x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამბავი ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე

ცხოვრების მანძილზე, სამყარო თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობებს სთავაზობს, რომლებიც ბედნიერად ცხოვრების საწინდარია და უფრო მეტიც, ჩვენი ცხოვრების შეცვლაც შეუძლია. მაგრამ, ჩვენ იმდენად ვართ დაკავებულები ჩვენი აზრებით, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან. არადა, ხანდახან, სხვების დახმარებით, საკუთარი ოცნებების ახდენა შეგვიძლია. ეგოიზმის თუ მოუცლელობის გამო, ჩვენ ვერიდებით სხვა ადამიანებთან კონტაქტს. ხოლო შემდეგ, მთელს სამყაროზე ვართ გაბრაზებულები, იმის გამო, რომ უსამართლოდ გვექცევა.


image


არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად, ყოველ ჩვენგანთან, ცხოვრებაში ერთხელ, ღმერთი მოდის. ამასთან, ის შეიძლება ნებისმიერი სახით მოგვევლინოს - დასველებული კნუტის, მოხუცის, მათხოვრის... და ჩვენი შემდგომი ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოვიქცევით ამ შეხვედრის დროს... ამასთან დაკავშირებით, ერთი იგავი არსებობს:
ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე ადამიანი და ჰქონდა მას სამი სურვილი:

უნდოდა კარგი სამუშაო, მაღალი ანაზღაურებით;

დაქორწინება უნდოდა ლამაზ, კეთილ გოგონაზე;

უნდოდა, რომ ცნობილი გამხდარიყო... მთელს მსოფლიოში.
ცხოვრების მანძილზე, ბევრი რამ გადახდა მას თავს. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ სამს მოგიყვებით:


I. ზამთარში, ერთ სუსხიან დილას, მიდიოდა ის გასაუბრებაზე, ერთ ცნობილ კომპანიაში. შეხვედრამდე მხოლოდ 5 წუთი რჩებოდა, მას კი მთელი კვარტალი უნდა გაერბინა. უცებ, მის წინ, მოხუც კაცს ყინულზე ფეხი აუსრიალდა და ძირს დაეცა. ჩვენმა გმირმა შეხედა მას, იფიქრა მთვრალი არისო. მოხუცი არ წამოაყენა და თავის გზაზე წავიდა. გასაუბრებაზე დროზე მივიდა, მაგრამ მისი ოცნების სამუშაოზე არ აიყვანეს.


image
II. ზაფხულის ერთ თბილ საღამოს, ის ქუჩაში სეირნობდა. მან ქუჩის მსახიობები შეამჩნია, რომლებიც წარმოდგენას მართავდნენ. გადაწყვიტა, შეჩერებულიყო და სანახაობით დამტკბარიყო. მაყურებელი ბევრი არ იყო, ხოლო პიესა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ხალხმა დაშლა დაიწყო. ჩვენი გმირიც აპირებდა წასვლას, მაგრამ ვიღაცამ, მორიდებულად მხარზე ხელი შეახო. ეს იყო პიესის მთავარი გმირი - მოხუცი მასხარა ქალი. მას აინტერესებდა, მოეწონა თუ არა სპექტაკლი და კმაყოფილი იყო თუ არა მსახიობთა თამაშით. მაგრამ, ახალგაზრდა მამაკაცმა სიძულვილით შეხედა, მასთან საუბარი არ ისურვა, მიბრუნდა და წავიდა.


image


III. შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს, კაცი სახლში ბრუნდებოდა მეგობრის დაბადების დღიდან. მისთვის ეს დღე ძალიან რთული და დამქანცველი იყო. ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო, აბაზანა მიეღო და თბილ ლოგინში ჩაწოლილიყო. სადარბაზოს რომ მიუახლოვდა, ვიღაცის მოგუდული ქვითინის ხმა მოესმა. გაიხედა და დაინახა, რომ სადარბაზოს გვერდით, სკამზე ქალი იჯდა და ტიროდა. მას ქოლგა არ ჰქონდა და ცივი წვიმისგან, მხოლოდ თხელი კაპიშონიანი ქურთუკი იცავდა. ქალმა ახალგაზრდა კაცი რომ დაინახა, დახმარება სთხოვა. მას ოჯახში რაღაც შეემთხვა და ძალიან სჭირდებოდა ვინმესთან საუბარი. კაცი დაფიქრდა, თვალწინ აბაზანა და საწოლი წარმოუდგა, ჩუმად რაღაც წაილუღლუღა. ალბათ, დაღლილი ვარ ან არ მცალიაო და სასწრაფოდ სადარბაზოში შევიდა.


image


ადამიანმა ისე იცხოვრა, რომ ბედნიერი არასოდეს ყოფილა... და გარდაიცვალა. ზეცაში ის თავის მფარველ ანგელოზს შეხვდა და უსაყვედურა:
– იცი, მე ძალიან უინტერესო და უბედური ცხოვრებით ვიცხოვრე... მხოლოდ სამი სურვილი მქონდა და არცერთი არ ამისრულდა. რა სამწუხაროა...
– ჰმ... ჩემო მეგობარო - უთხრა ანგელოზმა კაცს - მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ შენი ყველა სურვილი ასრულებულიყო. მაგრამ, ამისათვის, შენ მხოლოდ ერთხელ უნდა გაგეწოდებინა დახმარების ხელი სხვა ადამიანისთვის, გაგეხილა თვალები და გაგეთბო გაყინული გული.
– რაზე მელაპარაკები? – შეიცხადა კაცმა.
– გახსოვს ადამიანი, რომელიც ზამთრის ერთ დღეს დაეცა გზაზე? მე შენ ახლავე გაჩვენებ ამ სურათს... – და ეკრანზე იმ დღის ეპიზოდი გაჩნდა, კაცი გასაუბრებაზე რომ მიდიოდა. – ის მოხუცი იმ ფირმის გენერალური დირექტორი იყო, რომელშიც შენ გინდოდა მუშაობის დაწყება და მას რომ დახმარებოდი, წინ თავბრუდამხვევი კარიერა გელოდა. შენ მხოლოდ დახმარების ხელი უნდა გაგეწოდებინა.
გახსოვს მოხუცი მასხარა, რომელმაც ქუჩის წარმოდგენის შემდეგ კითხვით მოგმართა? ის ახალგაზრდა, ულამაზესი, მსახიობი გოგონა იყო, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდი. თქვენ ბედნიერი მომავალი გელოდათ, ბავშვები, მარადიული სიყვარული... შენ მხოლოდ ერთი რამ გევალებოდა – თვალები უნდა გაგეხილა.
გახსოვს ქალი რომ ტიროდა შენს სადარბაზოსთან? რომელიც სულ სველი იყო წვიმის გამო და ცრემლით... ის ცნობილი მწერალი იყო და იმ დროს, ოჯახური კრიზისი ჰქონდა. მას შენგან მხოლოდ სულიერი მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. შენ რომ სახლში წაგეყვანა, გაგეთბო და დაგემშვიდებინა, ის წიგნს დაწერდა, რომელსაც შენ მოგიძღვნიდა. მასში შენთან შეხვედრის შესახებაც დაწერდა და ამ წიგნით, მთელი მსოფლიო გაგიცნობდა.

შენ უყურადღებო იყავი ჩემო მეგობარო... ძალიან უყურადღებო.
ადამიანმა ერთი ამოიოხრა და გაუყვა მთვარის ბილიკს, რომელიც შორს, ვარსკვლავებისკენ მიდიოდა.


image


მორალი: მოუსმინეთ სამყაროს, ის შესაძლებლობებს გთავაზობთ. სხვას დაეხმარეთ, დახმარება ითხოვეთ და ის ღირსეულად მიიღეთ.

0
186
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0