების წყალობით. ამგვარი წარმოდგენა ძალზე ზედაპირულია და არ ითვალისწინებს ფაქტებს, ურომლისოდაც პროფესიონალი ისტორიკოსი ნაბიჯს არ უნდა დგამდეს. თუ დღევანდელ ქართველ ისტორიკოსებს არ სურთ და არც ძალუძთ 30-იანი წლების ამბების გაგება, მაშინ რა მოეთხოვებათ მათ შორეული წარსულის გააზრებისას?


ივანე ჯავახიშვილი, მიუხედავად მისი ზომიერებისა, არ ეპიტნავებოდა საბჭოთა ხელისუფლებას. ამიტომ 1926 წელს იგი რექტორის პოსტიდან გადააყენეს, ხუთი წელიც არ იყო გასული და საერთოდ დააყოვებინეს მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტი.მის მიმართ შეურიგებლობას იჩენდა ფილიპე მახარაძე, არც ლავრენტი ბერია ყოფილა გამონაკლისი, რომელიც 1931 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცეკა-ს პირველი მდივანი გახდა.



წლების განმავლობაში ივანე ჯავახიშვილი ჩამოშორებული იყო სამეცნიერო თანამდებობებსა და აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას.1928 წლის 5 აპრილს, ჯერ კიდევ საქართველოს სსრ მთავარი პოლიტიკური სამმართველოს უფროსად ყოფნის დროს, ლავრენტი ბერიაა ლევან ღოღობერიძეს-საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს სპეციალური მოხსენებით მიმართავდა.

მიმართვის ტექსტის ნაწილი, უნივერსიტეტს რომ ეხება ასეთია: „მიუხედავად ყველა წენდისა და შეუზღუდვებისა, მაინც სტუდენტობის შემადგენლობის კარგა ნახევარი ჩვენი არაა.სახელმწიფო უნივერსიტეტის გასაჯანსაღებლად მიღებული ღონისძიებანი არასაკმარისი, სანახევრო აღმოჩნდა და ამიტომაც ვერ მოგვცეს სასურველი შედეგები.


უმეტესობა სტუდენტების მასისა, რომელიც 8 000 ადამიანს მოიცავს, იდეოლოგიურად იმყოფება მოსახლეობის შოვინისტურ-ანტისაბჭოურად განწყობილი ფენების გავლენის ქვეშ.სტუდენტთა არამცირედი ნაწილი, ამა თუ იმ ფორმით, მონაწილეობს ანტისოციალისტური პარტიების მუშაობაში.სტუდენტთა შორის ყველაზე დიდი გავლენით ძველებურად სარგებლობენ შოვინისტურ-ანტისაბჭოურად განწყობილი პროფესორები.

პროფესორი ჯავახიშვილი გაღმერთებულია.იგი სტუდენტობისათვის ნამდვილი კერპი გახლავთ. დამახასიათებელია, რომ საზეიმო სხდომის დროს, რომელიც მიეძღვნა სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ათი წლისთავს, სტუდენტობამ საკმაოდ ცივად მიიღო ამხანაგები ფილიპე მახარაძე, თედო ღლონტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მაგრამ საკმარისი იყო ვიღაცას წამოეყენებინა წინადადება პრეზიდიუმზე ივანე ჯავახიშვილის არჩევისა, რომ დარბაზი პირდაპირი აზრით ახმაურდა ხანგრძლივი, შეუწყვეტავი ტაშისკვრითა და მისასალმებელი წამოძახილებით.ამან ძალზე შეაცბუნა ამხანაგი ფილიპე.სწორედ მაშინ, ბოლოს და ბოლოს, მას შეეძლო ნამდვილად დარწმუნებულიყო, თუ ვის მხარესაა სტუდენტობის მასის სიმპათიები და ვისი იდეოლოგია ატყვევებს მას.თუ არა და უწინ,

ხდებოდა,

მოახსენებ სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანთა ნამდვილი მდგომარეობის შესახებ და თქვენ გეუბნებიან „არ შეიძლება ასე იყოს“.


ივანე ჯავახიშვილის ბედ-იღბალით ძალიან დაინტერესდა ალექსანდრე სვანიძე(1886-1942)-იმ დროს მოსკოვში აღზევებული საბჭოთა და საზოგადო მოღვაწე.მიუხედავად ასეთი კარიერისა, ამ პიროვნებას არ დაუკარგავს ბევრი ადამიანური თვისება, კერძოდ, გაჭირვებაში ჩავარდნილი კაცისადმი დახმარების გაწევის სურვილი და უნარი.მას უმაღლესი საისტორიო და ფილოსოფიური განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული და იყო ავტორი რამდენიმე ურარტუოლოგიური და რუსთველოლოგიური ნაშრომისა.ალექსანდრე სვანიძე იოსებ სტალინის პირველი ცოლის ძმა გახლდათ.სავარაუდოა, რომ ამ ფაქტმა დიდი როლი შეასრულა ივანე ჯავახიშვილის გადარჩენაში.1935 წლის ნოემბერში ალექსანდრე სვანიძემ წერილი მოსწერა ივანე ჯავახიშვილს, სადაც აღნიშნავდა, რომ სურდა ამ უკანასკნელს თავის გარშემო შემოეკრიბა ისტორიკოსები, ენათმეცნიერები და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჯავახიშვილი ყოფილიყო.დეკემბერში მოსკოვიდან გამოგზავნილ წერილში ალექსანდრე სვანიძე წერდა: „დამაღონა იმ გარემოებამ, რომ თქვენი კალიბრის მოღვაწეს ისეთ უწმაწურ პირობებში უხდება მუშაობა, რომ მას წლობით საშუალება არა აქვს გამოაქვეყნოს ყველასათვის საინტერესო გამოკვლევები.შევეხვეწე, რაც შემეძლო გერმანე მგალობლიშვილს, სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს, რომ ყურადღება მოგაქციონ თქვენ და გაგიადვილონ მუშაობა.რაც შეეხება ქალდების(ურარტუელების) საკითხს, მგალობლიშვილი ფიქრობს სპეციალური კათედრა გახსნას უნივერსიტეტში.ძალიან კარგი იქნება, თუ სპეციალისტები ხელს შეუწყობთ მთავრობის ამ დაწყებულებას.მგალობლიშვილი ფიქრობს აგრეთვე, დაავალოს უნივერსიტეტს „შედარებითი გრამატიკის“ გამოშვება ქართველური ენებისა და აგრეთვე, პარალელური ლექსიკონისა.გთხოვთ შეამზადოთ ჩვენი სპეციალისტების აზროვნება საამისოდ და თქვენი რჩევით ხელი შეუწყოთ ამ საქმეს“.



1934-36 წლებში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა ინსტანციებმა თვალსაჩინო ძალისხმევა გამოიჩინეს საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ისტორიის სწავლების გასაუმჯობესებლად.მანამდე ისტორიის ნაცვლად სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციებს, კლასთა ბრძოლას და ა.შ. საკითხებს ასწავლიდნენ. ამ გზით, რასაკვირველია, ხალხის მასების პატრიოტული აღზრდა გამოირიცხებოდა.მაგრამ ისტორიამ ხომ უამრავი პარადოქსი იცის.ამ მიზანდასახულობით ისტორია გამოიყენეს იტალიელმა და გერმანელმა ფაშისტებმა, რომლებიც ამ დროისათვის აღმოჩნდნენ ხელისუფლების სათავეში.სწორედ ამაზე რეაქცია გახლდათ უმაღლესი საკავშირო ინსტანციების მცდელობა ისტორიის სწავლების გაუმჯობესებისათვის.გიორგი დიმიტროვმა კომინტერნის მეშვიდე კონგრესზე, 1935 წლის ივლის-აგვისტოში, თქვა: „ის კომუნისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყოველივე ეს არ შეეხება მუშათა კლასის საქმეს და რომლებიც არაფერს აკეთებენ, რათა ისტორიულად მართებული, ჭეშმარიტად მარქსისტული, ლენინურ-სტალინური გაგებით გაუშუქონ მშრომელ მასებს მათი საკუთარი ხალხის წარსული, რათა ახლანდელი თავიანთი ბრძოლა დაუკავშირონ ამ ხალხის რევოლუციურ ტრადიციებსა და წარსულს, -ეს კომურისტები ნებაყოფლობით უტმობენ ფაშისტ ფალსიფიკატორებს ხალხის მასების გასაბრიყვებლად ყველაფერს, რაც კი ძვირფასია ერის ისტორიულ წარსულში.“



აგრეთვე, რუსულმა ემიგრანტებმა -პ.ნ მილიუკოვმა, ლ.დ. ტროცკიმ და სხვებმა ი.ბ.სტაკუბუს პიროვნების კრიტიკისას „არ დაივიწყეს“ ქართველი ერი, რომელმაც თითქოსდა თავისი ველურობით წარმოშვა ველური სტალინი.ასეთი აზრი ბოგინობდა საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ერთ ნაწილშიც.ამიტომაც სტალინს რაიმე უნდა ეღონა ქართველი ერის რეაბილიტაციისათვის უცხოელთა და საბჭოთა კავშირის ხალხთა თვალში.მალე დიდი ზეიმით აღინიშნა „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის 750 წლისთავი, ჩატარდა ქართული კულტურის დეკადა მოსკოვში, აღდგა ილია ჭავჭავაძის სახელი.დაისმის კითხვა:ტოფნიდა თუ არა ბერიას ინტელექტი და ალღო იმისათვის, რათა დროულად გაეთვალისწინებინა ახალი ტენდენციები?


1938 წლის 1 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ზოდელავა მიმართავდა ლავრენტი ბერიას-უკვე სსრ კავშირის შინსახკომის შეფს, რომ საქართველოში აღმოჩენილია მსხვილი კონტრრევოლუციური ფაშისტური ფორმირება, რომელიც თავის ანტისაბჭოურ საქმიანობას წარმართავს ძირითადად თბილისის უნივერსიტეტში, რომ „ძიების ყოველმხრივ შემოწმებული მასალებით დადგენილია, რომ იდეოლოგი და შთამგონებელი ამ კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა მთელი მისი ანტისაბჭოური საქმიანობის მანძილზე გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც თავის გარშემო შეაკოწიწა ქართული ინტელიგენციის ყველაზე რეაქციულად განწყობილი ნაციონალისტური ნაწილი.პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, დაკავშირებულია რა ფაშისტური გერმანიის მთავრობის წრეებთან, ახორციელებს აქტიურ საჯაშუშო საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ.დასასრულს, თქვენი ბრძანების მიხედვით დაპატიმრებულმა ერთ-ერთმა ხელმძღანელმა, მონაწილემ კონტრრევოლუციური-ფაშისტური ორგანიზაციისა, მთლიანად აღიარა რა თავისი ანტისაბჭოური საქმიანობა, სავსებით დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ.


“ამ დოკუმენტზე ბერიამ დაადო სათანადო რეზოლუცია, რომ ივანე ჯავახიშვილის „ჯგუფის“ ორი დაპატიმრებული პირი(შალვა ნუცუბიძე და სიმონ ყაუხჩიშვილი)მოსკოვში ეტაპით გაეგზავნათ.საბჭოთა „ჩეკისტები“ ვერ ამჩნევდნენ, რომ ივანე ჯავახიშვილის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის პოზიცია შეიცვალა-იგი წამოყენებულ იქნა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრობის კანდიდატად, 1938 წლის ივნისში არჩეულ იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და სულ მალე-მისი პრეზიდიუმის წევრად.ასეთ სიტუაციაში, უნდა ვიფიქროთ, ი.ბ.სტალინი დიდად დაინტერესდებოდა ივანე ჯავახიშვილის პიროვნებითა და შემოქმედებით.ცხადი უნდა იყოს, რომ ალექსანდრე სვანიძე ივანე ჯავახიშვილს რეკომენდაციას გაუწევდა სტალინთან.სვანიძის წერილებიდან ჩანს, რომ ივანე ჯავახიშვილის ბედ-იღბალით დაინტერესებულა გერმანე მგალობლიშვილიც.ბ-ნი გიორგი ჩიტაია წერდა: „სვანიძის დიდი დამსახურებაა ისიც, რომ მისი ხელშეწყობით ივანე ჯავახიშვილს მოეხსნა საჩოთირო ბრალდებები და აღდგენილ იქნა თავის ღირსებებში“.1936 წლის 26 იანვრიდან, ივანე ჯავახიშვილი დაინიშნა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მუდმივ სწავლულ კონსულტანტად.მალე მას დაავალეს ძველ ქართველ ისტორიკოსთა თხზულებების კრიტიკული გამოცემაც.


ფაქტია, რომ სტალინს გარკვეულად ახასიათებდა კუთხური(ქართული) „პატრიოტული შეგნება“.ისიც უნდა ითქვას, რომ მის გარემოცვაში საკმაოდ იყვნენ საქართველოს აღნიშნული კუთხის წარმომადგენლები-ალექსანდრე და ვასილ ეგნატაშვილები, გიორგი ელისაბედაშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, პეტრე კაპანაძე, მიხეილ წინამძღვრიშვილი, რომლებიც შეეცდებოდნენ ივანე ჯავახიშვილის პიროვნებისა და დამსახურების წარმოჩენას „ბელადის“ თვალში.ჩანს, მოგვიანებით ლავრენტი ბერიამ გააცნობიერა ზემოდან ივანე ჯავახიშვილისადმი დამოკიდებულების შეცვლა.აქედან გამომდინარე, მასთან „მეგობრული“ ურთიერთობა დაუმყარებია და სათანადო დავალებაც მიუცია.1936 წლის 29 მაისს ვარლამ დონდუასადმი გაგზავნილი წერილიდან ვგებულობთ შემდეგს: „ამ ცვლილებასთან(იგულისხმება მისდამი ხელისუფლების დამოკიდებულების დადებითად შეცვლა)დაკავშირებით, შოთა რუსთაველის დღესასწაულისათვის მოსაწყობი გამოფენის ზოგად ხელმძღვანელობაზე დათანხმება მომიხდა, თუმცა ექიმები მუშაობას მიკრძალავენ და იმ ავადმყოფობის შემდგომ ჯერაც კარგად ვერ ვგრძნობ თავს, მაგრამ რაკი საქართველოს ყოფა-ცხოვრებისა და ნივთიერი კულტურის ისტორიაზე ჩემს გარდა არავინ მუშაობს, ამიტომ უნებლიედ ამ მძიმე ტვირთის აღება მომიხდა.დიდხანს უარს ვეუბნებოდი, მაგრამ დათანხმება მომიხდა:სხვა გზა არ იყო.რასაკვირველია, ხელმძღვანელობის გაწევა, რაკი ამ დარგში მომზადებული პირები არ გვყვანან უმეტესად მე მომიხდება, და ეს გარემოება მაფიქრებს და მაღელვებს“.ცხადია, აქ ლავრენტი ბერიასთან შეხვედრაზეა ლაპარაკი, რაც თავის მხრივ, შესაძლოა სტალინის მიერ იყო პროვოცირებული.



მკვლევარ-ისტორიკოსი გიორგი ციციშვილი, რომელმაც 20-30-იანი წლების საინტერესო დოკუმენტები გამოავლინა ჩვენს დიდ წინაპარზე, ერთი მხრივ უპირისპირდება ტრადიციულ წარმოდგენას სიმონ ჯანაშიას მეშვეობით ლავრენტი ბერიას მიერ ივანე ჯავახიშვილის გადარჩენის შესახებ და თითქოს იზიარებს შეხედულებას ამ საქმეში ალექსანდრე სვანიძის დიდ როლზე, კერძოდ, მისი მეშვეობით სტალინის ჩარევაზე.მაგრამ მეორე მხრივ, იგივე მკვლევარი ასეთ კითხვას სვამს: „როგორ შეეძლო ალექსანდრე სვანიძეს ეხსნა ივანე ჯავახიშვილი, როცა 1937 წლიდან მას დევნიდნენ და 1938 წლის 1 იანვარს დააპატიმრეს კიდეც?“.პასუხი შემდეგნაირი უნდა იყოს, 1935-1936 წლებში ალექსანდრე სვანიძემ შეძლო დაეინტერესებინა „ხალხთა ბელადი’ ჩვენი დიდი მეცნიერით და ამან, რასაკვირველია, შედეგი უკვე გამოიღო.ეს სრულიად არ ეწინააღმდეგება თვითონ ალექსანდრე სვანიძის ტრაგიკულ ბედ-იღბალს.მაგრამ „ჩეკისტები“ 1937-38 წლებშიც განაგრძობდნენ „საქმის კეთებას“ ივანე ჯავახიშვილის ფიზიკურად მოსპობისათვის.



1936-38 წლებში ხელისუფლებაში ივანე ჯავახიშვილის და ძველი პროფესურის მიმართ დამოკიდებულებაში თავი იჩინა ორმა განსხვავებულმა ტენდენციამ.ერთი მიზნად ისახავდა დამორჩილება-გამოყენების მიზნით მათ სახელმწიფოებრივ სტიმულირებას, ხოლო მეორე გულისხმობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მიერ დამუშავება-დაპატიმრებას და საზოგადოებისაგან იზოლირებას.ეს ტენდენცია არ გამორიცხავდა მათ ფიზიკურ განადგურებას.მაგრამ როცა ცნობილი გახლდათ ი.ბ.სტალინის პოზიცია ივანე ჯავახიშვილის მიმართ და აქედან გამომდინარე, ბერიას განწყობა, განა შეიძლებოდა ვინმეს სხვაგვარი პოიცია ჰქონოდა?!.გავმეორდები და ვიტყვი რომ 1938 წლის 12 ივნისიდან ივანე ჯავახიშვილი საქართველო სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ხოლო 10 ივლისიდან ამ ორგანოს პრეზიდიუმის წევრიც გახლდათ.აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით ამავე წლის 15 ივნისს იგი დაჯილდოებულ იქნა შრომის წითელი დროშის ორდენით.ამ მხრივ ივანე ჯავახიშვილის ბედი გრიგოლ წერეთლის, შალვა ნუცუბიძის, სიმონ ყაუხჩიშვილისა და ვუკოლ ბერიძისაგან(რომლებიც დაპატიმრებულ იქნენა 1938 წელს) სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა.ასეთ ვითარებაში მავან „ჩეკისტთა“ თავგამოდება ივანე ჯავახიშვილის საწინააღმდეგოდ აშკარა უაზრობას წარმოადგენს.


ისტორიკოსი ვალდებულია ზეპირგადმოცემებსაც გაუწიოს ანგარიში, აგრეთვე გაითვალისწინოს მოვლენათა მონაწილეებისა და თვითმხილველების ჩვენებები.ვასილ ბარნოვის უმცროსი ძმა ალექსანდრე, რომელიც ახლოს იყო ივანე ჯავახიშვილთან, გადმოგვცემდა:როცა ბერია მიმხვდარა ივანე ჯავახიშვილისადმი „ზემოდან“ გამოჩენილ აშკარა კეთილგანწყობას, იგი თავისთან დაუბარებია და უთქვამს:თქვენზე ნაწყენი ვარ, თურმე გაწუხებენ და მე კი არაფერი არ ვიცოდი ამის შესახებო, თანაც მისთვის გარკვეული თანხა მიუცია, რაც ივანე ჯავახიშვილს გამოუყენებია მცხეთის არქეოლოგიური გათხრებისთვის.გურამ ბარნოვი ორჯერ ელაპარაკა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას ყოვილ პირველ მდივანრს კარდიდ ჩარკვიანს და კითხვაზე-გამოიჩინა თუ არა ბერიამ ინიციატივა ივანე ჯავახიშვილის ბედ-იღბალის სასიკეთოდ შემოტრიალებაში, მან ღიმილით თქვა: „ვინც ბერიას ახლოს იცნობდა, მისთვის მსგავსი რამის დაშვება აბსოლუტურად გამორიცხულია, ასეთ საქმეებში იგი ინიციატივას არ იჩენდაო.“მანვე დაადასტურა, რომ ჩვენი დიდი მეცნიერი ყოფნა-არყოფნის საკითხი მოსკოვში გადაწყდა.ზემოთქმული არ ნიშნევას, რომ საბჭოური რეპრესიული აპარატი ადამიანთა სისხლით უკვე დაკმაყოფილებული იყო.სამწუხაროდ, იგი კვლავაც ასრულებდა თავის შავბნელ საქმეებს, რაც გამოვლინდა ივანე ჯავახიშვილის დასის რიგი წარმომადგენლების დაპატიმრებაში, მათ შორის, უსპეტაკესი პიროვნება გრიგოლ წერეთელი მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.


ასე ასცდა ივანე ჯავახიშვილი, ბევრ გამოჩენილ ქართველთა სიცოცხლის ტრაგიკულ(პოლიტიკურად)აღსასრულს.შთამომავლობამ აუცილებლად უნდა იცოდეს დიდი ისტორიკოსისა და მამულიშვილის ცხოვრების ამ ეტაპის პერიპეტიები, როგორც ამას სინამდვილეში ჰქონდა ადგილი.

0
164
4-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ბიკაშვილი
თინათინ ბიკაშვილი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0