x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბიბლიოთერაპია

image

Biblio-წიგნი, Therapy-მკურნალობა. ლათინურიდან ამ ტერმინის სიტყვასიტყვითი თარგმანი ასეთია - „წიგნით მკურნალობა“.

„ბიბლიოთერაპია არის სპეციალურად შერჩეული საკითხავი მასალის, როგორც თერაპიული საშუალების გამოყენება მედიცინასა და ფსიქიატრიაში, რომელიც მიზნად ისახავს მიზანმიმართული კითხვის საშუალებით, ინდივიდუალური პრობლემების დაძლევას.“ ბიბლიოთერაპია ასევე განიმარტება, როგორც „დინამიკური ინტერაქციის პროცესი მკითხველის პიროვნებასა და ლიტერატურას შორის. ინტერაქციისა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პიროვნების შეფასების, კორექტირების და ზრდისთვის“.

მკურნალობის კონცეფცია ეფუძნება ადამიანის მიდრეკილებას იდენტიფიკაცია მოახდინოს სხვების გამონათქვამებთან ლიტერატურასა და ხელოვნებაში. მაგ: მოზარდი, რომელიც კითხულობს სხვა (მისი მსგავსი) მშობლებდაკარგული ბავშვის შესახებ, გრძნობს, რომ ამ სამყაროში მარტო არ არის.

წიგნი გამოცდილების მომცემი ერთ-ერთი წყაროა და ადაპტაციაში გვეხმარება. თუ ფსიქიკურ პრობლემებს განვიხილავთ, როგორც გარემოსთანან საკუთარ თავთან ადაპტაციის დარღვევის გამოვლინებად, მაშინ სწორად შერჩეულმა წიგნმა ადაპტაციის პროცესს
ხელი უნდა შეუწყოს. წიგნის სამკურნალო ეფექტის შესახებ ძველ საბერძნეთშიც საუბრობდნენ. ცნობილი მათემატიკოსი და სწავლული პითაგორა ბალახეულობასა და მუსიკასთან ერთად ლიტერატურას,
ლექსებს იყენებდა გარკვეული დაავადებებისგან განსაკურნებლად. თუმცა ბიბლიოთერაპიის, როგორც სამეცნიერო ტერმინის გამოყენება მხოლოდ მე-20 საუკუნიდან დაიწყეს. ის პირველად 1916 წლით დათარიღებულ წყაროებში გვხვდება. ამ პერიოდიდან იწყება აქტიური თეორიული და პრაქტიკული მუშაობა, იქმნება ბიბლიოთერაპევტთა ასოციაციები.

ბიბლიოთერაპიას აქტიურად იყენებდნენ საავადმყოფოების ბიბლიოთეკებშიც. ექიმები თავიანთ ფუნქციად განიხილავდნენ
სწორად შეერჩიათ ლიტერატურა თითოეული პაციენტისთვის. სწორად შერჩევაში იგულისხმებოდა თითოეული პაციენტის ანამნეზის შესაბამისად განესაზღვრათ წიგნი, რომელიც დაეხმარებოდა მას საკუთარი პრობლემების ამოცნობაში და აჩვენებდა თუ როგორ უმკლავდებიან სხვები (წიგნის გმირები) მსგავს პრობლემებს.
image

კითხვით მკურნალობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალებში, სადაც მოხვედრილ
ჯარისკაცებს ბევრი დრო ჰქონდათ გამოსაჯანმრთელებლად. ამ დროის შევსება კი საავადმყოფოს ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული წიგნების კითხვით ხდებოდა. ჯარისკაცები გრძნობდნენ კითხვის სამკურნალო და დამხმარე ეფექტის არსებობას. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბიბლიოთერაპიული ჯგუფების გამოყენება სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს.

ბიბლიოთერაპიის სფერო და გამოყენება სწრაფად განვითარდა, სხვადასხვა მეცნიერებების მიღწევების გამოყენებით.დღეს ეს ტერმინი აქტივობათა ფართო სპექტრს აერთიანებს; დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისმიერ, ბავშვებში იდენტობის ფორმირებისთვის, ნახატი წიგნების გამოყენებიდან, თერაპევტების მიერ პიროვნული ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მხატვრული პროზის გამოყენებითა და პალიატიურ მკურნალობაში, ფილმების საშუალებით, ადამიანებისთვის სიკვდილის შიშის გადალახვაში დახმარებით დამთავრებული. ასევე, თუ ადრე ბიბლიოთერაპიაში მხოლოდ კითხვით მკურნალობა მოიაზრებოდა, დღეს მასში ესსეების წერას, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვადასხვა ლიტერატურის ანალიზსაც მოიაზრებს.



ბიბლიოთერაპიის ძირითადი მიზნები ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
1)მკითხველისთვის პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, 2) პრობლემის არსის წვდომაში დახმარება, 3) ალტერნატიული ღირებულებებისა და ურთიერთობების განხილვა, 4) გაცნობიერება
იმისა, რომ სხვა ადამიანებსაც ჰქონიათ მსგავსი პრობლემები და მათი დაძლევის გზების ჩვენება.


ბიბლიოთერაპიის შედეგიანობაზე მეტყველებს სამი ფაქტორის არსებობა:იდენტიფიკაცია, კათარზისი და ინსაიტი. იდენტიფიკაციას აქვს ადგილი, როცა მკითხველი საკუთარ თავს აიგივებს ლიტერატურულ ნაშრომში აღწერილ სიტუაციასთან ან გმირთან. კათარზისია, როცა მკითხველი იზიარებს ნაწარმოების გმირის რიგ აზრებსა და განცდებს. ინსაიტს ადგილი აქვს, როცა მკითხველი აცნობიერებს მსგავსებას გმირთან ან სიტუაციასთან და სწავლობს
საკუთარ პრობლემებთან გამკლავების ეფექტურ საშუალებებს.

image

ბიბლიოთერაპია პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს:
1)მიზანმიმართული-ნებისყოფის ფორმირებაზე, ოპტიმიზმის, საკუთარ თავში დარწმუნებულობის განვითარებაზე ორიენტირებული
2)არამიზანმიმართული_ემსახურება გუნება-განწყობის ამაღლებას, პრობლემასთან დაკავშირებული აკვიატებული აზრებისგან ყურადღების გადატანას.

მნიშვნელოვანია, ბიბლიოთერაპიული მიზნით, ავადმყოფებისთვის წიგნზე რეკომენდაციის მიცემისას სამი პრინციპის გათვალისწინება:

1) რამდენად გასაგებია/რთულია
წიგნის ენა მკითხველისთვის.
2) წიგნის გმირი ავადმყოფის პოზიციას უნდა ეხმაურებოდეს. უნდა იყოს ახლოს მკითხველთან რათა უბიძგოს მას მიღებული ინფორმაციის (გა)დამუშავებისკენ. ამასთან თხზულება ზომიერად განსხვავებულიც უნდა იყოს, რათა სასარგებლო ცვლილებას/განვითარებას დაედოს საფუძვლად.
3) მაქსიმალური შესაბამისობა
წიგნში არსებულ სიტუაციასა და ავადმყოფის რეალურ სიტუაციას შორის. ამ უკანასკნელი პრინციპის
გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროზით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობისას,
სადაც პრობლემის საფუძველი პიროვნული ხასიათის კონფლიქტებშია.


ბიბლიოთერაპიის დროს ავადმყოფი აწარმოებს მკითხველის დღიურს. ამ ჩანაწერების ანალიზი, ხშირად წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ არის ინტერპრეტირებული ნაწარმოები ავადმყოფის მიერ და შეიძლება
გამოყენებული ფსიქოთერაპიის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის წყაროც იყოს.


ბიბლიოთერაპიის უპირატესობები მოიცავს კლიენტებისთვის პრობლემის გადაჭრის სწავლებას, რისხვასთან, დაცინვასთან, შიშებთან, სექსუალურ ცვლილებებთან გამკლავებაში დახმარებას. თუმცა იგი, როგორც პრობლემისთან დაძლევის დამოუკიდებელი საშუალება ჯერ კიდევ კვლევის საგანია.





0
147
3-ს მოსწონს
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0