x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფსიქობიოგრაფია - ცნობილი ისტორიული პირების შესწავლა

ფსიქოლოგიური (განსაკუთრებით კი პიროვნების) თეორიების სისტემატური გამოყენება ადამიანის ცხოვრების თანმიმდევრულ და ინფორმაციულ ისტორიად გარდაქმნის მიზნით, არის ერთ-ერთი ეფექტური გზა დავაკვირდეთ ადამინის ცხოვრების განვითარებას დროთა განმავლობაში და აღმოვაჩინოთ, თუ რა არის ჩვენი ცხოვრების არსი.
ფსიქობიოგრაფიების ანუ ფსიქოლოგიურად ინფორმირებული ბიოგრაფიების შექმნა მრავალი პერსონოლოგის ფართო ინტერესის საგანს წარმოადგენს. ფსიქობიოგრაფიული კვლევა მოიცავს ადამიანის მთელ ცხოვრებას, დაბადებიდან სიკვდილამდე და მთლიანი ცხოვრების ცენტრალური ისტორიის აღმოჩენას, გაგებას ან ფორმულირებას ისახავს მიზნად. ამ ისტორიის სტრუქტურირება კი კონკრეტული ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქობიოგრაფიულ კვლევათა საკვლევი ობიექტებს შეიძლება ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები წარმოადგენდნენ, როგორიც მე და თქვენ ვართ, პერსონოლოგები უპირატესობას მაინც ცნობილი და ენიგმატური ადამიანების შესწავლას ანიჭებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც სახელი დამიკვიდრეს ისტორიაში, მაგ: ვირჯინია ვულფი, ზიგმუნდ ფროიდი, ვინსენტ ვან გოგი, აბრაამ ლინკოლნი და სხვები. როგორც საკვლევი ობიექტები ისინი მასისგან განცალკევებით დგანან.


image
ცნობილმა ფსიქოლოგმა დინ ქეით სიმონტონმა თავისი კარიერა მიუძღვნა იმის შესწავლას, რასაც თვითონ „მნიშვნელოვან შერჩევას“ უწოდებს. სიმონტონი თავისი კვლევის ობიექტებად უპირატესად
კლასიკოს კომპოზიტორებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ამერიკის პრეზიდენტებს და ასევე ცნობილ ფსიქოლოგებს ირჩევდა.

სიმონტონმა განასხვავა გამოჩენლი ადამიანების შესწავლის 4 გზა:
1) ისტორიომეტრული კვლევები - უძველესი ტრადიცია ცნობილი ადამიანების შესასწავლად. ამ კვლევებში ავტორები ისტორიული მონაცემებიდან იღებენ რაოდენობრივ და არაპირდაპირ განსაზღვრებებს. ისტორიომეტრული კვლევის ადრეული მაგალითია „სამასი გენიოსის ადრეული მენტალური ნიშნები“. ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და პიროვნული ტენდენციების შეფასებისთვის ავტორმა გამოიყენა მისი აზრით 300 განსაკუთრებით ნიჭიერი ისტორიული ფიგურის საარქივო დოკუმენტები.

image
2) ფსიქომეტრული კვლევები - მსგავსი ტიპის კვლევებში ავტორები გამოჩენილი პირების საკვლევად იყენებენ ისეთ პირდაპირ საზომებს, როგორიცაა ანკეტირება და ინტერვიუ. II მსოფლიო ომის დროს ჰენრი მურეის მიერ განვითარებულმა მეთოდებმა გზა გაუკვალა კალიფორნიის ინსტიტუტის მკვლევრებს, რათა ფსიქომეტრული მეთოდით ეკვლიათ გამოჩენილი არქიტექტორები, მწერლები და მეცნიერები. მკვლევრებმა მოახდინეს იმ ქალებისა და კაცების იდენტიფიცირება, რომელთა წვლილი თავიანთ სფეროში ყველას მიერ
აღიარებული იყო. მათ, ძირითადად, ცხოვრების განმავლობაში კრეატულობის განვითარებისა და პიროვნების სხვა ასპექტებთან მისი ურთიერთმიმართების საკითხები აინტერესებდათ.

image


3) ფსიქობიოგრაფული კვლევები - სიმონტონის მესამე ტრადიციაა. იგი რადიკალურად განსხვავდება ისტორიომეტრული და ფსიქომეტრული მეთოდებისგან. ისტორიომეტრული და ფსიქომეტრული კვლევები არის რაოდენობრივი, მაშინ, როცა ფსიქობიოგრაფია თვისებრივი ხასიათის კვლევაა და გულისხმობს ერთი კონკრეტული ინდივიდის ყოველმხრივ შესწავლას დროთა განმავლობაში. უფრო მეტიც, ფსიქობიოგრაფია უფრო ფართო თეორიული ჩარჩოს გამოყენებას მოიაზრებს, რომლის ტიპური სახეა ფროიდისეული ან ფსიქოდინამიკური მიდგომები. განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი პოლიტიკური ფიგურების ფსიქობიოგრაფიები,
როგორებიც იყვნენ: ჰიტლერი, ვუდროვ ვილსონი, და რიჩარდ ნიქსონი.

image
4) კომპარატიული კვლევები - ეს ტრადიცია დაკავშირებულია ფსიქობიოგრაფიასთან, რამდენადაც გულისხმობს გამოჩენილი ადამიანების თვისებრივ და არაპირდაპირ შესწავლას. თუმცა მისი კვლევის ობიექტს არა ერთი, არამედ მრავალი ინდივიდი წარმოადგენს, რომელთაც მკვლევარი ერთმანეთს ადარებს და უპირისპირებს. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ჰოვარდ გარდნერის „კრეატიული გონება“, რომელშიც ავტორმა იკვლია მე-20 საუკუნის 7 განსაკუთრებით კრეატიული ქალისა და მამაკაცის ცხოვრება და საქმიანობა. ისინი გარდნერმა 7 განსხვავებული სფეროდან წარმოადგინა: ზიგმუნდ ფროიდი ფსიქოლოგიიდან, ალბერტ აინშტაინი ფიზიკიდან, ელიოტი ლიტერატურიდან, პაბლო პიკასო მხატვრობიდან, იგორ სტრავინსკი მუსიკიდან, მარტა გრაჰამი ცეკვიდან და მაჰათმა განდი კრეატიული სოციალური ლიდერობის სფეროდან. ამ 7 შემთხვევაში გარდნერი აკვირდებოდა საინტერესო მსგავსებებს კრეატიული კარიერის განვითარებაში, როგორიც
იყო 10 წლიანი სწავლების პერიოდი, როდესაც თითოეული მათგანი იხვეწებოდა საკუთარ სფეროში და თავის მიძღვნის გამო შეამცირა ინტერპერსონალური ურთიერთობები.
image
მეოცე საუკუნემდე, ბიოგრაფიული ლიტერატურის ავტორები
იშვიათად იყენებდნენ ფსიქოლოგიურ კონცეპტს მათი პერსონაჟების ინტერპრეტირებისთვის. რომის იმპერიაში პლუტარქემ დაწერა „გამოჩენილი ბერძნებისა და რომაელების ცხოვრება“, რომლის პერსონაჟები იყვნენ ისეთი ცნობილი ადამინები, როგორც პერიკლე და იულიუს კეისარია. არსებითად, პლუტარქემ ისტორიიდან შექმნა მცირე ზომის მორალური მოთხრობები, რომლებიც ხასიათის ისეთ ნიშნებს გამოკვეთდნენ, როგორიცაა პატიოსნება და სიმამაცე.

image
აღსანიშნავია აგრეთვე შუა საუკუნეებში ქრისტიანი სწავლულების მიერ წმინდანების პატივსაცემად შექმნილი ჰაგიოგრაფიები. ღვაწლმოსილი ქრისტიანების ეს ბიოგრაფიები უმთავრესად ღმერთის სადიდებლად და მკითხველისთვის რწმენის გასამყარებლად დაიწერა. ბევრი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები სტანდარტული ფორმით
არის დაწერილი: სიუჟეტი კულმინაციას „ურწმუნოთა“ გარემოცვაში წმინდანის გასამართლების, განაჩენის გამოტანისა და აღსრულების ეპიზოდებში აღწევს. მათი ცხოვრება კი ქრისტეს წამებისა და ჯვარცმის ანარეკლია. ეს რელიგიური ამბები პიროვნების სიღრმისეული შესწავლა კი არ იყო, არამედ მორალური და სპირიტუალური გაკვეთილების ფუნქციას ასრულებდა.

image
დღესდღეობით მსოფლიო ბიბლიოთეკები და არქივები სავსეა პერსონოლოგიური კვლევისთვის საჭირო გასაოცარი მონაცემებით. გამოჩენილი ადამიანების შესწავლა საშუალებას გვაძლევს ნათელი მოვფინოთ როგორც პიროვნების იმ პრინციპებს, რომლებიც საერთოა თითოეული ჩვენგანისთვის, ასევე განსხვავებებსა და უნიკალურ პატერნებს.




0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ გასვიანი
მარიამ გასვიანი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0