x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რა არის ტაქსონომია?

ტაქსონომია (ბერძ. taxis - განლაგება, nomos - კანონი) - აღნიშნავს იმგვარ კლასიფიკაციას, რომელიც ობიექტს ახასიათებს მარტივი კატეგორიიდან რთულისაკენ. ეს არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ამ ტერმინის სინონიმად შეგვიძლია განვიხილოთ ასევე სისტემატიკა, რაც გულისხმობს საგანთა, მოვლენათა დაჯგუფებას.

image
პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაისახეს პედაგოგიური მიზნების მქონე ამგვარი სქემის შექმნა. 1956 წელს ბენჟამინ ბლუმი სათავეში ჩაუდგა ფსიქოლოგებს, რომლებმაც დაამუშავეს ტაქსონომია, ანუ კლასიფიკაციის სისტემა განათლების მიზნებისთვის. კოლეჯში მუშაობისას ბლუმმა აღმოაჩინა, რომ ტესტების საკითხების 95 % მოსწავლეებისგან მოითხოვდა დაბალი დონის ინტელექტუალურ აქტივობებს, უფრო კონკრეტულად კი ინფორმაციის აღდგენას. 1956 წელს გამოქვეყნდა “ტაქსონომიის“ პირველი ნაწილი. იგი აღწერდა მიზნებს კოგნიტურ (შემეცნებით) სფეროში. ამ სისტემას იყენებენ სწავლების დაგეგმვის დროს და შედეგების შეფასებისას. შემდგომ, სხვა მეცნიერების მიერ, შეიქმნა “ტაქსონომიის“ მეორე ნაწილი, რომელიც აფექტურ სფეროს მოიცავდა.

image
ტაქსონომიის ცნება მჭიდროდ უკავშირდება კოგნიტურ ფსიქოლოგიას. ტაქსონომია გამოიყენება როგორც სწავლის და განვითარების თეორიების დაუფლების ხელშემწყობ და მათი გააზრების (რეფლექსიის) საშუალებას. როგორც ბლუმი აღნიშნავდა კოგნიტური სფეროს ტაქსონომია მოიცავს აზროვნების რამდენიმე დონეს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებს ქმნიან, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს.

აზროვნების ქვედა დონე გულისხმობს:
ცოდნას - ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას. გაგებას - გაგება გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომასა.
გამოყენებას - გამოყენება გულისხმობს ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

აზროვნების ზედა დონე მოიცავს:
ანალიზს - ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში.

სინთეზს - სინთეზი ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს თვისებების გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ა. შ.
შეფასებას - შეფასება გულისხმობს მასალის ან მეთოდის ღირებულების განსჯას. იმის დადგენას, თუ რამდენად შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში.

image

მოგვიანებით ბლუმმა და მისმა კოლეგებმა ასეთივე ტაქსონომია შეადგინეს სხვა სფეროებშიც, როგორებიცაა: აფექტური (ემოციურ-ღირებულებითი) სფეროს ტაქსონომია, რომელიც მოიცავს გარესამყაროს მოვლენებისადმი ემოციურ-პიროვნული დამოკიდებულებების ფორმირების მიზნებს: აღქმა, ინტერესი, რეაგირებისადმი მზაობა, ღირებულებები, დამოკიდებულებები, გრძნობები, მათი გაცნობიერება, ფორმირება და ქცევაში გამოვლენა.

ასევე გამოყოფა მოტორული სფეროს ტაქსონომია, რაც მოიცავს იმიტაციას, მანიპულაციას, სიზუსტეს, ჩვევების კომბინირებასა და ნატურალიზაციას. კოგნიტური მიზნების შედეგები უფრო თვალსაჩინოა ამიტომ ბლუმის ტაქსონომია ძირითადად ამ სფეროში გამოიყენება.

0
1315
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ გასვიანი
მარიამ გასვიანი
1315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0