x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
საქართველოში მალე ახალი არხი, „TOK TV“ დაიწყებს მაუწყებლობას
imageმალე საქართველოში კიდევ ერთი სატელევიზიო არხი დაიწყებს მაუწყებლობას. მისი ერთერთი დამფუძნებელია რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი. ახალი მაუწყებელი რეგიონული რუსული არხის პლატფორმას დაიკავებს.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ტოკ ტვ“-მ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ შპს „ტოკ ტვ“-ს მაუწყებლობა უნდა განხორციელდეს. ტელეკომპანია რუსულ და ქართულ ენებზე იმაუწყებლებს და სამცხე ჯავახეთის მულტიპლექსით გავრცელდება.


შპს „ტოკ ტვ“, ბრენდული სახელწოდებით „TOK TV“, საერთო საეთერო ტელემაუწყებლობას ქართულ და რუსულ ენებზე დღე-ღამის განმავლობაში არანაკლებ 12 საათი განახორციელებს. „TOK TV” საქმიანობას 2018 წლის პირველ მარტამდე დაიწყებს.


ნათია კუპრაშვილი, TOK TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ ახალი არხის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთში ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მშენებლობა მოხერხდა. გადამცემი ინფრასტრუქტურა „დამალას“ მთაზე, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე მოეწყო და ეროვნული და რეგიონული მაუწყებლების სიგნალს იმ სოფლებშიც კი ავრცელებს, რომელშიც აქამდე ქართული არხები საერთოდ არ აჩვენებდა. ჯავახეთი ერთადერთი რეგიონი იყო, სადაც 2015 წლიდან, მას მერე რაც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, ადგილობრივი ტელეკომპანიები მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო. ნინოწმინდის „ფარვანამ“ და ახალქალაქის „ატვ 12“-მა ქსელის აწყობა ვერ შეძლეს და მცირე მასშტაბით მხოლოდ საკაბელო სისტემით ახერხებდნენ მაუწყებლობას.



ორწლიანმა წყვეტამ ჯავახეთში სომხეთის და რუსეთის არხებზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა ეს მონაცემები მანამდეც საგანგაშო იყო: 2016 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულიკვლევის თანახმად, რუსულ არხებს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის 40 %-ზე მეტი უყურებს, ასევე მაღალია სომხური არხების ყურების მაჩვენებელი, ქართული ეროვნული მაუწყებლების მაჩვენებელი კი 10%-მდეც ვერ აღწევს. რუსული არხებს შორის NTV და ORT ლიდერობს.

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0